ნაწარმოებები



ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
10 მაისი, 2019


ქართულ-ოსურ-აფხაზური სიყვარულის ბალადა

გულში ჩამესმის ,,ჩაკრულო“,
,,სიმდის“ ჰანგი და ,,ვარადა“,
ჩვენ ერთად უნდა ვიმღეროთ
თვით სიყვარულის ბალადა.

თუმც დაგვაშორა დროებამ,
რწმენას გვმატებენ შვილები,
ერთნი ვართ, ერთად მოვდივართ,
ერთ თარგზე გამოჭრილები.

ქართველი, ოსი, აფხაზი,
ერთად შეგვყარა განგებამ,
იცოდეთ, ჩვენი ამაგი
არასდროს დაიკარგება.

ერთი მიწა გვაქვს, ერთი ცა,
ფოთს, თამარაშენს, ბიჭვინთას,
ამქვეყნად ერთხელ მოსული
ღვთის სანთელივით ვიწვი და...

გულში ჩამესმის ისევე
,,ჩაკრულო“, ,,სიმდი“, ,,ვარადა“,
მწამს: ერთობლივად ვიმღერებთ
ჩვენ სიყვარულის ბალადას.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები