ნაწარმოებები



ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
24 მაისი, 2019


პარაბოლა

ნინო დარბაისელი

პარაბოლა
- - -

-მომწყინდა უკვე გვერდში კომბალი,
მგელი, მგლისფერი ძაღლი.
ამდევნებიხარ შენ გულმომბალი,
აღარ მასვენებ  დაღლილს.
მე - კოჭლი ცხვარი ფარას ჩამოვრჩი,
სად მაყვლის ბუჩქი ენთო,
ჩემზე რას დარდობ, უმწეოაო, უფაროდ მოიწყენსო,
ოთხმოცდაცხრამეტ იმ ცხვარს მიხედე,
მე  რას დამეძებ, მწყემსო!
- შენ, კოჭლო ცხვარო, ძეძვნარს გაბმულო,
ღამემ რომ შეგიფარა,
ბღავი და ვითომ მწყემსს ემალები,
მართალს არ ამბობ, არა!
როდი დააგდო მთლად უანაბროდ
მთელი თავისი ფარა,
მოწაფეები იხმო ერთგული,
ჯაფაში ჩააბა, რა,
ცხვრებიც,  ძაღლებიც, იალაღებიც  მოციქულთ ჩააბარა.
ფხიზლობენ მედგრად,
არ გამორჩებათ მავნე თუ მიეპარა.
ეს პარაბოლაც გაუგებარი თავადვე დაიბარა.
მწყემსმა კეთილმა იცის, რა უჯობს,
ცხვარი თუ მთელი ფარა!

რად მეეჩვენება ზოგჯერ ამბავი  ბოლომდე შეუკრავი.
ვერ გამიგია, შენ  მაცხოვარო,
მწყემსი იყავ თუ კრავი!
რად მეზიდება და მელანდება
შენი სახება მქრქალი,
ან შენ ბღავილით რად გეძებ, მწყემსო,
ერთი გონმოკლე ქალი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები