ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შირო
ჟანრი: პროზა
2 მაისი, 2019


აღდგომა

,,ღმერთი მოკვდა'' - ნიცშე

-როგორ ხარ, ცუცულო, როგოორ.
უკივიან სოფლის ბიჭები. შავ, მრგვალ თვალებს მოუსვენრად აცეცებს და ჩიფჩიფებს, ოთხი ზომით დიდ ,,ვალინკებს'' მიათრევს შარაგზაზე. დროდადრო შეჩერდება, ნიკაპს ჩამოაყრდნობს ჯოხის წვერს და მთებს გაჰყურებს. ერთი კია, სალამზე ყველას უბრუნებს პასუხს და ბავშვებს განსაკუთრებით თბილად ექცევა.
ყველა სოფელს ჰყავს ერთი გიჟი. ამ გიჟს ყველა კეთილად ექცევა, თუმცა ყველა აპამპულავებს.
ხან სიგარეტს მოაწევინებენ, ხან თმას უღებავენ, ხან ორ ჭიქას დაალევინებენ და ადი-ჩადის, ბარბაცობს თან.
ნამდვილი სახელი, ევა, თითქმის აღარავის ახსოვს. ყველა ცუცულას ეძახის. ისიც კმაყოფილია, შრომა არ ეზარება და ნატეხი პურისა და ჭიქა წყლის სანაცვლოდ ყველას ეხმარება.
შარშან ქალაქიდან უცნაური გოგო ამოვიდა. სულ წიგნებს დაათრევდა თან. საღამოთი შემოიკრიბავდა სოფლის ბავშვებს და ათასგვარ ამბებს უყვებოდა. თან რცხვენოდა ცუცულას. თან აინტერესებდა, რას ამბობდა ამისთანას. ერთხელ ზემოდან მოუარა, რომ ბავშვებს არ შეემჩნიათ, ხეს ამოეფარა და ყური მიუგდო.
- პილატემ ხელები დაიბანა და ხალხს გადასცა ქრისტე. მათაც აწამეს, გაშოლტეს და ჯვარზე გააკრეს ავაზაკებთან ერთდ. წყალი ითხოვა, ისიც არ დაალევინეს, ძმარი მისცეს მხოლოდ. შუადღისას მიწა იძრა და ქრისტე ღმერთიც მოკვდა...
- ვაააიიიიმეეე....
დიდი ხმით დაიღრიალა ცუცულამ და ადგილზდ ჩაიკეცა. ბავშვები შეშინდნენ და წივილ-კივილით გაიფანტნენ. მხოლოდ ის გოგო დარჩა, ცუცულასთან მივიდა და მხარზე დაადო ხელი.
- რა გჭირთ? კარგად ხართ?
- არა ყოფილა ღმერთის ბრალი, არააა, ვაი, ჩემ თოლებსაა, ამდენი წელი ღმერთს ვაბრალებდიი, თურმე მომკვდარა. არა ყოფილა ღმერთის ბრალი, ხალხოოოო....
რის ვაი-ვაგლახით წამოაყენა. სახლში შეიყვანა და წყალი დაალევინა. გონზე მოვიდა მოხუცი და ჩიფჩიფით გავარდა გარეთ. ისევ იმას ამბობდა, არ ყოფილა ღმერთის ბრალიო.
რა მოასვენებდა იმ გოგოს, რომ არ გაეგო მიზეზი. დედას ჰკითხა.
- პატარა და ობოლი იყო ევა, 15 წლისა მგონი. ლამაზი იყო ძალიან. ერთი უბედური კაცი რამ იყო, მოკვდა მერე ისიც. იმან გააუბედურა და ჭკუაზე შეცდა...
ერთი კვირა აღარ ჰყვებოდა გოგო ამბებს. მოიწყინეს სოფლის ბავშვებმა. მხოლოდ ცუცულა დადიოდა სასაფლაოზე ყოველდღე. ჩაჯდებოდა, ხელებს შემოიწყობდა თავზე და ტიროდა
- თურმე მომკვდარხარ, ღმერთო. როგორ გამუნათებდი მე ბედდამწვარიი, როგორ მამეშველებოდი, შავი მიწა გჭამდა განა? მოგიკვდი, ღმერთოო, ვის რა დაუშავე, რომ მოგკლეს, ვის აწყენინეე. იმიტო გაუბედურდა ეს ქვეყანა, ღმერთოო...
გულამომჯდარი ტიროდა, პატარა ბავშვივით.
ერთი კვირის თავზე, ალიონზე ვიღაცამ შეაღო ცუცულას სახლის კარი, თეთრები ეცვა და ხელში სანთელი ეჭირა, სახეც კი არ უჩანდა, ისე იყო თეთრ ქსოვილში შებურული.
- ადექი, ევა. მოვედი შენთან, ანგელოსი ვარ, მახარობელი
- მახარობელი?
- ჰო, კარგი ამბავი მოგიტანე
- რა ამბავი?
- გაცოცხლდა ღმერთი. ყველაფერი იცის. ასე დამაბარა, ჩემმა საყვარლმა შვილმა, ევამ აღარ იდარდოს. ახლა ყველაფერი კარგად იქნებაო...
ისევ პატარა ბავშვივით ასლუკუნდა ქალი, ფეხებში ჩაუვარდა ლანდს, რომელმაც სანთელი ჩაუდო ხელში და ფეხაკრეფით გავიდა სახლიდან.
იმ დღეს ანთებული სანთლით დადიოდა გახარებული ცუცულა და ყველას ეუბნებოდა
- ღმერთი გაცოცხლდა, ხალხო, ახლა ყველას გვეშველება...
სოფლელებიც იცინოდნენ, ეხუტებოდნენ. ზოგი ქადას აჭმევდა, ზოგი კამფეტს აძლევდა. ხარობდა ევა გაცოცხლებული ღმერთით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები