ნაწარმოებები


დაიწყო ლიტერატურული კონკურსი “მაისის ბლიცი“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში http://urakparaki.com/?m=13&Forum=37&Theme=1481&st=120     * * *    

ავტორი: ზამთრის თალია
ჟანრი: პროზა
8 მაისი, 2019


* * *



- გუტა გუტა სომერე!
- რას ლაპარაკობს ეს კაცი, რას ამბობს. ალბათ მზემ თუ დააჭირა.
- გუტა გუტა სომერ მაას!
- არაფერია, რაჰმე, წამოდი სახლში, დაიძინებ და ყველაფერი კარგად იქნება.
- გინდიასბა მა რე მაას! - მაღლიდან ყვირის კაცი, დიდ, მტვრიან ხელებს უღონოდ შლის. ცოლი დაბლაა, მისი ხმა ძლივს ესმის, სიტყვები - არა.
ირგვლივ ყურისწამღები ხმაურია. მზე შუბის წვერზეა. აჭერს. კაცები წელში მოხრილან და აშენებენ. დროდადრო გაიმართებიან, თავსაბურავებს ოფლისგან გაწურავენ, წყალში დაასველებენ, ზურგსა და კეფაზე დაიფენენ, გაყუჩდებიან, თვალებს მოიჩრდილავენ, ცას ახედავენ, ისევ მოიხრებიან და აგრძელებენ. ქალებს კაცებისთვის წყალი მიაქვთ. შვილები ხეების ჩრდილში თვლემენ.
რაჰმე ტირის. მერე შვერილიდან ხტება. ფეხები სტკივა. ისევ ხტება. ისევ. ისევ. ისევ. მიწისკენ მიიწევს. მერე კიბეს აწვდიან, მაგრამ აღარ უნდა. ხტება და თითო დაცემაზე თითო ძვლის გადამტვრევას გრძნობს.
- გინდიასბა გუტა მაას!
- რას ყვირის, რა უნდა?! - უკვირს ქალს. ეშინია, რომ მზემ ჭკუიდან შეშალა.
- მარეკა მე! - ამბობს მის გვერდით მდგომი ქალი და ორივე ხვდება, რომ აქამდე ეს სიტყვები არასოდეს სმენიათ.
- ქიბქალ ნას ბექმე!
- აჰურიამა აჰურ მეხ!
ასე ამბობენ. შიში მეფობს. ტრიალებენ და ერთმანეთს შეჰყვირიან მშენებლები და მათი ცოლები.
შვილები იღვიძებენ. ისინიც სხვა ენებზე ლაპარაკობენ. ეშინიათ.
არავინ იცის არავის ენა.
ქალი ყვება:
- ის თურმე ამბობდა: "ბავშვი, ბავშვი ჩავარდა!". არ იცოდა, რომ ილბაქი, ჩვენი ნაბოლარა ჩავარდა თხრილში. ზემოდან ხედავდა, ვერ ჩამოდიოდა. კიბეს არავინ აწვდიდა. არავის გვესმოდა ერთმანეთის. სანამ მივხვდით, ილბაქი დაიხრჩო. მკვდარი ამოათრია, ბეჭზე გადაიკიდა. თან ძვლები სტკიოდა, მაგრამ აღარ ტიროდა, დუმდა, იმ სხვა ენაზეც აღარ ლაპარაკობდა. ორი დღე იცოცხლა და მოკვდა. ზოგს უბრალოდ ცის ნახვა უნდოდა, მეტი არაფრის.
ბაბილონის გოდოლი.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები