ნაწარმოებები



ავტორი: დერვიში
ჟანრი: იუმორისტული
9 მაისი, 2019


იმერული სტანსები


* * *
პატარა გოგო, იმერელო, პრასი პარია,
ეგ სუნამო Voulez-Vous თუ ისი-პარია?
პატარა გოგო, იმერელო, როგორ მიცქერი,
პატარა გოგო, იმერელო, ნელა იჩქარე.

* * *
პატარა გოგო, იმერელი, შედის ატელიეში,
მოდას აჰყვა და გადაჰყვა თითქმის იტალიაში.
სურს გაიცნოს უფრო ახლოს დონატელა ვერსაჩე,
უფრთხილდება გულის წადილს, ბეჩავია, ვერ აჩენს.

* * *

პატარა გოგო, იმერელი, ხშირად იცვამს შილიფად,
ბეჩა, ამ დროს, მზეზე ლანდავს, კარგი გასაშიფრია.
არც მორზე არ დაგჭირდება, მითუმეტეს ბრაილი,
პატარა გოგო, იმერელი, სადა და უბრალოა.

* * *

პატარა გოგო, იმერელი, საათით დგას სარკესთან,
ამბობს ენის გასატეხებს, რომ დაძლიოს აქცენტი.
ერთ საათში ამთავრებს მეტყველების ვარჯიშებს,
შემდეგ იწყებს შეღებვას, რაც მას მეტად აგიჟებს.

* * *

პატარა გოგო, იმერელი, თითქმის სამი საათი
დგას სარკესთან, საკუთარ თავთან სამასლაათოდ.
შეუძლია ასე ყოფნა მშვიდობიდან ომამდე,
მთავარია გვერდით ჰქონდეს ფანქარი და პომადა.

* * *

პატარა გოგო, იმერელი, ღიმილი აქვს მონროსი,
მოკლე კაბით, კოპლიანით, ჯდება ურმის კოფოზე.
პატარა გოგო, იმერელი, უცხოებს და უბნელებს,
სიოს ყველა დაქროლვაზე თვალისჩინს დაუბნელებს.

* * *

პატარა გოგო, იმერელო, პრასი პარია,
ეგ სუნამო Voulez-Vous თუ ისი-პარია?

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები