ნაწარმოებები



ავტორი: შირო
ჟანრი: პოეზია
11 მაისი, 2019


საქორწინო რეკვიემი

ეს არის რეკვიემი ჩემს ოცნებებზე,
ეს ჩემი გულის ფეთქვაა, რომელიც სიტყვებად გადმოვეცი...

I

და ბად-თიბირას საძოვრები არასოდეს ყოფილა ასე უხვი,
და ურუქიდან ტახტრევანზე ასე მაღლა არასდროს ასულა უთუ...
და მე, ინანა, არასდროს ვყოფილვარ ასეთი ლბილი...

უთუ, შენი თმები ოქროს მზის სხივებია,
უთუ, შენი თვალები დამდნარი თაფლის წვეთებია.
შენი და მოსულა შენს ტახტრევნამდე.
დედუფალ ინანას გიშრის თმა დაუშლია..
დედუფალ ინანას მწყემსი შეჰყვარებია,
დუმუზი, სიფა-ზი - მწყემსი კეთილია,
არაფრად ჩააგდო ენქის სიყვარული
უთუ, შენი და დაწყევლილია...
საქორწილო სიმღერები ისმის ურუქში,
დედოფლის ბროლის ყელი ვერცხლით მორთულია.
ძღვენი მოუტანია მწყემსს ქალღმერთისთვის,
და ეს კავშირი ცაში გაბმულია.

II

ეს რა გლოვაა ბად-თიბირაში,
რატომ იხოკავს ლოყებს ღმერთქალი.
რატომ სწვდება ცას მისი კივილი,
სადაა მისი სადედოფლო სამოსელი,
სადაა მისი ვერცხლის სარტყელი.
ვინ გაუბედა, ვინ დასწყევლა,
მწყემსი ვინ მოსტაცა ქალღმერთ ინანას.

მიწა დაიშრიტა, ცამ პირი შეკრა.
ინანას ცრემლებმა დაწვა ყვავილები.
ცოლი არ იციან, შვილი არ იციან,
დაღვრილ წყალს არ სვამენ,
გამომცხვარს არ ჭამენ.
დედას შვილს სტაცებენ აკვნიდან და ფრთამალნი არიან.

უფსკრულის დედოფალს, ერეშქიგალს,
დის, ინანასი შეშურებია.
გაუტაცია მწყემსი დუმუზი,
დის სარეცელი ძაძით შეუსუდრავს...

,,ჩავალ ქვემოსკნელში,
დავიხსნი სამკაულებს,
დავთმობ დედოფლობას,
ოღონდ დამიბრუნდეს ჩემი სიყვარული
და შენ, ნინშუბურ, წადი ნანარში,
ენქის ევედრე, მომეშველოს,
ვიცი ვუყვარვარ..."

ეს რა სიცივეა, ეს რა სიბნელეა,
ყურში რომ ჩამძახის - ,,შესდექ, ინანა...
დუმდე, ინანა, სრულდება წესი ქვესკნელისა,
ინანა, ქვესკნელის წესებს ნუ განიკითხავ..."

,,მე რით შევისყიდი დუმუზის სისხლს
შვიდ კარში დავტოვე სადედოფლო შვიდი სამკაული"
,,დუმდე, ინანა, სრულდება წესი ქვესკნელისა,
ინანა, ქვესკნელის წესებს ნუ განიკითხავ..

შენს სამკაულზე ძვირფასია შენი სიცოცხლე.
ნუთუ სიფა-ზი ასე ძვირად გიღირს?
დათმე შენი თვალების ბრწყინვალება,
დათმე დედოფლობა და ცოცხალს იხილავ დუმუზს".

,,მე თანახმა ვარ" - ამ სიტყვების თქმაც ვერ მოასწრო,
და ერეშქიგალს გადაესვენა მსუბუქად ხელზე.
ბად-თიბირაში კვლავ მომრავლდა მწყემსის სამწყსო და
დუმუზი დააბიჯებს მხიარულად დედამიწაზე

III

,,ენქი, შენი სიყვარული აღარ სუნთქავს
ინანას გიშრის თმა მტვრად ქცეულა,
ლალის ბაგე, შენ რომ ასე გიყვარდა, გათეთრებულა,
ენქი, სიყვარულისთვს ინანამ სიცოცხლე გასწირა."

და ნინშუბური ასე ტიროდა
და ნინშუბური ლოყებს იხოკდა
სანამ ენქი არ მოვიდა
სანამ ენქი ინანასთან არ ჩავიდა.

ქალღმერთი სახლში დაბრუნდა,
ქალღმერთმა თასი აავსო და დუმუზს ელის, მაგრამ
ეს ვინაა ინანას ფართო სარეცელზე,
ეს ვინ ეხვევა სიფა-ზის მკლავებს.
ქალღმერთის რისხვა სასტიკია,
ქალღმერთის წყენა საშიშია.
ქვესკნელში დაბრუნდა დუმუზი,
ინანამ კი თეთრი საბურველი გადააფარა ქვეყანას.

და წელში ერთხელ ინანას ეცოდება დუმუზი.
და წელში ერთხელ ქალღმერთი კვლავ ჩადის ქვესკნელში
ქმარი ამოჰყავს.
და ყველა ქალღმერთს ღალატობს კაცი...
და ყველა ქალღმერთს როდი ჰყავს ენქი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები