ნაწარმოებები



ავტორი: გიო სარალიძე
ჟანრი: პროზა
7 მაისი, 2019


მთვარის მდევარი

თავი I
ხმაური ეთელბერთ სტრითზე
მუქმოსასხამიანი მამაკაცის გამოჩენა პირველად ქერა მიმტანმა შენიშნა. კაცმა სწრაფად
გადმოკვეთა ქუჩა და კაფე „სინათლის“
კარი ფრთხილად შეაღო. ქერა მიმტანი კაფეში ხალვათად მჯდომ
სტუმართაგან ერთერთს ემსახურებოდა, თუმცა აშკარად შეეტყო, რომ მისი ყურადღება მთლიანად
მოსულმა დაისაკუთრა. კაცი დაჯდა, თუმცა ერთი შეხედვითაც ჩანდა, ჩვეულებრივი სტუმარი რომ არ იყო.
როგორღაც დაჭიმული, ერთიანად შემართული იჯდა და ქუჩას დიდი ინტერესით ზვერავდა. სტუმარი 35
წელზე მეტის ნამდვილად არ იქნებოდა. ღია ფერის კანის და თმების ფონზე, აშკარა დისონანსს ქმნიდა მისი
უჩვეულოდ შავი თვალები, რომლებსაც მუქი მოსასხამი კიდევ უფრო შავად წარმოაჩენდა. ეტყობოდა, ეს
ბოლო დღეები ხეირიანად არ გამოეძინა და არც ტანისამოსის შერჩევაზე ეზრუნა დიდად. მუქი მოსასხამი,
შავი ჯემპრი და მუქივე შარვალი ტყავის მაღალძირიანი ფეხსაცმლისათვის შეეწყო, მაჯას კი მცირე,
თეთრციფერბლატიანი საათი უმშვენებდა. როგორღაც მოხდენილი ჩანდა, ოღონდ სულ მცირედ
დაუდევარი. მამაკაცი იჯდა, ფანჯარასთან ჩავლილ ყველა მოსიარულეს ინტერესით აკვირდებოდა და დრო
და დრო მარცხენა ხელის საჩვენებელ თითზე მქონე უცნაური ფორმის ბეჭედს მარჯვენა ხელით
ენერგიულად უჭერდა.
ქერა მიმტანმა მეორე სტუმრის შეკვეთაც გაისტუმრა და მამაკაცისკენ ფეხაკრეფით გაემართა.
სახეზე აშკარად გაკვირვება და შიში გამოხატვოდა. თითქოს სტუმრის მღელვარება გადაედოო, ქუჩა
ინტერესით მოათვალიერა. მიუახლოვდა და ნაძალადევი თავაზიანობით მიესალმა, თანაც სხვა
სტუმრებისკენ მზერას ქურდულად აპარებდა.
-მითხარი, რომ აქაა ელის. დაიჩურჩულა კაცმა და გოგონას თვალებში შეხედა.
-აქ არ უნდა მოდიოდე აიზია. ჩურჩულითვე უპასუხა გოგონამ. ხომ იცი, ჩვენთან გამოჩენა
გეკრძალება. საშინლად გაბრაზდება, როცა შეიტყობს, რომ გამოჩნდი. დღისით, მზისით შუა ლონდონში,
უცოდველების თანდასწრებით და, თითქოს თვალები გაუფართოვდა, მამაკაცის მარცხენა ხელს გაოცებით
დააკვირდა, ბეჭედიც გიკეთია აიზია.
-ფეხებზე მკიდია, ელის. სასწრაფოა. პროფესორი ამ წამსვე უნდა ვნახო.
-სფეროს გაფიცებ, თავი ხომ არ მოგბეზრებია?! წადი, საიდანაც მოხვედი და აქ აღარ დაბრუნდე.
არ ვეტყვი, რომ აქ იყავი, იქნებ ვერ გაიგოს. არა, აუცილებლად გაიგებს, იქნებ… იქნებ, ვერ მოგისწროს,
თუ მალე წახვალ. ხმაში შეშფოთება ეტყობოდა.
-შენ რა, არ გესმის? სასწრაფო საქმეა. ჩურჩულით შეაწყვეტინა კაცმა. აუცილებლად უნდა ვნახო.
ვერ წავალ.
-გეყოფა აიზია! მკაცრად უპასუხა გოგონამ. აქ არ უნდა მოდიოდე. იმედია გახსოვს, ბოლოს
აქედან როგორ გაგიყვანეს. გთხოვ, აღარ გამოჩნდე. წამით გაჩუმდა და განაგრძო - შენ ქალაქშიც არ
უნდა გამოჩენილიყავი. ისიც არ ვიცი, აქამდე როგორ მოაღწიე, თუ ჩვენებმა დაგინდეს, ჰაუნდებს როგორ
გადაურჩი. ხმა აუკანკალდა. წადი, აიზია! უთხრა და სწრაფად მოტრიალდა.
მამაკაცი თითქოს გატყდა. თავი ხელებში ჩარგო და მზერა გაუშტერდა. კაფეში მხოლოდ მიმტანის
ფეხის ხმა ისმოდა. აიზიამ მიმავალ გოგონას შეხედა. სახეზე საშინელი ორჭოფობის კვალი ეტყობოდა. ეს
ხუთიოდე წამი, მისთვის აუტანელი ტკივილის მომტან საშინელებად ქცეულიყო. უცებ, თვალები უფრო
ჩაუმუქდა, თითქოს გადაწყვეტილება მიიღოო, ბეჭდიანი ხელი ტუჩთან მიიტანა, რაღაც გაურკვეველი
სიტყვები ჩაიჩურჩულა და გაირინდა.
კაფეში საოცრად აცივდა. თითქოს სიცივესთან ერთად ჰაერში აუხსნელი შიშის, უფრო სწორად კი
ცუდი წინათგრძნობის პორციები გაიფრქვა. გოგონას გააჟრჟოლა, სწრაფად მოტრიალდა და მამაკაცს
თავის ცისფერი, გაოცებისგან გაფართოებული თვალები შეანათა. მის მზერაში კატასტროფის წინაშე
მდგარი ადამიანის შიში ისე აშკარად აირეკლა, რომ მამაკაცმაც კი ვერ აიტანა და თვალები წამით დახარა.
მოულოდნელად, კაფეში მყოფი სტუმრები სინქრონულად ადგნენ და კარისკენ გაემართნენ. სახეზე
ყოველივე ემოცია გაქრობოდათ. ცვილის მარიონეტებს გავდნენ, რომელთაც ოსტატურად მართავდა
გამოცდილი პროფესიონალის ხელი. თანმიმდევრულად წავიდნენ კარისკენ და ქუჩაში გავიდნენ. ერთერთი
მათგანი, იმდენად დაბნეულიყო, რომ შემთხვევით იქვე მდგომ სანაგვე ურნას შეეჯახა და გადააყირავა.
დანაჩენებს ყურადღება არ მიუქცევიათ, მანამდე ქუჩაში მყოფთაგან რამდენიმემ კი აშკარა ზიზღით
გადახედა. სტუმარი კი, თითქოს არაფერი მომხდარიყოს, ადგა და ქუჩას გაუყვა.
მიმტანის დაბნეულობა დიდხანს არ გაგრძელებულა. როგორც კი სტუმრები თვალს მიეფარნენ,
ვერცხლის მძიმე სამაჯურს შეეხო და სამაჯურიანი ხელი ფანჯრებს მიუშვირა. უცნაური სიტყვები
წარმოთქვა და მამაკაცს მიუბრუნდა. აიზია მშვიდად იჯდა, ელისს თვალებში უმზერდა და დუმდა. გოგონა
დაჯდა. მამაკაცს შეხედა და გაირინდა.
კაფეს ახალგაზრდა სტუმარი მოუახლოვდა. გამჭვირვალე კარიდან შეათვალიერა სივრცე და
თითქოს იქ არავინ იყო, დაკეტილი ყოფილაო ჩაიბუზღუნა და ქუჩას გაუყვა. მამაკაცმა გაოცებით შეხედა
გოგონას და გაიღმა.
-დიდი ხანია რაც წარგადგინეს? იკითხა.
-ერთი თვეა. პროფესორმა თავად მიმაცილა ლოდთან. ლაითერებმა შემამოწმეს და მჭედელმა
სამაჯური გადმომცა. მას შემდგომ აქ ვარ. პირადად მას ვემორჩილები. უპასუხა გოგონამ.
-მაპატიე ელის. მე, მე... თითქოს ენა დაება. დაიმორცხვა. თავი დახარა. მე აქ უნდა ვყოფილიყავი.
მე უნდა მენახა ეს წუთები. შენ, ალბათ, ფიქრობ, რომ ეს ყველაფერი ფეხებზე მეკიდა, მაგრამ ასე არაა.
ვერ წარმოიდგენ, რა გადავიტანე...
-არ გინდა, აიზია! გოგონას დაღლილი ხმა ჰქონდა. შენ რამდენიმე წუთის წინ უცოდველების
წინააღმდეგ არალეგალურად გამოიყენე გავლენა. გოგონამ მამაკაცის მზერას თვალი აარიდა. არც კი
მჯერა, რომ ასე მოიქეცი. კარგად იცი, რომ განკვეთილის ნიშანი გადევს და შენს ყველა ზეადამიანურ
აქტივობას აფიქსირებენ. არ მგონია ბევრი დრო გქონდეს და უფრო არ მგონია, რომ პროფესორი ამჯერად
დაგინდობს.
-შეიძლება, ეგ სულაც არ იყოს ცუდი მოვლენა, ელ. მოწყენით ჩაილაპარაკა კაცმა.
-რას ამბობ? ისინი მოგკლავენ, აზ! შეშინებულმა თქვა. მოგკლავენ. წესები შენც იცი.
-არ მომკლავენ! კაცის ხმაში ეჭვნარევი სიმტკიცე იგრძნობდა. გოგონამ ამოიოხრა, ადგა და იმ
მაგიდისკენ დაიძრა, რომელთანაც აიზია იჯდა. ხელი მამაკაცის ხელისკენ გაიწვდინა, მაგრამ აიზიამ
სწრაფად წაიღო უკან საკუთარი. ელისმა გაიღიმა. სკამის საზურგეს მიეყრდნო, მოსულს შეხედა და
ფრთხილად უთხრა:
-შენ მას ვეღარ იცნობ. რაც გაგაძევა, საოცრად შეიცვალა. ერთთავად გაღიზიანებულია და იცი?
თითქოს საერთოდ გამოიფიტა. კარგად რომ არ ვიცნობდე, ვიფიქრებდი, რომ დარდობს.
-შეიძლება, სხვა რამეშია საქმე.
-არ ვიცი, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ გაცილებით მკაცრი გახდა. არა, სიმკაცრეს ყოველთვის
იჩენდა, მაგრამ იმ ამბების შემდგომ კიდევ უფრო დაძაბულია. ზოგჯერ ამას მეც კი ვგრძნობ. გარეთ უფრო
ხშირად გადის და გვიან ბრუნდება. დღესაც დილით წავიდა და დაიბარა, რომ დაიგვიანებდა. გოგონა
აღელდა, ხმაში სითბო გაერია. გევედრები აიზია, წადი, სანამ დროა. შენ ხომ კარგად იცი, რაც გელის?
-შენ არ გესმის ელ. თავი გააქნია კაცმა. აუცილებლად უნდა ვნახო. შეიძლება, თითოეული წუთი
უძვირფასესი იყოს. გამოიძახე, გევედრები! გამოიძახე ელ. მე აღარ შემიძლია. განკვეთის შემდგომ, შენც
ხომ იცი, ჩვენებთან კომუნიკაცია ამიკრძალეს.
-მე მითხარი და გადავცემ, რაც უნდა გეთქვა.
-არა! მკაცრად თქვა კაცმა. პირადად უნდა ვუთხრა.
უეცრად, ქუჩის მეორე მხარეს სამი ადამიანი გამოჩნდა. ერთმანეთს საოცრად ჰგავდნენ. ღია
ნაცრისფერი მოსასხამები ეცვათ და თმებიც ნაცრისფრად უელავდათ. ერთი სიმაღლისანი იყვნენ. ქუჩა გადმოჭრეს და კაფისკენ გამოემართნენ. ქუჩაში თითქოს ფერები გაილია. ნაცრისფერი ტონები მკვეთრად
აინთნენ და მზის ოქროსფერი სინათლე გაამკრთალეს. ისინი მოდიოდნენ და დანარჩენ ადამიანებს
თითქოს ვერც ამჩნევდნენ. ტყუპებს გავდნენ. ერთგვარ სამოსში გამოწყობილებს, წინ ახალგაზრდა ქალი
მოუძღოდათ, ასაკს ვერ შეატყობდა კაცი. მუქი სათვალეების მიღმაც იგრძნობოდა მათი თვალების ცივი
მზერა.
აიზიამ პირველმა შეამჩნია სამეულის მოახლოება.
-ჰაუნდები... გამოსცრა კბილებში, ელისს ხელი დაავლო და დახლს მიღმა გაიყვანა. ელისს შიში არ
ეტყობოდა, თუმცა აშკარად ღელავდა. დახლს უკან მდგარი სათავსო გამოაღო, მოკლე, პისტოლეტის
მაგვარი, ვერცხლისფერი საგანი ამოიღო და შეამოწმა. იარაღს მოკლე ლულა ჰქონდა. იმ ადგილას, სადაც
ჩვეულებრივ პისტოლეტს საჰაერო აქვს, ოქროსფრად კაშკაშებდა სინათლე.
-კარგია, რომ სულ ახლოს გაქვს. წაიჩურჩულა აიზიამ. იცოდე, არ დაგინდობენ, ელის! არც შენ
უნდა შეიცოდო. ჰაუნდები ყველაზე თუ არა, ერთერთი ყველაზე საზიზღარი მთვარეულებია. შებრალება არ
იციან, ძაღლივით დაგეშილები და კატებივით ეშმაკები არიან.
-ჰო არ გავიწყდება, წარდგენილი რომ ვარ? წაისისინა გოგონამ. არა, შიშით ნამდვილად არ
ეშინოდა. რამდენი ხანია, რაც ქალაქში ხარ?
-არც ისე დიდი, თუმცა მიკვირს, რომ აქამდე ვერ მომაგნეს.
-სამი ჰაუნდი განკვეთილი მცველისთვის? გოგონას აშკარა გაკვირვება ეტყობოდა. ასეთი რა
ჩაიდინე, აიზია?
-ვერაფერს გეტყვი ელ! აქედან უნდა გავიდე. განკვეთილი რომ არ ვიყო, არ გავიქცეოდი, მაგრამ
ახლა ჩემი აქ ნახვა, შენც პირდაპირ სამიზნედ გაქცევს. მამაკაცი შეყოყმანდა. შეზღუდული ზემოქმედება და
ერთი ნახევრად ცარიელი მოკლე ჩირაღდანი - იარაღზე მიუთითა - სამი ჰაუნდის წინააღმდეგ? არა, ასე
არ გამოვა. უკან უნდა გამიყვანო. იმედი მაქვს, დაბნევის გავლენა კარგად გამოგდის.
-ილუზიებში ფრიადი მყავდა! ჩაიჩურჩულა გოგონამ. შეეტყო, რომ ამ ამბით ამაყობდა.
-შენს შესაძლებლობებში ეჭვი არ მეპარება, თუმცა სიფრთხილე უნდა გამოვიჩინო. მცველის საქმე
ესაა. წამით გაჩერდა და დაამატა, - ყოფილი მცველის.
ელისმა გაიღიმა. აიზია ოთახს ათვალიერებდა. სამეული უკვე კართან იდგა და კაფის სიღრმეში
იმზირებოდა. მამაკაცი აჩქარდა.
-ლუქი ისევ იქაა? იკითხა. სახეზე შეშფოთება ეწერა.
-კი. გაგიკვირდება და შენი წასვლის შემდეგ, პროფესორმა აგვიკრძალა რამე შეგვეცვალა.
-ძალიან კარგი! ჩაიჩურჩულა აიზიამ. მერე ორად მოხრილმა ბარის კუთხეში მდგარ გაზიანი
სასმელების აპარატს შეხედა. აპარატი მარჯვნივ გასრიალდა და მის ქვეშ მყოფი მრგვალი ლუქი
გაათავისუფლა. აიზიამ ხელის მარტივი მოძრაობით მოხსნა ლუქი და ქვემოთ მყოფ სიცარიელეში ჩასვლა
დაიწყო.
-ელ, გახსოვდეს, პროფესორს გადაეცი, რომ ძველ ადგილას ველოდები. თავად მიხვდება რასაც
ვგულისხმობ. ახლა კი, აქეთ მოიწიე. გოგონა დაიხარა, აიზიამ გულში ჩაიკრა. შენ ხომ იცი, რომ შენზე
ძვირფასი არავინ მყავს ელ? დაიჩურჩულა. გოგონამ თავი დაუქნია. ახლა უნდა წავიდე. ერთი წუთი გვაქვს.
კაფეს მიხედე.
-კარგი, აზ! დაიჩურჩულა ელისმა. წადი.
აიზია ლუქის ქვემოთ გაუჩინარდა. ელისი წამოდგა. მარჯვენა ხელი აიქნია. კაფეში ყველაფერი
ამოძრავდა. მაგიდები წაიქცნენ. სკამები მიმოიფანტნენ. ჭურჭელი დაიმსხვრა და ნამსხვრევები იატაკზე
გაიბნა. გოგონამ ღრმად ჩაისუნთქა, თვალები დახუჭა და გაირინდა. უცებ, სახეზე ტკივილი აღებეჭდა,
გახეთქილი ტუჩიდან სისხლი წამოუვიდა, მუხლი გაუსივდა. როგორც ჩანს, ფეხზე დგომა ვეღარ შეძლო და
ბართან ჩაიკეცა. თვალები გაახილა, ფასადს ხელი მიუშვირა და ჩურჩულით დახმარების თხოვნა დაიწყო.
კაფეში შემოვიდნენ. აცივდა. არეულ დარბაზს თვალი მოავლეს და გაჩერდნენ. ქალს დამცინავი
გამომეტყველება ჰქონდა. ელისს შეხედა და გაიღიმა. შემდეგ მოზომილი ნაბიჯით გაემართა და თავზე
წაადგა.
-სადაა? დაისისინა. ცივი, უემოციო ხმა ჰქონდა.
-აორთქლდა. უპასუხა გოგონამ. შიში ეტყობოდა, თუმცა დამალვას ცდილობდა.
-ელის, ელის… ამოთქვა სტუმარმა. აიზია აქ იყო. ეს შენც კარგად იცი, რას ნიშნავს და თუ ახლავე
არ მეტყვი, რა მოხდა, რა თქვა და სად წავიდა, მე და შენ დიდხანს მოგვიწევს საუბარი.
-ხომ არ გავიწყდება ვის ესაუბრები, ამანდა? მე მზის მაგისტრი ვარ და შენ მზის ორდენის
ტერიტორიაზე შემოეხეტე. ელისის ხმა არანაკლებ ცივი და მტკიცე იყო. ჰო, აიზია აქ იყო და სხვათაშორის,
ეს ყველაფერი მისი ნახელავია. წამოწევა სცადა.
-ოჰ, მაგისტრი გამხდარა პატარა ელი… ჩაიცინა ერთერთმა მოსულმა.
-დიახ, იგორ! მიმართა გოგონამ. სხვათაშორის, შენ იმ დროიდან უნდა გახსოვდე, როცა ჯერ
კიდევ შეგირდი ვიყავი. თუ არ გახსოვარ, შემიძლია ყველაფერი გავიმეორო. ჩაიცინა ელმა.
-შე ძუკნა! დაიღრინა იგორმა და ზურგით ბარს მიყრდნობილ გოგონასკენ გაიწია.
-ნერვები დაიოკე, კრეტინო! შეუბღვირა მეორე კაცმა. აქ მისთვის არ მოვსულვართ!
-შენთვის ადვილი სათქმელია ტაის! შეეპასუხა იგორი. ვნახავ, როგორ მოიქცეოდი, შენს
წინააღმდეგ რომ გამოეყენებინათ ზემოქმედება. აშკარად ღელავდა. ათ მეტრამდე მომისროლა, ზურგი
დღემდე მაწუხებს.
-შენი უსუსურობა სხვისი ბრალი არაა იგორ! წაისისინა ამანდამ. იგორი უხერხულად შეიშმუშნა.
თუმცა, პატარა ელი პასუხს მაინც აგებს იმისთვის, რაც ჩაიდინა.
-და რა ჩავიდინე?
-განკვეთილი მცველი შეიფარე, შე ტუტუცო გოგო! ჩაიმუხლა ქალი. ჰაუნდებს, რომლებსაც სრული
უფლება აქვთ მისი აყვანისა, ხელს უშლი! პირდაპირ თვალებში უყურებდა და სისინებდა. სად წავიდა,
როგორ გააპარე?
-შენ სულ შეშლილხარ, ამანდა… ჩაიცინა გოგონამ. გეუბნები, აქ იყო! მოვიდა. შევეცადე
შემეჩერებინა, წინააღმდეგობა გავუწიე, მაგრამ ის, უბრალოდ, აიზია ამინია. მე კი ორი თვეა, რაც
მაგისტრი გავხდი. ჩაეღიმა.
-ჰო და, მშვიდი ცინიზმით წარმოთქვა ქალმა, მოდი ვიზრუნოთ, რომ ვერასოდეს გახდე დოქტორი!
სწრაფად წამოდგა და ბარის მიღმისკენ გაემართა. თაროდან არყის ბოთლი გადმოიღო, მაცივრი
გამოაღო, ყინულს მისწვდა, ჭიქაში ჩაყარა, არყით გაავსო, მობრუნდა და ელისის წინ, ფეხზე მდგომ
მაგიდას მიეყრდნო. იგორ, მიდი…
იგორს სახეზე სიამოვნების ღიმილი გაექცა. გოგონას მიუახლოვდა, ხელი წაატანა და წამის
მეათედში კაფის ბოლოში აღმოჩნდა, წაქცეულ მაგიდას მთელი ძალით დაეხეთქა და ტკივილისგან
აღიალდა. ამანდამ თავისუფალი ხელი შემართა და ელისი ჰაერში აღმოჩნდა, თითქოს ვინმეს ძლიერი
ხელი ყელზე შემოჭდოო. აშკარა იყო, რომ ვერ სუნთქავდა.
-თავს მოგაცლი, გველისწიწილო! დაისისინა ქალმა.
ელისმა წინააღმდეგობის გაწევა სცადა, თუმცა მისი მცდლობებისგან ის გამოვიდა, რომ ამანდას
ჭიქა, რომელიც ქალს უკვე მაგიდაზე დაედგა, დამისხვრა. სამწუხაროა, კარგი არაყი იყო, ირონიულად
ჩაიჩურჩულა ამანდამ და თითქმის მომაკვდავ გოგონას შეაცქერდა. იგორი დიდი წვალების შემდგომ ფეხზე
წამომდგარიყო და ილანძღებოდა, ტაისი კი, ყოველგვარი ემოციისაგან დაცლილ, თეთრ, საშიშ თოჯინას
გავდა, რომლის შუშის თვალები, აბსოლუტურ უინტერესობას გამოხატავდნენ. მისთვის აშკარად სულერთი
იყო, რა ბედი ეწეოდა არამარტო ჰაერში უმწეოდ დაკიდებულ გოგონას, არამედ მის ორ
თანამზრახველსაც. კაფის შესასვლელ კართან იდგა და მიმდინარე სურათს თვალს ღიმილით ადევნებდა.
-კისერი მოტეხე მაგ ძუკნას. დაიღრიალა იგორმა და სახე ტკივილისგან დაეჭიმა.
უეცდამ წამოიკივლა და უკან გადავარდა. ელისი იატაკს დაენარცხა, სუნთქვა ისევ უჭირდა. იგორმა
მოკლე ჩირაღდანი ამოიღო და ბარის მიმართულებით ვერცხლისფერი სხივები მიჯრით გაუშვა. ტაისი
თითქოს სულ ერთი წამით დაიბნა, შემდეგ ყელზე ჩამოკიდებულ უცნაური ფორმის მედალიონს შეეხო.
მედალიონიდან თითქმის გამჭვირვალე, მონაცრისფრო სინათლე გადმოიღვარა და მამაკაცს შემოერტყა.
ბარის მიღმიდან ისევ მოდიოდა ოქროსფერი სხივები და არც ბარში მოსული დაუპატიჟებელი სტუმრები
აკლებდნენ. ამანდა იატაკზე ურეაქციოდ იწვა, ელი კი ბარის უკან გახოხდა. რად, დახლის მიღმიდან
ოქროსფერი შუქი გამოიტყორცნა და ამანდას მკერდში დაეძგერა. ამან
-აიზია ამინი, შე ნაბიჭვარო, დაუყვირა გოგონამ. ჰაუნდებს ესროლე…
-მოგკლავდნენ ელ! უპასუხა აიზიამ და იგორის მიმართულებით სროლა განაგრძო.
-სენტიმენტალური გამხდარხარ. ირონიულად უპასუხა გოგონამ და ლუქის მოხსნას შეეცადა.
აიზიას დაბრუნებისას ლუქი დაეხურა.
-არა, დაიძახა აიზიამ და იგორის მიმართულებით ჩირაღდნიდან ისროლა. ნასროლი ერთერთ
სკამს მოხვდა და ნამსხვრევებად აქცია. მანდედან თუ გავალთ, გაიგებენ, რომ საიდუმლო გასასვლელი
კაფეშივე გვაქვს. ეს დაუშვებელია, ელ!
გოგონა გაჩერდა. თავადაც მიხვდა, რომ მამაკაცი აბსოლუტურად მართალი იყო. ლუქს თავი
მიანება და ბარს მიეყუდა. კარგად აშკარად არ გამოიყურებოდა. აიზია ჩანდა, რომ ტაისზე იყო
გადართული, რადგან ჰაუნდის მისამართით განუწყვეტლივ გზავნიდა ახალახალ სხივებს. სხივები
ადგილამდე აღწევდნენ, მაგრამ ჰაერში იფანტებოდნენ. ტაისის დაცვა აშკარად ეფექტურად მუშაობდა.
ტაისმა უცებ ძლიერად ჩაისუნთქა, ხელი გაშალა და მისი მედალიონიდან წამოსული სინათლის
ამანდას მიმართულებით გაგზავნა დაიწყო. ნაცრისფერი ეთერი ნელნელა ქალის სხეულს შემოწვდა. აიზიას
არ შეეძლო ამ მიმართულებით ესროლა, რადგან ამ დროს იგორის მიერ გახსნილ ვერცხლისფერი
სხივების ცეცხლს იგერიებდა. პასუხსაც იგორს უბრუნებდა, რაც ტაისს მოქმედების თავისუფლების
საშუალებას უტოვებდა, ამიტომაც მამაკაცი ამჟამად შეტაკებაში ჩართული არ გახლდათ, თუმცა ცხადი
იყო, რომ როგორც კი ამანდას დაცვას შემოარტყამდა, ამინი სულ მცირე ორი ჰაუნდის სამიზნე
გახდებოდა.
როგორც კი ტაისის დაცვა შემოერტყა, ამანდამ თვალები გაახილა. სწრაფადვე წამოდგა და
პარტნიორის მიმართულებით გაიქცა. ტაისი და ამანდა ახლა ამოტრიალებული, მასიური მაგიდის მიღმა
იმალებოდნენ. ენერგეტიკული ფარით დაცულებს, საფრთხე ნაკლებად ემუქრებოდათ. იგორს კი საქმე
რთულად ჰქონდა. მას აიზიას სხივებისგან მხოლოდ სასუსნავების აპარატი გამოყოფდა და როგორც ჩანს,
ვერც ფარის გამომუშავებაში გახლდათ ძლიერი. ტაისის ენერგია, ორი ადამიანის დაცვას ხმარებოდა,
ამანდა კი ჯერ კიდევ განიცდიდა ჩირაღდანისგან მიყენებული ტრავმის შედეგს, რაც საშუალებას არ
აძლევდა იგორი დაეცვა. მიმდინარე სტატუს კვო, ერთი შეხედვით თანაბარი ჩანდა, რადგან აიზიას და
იგორს შორის მიმდინარეობდა სროლა, თუმცა სიტუაცია კარდინალურად შეიცვალა, როცა ამანდამ
იგორის მიმართულებით მცირე, ოვალური ბურთულა ისროლა. ბურთულა იგორის ფეხებთან დაეცა,
თითქოს საკუთარ თავში ჩაიშალა და ამის შემდეგ იმ ნაცრისფერ ეთერად იქცა, რომელიც ამანდას და
ტაისს შემორტყმოდა. ახლა სამი ჰაუნდი ენერგეტიკული ფარით დაცული და ჩირაღდნებით შეიარაღებული,
დაშავებული მაგისტრისა და განკვეთილი მცველის პირისპირ იდგა.
პირველი, რაც ამანდამ მოიმოქმედა ის იყო, რომ ბარის მიმართულებით ვერცხლისფერი სხივის
უწყვეტი ნაკადი გაუშვა. სხივმა ბარის უკან მყოფი გაზიანი სასმელების აპარატი ნამსხვრევებად აქცია.
ერთერთი ნამსხვრევი აიზიას მხარში მოხვდა და მამაკაცმა ტკივილისგან შეყვირა. ჩირაღდანი ხელიდან
გაუვარდა და ელის ფეხებთან დაეცა. გოგონამ იარაღი აიღო და აიზიას ადგილი დაიჭირა, თუმცა
ჩირაღდნის სხივები ჰაუნდებს ისევე ვერაფერს აკლებდნენ, როგორც ქვიშის მარცვლების შემოყრა
აზიანებს შეჯავშნილი ავტომობილის საქარე მინას.
ტაისი და ამანდა პირდაპირ ბარისკენ გამოემართნენ. ელმა ხელი აიქნია და დამსხვრეული სკამის
ფეხები მამაკაცის ფეხებს შემოახვია. ტაისმა განძრევა ვეღარ შეძლო, მაგრამ ელს სხივები დაუშინა.
ამანდა ამ დროს ბართან მივიდა და ზურგით აეკრა. ელი უკვე ყოველგვარი დამიზნების გარეშე გზავნიდა
უფრო და უფრო სუსტ სხივებს მოწინააღმდეგეებისაკენ და აშკარად უჭირდა წინააღმდეგობის გაწევა. ამ
დროს ამანდამ მოულოდნელად წამოიწია, ჩირაღდანი ბარს მიღმა გადაყო და ვერცხლისფერი სხივი
გაუშვა.
ერთადერთი სხმა, რომელიც ამ სხივს მოჰყვა მამაკაცის ტკივილით სავსე, განრისხებული ღრიალი
იყო. ხმამ თითქოს მთელი ოთახი დაიჭირა და ყველა კუთხე ამოავსო. ამანდას შეეტყო, რომ შეცბა და
წამით დაიბნა. ტაისი რკინებისგან გათავისუფლების პროცესში მყოფი გაშეშდა, იგორმა კი აპარატის
ქვემოდან ამოიხედა.
ის რაც აიზია ამინის სახეზე დაინახა, იგორისთვის გულის გახეთქვას ნიშნავდა. აიზია თითქოს
ანათებდა. მისი თვალები მთლიანად გაშავებულიყო, ხოლო თეთრი კანი ოქროსფრად უელავდა. მარცხენა
ხელი ტაისისკენ გაიშვირა და მისი მიმართულებით წარმოუდგენელი სიკაშკაშის ოქროსფერი სხივი
გაუშვა. სხივმა ტაისის დაცვა გაფანტა და მამაკაცი კედელს მიანარცხა. ტაისი ისევ წამოდგა და
ძველებურადვე მასიურ მაგიდას ამოფარებულმა ბარზე მდგომი გამხეცებული მამაკაცის მიმართულებით
სხივები გაუშვა, თუმცა მაშინვე, მაგიდა გასრიალდა და მის უკან მყოფი ჰაუნდი კედელს ააკრა. ტაისი
აღრიალდა, თუმცა მისგან სხივები აღარ წამოსულა. იგორი ართუ სროლას, არამედ თავის ამოწევასაც
ვერ ბედავდა. აიზიას თითქოს ამანდა აღარც ახსოვდა. არადა ქალი სწორედ მისი ფეხების ქვეშ იჯდა და
ხელები კეფაზე შემოეჭირა, როგორც ჩანს თავის დაცვას ცდილობდა.
აიზია ბარის უკან ჩახტა და გოგონას უმოძრაო სხეულს შემოეჭდო. მისი სითბო, ოქროსფერი
კაშკაშა სინათლე მამაკაცის სხეულიდან გოგონას სხეულზე გადავიდა, თუმცა ელი არ შერხეულა. თვალები
დაეხუჭა და არ რეაგირებდა. აიზიას უკვე მის თავზე შემოეჭდო ხელები და უცნაურ სიტყვებს ჩურჩულებდა,
თუმცა ამ დროს ამანდა წამოდგა და თავზე ჩირაღდანი მიადო.
-აიზია ამინი, დანებდი! დაიყვირა მან.
-ამანდა, წადი და გპირდები არასოდეს მოკვდები ჩემი ხელით. უპასუხა აიზიამ.
-ამინი, მაჯები წინ წამოსწიე, ისე რომ მაჯის ზურგები ერთმანეთს ეხებოდნენ. უბრძანა ქალმა.
წინააღმდეგ შემთხვევაში, მაგ პატარა ლეკვის გვერდით მიგიჩენ ადგილს. ამანდას თვალები უელავდა.
-კიდევ ერთხელ გაფრთხილებ ამანდა, ისევ საოცრად დაღლილი ხმით უპასუხა კაცმა. წაიყვანე
შენი ნაბიჭვარი ხელქვეითები და წადი. ხომ ხედავ, გპატიობ, რაც განზრახ ჩაიდინე. მის ხმაში თანდათან
იზრდებოდა სიმკაცრე. მისი სიცოცხლე რად გინდოდა, შეგეძლო ჩემთვის გესროლა და ყველაფერს
მორჩებოდი, მაგრამ სადიზმი ვერ მოთოკე. ამის გამო საკუთარი სისხლის კოქტელით გამოგათრობდი და
შენი ძარღვებითვე დაწნული თოკით მოგახრჩობდი, კახპა კუდიანო, უკვე ღრიალებდა ამინი, მაგამ ახლა
ამის დრო არაა. ამინიმ გაიხედა. ტაისი მაგიდის მიღმიდან გამომძვრალიყო, კოჭლობით წინ მოიწევდა.
იგორი კი მოშორებით ფეხზე მდგარი უმიზნებდა ჩირაღდანს. ახლა, ჩემი პატარა გოგონა უნდა
გაგაშოროთ.
-არა, ამინი! ახლა ის დროა, როცა ლეგენდარული აიზია უნდა მოკვდეს! ჩაისისინა ამანდამ და
სასხლეტს გამოკრა.
კაფეში დროის დინება შეჩერდა. ამანდას სახეზე გაოცება ნელნელა აღიბეჭდა, თუმცა იმდენად
შთამბეჭდავად, თითქოს მიქელანჯელოს ემუშაოს. ტაისს ფეხი ჰაერში გაშეშებოდა, იგორი კი საშინელი
შიშით სახეზე თითქოს დახრას და მიმალვას ცდილობსო, წელში ნახევრად მოხრილი გაყინულიყო.
-შენ მოკვდები ამანდა სკოტ! ჩაღრიალა აიზიამ. მაგრამ არა აქ, არა მზის ორდენის ტერიტორიაზე
და არა ამ დროს. მოკვდები, როცა მოვინდომებ. მოკვდები ნელა და საკუთარ სხეულში ყველა უჯრედის
აგონიას იგრძნობ. ამას მე გპირდები, მზის დოქტორი, პროფესორობის კანდიდატი, მთვარის მცველი,
ცოდვილთა საბჭოს საპატიო წევრი, აიზია ამინი!
აიზიას სახეზე უმოწყალო სიძულვილი ეწერა. შემდეგ ხელი აიქნია და ჰაუნდები კაფეში აქეთ იქით
მიმოიყარნენ. დროის დინება აღდგა და იატაკზე დაცვენილი სხეულების ტკივილი გაისმა. ამინიმ მარჯვენა
ხელისგული სანახევროდ მომუჭა, მარხენა მტევანი კი სამჯერ შემოატარა. “ზაუაბა ა ფინჯან” არაბულად
ჩაიდუდნა, მარჯვენა ხელისგულით ისეთი მოძრაობა შეასრულა, თითქოს ჰაერში ბურთი ააგდოო და
დაიხარა. ოთახში მაშინვე სამი მცირე ქარბორბალა გაჩნდა, ჰაუნდებს დააცხრა და შეისრუტა. სხეულები
განუწყვეტლივ ტრიალებდნენ. ამინიმ გოგონას სხეული მკლავებზე დაიწვინა, კარისკენ დაიძრა, კარი
გამოაღო
“evaneset” ჩაიჩურჩულა და გოგონას სხეულთან ერთად გაუჩინარდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები