ნაწარმოებები



ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
29 მაისი, 2019


მრწამსი

ნინო დარბაისელი

მრწამსი
- - -
მთავარი - სიყვარულია!
სიყვარული და - რისი? 
უნდა გიყვარდეს ღვთის სათნო
თუ რამე  საძრახისი?

რაიმე ცოდვა, ბოროტი,
ფიალა შხამით სავსე?
ამისთვის ეცვა იესო?
ეს დაგვიბარა? ასე?

უფალს ცოდვილი უყვარსო,
უფალს - სუყველა უყვარს,
ისიც, ვინც კეთილსურნელობს
და ვისაც სული უყარს,

მაგრამ არც სასჯელს არიდებს
არმომნანიე ცოდვილს-
აი, ეს არის სიმართლე
ქრისტიანული ცოდნის!

ძნელია მონანიება,
თუკი ეძლევა სული,
მაგრამ მოჰყვება წყალობა
ზეგარდმო გადმოსული.

ცას ანგელოსთა გალობას
მიწის გოდება ერთვის:
მოინანიე, შესძელი,
და შეგიწყალებს ღმერთი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები