ნაწარმოებები



ავტორი: ამირან ჯანჯღავა
ჟანრი: პოეზია
9 მაისი, 2019


ნინის

#ნინის

იქნებ, არცაა დამთხვევა, რომ
ქალაქი ვენა და ჩემი ვენა,
უფრო უგებენ ერთმანეთს,
ვიდრე,
ენა ფაუსტის,
ენა ბიოლის,
კაცს შეიძლება გული გაუსკდეს,
მაგრამ არ კვდება ასე იოლად!
ვიოლა,
ჩემს სულში ამოზრდილი შენ ხარ, ვიოლა...

ქარი, დილიდან ცის თეთრ დღიურებს
მიკითხავს...
მაცნობს თვალებში
ჩარჩენილ სულებს...
იმ დღეს, კედელზე ამოსულ დიურერს
კი არ ვუმზერდი,
ვიმახსოვრებდი შენს ღვთიურ სურნელს...

და არც ის არის დღეს გასაკვირვი,
რომ ჩვენი სული,
ამოშენებული თიხით და კირით,
დაშორებული მილიონ მეტრით,
ჰგავს უფრო მეტროს,
სადგურს, სადაც ჩვენი ფიქრები,
გროვდებიან და უცემთ საფეთქელი
გამალებით...
ბეტონის შენობები, გზები, მთები და ვერც ტრამალები,
ვერ იარსებებენ ჩვენს შორის ...

იმ დღეს, მართლა კი არ ვუმზერდი შილეს....
შენი თვალებით ვუამებდი ჩემს სულს,
ატკიებულ შიმშილებს ...

დანამდვილებით შემიძლია
ახლა იმის თქმა,
რომ ქალაქი ვენა და ჩვენი ვენა,
შენ თმა,
ენა ღმერთის
და ენა ბიოლის,
ისე შეუხორცდა ჩვენს სულებს,
რომ სიკვდილიც მოსჩანს უფრო იოლი ...
ვიოლა,
შენ ხარ ჩემს სულში ამოზრდილი თეთრი ვიოლა ...

ა.ჯ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები