ნაწარმოებები



ავტორი: გილო
ჟანრი: პოეზია
7 მაისი, 2019


დუღილი





რას თანხმდებიან მოტივტივე კარტოფილები
წვნიანში, ლუკმად გადაქცევამდე,
მაშინ როდესაც სულს ღაფავენ დაფნის ფოთლები
და უორთქლდებათ ოხშივარი
ქარვის ნათალი ფირფიტებივით ზეთის გუბეებს.
თითქოს მაგიით ამოტანილ სურნელს მწვანილის,
სულ სხვანაირი ნუგეში ახლავს;
ნუგეში ძღომის, დანაყრების ან გადარჩენის.
ნაბეგვი კაცის სხეულივით ძველი გაზ-ქურა,
ცხიმის ნაღვენთებს ქვაბის ქვეშ  ცეცხლზე
როგორც თვითნებურ შეხორცებებს – იღიზიანებს.
რას ბუტ-ბუტებენ ცხელ წვნიანში კარტოფილები,
ქაფ-ქაფა ლუკმად გადაქცევისას…
იქნებ მიწიერ მოგონებებს ახსენებენ გათლილ ერთმანეთს
იმ პერიოდის, როცა ეტრფოდნენ კოლორადოს მრგვალი ჭიები,
მწვანე ფოთლებზე ნაკბენები როცა გაუჩნდათ
და მზის სხივებმა მათში როგორ იძრომიალეს;
იქნებ ელოდნენ ნათესავებს ვინც გადაურჩა
თავდასხმას უშნო მახრა ჭიების;
ან ბასრი ნიჩბის გამოჩენას გოროხებს შორის
რომ ვერ გაექცნენ;
იქნებ გამოჰყვათ ჩივილები მიწავაშლებზე
სამეზობლოში მომხდარ ამბიდან;
ან იქნებ სულაც ბუყ-ბუყის დროს მოუწოდებენ
ხახა დაფჩენილ ადამიანებს
– შეხვრიპეთ, ღეჭეთ საკუთარი ამაოება.
რომ ცხელ წვნიანში იხუთება სუნთქვა ღარიბის,
შფოთი მშიერის და ნათალი თუ ირკალება,
დასაშვებია გამაძღარმაც იმარჩიელოს,
ხვალინდელი დღის მოლოდინებზე
და ყოველ ჯერზე ერთნაირი შედეგი ნახოს.
რას ბუტ-ბუტებენ ცხელ წვნიანში კარტოფილები,
არავის ესმის.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები