ნაწარმოებები



ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
18 მაისი, 2019


რეტრო ილიური

ნინო დარბაისელი

რეტრო ილიური
- - - -

შენ დაღვრემილს დაგინახავ როცა,
ძველებური მომაწვება ჯავრი.
სამშობლოო, ერთო ციდავ ჩემო,
გასევია გამყიდველთა ჯარი.

გაიწირა უმოწყალოდ, ვინც კი
ცა და მიწა შენთვის შეაჯერა,
თავგანწირვის ძალა შესწევს იმას,
ვისაც  სულის უკვდავების სჯერა.

საზრუნავად რაღა შერჩა ქართველს -
მხოლოდ თავის გატანა და რჩენა.
ვნატრობ მხოლოდ, რომ ინებოს ისევ
ზეციერმა შენი გადარჩენა.

ბევრმა სცადა, რომ ხსენება შენი
პირისაგან მიწის წარეხოცა,
მაინც დარჩი და სასწაულად ელი,
აღარ ვიცი, წყევლაა თუ ლოცვა,
თვალწინ მიდგას მე წარსული ახლო,
სამარცხვინოც და სასახელოცა,
სამშობლოო, ერთო ციდავ ჩემო,
შენ დაღვრემილს დაგინახავ როცა!

რეცეპტი:

თითო თავიანი ჩაის კოვზი:
1. ილიას  “ჩემო კარგო ქვეყანავ”,
2. პატრიოტული ლირიკის კლიშეები,
3. გალაკტიონის დამუშავებული რიტმის ვარიაცია.
და
მოცლილობა - რამდენსაც შეიზელს, რომ ხელზე აღარ ეკრობოდეს.
ცხობა საშუალო ცეცხლზე,
მზაობის შემოწმება - ჩხირს გულიდან სისველე აღარ უნდა მოჰყვებოდეს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები