ნაწარმოებები



ავტორი: ნია-კო
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
13 მაისი, 2019


*****************

***************
პარიზი -
აქ ცა მიწის ნარატივია...
ეიფელის კოშკივით რენესანსის ეპოქიდან ამოზრდილი სულიდან
მოსჩანს სამყარო - მთელი თავისი მომხიბვლელობით.
ქონგურებგადამწვარ ნოტრდამს სამარადისო მნათედ შერჩენია
ჩემი ულამაზესი კვაზიმოდო,
უპასუხო სიყვარულით დაობლებული...
საგანის უსაშველოდ დიდი თვალები აქვთ ფრანგ ქალებს
და ისინი სევდას ახლობელივით ესალმებიან...
სადღაც ვიღაცა ლეგრანის უკვდავ „Les moulins de mon Coeur”-ს ღიღინებს
და ქუჩის კუთხეში აუცილებლად გადააწყდებით სამყაროს მარადიულ ბეღურას,
გამორჩეული ხმითა და მანერით,
რომელიც დაგარწმუნებთ, რომ
ფრანგული ცის ქვეშ შეყვარებულები სიმღერ-სიმღერ დადიან.
ჩემს პარიზელ შეყვარებულს პარიზის ღამესავით შავი თვალები და
პორთოსივით ვეება ტორები აქვს,
არადა, პარიზელი ქუჩის მუსიკოსია და
გავროშივით ქუდი ახურავს.
პარიზის მიწისქვეშა გადასასვლელებში დგება და ქუდს მიწაზე დებს,
რომ ხურდა ჩაუყარონ.
მერე ამ ფულით ჩემთვის ყიდულობს
მინდვრის ყვავილების უზარმაზარ თაიგულს და
ჩვენი პატარა ოთახი საღამოობით საყვავილეს ჰგავს.
თუმცა კი დიდი ტორები აქვს,
პორთოსივით დიდი ტორები და
ვიოლინოზე უკრავს...
პარიზში ცა მიწის ნარატივია და
მიწიდანვე ამოზრდილი ეიფელიდან სამყარო სულ სხვანაირი ჩანს...
საღამოობით კი მე და ჩემი შეყვარებული პარიზული ჰაერით გაჯერებულ
მდარე ხარისხის სიდრის ვწრუპავთ და იმ ცას გავყურებთ,
რომლის ქვეშაც შეყვარებულები სიმღერ-სიმღერ დადიან...
ეს ჩვენი მუსიკაა, მხოლოდ ჩვენი სიმღერა, რომელსაც
სამყაროს მარადიული ბეღურა მღერის გამორჩეული ხმითა და მანერით:
“Sous Le Ciel De Pariz”…
პარიზში ცა მიწის ნარატივია...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები