ნაწარმოებები



ავტორი: სანდრო რუხი
ჟანრი: პროზა
1 ივნისი, 2019


მტვერი (თავი 5. ნაწილი 4-6)

                                                                                                                                    4
*ზამთრობისთვე - ზამთრის მეორე თვე.
*მეუსტრე - ფოსტალიონი.


სადედოფლო მოსასვენებლის ფანჯრიდან ზღვაზე მზიანი დღის მშვენიერი ხედი იშლებოდა. ზამთრობისთვის  დასაწყისს რაჰს ყინულივით ცივი მზის ნათება, თეთრ ქურქში გახვეული ქალაქი და მოყინული მოკირწყლული ქუჩები სჩვევია.

ანა საწერ მაგიდასთან იჯდა და ჭილის ფურცლებში იცქირებოდა. ნახშირის ფანქრით რაღაცას ინიშნავდა, შემდეგ უსიამოვნო მონაკვეთებს მკვეთრი მოძრაობით შლიდა და ხაზის ზემოთ შენიშვნებს აწერდა. 

კარზე კაკუნის ხმამ მუშაობას მოწყვიტა.

– შემოდით! – გასძახა სტუმარს.

ოთახში ლეჲე და ძიძა შემოვიდნენ. მსახურმა დედოფალს თავი დაუკრა და კეთილი დღე უსურვა. ანამ მადლობის ნიშნად გაუღიმა. მეფისასული დედისკენ გაიქცა; ანა წამოდგა და შვილთან შესახვედრად გაემართა. საწერი მაგიდის გვერდით ჩაიმუხლა. ლეჲე დედას კისერზე შემოეხვია და ჩურჩულით უთხრა „მიყვარხარ“. ანამ შვილს ლოყები დაუკოცნა, შემდეგ უპასუხა – „მეც მიყვარხარო“ – გაუღიმა, შუბლზეც აკოცა და წაბლისფერ თმებზე ხელი გადაუსვა.

– დედა, დღეს ქალაქში უნდა გავიდე, პირველად... – მეფისასულს მოლხენილი ხმა ჰქონდა.
– უკვე დიდი გოგო ხარ, დროა გაეცნო საკუთარ სამეფოს დედაქალაქს, არა? – ღიმილით უპასუხა ანამ.
– კი, კი, დროა, – სიხარულს ვერ მალავდა ლეჲე, – მოუთმენლად ველოდი, როდის შემისრულდებოდა თერთმეტი წელი.

ანა ფეხზე წამოდგა და ძიძას ხელით ანიშნა, მასთან მისულიყო. მსახური დედოფალთან სწრაფად მივიდა. მამფონმა მკაცრი სახითა და დინჯი ხმით მიმართა:
– მეფისასულის უსაფრთხოებისთვის ყველაფერი მზადაა?
– დიახ, თქვენო უდიდებულესობავ! – ქალმა დაუდასტურა.
– მთავარქურუმი გაფრთხილებულია, ხომ?
– რა თქმა უნდა, თქვენო უდიდებულესობავ, – მტკიცედ უპასუხა ძიძამ.
– კეთილი! – კმაყოფილებით თქვა ანამ. შემდეგ შვილს მიუბრუნდა და გაფრთხილების ხმაჟღერადობით მსუბუქად დაარიგა, – იცოდე, ნევის დაუჯერე, არ იცელქო და მისი რჩევები გაითვალისწინე, თორემ სასახლის კედლებს თავს ვერასდროს დააღწევ... კიდევ დიდი ხანი! გესმის?!
– კი მაგრამ, დედა... – მეფისასული შეეცადა შეწინააღმდეგებოდა, მაგრამ ანამ ხელი მკაცრად ასწია და ლეჲე დადუმდა.
– არავითარი მაგრამ, შენი ოხუნჯობები მეფის დარბაზობაზე კარგად მახსოვს, აღარ განმეორდეს მსგავსი რამ! იცოდე, მეფისასულის დუმილი სარაჰიტია, ყბედობა – წყლის წვეთადაც არ ფასობს! – დაარიგა.
– კეთილი დედა, – მეფისასულმა უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა, – მოვიქცევი ისე, როგორც ნევი მეტყვის.
– მთავარქურუმს მოექეცი პატივისცემით, ჩემო ყვავილო, – დედოფალს ხმაჟღერადობა მოულბა, მთელი სიყვარული, რასაც შვილის მიმართ გრძნობდა ბოლო სიტყვებში ჩააქსოვა, – მოიქეცი ისე, თითქოს ჩვეულებრივი ადამიანი იყო, შეეცადე დროებით დაივიწყო შენი წარმომავლობა...
– თუმცა, მე დარიელი ვარ, მამაჩემი ხელმწიფეა, დედაჩემი კი დედოფალი, – გაიკვირვა მეფისასულმა.
– მართალია, ეგ არასდროს დაივიწყო, თუმცა უტიფრად არასოდეს გამოხატო, – შვილს კვლავ მოეფერა, – ყველამ იცის, ლეჲე დარიელი მეფის ასულია, მაგრამ დაიმახსოვრე, არავის სიამოვნებს, როდესაც ზემოდან დაჰყურებენ, ან ღირსებას ულახავენ და აგრძნობინებენ, რომ თანასწორი არ არის.

ლეჲეს გაეღიმა. არაფერი უპასუხია.

– ახლა გაიქეცი და მთავარ ტაძარში წასასვლელად მოემზადე, ხალხი შენს სანახავად იქნება გამოსული, გაღიმება არ დაგავიწყდეს; ღიმილი ოქროდ ფასობს?! – დედოფალმა აკოცა და ნევის ანიშნა, რომ გასულიყვნენ.

ოთახიდან გავიდნენ თუ არა, ანა კვლავ საწერ მაგიდას მიუბრუნდა. ლეჲეს გასტუმრების შემდეგ, დროს არ დაუყოვნებია, კვლავ გაისმა კაკუნის ხმა. ამჯერად ოთახში მალემსრბოლი შემოვიდა.

– თქვენო უდიდებულესობავ, შეტყობინება, – ახალგაზრდა ბიჭს ხელში იასამნისფერბეჭდიანი წერილი ეჭირა, – ზენეათიდან. მითხრეს პირადად თქვენთვის მომეცათ.

ანა სკამიდან ელდანაცემივით წამოიმართა. ვიდრე წერილს გამოართმევდა, ათასმა ფიქრმა მის გონებას ქარიშხალივით შეუტია. ამ წერილს დიდხანს ელოდა. მსგავსი ცნობის ფურცელი ბევრჯერ მოსვლია და ამდენჯერვე გასცრუებია იმედი. ჭილს ყოველთვის დიდი მოლოდინით შლიდა, თუმცა კითხვის შემდეგ, ქაღალდს იმედწახდენილი წვავდა. ამჯერად კი გრძნობდა, თითქოს დაზუსტებით იცოდა, დარწმუნებული იყო, რომ ისეთი პასუხი მიუვიდოდა, რომელიც მის გულს სიხარულს მიჰგვრიდა.

დედოფალმა მეუსტარეს  ანიშნა, წერილი მისთვის მიეცა. როგორც კი გადასცა, მალემსრბოლი ოთახიდან უმალვე გავიდა. მარტო დარჩენილმა ანამ ბეჭდის ლუქი გატეხა და წერილი გაშალა. ატრეინის ხელწერა იცნო. ჯერ ხელმოწერას დააკვირდა, რათა ეჭვები საბოლოოდ გაექარწყლებინა, ხოლო შემდეგ კითხვას შეუდგა.

„ თქვენო უდიდებულესობავ,

თქვენს წერილზე პასუხად, მსურს, გაცნობოთ, რომ იმ ჯადოქრის სანაცვლოდ, რომელიც ზენეათის სასამართლომ – სარაჰის სახელმწიფოსა და მეფეთმეფე ალთიონის სახელით – სიკვდილით დასაჯა, ვიპოვეთ ახალგაზრდა ყმაწვილი, საკუთარ ძალებში ჯერ გამოუცდელი, მაგრამ დიდი ღვენის მქონე. თქვენი, სარაჰის ერთიანი სატაძრო ლეტას ბრძანებულების თანახმად, ლეტა ტრილონია და მისი მზმელი დისშვილი, ტრატისი, ივარსოეჰის ბოლოსთვის დედაქალაქში გამოემგზავრებიან.
მათი ბედი თქვენს ხელთაა. ტრილონიასთვის საიდუმლო სქელი ღრუბლითაა დაფარული, თქვენი უდიდებულესობის ჭეშმარიტი მიზნები არ იცის. ის მოემგზავრება სრული გაურკვევლობითა და დამძიმებული გულით, რომელიც საკუთარი ნამდვილი მოვალეობის ღალატისთვის მონანიებითაა აღვსილი.

მუხლს ვიყრი მისი უდიდებულესობის წინაშე,
ზენეათის მთავარქურუმი
ატრეინი“

დედოფალმა კაჟს ასანთის ჩხირი  გაჰკრა. აგიზგიზებული ცეცხლი ჭილის ფურცელს წაუკიდა. მიირბინა ბუხართან, ჭილი სუსტ ცეცხლში ჩააგდო და ბოლომდე უცქერდა, ატრეინის ცნობის ფურცელი როგორ იფერფლებოდა. როგორც კი დარწმუნდა, რომ საიდუმლო გზავნილი გაანადგურა, ქარიშხალივით გაიჭრა ოთახიდან. ეზოსკენ გაემართა, სადაც ლეჲე წასასვლელად ემზადებოდა.

– ყურადღება, – სასახლის მთავარმა მსახურმა ხმამაღლა დაიყვირა, – დედოფალი მობრძანდება!

მსახურებმა, ვინც მეფისასულს აცილებდნენ, სეფექალებმა, რომლებიც ლეჲეს თან უნდა გაჰყოლოდნენ, სამეფო ქარავანმა, მეეტლეებმა და ქეშიკებმა – ყველამ მამფონს თავი დაუკრა. 

ანა მაკოროფალისკენ ამაყად, კვირსა მიხრა-მოხრით, მაღლა აწეული მზერით გაემართა. დაელოდა, მწაფელი კარს როდის გაუღებდა და ეტლში მედიდურად ავიდა.

– დედა? – უკმაყოფილო ხმით გაიკვირვა მეფისასულმა, – მოდიხარ?
– ახლა არა, ჩემო ყვავილო, სასწრაფო საქმე მაქვს მთავარქურუმთან.
– დედა, ეს ჩემი დღეა, ჩემი გაცნობის დღე, – წყენით დაიწყო ლეჲემ, – ვინღა მომაქცევს ყურადღებას, დედოფლის სხივებში მე მხოლოდ პატარა უსუსური ნათება ვიქნები.
– ძვირფასო მეფისასულო, – მკაცრი მზერა მიაპყრო დედოფალმა, – ნუ ღელავ საკუთარ სახელზე, ყველაფერი ისე ჩაივლის, როგორც დაგეგმილი იყო. მე ვერავინ დამინახავს. საიდუმლოდ მოვდივარ.
– საიდუმლოდ, – მეფისასულმა იჭვნეულად მოჭუტა თვალები, – რატომ?
– ახლა არა, ლეჲე! – ანას მოუსვენრობა დაეტყო, – ქარავანი რატომ არ მიდის? – თითქოს მისთვის ჩაილაპარაკა, საკუთარ თავს ჰკითხაო.
– თქვენო უდიდებულესობავ, – მიმართა ნევიმ, – თქვენს ბრძანებას ელოდებიან.
– ცდები, – მამფონმა თავი გააქნია, – ეს ლეჲეს დღეა და მეფისასული გასცემს ბრძანებას, – ძიძას ნიშნისმოგებით გადახედა.

დედოფალმა ქალიშვილს გაუღიმა  და ლოყებზე ნაზად მოეფერა. შემდეგ თვალით მიანიშნა, რომ ბრძანება გაეცა. ლეჲემ მეეტლის მხარეს ორჯერ მედიდურად დააკაკუნა, რითაც მწაფელთ წასვლა უბრძანა.

მაკოროფალის დაძვრას ქეშიკთა მზადყოფნის შეძახილი მოჰყვა. ლითონის ბორბლების ხრიალი ეტლშიც აღწევდა. ფოსაჰიჶის ტაძრამდე ხმა არავის გაუღია. ჩაფიქრებული ანა ფანჯარაში იცქირებოდა, თითქოს მარტო ყოფილიყოს.


                                                                                                                          5
*ჰალტელეი - გაზაფხულის პირველი თვე. შედგება 14 დღისგან, საახალწლო ორკვირეულისგან.
*ლარაჰი - ნარგიზის მაგვარი უსუნო ყვავილი. იზრდება დაბალი, აქვს ფართო ყვავილი და ხარობს ახალიწლის კვირეულის ბოლომდე, ვიდრე დათბებოდეს.


ივარსოეჰის ბოლოსთვის მზის ოქროსფერი თმა რაჰს ძუნწად ეფინებოდა, ხოლო მათი შეხებისას არხლი შუათივით ბრჭყვიალებდა. სხივებისგან ოქროსფრად მოელვარე  შეყინულ ფიფქებს გვიანი ზამთრის ყვავილები თანდათან ჭრიდნენ: თეთრი ენძელა თავმდაბლად, მორიდებით შლიდა კოკორს, წენგოსფერ ლარაჰს  ყვავილის ფოთლები ფართოდ გაეფურჩქნა, თითქოს ჩახუტება უნდაო. სახლების ანგურაშრთვილი სახურავებიდან შუადღის მზის სითბო ღამით შეყინულ ლოლუებს ადნობდა – ლღვებოდნენ და წვეთ-წვეთად მიწას ენარცხებოდნენ. დედაქალაქის აღმოსავლეთით, გალავანივით შემოხვეული მოხუცივით შეთეთრებული მთები ამაყად იდგნენ, თუმცა ბარი გაზაფხულისთვის ემზადებოდა – ღამით ციოდა, დღისით კი თბოხარისხი იმატებდა. ქალაქელებმაც გაიხადეს ქურქები და უფრო მსუბუქ სამოსს მიეძალნენ.

სახელმწიფეო სასახლეში ნაადრევი გაზაფხულისა და გვიანი ზამთრის მცენარეები აყვავდა. სამეფო ბაღები თეთრ, მარადმწვანე ხეებისა და ახლადდაბადებული ყვავილების ფერებით შეიმოსა.

ქალაქი საახალწლო ორკვირეულის შესაფერისად მოერთოთ. ჰალტელეის  თვე ახლა დაიწყო და ათრას ჰავაც ნელ-ნელა თბებოდა.

გაზაფხულის ნაადრევი სითბოთი გახალისებული ლეჲე სასახლის ბაღში ძიძასთან ერთად სეირნობდა.

– ნუ მოწყვეტთ ყვავილს, თქვენო უდიდებულესობავ, – ძიძამ მეფისასულს ღიმილით უთხრა, – ჯერ არ მოსულა მისი დრო...
– ნევი! – ლეჲეს მკაცრი ხმა ჰქონდა, – ბაღიც და ყვავილებიც მამაჩემს ეკუთვნის, ასეა არა? – ქალს დამრიგებლური მზერით შეაცქერდა.
ძიძამ თავი თანხმობის ნიშნად დაუქნია.
– მამაჩემი მეფეა, ხომ ასეა?!... – თითქოს საკუთარ თავს ელაპარაკებაო, ნევის არ უყურებდა, არ წუხდა, თუ რა პასუხს გასცემდა, – ასე, რომ ეს ბაღიც, უდროო ყვავილებიცა და რასაც ხედავ – ყველაფერი ჩემიცაა, რასაც მინდა იმას ვუზამ, – ბავშვური ხმით გადაიკისკისა. მოეწონა საკუთარი პასუხი და თანმხლებს კმაყოფილი სახით გახედა.
– როგორც გენებოთ, თქვენო უდიდებულესობავ, – თავი დახარა ნევიმ, – ახალგაზრდა ლარაჰი მალე ჭკნება, თუ მოითმენდით, მისი მშვენიერებით დიდხანს დატკბებოდით...
– რისთვის?... ერთ კვირაში კიდევ შემეძლება დავტკბე, რატომ მოვითმინო? – ლეჲემ გულწრფელად გაიკვირვა.
– თქვენო უდიდებულესობავ, მოთმინებას ოქროს ფასი აქვს, მით უმეტეს, როდესაც სახელმწიფეო ოჯახს ეკუთვნით.
– ჰმ, – მრავლისმეტყველად წარმოთქვა მეფისასულმა, შეწინააღმდეგება არც კი უცდია, თითქოს დაეთანხმაო.

ლეჲე ჭირვეულობდა ხოლმე, მაგრამ ნევის ენდობოდა, ზოგჯერ დედაზე უფრო. ხშირად მას უხეშად ესაუბრებოდა, თუმცაღა მის რჩევებს გულისყურით ეკიდებოდა. რა თქმა უნდა, არასდროს ამბობდა, რომ ცდებოდა, არ უყვარდა შეცდომის აღიარება – როცა ხვდებოდა, რაღაც დააშავა, დუმდებოდა და ფიქრდებოდა. ახლაც ჩაფიქრდა, შემდეგ ცნობისმოყვარეობით აღვსილი თვალებით ჰკითხა:
– ოდესმე, სარაჰს ხელმწიფედ დედოფალი ჰყოლია?

ნევიმ ცალი წარბი გაკვირვების ნიშნად ასწია. დაფიქრდა, უნდოდა სწორი სიტყვები ეპოვა, ისე რომ თან მეფისასულის გულისწადილიც გაერკვია.

– არასდროს, თქვენო უდიდებულესობავ, მხოლოდ მამაკაცებს აქვთ უფლება ავიდნენ სარაჰის ტახტზე.
– მართლაც! – მრავლისმეტყველად წარმოთქვა ლეჲემ, – პირველშობილნიც?
– დიახ, სამეფო ტახტრევანზე მხოლოდ უფლისწულნი აღზევდებიან, მეფისასულებს ეს უფლება არ აქვთ, მაგრამ... – შეყოვნდა ნევი.
– მაგრამ... – ცქვირინისეული მზერით მიაჩერდა ლეჲე.

ძიძა მიხვდა, ვიდრე პასუხს არ გასცემდა უფლისასული არ მოისვენებდა.

– სარაჰის გრიამ ახალი კანონი მიიღო, ქალებს მიეცათ უფლება, საკუთარ საერისთავოსა თუ სამთავროებში ერისთავები და მთავრები გახდნენ. თუმცაღა, თქვენ, ჩემო მშვენიერებავ, – ნევიმ ლეჲეს წინაშე მუხლი მოიყარა, – მაინც ვერ გახდებით სარაჰის დედოფალი, რიგში ჯერ თქვენი ძმები არიან.
– მამფონობაზე არც მიფიქრია, – იცრუა ლეჲემ, – უბრალოდა, – ხელი ჰაეროვნად გაიქნია, თითქოს უგვანო აზრებს იფანტავსო, – მინდოდა, მცოდნოდა, სარაჰს დედოფალი ხელმწიფედ თუ ჰყოლია, მეტი არაფერი.
– თქვენო უდიდებულესობავ, – გაუღიმა ძიძამ, – სარაჰის შესახებ მეტის ცოდნა თუ გინდათ, მემატიანეს დაეკითხეთ, ჩემზე განსწავლულია.
– მართლაც! – მეფისასული დაეთანხმა, გადაიკისკისა და საკუთარი მოსასვენებლისკენ გაიქცა.

ნევიმ კაბის კალთები მოიყარა, რათა სირბილში ხელი არ შეშლოდა და უფლისასულს დაედევნა.

ლეჲემ  სვეტებიანი ტალანი გაირბინა. ბურინით მიჰქროდა და ნაზი საგაზაფხულო კაბა ნეკრტენივით ფრიალებდა, ჰაერს ეთამაშებოდა. კისკისებდა, თან უკან იყურებოდა და ფიქრობდა, ნევი ხომ არ მეწევაო.

– ძიძას ისევ აწვალებ ხომ?

წინიდან მომავალმა ხმამ მეფისასული გაახევა. გაიხედა და დარეთიდან დაბრუნებული ასტერონი დაინახა. ლეჲეს ძმის დანახვის სიხარულმა ღიმილი მიჰგვარა. უნდოდა, მისულიყო და ჩახუტებოდა, მაგრამ შეჩერდა – მეფისწულთან ერთად მაღალი, შავთმიანი, გლეხურად ჩაცმული ახალგაზრდა გოგოს შეამჩნია. მეფისწულის თანმხლებს ასტერონისთვის ხელი ჩაეკიდა. ლეჲე დაიბნა, ღიმილი სახეზე შეეყინა.

– გამარჯობა, – ძმის თანამგზავრს იჭვნეული მზერა ესროლა, – ვხედავ მარტო არ ხარ.
– როგორც ყოველთვის, ცნობისმოყვარეობა ქცევის წესებს გავიწყებინებს, ძვირფასო დაო, – მეფისწული ლეჲეს მიუახლოვდა, ჩაიმუხლა და შუბლზე აკოცა.
– სწორად შენიშნე, ძვირფასო ძმაო, თუმცა, როგორც ვხედავ, არც შენ გამოირჩევი, – სტუმრისკენ თვალ უყო, – ქცევის წესების ცოდნით, არადა მომავალი ხელმწიფე ხარ, – მრავლისმეტყველად გაიღიმა.
– მადლობა, პატარა ყვავილო, ჩემი დარიგებისთვის, – მეფისწულმა დის სიტყვები ბავშვურ ოხუნჯობად აღიქვა, – მაგრამ, ვფიქრობ,  დღეს შენ გარდა ჭკუას ბევრი დამარიგებს, – ასტერონი თანამგზავრისკენ შებრუნდა. ხელკავისგან თავი გაითავისუფლა. გოგოს მარჯვენა ხელის მტევანი საკუთარში მოიქცია, ეამბორა და გაუღიმა, – ეს ნატაა, ჩემი თვალის ჩინი, ჩემი ცოლი.
– ცოლი? – მეფისასულმა გაკვირვება ვერ დამალა, – მართალს ამბობ?
– დიახ, – ასტერონმა მტკიცედ დაუდასტურა.

მეფისასულმა ძიძას გადახედა, რომელიც გაკვირვებას ძილს ნიღბავდა. შემდეგ ძმას მიუახლოვდა და წარმოთქვა:
– ნატა, – სახელი ისე გაიმეორა, სტუმრისთვის არ შეუხედავს. უნდოდა მისთვის ენიშნებინა, რომ საკუთარი ყურადღების ღირსადაც არ თვლიდა, – ცნობისმოყვარეობა მკლავს, უფლისწულო, რომელ გვარს ეკუთვნის ნატა, – ხმაში დაცინვა იგრძნობოდა, – დარეთიდან უნდა იყოს, არა?!
– ნუ ეჭვიანობ, – ასტერონმა გაიცინა, – ისევ ისე მიყვარხარ, როგორც ადრე.

და-ძმას ყოველთვის ახლო ურთიერთობა ჰქონდა, ერთმანეთს განსაკუთრებულად უგებდნენ. ლეჲეს ასტერონი სიგიჟემდე უყვარდა. ბავშვობაში ძმის ოთახში იპარებოდა და ლოგინში უწვებოდა. ერთხელ ექვსი წლის ლეჲემ შენიშნა, სამეფო ბაღში ასტერონი მოახლეს როგორ ესაუბრებოდა. გამეხებული უფლისასული საწყალ გოგოს მიეჭრა და ვაშლები დაუშინა, შემდეგ კი აქვითინებული საკუთარი გულისტკივილის გასამხელად დედოფალთან გაიქცა. ცხრა წლისამ საკუთარი მიდგომები დახვეწა – ამჯერად მსახურს ფეხსაცმელში შხამიანი ობობები ჩაუყარა. საწყალი გოგო სიკვდილს ხელიდან ძლივს გამოჰგლიჯეს. რა თქმა უნდა, ამისთვის ლეჲე არავის დაუსჯია, ყველაფერი შემთხვევითობას დააბრალეს, მაგრამ მოგვიანებით საკუთარ საქციელში ძმას გამოუტყდა. სწორედ ამიტომა იფიქრა უფლისწულმა, რომ მისი და ეჭვიანობდა; გულის სიღრმეში კი შიშმა შეიპყრო, არ იცოდა, ნატას წინააღმდეგ რას მოიმოქმედებდა. თუმცაღა გონების ძალამ გულის კარნახზე იმძლავრა და ასტერონმაც ხიფათისმომგვრელი ფიქრები მოიშორა. 

– და მაინც, ჩემს ეჭვიანობას ყურადღება რომ არ მივაქციოთ, – ნატასკენ გაიხედა, – რომელ გვარს ეკუთვნით, საიდან ბრძანდებით?
მეფისასულმა ნატას აუხსნელი შიში მიჰგვარა. ხვდებოდა, რომ პატარა გოგო იყო, მაგრამ მისი მზერა აფრთხობდა. გოგომ ასტერონს გახედა, უფლისწულმა კი ღიმილით ანიშნა, ლეჲესთვის სიმართლე ეთქვა.
– თქვენო უდიდებულესობავ, – ნატას სიტყვები უწყდებოდა, ათრთოლებული ხმით გამოსცრა, – მესტვირის.
– მესტვირის? – უფლისასულს თვალები დაუწვრილდა, წარბები კუშტად შეკრა, – არ მსმენია ამ გვარის შესახებ.
– მართალია, – თავი დაუქნია ასტერონმა, – არ გსმენია, რადგან წარჩინებულთა გვარს არ მიეკუთვნება!
– გასაგებია, – ჩაიღიმა ლეჲემ, – ეგ შევნიშნე, – საჩვენებელი თითი მოაკაუჭა და ნატას მიმართულებით ჰაერში აატარ-ჩამოატარა – ასტერონს სამოსზე მიანიშნა, – მაგრამ ჩემი ეჭვების დადასტურება მინდოდა. 

მეფისასული ჩაფიქრდა. მის თვალებში იკითხებოდა, რომ გეგმებს ალაგებდა. რამდენიმე წამის შემდეგ ღიმილიანი სახით ძმას ახედა და მხიარული ხმით უთხრა:
– მართლა გამიხარდა შენი ჩამოსვლა. წავედი, ისევ ძიძას გავაწვალებ, – ნევის გახედა.

ნევი ცდილობდა, ასტერონის საქციელით გამოწვეული გაოგნება მეფისწულს არ შეემჩნია, მაგრამ ვერ გამოსდიოდა, ამიტომ თავი ჩაექინდრა, რათა სახეს არ გაეცა და თასბოშს ყველაფერი არ ამოეკითხა.

– წავედით ნევი, – მტკიცე ხმით მიმართა ლეჲემ, – დედას უნდა შევატყობინოთ ასტერონის ჩამოსვლა, – ხელით ანიშნა ძიძას, რომ თან გაჰყოლოდა.

ორივე დედოფლის მოსასვენებლისკენ გაემართა.

მეფისასულმა უკან მოიხედა. ასტერონი ნატას რაღაცას უხსნიდა და სვეტებსა და კედლებზე უთითებდა. ლეჲემ თავი გააქნია და დედის სანახავად აჩქარებული ნაბიჯით გაემართა.

შეაჭრა თუ არა ანას საძინებელში, ლეჲემ კარებიდანვე დაიწყო:
– დედა, ასტერონი დაბრუნდა, – ბავშვური ხმით ყვიროდა და დედოფლისკენ მირბოდა, – ვიღაც ქალი მოიყვანა, ამბობს ჩემი ცოლიაო.

ანას სახეზე ფერი ეცვალა. გაიფიქრა კიდეც, ლეჲე ხომ არ იგონებსო, მაგრამ ლეჲეს ნათქვამის დასტური ნევის სახეზე ამოიკითხა; მიხვდა, რომ მეფისასული საზარელ სიმართლეს ამბობდა.


                                                                                                                                      6

*წუნეუშქური (სვან. წუნე - წვენი, მეგრ. უშქურ - ვაშლი) - ვაშლის წვენისაგან დამზადებული მცირეალკოჰოლიანი სასმელი. იგივე, რაც სიდრი.
*ფეროი - თეთრსა და შავს შუა.
*საბანდი - ტყავი ან ქსოვილი, რომელსაც გადააფენ სავსე ხურჯინს ან ტომარას ან მისთ.
*გარჩაფალი (მაგრ.) – დასაგები ლოგინი.
*ლივზინეურ-ლაგაცური - ირონიულ-სარკასტული.
*არამზმელი - არაჯადოქარი.


სარაჰის დედაქალაქისკენ ლეტა ტრილონიას მგზავრობას დღისით მოყინული გზა აფერხებდა, ღამით კი ფუნდუკები და სამიკიტნოები.

დათოვლილ მთებს, დილის შუქზე ეტლის უხალისო სვლისას, ტრილონია მაკოროფალიდან ჩაფიქრებული გაჰყურებდა; ქათქათა კლდოვან ფერდობებსა და ფიფქის ქურქმოსხმულ ნაძვებს შორის ზღვარი თითქმის წაშლილიყო.

დღე საღამოსკენ მიიწევდა, თუმცა ცასშემოხვეული ღრუბლის სქელი შართქვინის გამო ნაადრევად შებინდებულიყო. სამგზავრო ეტლი ღამის გასათევად ერთ-ერთ მორიგ სასტუმროსთან გაჩერდა.

– დედაქალაქში მალე ვიქნებით, ბარში რომ ჩავალთ გზა შემოკლდება, – ტრილონიამ იმედით აღვსილი ხმაჟღერადობით წარმოთქვა, – ერთი კვირაღა გვაშორებს რაჰს, – ფუნდუკისკენ მიდიოდა და ტრატისს ესაუბრებოდა.

ტრატისს არაფერი უპასუხია. დეიდას შენობისკენ მდუმარედ მიჰყვებოდა.

მწაფელმა ეტლი თავლისკენ წაიყვანა, სადაც ცხენები ღამით დაბინავდებოდნენ. ბედაურები მაკოროფალს შეხსნა. ცხოველებს საკუთარი ალაგი მიუჩინა თუ არა, მგზავრებს დაეწია.

– ორი ოთახი გვინდა, – ტრატისმა მიმღების დახლთან მდგომ მეფუნდუკეს უხალისოდ მიმართა, – ერთი დეიდაჩემისთვის, ორადგილიანი კი ჩვენთვის, – საკუთარ თავსა და მეეტლეზე მიანიშნა.
– ახლავე ბატონო, – დაფაცურდა მასპინძელი, – ბარგი ხომ არ გაქვთ?
– არა, – იცრუა ბიჭმა, არ უნდოდა ეთქვა, რომ მათი ნივთები ეტლში იყო; მიუხედავად იმისა, რომ ფუნდუკის მეპატრონე სტუმართა თავლას საგულდაგულოდ იცავდა, ტრატისს ყაჩაღების ყურადღების მიქცევა არ სურდა, – ერთი დღით ვართ ჩამოსულები და ხვალვე ვბრუნდებით სოფელში, – ჯადოქარმა გაღიმება სცადა.
– გასაგებია, – მეფუნდუკე შებრუნდა და თაროდან ორი გასაღები გადმოიღო, – ინებეთ ბატონო, – გაუწოდა, – თქვენზე ოცდაათი ვერცხლის სარაჰიტი და ორმოცდაორი ჩეჲა.

ტრილონიამ ტყავის ყავისფერი ქისა ამოიღო. გახსნა. ერთი ოქროს სარაჰიტი მეფუნდუკეს დახლზე დაუდო.

მასპინძელმა ლითონის ხურდა-ფული კბილებში მოიქცია – შეამოწმა ყალბი ხომ არ არისო. კმაყოფილების ნიშნად ხშირ ულვაშებს მოეფერა. შემდეგ ხელი დახლს ქვემოთ შეაცურა და ქაღალდი ამოიღო, კალამი სამელნეში ჩააწო და ფურცელზე რაღაც დაწერა.

– ინებეთ ქვითარი, ქალბატონო, – ქაღალდი ტრილონიას გაუწოდა  და სალაროს მიუბრუნდა, სკივრი გახსნა და ცხრამეტი ვერცხლის სარაჰიტი ლეტას დაუბრუნა, – აი, ხურდა. თუ გნებავთ, ორი ფლივის ფასად სამივეს ცხელ აბაზანას მოგიმზადებთ.
– დიდად დამავალებთ, – ტრილონიამ გაუღიმა და დახლზე დაყრილი ფულიდან თექვსმეტი ვერცხლის სარაჰიტი უკან წაიღო, ორი კი საჩვენებელი თითით მეფუნდუკისკენ ნაზად გააჩოჩა და თან გასაღებებიც აიღო, ერთ-ერთი კი ტრატის გაუწოდა.
– კეთილი, – გაუხარდა მასპინძელს, – დილით ოთახში საუზმეს მოგართმევთ, ფასში შედის, – განუმარტა, – ბიჭო მოდი აქ! – თავი თაროებისკენ სანახევროდ გააბრუნა და უკან მდგომ ყმაწვილს მკაცრი ხმით გასძახა.

თაროების უკნიდან დაძონძილ სამოსში გამოწყობილი ახალგაზრდა, ასე თოთხმეტი-თხუთმეტი წლის ბიჭი დარცხვენილი სახით გამოვიდა.

– წადი, სტუმრებს მათ ოთახებში ცხელი აბაზანა მოუმზადე.

მსახური ისევე ხმაამოუღებლად გაბარბაცდა, როგორც შემოვიდა. გეგონებოდათ დაშინებული იყო – თავჩაქინდრული, ყურმოჭრილი მონასავით იქცეოდა.

– კეთილი იყოს თქვენი მობრძანება „ალქაჯის თვალში“, – მეფუნდუკემ სტუმრებს სახეგაბადრული უთხრა და მეორე ჭერისკენ მიუთითა,  – თქვენი ოთახები მეორე სართულზეა.

ორსართულიანი სახლში მოწყობილ ფუნდუკში რამდენიმე ოთახი ქირავდებოდა. ტრილონიას მომსახურება იაფი ეჩვენა. მეორე სართულზე ხის კიბე ადიოდა. ქალმა საფეხურები შეათვალიერა, რომლებიც ზედმიჯრით მიწყობილიყო. გაიფიქრა, კარგი ქნეს, რომ ეტლიდან ბარგი არ გადმოიღეს – გაუჭირდებოდათ მეტად დამრეცად აგებულ კიბეზე სიმძიმის ატანა.



დილაუთენია, ვიდრე მოახლე საუზმეს მოიტანდა, ტრილონიას უკვე ეღვიძა. ხელ-პირი ნიჟარაში ცივი წყლით დაიბანა და წინა დღის ტანსაცმელი ჩაიცვა. მზის ამოსვლისთანავე მოახლემ კარზე დააკაკუნა. ლეტამ მსახური მედიდური ხმით შემოიპატიჟა, რომელმაც ლანგრით დილის შეჭამანდი – გახუხული პური, თაფლისა და კარაქის ნაზავი და ცხელი ჩაი – მოართვა. ტრილონიამ მიუთითა, მაგიდაზე დაედო, შემდეგ ქისა გახსნა და სამი ჩეჲ გაუწოდა. გოგონას სიხარულისგან თვალები გაუბრწყინდა, ფული მორიდებით გამოართვა, დაბალი ხმით გადაუხადა მადლობა და ოთახიდან აჩქარებული ნაბიჯით გავიდა, თითქოს შეეშინდა სტუმარს არ გადაეფიქრა და გულუხვი საჩუქარი უკან არ მოეთხოვა.

ტრატისი და მეეტლე ქვემოთ იყვნენ, როდესაც ლეტა ჩავიდა. ქალი ორივეს მიესალმა, გამოკითხა თუ როგორ ეძინათ.

– ბავშვივით მეძინა, თქვენო უსპეტაკესობავ! ასე მგონია, გზასთან ჭიდილი აღარ დამღლის, ისეთ ჯანზე ვარ.
– რა გითხრა, − უღიმღამო ხმით დაიწყო ტრატისმა, − საუზმე შესანიშნავი იყო. მართალია, გვიანობამდე ვერ მოვხუჭე თვალი, მაგრამ როგორც ამბობენ, ხომ იცით, ძილით მხოლოდ მკვდრები ნებივრობენო, – საკუთარ სიტყვებზე მასვე გაეცინა.

ამის გაგონებაზე ტრილონიას გული შეუღონდა და მარჯვენა ხელი მარცხენა მკერდზე მოიჭირა. ღრმად ჩაისუნთქა. ყველა უბედურება, რაც კი შეიძლებოდა  ერთადერთ დისშვილს რაჰში თავს დასტეხოდა, წარმოიდგინა. შეეცადა, თავი ხელში აეყვანა და მღელვარება არ გამოეხატა. გონება და ღონე მოიკრიბა და მეეტლისკენ შებრუნდა.

– კირონ, – მიმართა მწაფელს, – დღეს ბარში ჩავალთ? – იმედიანი ხმით ჰკითხა ქალმა.
– თქვენო უსპეტაკესობავ, – კირონს იჭვნეული ხმა ჰქონდა, – უფალი ფეტიჶშური ხელს გვიწყობს, ნაშუადღევს ამინდი თუ არ მოიშალა, დიდი ვარაუდით დღევანდელ საღამოს ბარის ფუნდუკში გავატარებთ.
– სასიამოვნოა ამის მოსმენა, – გაუხარდა ტრატისს, – კარგია, რომ სახსრებით ატრეინი გვეხმარება, თორემ მოგვიხდებოდა მათხოვრებივით მგზავრობა.

დისშვილის ბოლო სიტყვებმა ტრილონიას ლივზინეური ღიმილი მოჰგვარა. თავი ძლივსშესამჩნევად გააქნია და ტრატისს მიუბრუნდა:
– როდესაც მამფონი გიხმობს, ტაძარი ყველაფერს გააკეთებს, რათა მისი უდიდებულესობის სურვილი აღსრულდეს.
– დეიდა, – თინჩი ხმით დაიწყო ტრატისმა, – რატომ მივდივართ დედაქალაქში? არაფერი გითქვამს გარდა იმისა, რომ დედოფალი გვიხმობს.
– ახლა ამის დრო არ არის, ჩემო ძვირფასო, – ლეტამ დისშვილს მოსიყვარულე მზერით გადახედა. თავი ისე მოაჩვენა, თითქოს როცა დრო მოვიდოდა ყველაფერს გაუმხელდა, სინამდვილეში, თვითონაც არ იცოდა, ფეტიჶშური რას უქადდა. ტრილონიამ ტრატისს თვალი მოარიდა და კირონს მიუტრიალდა, – ჯობია, დროზე გავუყვეთ გზას – რაც უფრო ადრე გავალთ, მით უფრო მალე ჩავალთ. 
– მართალი ბრძანდებით, თქვენო უსპეტაკესობავ, – კვერი დაუკრა მეეტლემ და თავლისკენ გაემართა, რათა გამგზავრებისთვის ეტლი მოემზადებინა.
რამდენიმე წუთში, კირონი შემოვიდა და მგზავრებს აცნობა, რომ მაკოროფალი მზად იყო.

ტრილონიამ მეფუნდუკეს მადლობა გადაუხადა, ტრატისმა კი თავი დაუკრა. კაცის ულვაშებს მიღმა მადლიერების ღიმილი გამოჩნდა. პასუხად ლეტამაც გაუღიმა. ბეწვიანი ალისფერი ქათიბი მხრებზე შეისწორა, ჩაფრასტებზე დაიხედა  და გარეთ მიმავალ კირონსა და ტრატისს ფეხდაფეხ გაჰყვა. 


                                                                                                                                          ***
ახალი წელი მორიგ ფუნდუკში გაატარეს. ბარში ჰავა სტუმართმოყვარეობით გამოირჩეოდა − ისე აღარ ციოდა, როგორც მთაში. ტრატისი ღამით მახლობელ სამიკიტნოს ეწვია. ტრილონიამ მოიმიზეზა შეუძლოდ ვარო და საკუთარ ოთახში დარჩა.

ჯერ ახალი წლის ღამე არ დამდგარიყო, მთელი სამთავრო მამლის პირველ ყვირილს ელოდებოდა, რათა საახალწლო ზადიკი დაეწყოთ. ყველა საბოლოო სამზადისს ასრულებდა.

ათრაში ამ დღესასწაულს სახელმწიფეოს დანარჩენი კუთხეებისგან განსხვავებულად აღნიშნავდნენ. გვირგვინის სამთავროს თითოეულ ოჯახს გიდელში ჩალაგებული სანოვაგე გაემზადებინა, რათა მეკვლეს მოსვლამდე გასასვლელ კარებზე ჩამოეკიდათ. ჩიჩილაკებზე, რომელსაც გამოსაჩენ ადგილას მისაღებ ოთახში დგამდნენ, სხვადასხვა პანტა-ხილი, ჩურჩხელა და წენგოგაცლილი კაკალი ჩამოეკიდათ. მამლის ამღერებამდე კი სამიკიტნოებში შეკრებილები ღრეობას განაგრძობდნენ. დარანასა ეტანებოდნენ. ახალ წლამდე ნებისმიერი მათრობელა სასმელი შეეძლოთ დაელიათ, ახალი წლის დადგომის შემდეგ კი სადღეგრძელოებს, მხოლოდ და მხოლოდ, ღვინალით, ანდა წითელი ღვინოთი სვამდნენ.

სასტუმროს მრუმე ოთახს გამოქცეულმა ტრატისმა განათებულ სამიკიტნოში შეაბიჯა. ისეთი ნათელი იდგა, თითქოს ოთახში მზე კაშკაშებსო. ხალხის სიმრავლისა და ღუმელთა გიზგიზის გამო ცხელოდა. ჯადოქარმა საზამთრო მოსასხამი გაიხადა, მკლავზე გადაიკიდა და დახლისკენ გაემართა.

სამიკიტნოს ღრიანცელი შეუჩვეველ ზენეათელს უცხოდ მოეჩვენა; საერთოდ, მთელი გარემო ეუცნაურა – გრძელ დახლთან კაცებს ქალები მოემწყვდიათ და ეარშიყებოდნენ. ისინიც მხიარულად კისკისებდნენ და იმათ ყურადღებაზე უარს არ ამბობდნენ. თუმცაღა, ზომიერებას ვინც გადასცდებოდა, მიკიტნის მითითებით ბრგე დაცვა გარეთ გაუძახებდა. უეცარმა მინის მსხვრევის ხმამ, რასაც ხმამაღალი ხარხარი მოჰყვა, ტრატისი შეაკრთო. გვერდით გაიხედა და გამომთვრალი ათრელი, გრძელი წითური წვერითა და თმით, მეგობრებს ებაასებოდა; თანამეინახენიც ხარხარებდნენ და ვიღაცაზე უთითებდნენ. ტრატისი მიხვდა, რომ მის წინ მდგომ მიკიტანზე საუბრობდნენ. თავიდან ეუცნაურა, რატომ იცინოდნენ, ან დასცინოდნენ, მაგრამ კარგა დაკვირვების შემდეგ − როცა მოარშიყე წყვილი თვალთ მოშორდა და დახლიც სრულად გამოჩნდა − აღმოაჩინა, რომ იქ ოდნავ შევსებული, მოგრძოსახიანი, საშუალო სიმაღლის ქალი იდგა, რომელიც ოცდაათს გადაცილებულიყო, თუმცა ორმოცისთვის არ მიეღწია.

ჯადოქარი დახლთან მივიდა, სკამზე მოკალათდა, მოსასხამი დახლზევე, გვერდით გადაჰკიდა და მიკიტანს გაუღიმა.

– რას ინებებთ? – თავაზიანად ჰკითხა ქალმა.
– რამეს,  – ტრატისმა არ იცოდა, რა უნდოდა.
– დარანას თუ არამათრობელას? – ქალმა დაზუსტება სცადა.
– დღესასწაულზე დარანა მირჩევნია, – ტრატისმა გაუღიმა.
– კეთილი, – სხარტად მიუგო მიკიტანმა და კასრებისკენ შებრუნდა. რამდენიმე წამი შეჰყურებდა, ათვალიერებდა, ფიქრობდა, სტუმრისთვის რა შეეთავაზებინა. შემდეგ თითქოს გონება გაუნათდაო, საკუთარი გადაწყვეტილების მოწონების ნიშნად მისთვის რაღაც ჩაილუღლუღა, თავიც დააქნია და ჩვეულებრივ ჭიქაში მომწვანო-მოყვითალო სითხე ჩამოასხა, – ინებეთ, ბატონო, – სასმისი დახლზე სტუმარს გაუჩოჩა.
– რა არის? – ტრატისი ქალს გაკვირვებული მზერით მიაჩერდა.
– წუნეუშქური , კივის წვენით, – განუმარტა ქალმა, – თუ მათრობელა სასმელს გემო პირველად უნდა გაუსინჯოთ, მაშინ თქვენთვისაა, – ნიშნისმოგებით ჩაიღიმა და ცალი წარბი წამოსწია, –  ნაკლებდარანულია და აზრს არ წაგართმევთ. 
– მშვენიერია, – მოეწონა ტრატისს, – გავსინჯავ, – თქვა და სიფრთხილით მოსვა, – მმმ, კარგია, – თავი დააქნია, – უცნაური გემო აქვს, ვაშლის წვენისა და კივის ნაზავი, ტკბილიცაა და მჟავეც, სასიამოვნო გემოს ტოვებს.

მიკიტანს მუშტრის შექება ესიამოვნა.  თვით-ამ სასმელს გარუთ-ჟაჰული ვაშლებისგან თვითონ ამზადებდა.

– მიხარია, – ქალმა ტრატისი ფართო ღიმილით დააჯილდოვა, – ჩემი დამზადებული სასმელი თქვენსავით არავის შეუფასებია.
– მართლაც მშვენიერია, რბილია და ამავდროულად ძლიერიც, ფეროის  თვისებები აქვს თითქოს... მმმ, რაღაც შუალედურია, – ისევ მოსვა.

ტრატისმა სასმისი ბოლომდე გამოცალა. ამჯერად, ჭიქა ქალს თვითონ გაუჩოჩა და დამატება სთხოვა. მიკიტანმა სასმისი თვალის დახამხამებაში შეუვსო  და მიაწოდა.

– ასე მოგეწონათ, ჩემო ბატონო? – ქალმა გულწრფელად და ნასიამოვნები ხმით ჰკითხა.

ტრატისმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.

– ტრატისი მქვია, – ეხამუშა ბატონობით მიმართვა, – სახელით მომმართე.
– კეთილი, ტრატის, – ქალმა მუშტრის შენიშვნას სწრაფად აუღო ალღო, – მე მარი.
– სასიამოვნოა, მარი, – გაუღიმა.  წუნეუშქური მოსვა და ტუჩები ხელის მტევნით მოიწმინდა, – შეიძლება ერთი რამ გკითხო? – მორიდებული ხმით უთხრა ქალს.
– რა თქმა უნდა, – ხალისიანად უპასუხა მარიმ და ხელსახოცი გაუწოდა.

ბიჭმა მადლობის ნიშნად თავი ოდნავ დახარა, დარანა ისევ მოთქვა და მარის დასანახად ტუჩები ხელსახოცით შეიმშრალა.

– უჩვეულო საქმიანობას ეწევი, ქალისთვის... მეუღლე არ გყავს? – სწრაფად მიაყარა ტრატისმა, ხმაში ღელვა შეეტყო.

ქალს ჩაეღიმა, თუმცა ტრატისმა მის თვალებში მწუხარება ამოიკითხა. მარი დაფიქრდა. ღრმად ამოისუნთქა და უპასუხა:
– კი როგორ არა, მაგრამ ჩემი ქმარი და ორი შვილი ჯარში გაიწვიეს, ვერიოსელებთან ომი დაიწყო, ისევ. უპატრონოდ ვერ მივატოვებ ამდენი წლის ნალოლიავებ სამიკიტნოს – მე და ჩემმა ქმარმა დიდი შრომა გავწიეთ, რათა ეს პატარა საქმე წამოგვეწყო და შეგვენარჩუნებინა... ამიტომ მათ ჩამოსვლამდე მე გავუძღვები დუქანს. შემდეგ, თუ ქალღმერთი ზეჰი მოწყალებას მოიღებს და ბიჭები საღსალამათი დაბრუნდებიან, კი გადავაბარებ ყველაფერს, – დახლი გადაწმინდა და ჩვარი დახლსქვემოთ, თაროზე შეინახა.
– დიდება ზეჰს, – ტრატისმა გამხნევება სცადა, – დარწმუნებული ვარ, ზეჰი დედობრივი კალთის ქვეშ შეიფარებს შენს შვილებს, ღვთაებრივ მოწყალებით დაიცავს შენს მეუღლეს.
– მეც ეგ იმედი მასულდგმულებს, – მარი შეეცადა გაეღიმა, მაგრამ ქალს თვალები აუწყლიანდა და შებრუნდა. ცრემლები შეიმშრალა, სტუმარს მოუბრუნდა და მტკიცე ხმით უთხრა, – კარგი, ჩემს უბედობაზე საუბარს მოვრჩეთ, შენ საით გაგიწევია? – სცადა საუბრის სტუმარზე გადაეტანა.

ტრატისმა მარი დაეჭვებით შეათვალიერა. ცდილობდა განეჭვრიტა ქალის ფიქრები; უნდოდა, გაეგო, ხაფანგს ხომ არ უგებდა. შემდეგ იჭვნეული ფიქრები მოიშორა და დაზუთხული წინადადებებით ისე უპასუხა, როგორც ტრილონიამ დაარიგა:
– ერთი დღით ვართ ჩამოსულები მე და დეიდაჩემი, ხვალ სოფელში ვბრუნდებით. გვითხრეს მეზობელ სოფელში კარგი მკურნალი წყლებიაო, – ყოველ ახალ ფუნდუკსა თუ სამიკიტნოში, სადაც არ უნდა გაჩერებულიყო, ტრატისი საკუთარ ტყუილში რაღაცას ცვლიდა; ამჯერად იცოდა, რომ სოფელ ათიუაში სამკურნალო წყაროები მართლა იყო. – დეიდაჩემს სახსრები აწუხებს და გოგირდის აბაზანები მიიღო, – ჯადოქარმა მეტი დამაჯერებლობისთვის დაამატა.
– არა მგონია, ერთი დღის ბანაობამ უშველოს, – მარის ტრატისის მონათხრობში ეჭვი შეეპარა.
– მეც ეგ ვუთხარი, მაგრამ არ დამიჯერა – ძალზე ჭირვეული ქალია, – ბავშვურად გაიღიმა ბიჭმა.

მარიმ თავი გააქნია. ქალის ქმედებამ ბიჭს მიახვედრა, რომ მისი მონათხრობი დამაჯერებლად ჟღერდა.  ტრატისმა პასუხად მხრები აიჩეჩა, თითქოს ამბობდა, რას გაუგებ მოხუცებსო და სასმისი ბოლომდე გამოსცალა.

მიკიტანმა მუშტრის ჭიქას თვალი შეავლო.

– ხომ არ დაგიმატო? – შესთავაზა მარიმ.
– არა, – ტრატისმა თავი გააქნია.
– ცოტა ხნით უნდა გავიდე, სადაცაა მამალიც დაიყივლებს. კარზე გიდელი უნდა ჩამოვკიდო, მეკვლეს ბარაქა უნდა დავახვედრო, – განუმარტა ქალმა.
– მაშინ დამიმატე! ვიდრე მოხვალ, ჩემს ფიქრებთან და წუნეუშქურთან მარტო დავრჩები.

მასპინძელმა დარანა ჩამოუსხა. სხვადასხვა სანოვაგით ავსებული გოდორი, რომელსაც თავზე საბანდი  ეხურა, კასრების გვერდიდან გამოიტანა. გიდელი ცალ მხარზე შემოიგდო და გასასვლელისკენ სწრაფი ნაბიჯით გაემართა. 

გასასვლელთან მისული არ იყო, რომ წითელწვერებიანი კაცის უკმეხი ხმა მოესმა:
– ჰეი, შენ, ქალო!

მარიმ ყურადღება არ მიაქცია, თითქოს ვერ გაიგონაო.

– შენ გიძახი, მიკიტან! – გადაიხარხარა, – მოგვიტანე წითელ ღვინო, საცაა ახალი წელიც შემუაბიჯებს.

ნაძალადევად ღიმილმომარჯვებული ქალი კაცისკენ ნაზად შეტრიალდა და თავაზიანად უთხრა:
– მაცადეთ ბატონო,  მეკვლის ბარაქას გავკიდებ და მოგემსახურებით.
– მომემსახურები, რას იზამ, აბა?! – გადაიხარხარა და მეგობრებისკენ გაიხედა.
მეგობრებმაც მხარი აუბეს და ბანი მისცეს.

ტრატისს სიბრაზისგან ნერწყვი ყელში გაეჩხირა. უნდოდა, წითურს მივარდნოდა  და კარგად დაეჟეჟა, მაგრამ შერჩენილი საღი გონება მოიკრიბა და საკუთარი თავი დაიწყნარა. თავს შემოუძახა, – „არ გინდა აურზაური და შარი, ზედმეტი ყურადღებაა“. დახლისკენ შებრუნდა და შეეცადა, წუნეუშქური მშვიდად დაელია, თუმცაღა იმ კაცის ჯავრი მაინც არ ასვენებდა, მით უმეტეს მისი ხარხარი და როხროხა ხმა მთელს სამიკიტნოში ზარის რეკვასავით ისმოდა.

ათი წუთის შემდეგ მარიც შემობრუნდა. წითურის მაგიდასთან აუღელვებლად მივიდა. ცარიელი თიხის დოქები აიღო და სამზარეულოში გაიტანა. თვალის დახამხამებაში წითელი ღვინით პირამდე სავსე თიხის ორი ჭინჭილა მუშტრებს მიურბენინა და საჩქაროდ დახლისკენ გამობრუნდა.

– მიმტანიც ხარ და მიკიტანიც? – გაოცებისგან თვალები გაუფართოვდა ტრატისს.
– ახალ წლამდე... როგორც წესი, ჩემი და მეხმარება, მაგრამ ახლა მეკვლედ დავნიშნე...
– მეკვლედ ქალი? – გაიკვირვა ტრატისმა.
– სანდო კაცები ომში გაიწვიეს, – მარიმ თავი იმართლა და წითელწვერიანისკენ წამუყო.
– გასაგებია, – ჩაიხითხითა ბიჭმა და დარანა მოსვა, – მესმის შე...

ტრატისმა ვერ დაასრულა, შუა საუბარში მამალმა დაიყვირა, ხოლო შეკრებილთა უცაბედმა საზეიმო შეძახილმა შეაკრთო და სიტყვა შუაზე გააწყვეტინა.

– ახალი წელია, – ქალმა ხალისიანი ხმით ხმამაღლა წარმოთქვა, ისე თითქოს მოჩვენებას ესაუბრებაო, რომელსაც მხოლოდ თვითონ ხედავს. შემდეგ ტრატისისკენ გადმოიზნიქა, რათა ხმაურში მისი ხმა გაეგო, – გილოცავ...

ჯადოქარმა ვერ მოასწრო მარისთვის საპასუხოდ მიელოცა – მიკიტანი ხალხის საახალწლო მრავალხმიან სიმღერაზე ნაზად აცეკვდა. საკუთარი აღნაგობის მიუხედავად, ლაზათიანად იმორჩილებდა სხეულს, საცეკვაო მიხრა-მოხრა არ ეშლებოდა, რასაც თან ხელების ტალღისებურ მოძრაობას აყოლებდა.
შუა ხალისში კარზე ბრახუნის ხმა მოისმა, თითქოს ვიღაც მორს ურტყამსო. ყველა გაისუსა. ტრატისი ბრბოს საქციელმა გააკვირვა, თავის ხელში აყვანა ასე უცებ თუ როგორ მოახერხა.

– ქალღმერთი ზეჰისა და ხელმწიფის წყალობა მომაქვს. კარი გამიღეთ! – კარს მიღმა ქალის დაბოხებული ხმა ყრუდ მოისმა.

ჯადოქარმა ვერ შეამჩნია, მარი კართან რა ხანში აღმოჩნდა. ქალი იღიმოდა, ცდილობდა, საკუთარ გამომეტყველებაში მთელი ხალისი ჩაექსოვებინა, რათა ახალწელს მხიარული დახვედროდა – ათრელებს სჯერათ, რომ დღესასწაულს როგორიც შეეგებებიან, მთელი წლის განმავლობაში ისე დაებედებათ. 

მარიმ კარი ფართოდ გააღო. ოთახში იასამნისფერ ლერექუში, მუქი ლურჯი მაზარით შემოსილი, თხელტანიანი, მხარზე გიდელგადაკიდებული გოგო შემოვიდა. გარეგნობით მარის ჰგავდა, მაგრამ ასაკით უმცროსობა შესამჩნევი იყო. თავზე ლურჯივე ყაბალახი ეხურა, რომელიც თმას ბოლომდე უფარავდა.

შემოსვლისთანავე მეკვლემ გოდორი მასპინძელს მიაწოდა. მარიმ თავი დაუკრა – მადლობა გადაუხადა – ხელის მტევანი ჰარეზე შემოატარა და სტუმარს ანიშნა, რომ შემობრძანებულიყო.

–ახალ წელს გილოცავთ! – გოგომ ყაბალახი გადაიძრო და ჩვეული ხმით განაგრძო, – ზეჰისა და ხელმწიფის წყალობა, ხვავი და ბარაქა, ფეტიჶშურის ღიმილი და თარეჰისგან ხსნა – ბედნიერი წელი ყოფილიყოს ყველასთვის!

ხალხი აყიჟინდა. მეკვლეს შემოსვლისას როგორც მოულოდნელად მიყუჩდნენ, საახალწლო წესთაადათი დასრულდა თუ არა, ისევე სწრაფად ახმაურდნენ.
მარიმ მისი და დახლთან მიიყვანა და ყურში რაღაც ჩასჩურჩულა. იმანაც თავი მორჩილად დაუქნია, მოსასხამი და ყაბალახი გაიხადა, იქვე, ბოძზე მიჭედებულ ლურსმანზე დაკიდა და დახლთან დადგა.

– გამარჯობა, ტრატისს, – გაუღიმა, – ჩემმა დამ მითხრა, ბატონოთი რომ მოგმართავენ არ გსიამოვნებთ, სახელი გირჩევნიათ, – გაიცინა, თეთრი კბილები შუქზე უბზინავდა. მუქი თაფლისფერი თვალები ჯადოსნურად ელვარებდა, – წუნეუშქური წითელი ღვინოთი ხომ არ შეგიცვალოთ? – შესთავაზა და დააყოლა, – ახალი წელია მაინც.

გოგო ისე სწრაფად საუბრობდა, რომ ბიჭს სიტყვის ჩაკვესების საშუალებას არ აძლევდა. როცა დაასრულა, ტრატისმა მაშინღა მოახერხა სიტყვებისთვის თავი მოეყარა, მით უმეტეს, ჯადოქარი უკვე კარგად შემთვრალიყო. 

– რა თქმა უნდა... – ტრატისმა ხელი გოგოსკენ გაიშვირა, მიანიშნა, რომ სახელი არ იცოდა, წარბები ცნობისმოყვარეობის ნიშნად ასწია და ღიმილიანი სახით მიაჩერდა.
– უი, ბოდიში, – არაბუნებრივად დაირცხვინა გოგომ, – თეჲა...
– ჰოდა, თეჲა, – ჯადოქარი ენის დამორჩილებას გაჭირვებით ახერხებდა, არ იმჩნევდა, რომ მსუბუქმა დარანამ დაამარცხა, – მართალი ხარ, მიყვარს სახელით რომ მომმართავენ, თქვენობით ნუ მომმართავ და კი, შემიცვალე, – დაცლილი სასმისი გაუწოდა.

თეჲამ მუშტარს ჭიქა სწრაფად გამოართვა და უმალვე წითელი ღვინით სავსე სამწდეურით ჩაანაცვლა.

– მადლობა, – ხმამაღლა დაიყვირა ტრატისმა, რადგან იქ მყოფთა ხმაური გადაეფარა.
– ჩემი მადლიერება შენ, – უპასუხა თეჲამ.

გოგო შებრუნდა. ტრატისმა გაიხედა და მიხვდა, რომ ის დისკენ იყურებოდა. თეჲამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და რაღაც მდუმარედ ისე წარმოთქვა, რომ მარის ტუჩებზე ამოეკითხა. შემდეგ დაიხარა, დახლის ქვემოდან კეტი ამოაძვრინა და ხელჯოხივით დაეყრდნო.

– სიფრთხილეს თავი არ სტკივა, – განუმარტა ტრატისს, – ბევრი კარგი ადამიანი ცხოვრობს ამ სოფელში, მაგრამ ზოგი თარეჰის მკლავებში მის მოსვლამდე ჩავარდა, – სახე მოეღუშა.
– მართლაც, – დაეთანხმა ტრატისი.

მიკიტანსა და ჯადოქარს შორის მცირეოდენმა მდუმარებამ დაისადგურა. ტრატისმა თვალი ოთახს მოავლო, შეკრებილი ხალხი შეათვალიერა. გულის სიღრმეში მათი სიხარული და მწუხარებაც გაიზიარა კიდეც. თეჲასკენ სხარტად შემობრუნდა და სწრაფად ჰკითხა:
– მიკვირს, ეს ხალხი ახალი წლის ღამეს სახლში რატომ არ ატარებს, სამიკიტნოში რა დაჰკარგვიათ? 

თეჲას ჩაეღიმა და ტრატის ანიშნა მასთან ახლოს მიწეულიყო. ბიჭიც დაჰყვა მიკიტნის ნებას და რამდენადაც შესძლო, იმდენად მიუახლოვდა.

– ხედავ იმ კაცს, – გასასვლელთან მდგომ მაგიდასთან მჯდომ მარტოხელა მოხუცზე მიუთითა. ტრატისმა თავი დაუქნია. – ექვსი წლის წინ ომში სამი ვაჟი და მეუღლე დაკარგა. ცოლი კეთილ დებს შეუერთდა და პათომონისკენ გაემართა.

ტრატისმა მწუხარების ნიშნად ამოიხვნეშა.

– აი იმ კაცის?– მარცხენა სარკმელთან მდგომ კაცზე მიუთითა, – მთელი ოჯახი ომში გაიწვიეს. თვითონ ორი ომი გადაიხადა და სამხედრო სამსახურისგან გათავისუფლებულია. ის ქალი კი, – თეჲამ თავი ტრატისის უკან, მრგვალი მაგიდისკენ გაიქნია, – მარტოხელაა, ყოველ ღამით შემოდის და სხვადასხვა ადამიანებს საკუთარ ამბებს უყვება; რაც, უნდა ვაღიაროთ, ცნობისაღმძვრელია, – ტუჩის კიდეები მოკუმა და სიამოვნების გამოხატვის ნიშნად ჩაიცინა, – ასე რომ აქ ვინც არის, მარტოხელები, ეულები და ბედის ანაბარად დარჩენილები არიან; სახლში მათ არავინ ელოდებათ, ისევე როგორც ჩვენ, – საკუთარ მკერდზე ცერა თითი მიიდო.
– საწყენია, – ამოიქშინა ტრატისმა, – ის კაცი, – წითელწვერიანზე მიანიშნა, – ისიც მარტოა?

თეჲამ ხმამაღლა ჩაიცინა, რომელიც დაცინვას უფრო გამოხატავდა, ვიდრე მხიარულებას. მიკიტანს ლივზინეური ხმა ჰქონდა.

– ეჰ, დემეტრიო, – თავი უკმაყოფილოდ გააქანა და გამომეტყველება კვლავ წაუხდა. – უნდოდა, ჯარში წასულიყო, მაგრამ დაიწუნეს. ახლა კი მთელს სოფელსა და სახელმწიფოზეა აღრენილი. როგორც ამბობენ ღამე არ ჩაივლის, შარში რომ არ გაეხვეს. მე პირადად შევსწრებივარ, გამომტყვრალი როგორ ეჩხუბებოდა ერთ დიდებულს. კარგი კიდე, იმას დაცვა ახლდა, თორემ კისერს კი გადაუგრეხდა ეგ და მისი ამხანაგობა.
– ამიტომაც მოიმარჯვე ეს?! – ტრატისმა თვალებით ხელკეტზე მიანიშნა.
– ზუსტად, – დაუდასტურა თეჲამ, – არავინ უწყის რა მოუფრიკინებს თავში, – შიშნარევი წარმოთქვა გოგომ, – ახლა ყველა მთვრალი და გამხიარულებულია. იმ კუნთმაგარ კაცს ხომ ხედავ? ჰოდა, წესით, სამიკიტნოს დარაჯია, მაგრამ როგორც ვატყობ, საკუთარ თითებსაც ვერ ცნობს. დღეს ვერავინ შეძლებს დაგვიდგეს მხარში, ამიტომ საკუთარი ძალების იმედად ვართ.
– მოერევი? – ტრატისმა იჭვნეული ხმაჟღერადობით ჰკითხა.
– ვცდი, – მოკლედ უპასუხა თეჲამ.
– აჰამ, – ტრატისმა ტუჩის კიდეები მოკუმა, – ალბათ, უფრო იმედი გაქვს, თორემ თვით თარეჰის ლაშქარი ვერ დაამარცხებს... შეხედე... ზორბაა, ტახივითაა, – სამწდეური ხელში აიღო და გაუწოდა.

მიკიტანმა დახლის ქვემოდან კულა ამოიღო და ოსტატურად ჩამოუსხა.

– მართალი გითხრა, – ფრთხილად გახედა ბიჭს, თითქოს აფრთხილებსო, – თუ რამე მოხდა, არ ჩაერიო. ჯობია, გაერიდო, თორემ სხეულზე ერთ მთელ ძვალს არ დაგიტოვებს.
– რა თქმა უნდა, – სასხვათაშორისოდ, დამშვიდების მიზნით ისე უთხრა, ხმაზე ეტყობოდა, რომ ყველაფერს პირიქით გააკეთებდა.
– კარგია, – კმაყოფილებით ჩაიღიმა თეჲამ, – ასეც ვიცოდი...
– აჰამ, – ღიმილიანი სახით კვერი დაუკრა ტრატისმა.

სტუმრები სადღეგრძელოების თქმას შეჰყვნენ. ტრატისის უკან მსხდომი ქალები მრავალხმიან სიმღერას მოჰყვნენ. ზოგი ხელმწიფეს ადიდებდა, ზოგიც ზეჰს და მზის ლახვამს. ვიდრე მარი სტუმრების მომსახურებაში აქეთ-იქით დადიოდა, სტუმრების მიერ დანიშნული თამადის წარმოთქმულ და შემოთავაზებულ რამდენიმე სადღეგრძელო ტრატისიც და თეჲაც შეუერთდნენ.

მორიგ სადღეგრძელოს თქმას აპირებდა თამადა, თუმცა თეჲამ ხელი მაღლა შემართა. ტრატისმა მარი დალანდა, რომელსაც სახეზე შეშფოთება დასტყობოდა. ის კარგად იცნობდა დას, ამიტომაც მიხვდა, რომ თეჲა კარგად შეზარხოშებულიყო.

– როგორც ვხედავ, – მედიდური ხმით წარმოთქვა მაღალმა კაცმა. მას მოკლედ შეკრეჭილ თმასა და დაბალ წვერში ჭაღარა შეჰპარვოდა, – მსურველი გამოჩნდა, ალბათ, სადღეგრძელოს შემოგვთავაზებს, – ყანწი მიკიტნისკენ გაიშვირა და თვითონ სკამზე დაჯდა.

თეჲა დახლზე შემოდგა. ფართოდ იღიმებოდა, თან კეტს ეყრდნობოდა. ცერა და საჩვენებელი თითი ერთმანეთს გაუსვა და დააწკაპუნა. ტრატისს უთხრა, სამწდეური მიეწოდებინა. თეჲას ქმედებამ ბიჭი გაახალისა. ღიმილიანი სახით კულადან ღვინო ჩამოასხა და სასმისი გოგოს გაუწოდა. მიკიტანმა მადლობა თავის დაკვრით გადაუხადა. ჩაახველა – ხმა გაისწორა. მომღიმარი სახით ყველას გადახედა.

– ახალი წლის დილა თენდება, – მოიშორა ყოველგვარი მხიარულება და თინჩი, დადინჯებული გამომეტყველებით დაიწყო, – მადლობა შევწიროთ სინათლისა და მყარმიწის შემოქმედს, რათა კიდევ ერთი დღე გაგვითენა, სიცოცხლით დაგვაჯილდოვა...

სამიკიტნოს ოთახის ყველა მხრიდან, თითქმის, ერთდროულად მოისმა:
– დიდება ზეჰს!

კმაყოფილებით აღსავსე თეჲამ თავი დაუკრა და განაგრძო:
– დღეს დავლიეთ ყველას სადღეგრძელო: მზის ლახვამის, ხელმწიფის, წინაპრების, შთამომავლების, მეომრების, კეთილი დებისაც კი. ასეა? – ხმამაღლა და შემართებით დაიყვირა.
– ასეა, ასე, – კვერი დაუკრეს შეკრებილებმა. ზოგს სიმთვრალისგან მინავლებული ხმა ჰქონდა. ზოგი შეძახილმა გამოაღვიძა, რომლებსაც ზეჰის დიდების შეყვირების შემდეგ ისევ ჩაეთვლიმათ.
– მშვენიერია, – თეჲამ თითქოს მოიწონა შეკრებილთა თანხმობა, – აღვმართოთ ჯამი, ყანწი, ჭიქა თუ სამწდეური, – საკუთარი სასმისისკენ თვალი გააპარა, – რაც კი გვაქვს ხელთ ყველაფერი აღვმართოთ, რათა დავლიოთ ერთადერთი ადამიანის სადღეგრძელო, რომელიც გამოგვრჩა ამ დიდ პატივდებულთა შორის, – გადაავლო თვალი იქ მყოფთ; დაელოდა, როდის აღმართავდნენ სასმის.

ტრატისი მოიხიბლა თეჲას მჭერმეტყველებით. გოგოს გაოცებით შეჰყურებდა, თითქოს საგანძური აღმოეჩინოს. გულის სიღრმეში ამოუცნობი ღელვა იგრძნო; რაღაც გოგოსკენ ექაჩებოდა, ან თვითონ თეჲას იზიდავდა მისკენ – ვერ გარკვეულიყო. ვერ მიმხვდარიყო, რა დაემართა, გრძნობდა, რომ მიზიდულობის შუა-წერტილმა მადღეგრძელებლისკენ გადაინაცვლა. მონუსხულივით შესცქეროდა.

თეჲამ მშვიდი მუგვობითა და ამაღელვებელი ლიქვთანალით განაგრძო:
– როგორც მთელს სარაჰს მერცხლებმა გვაუწყა, ამ ადამიანმა სარაჰის დიდ კრებაზე ქალთა მემკვიდრეობითობას მხარი დაუჭირა. ამიერიდან, ერისთავისასულთ შეუძლიათ საერისთავოთა მმართველი-მემკვიდრეები გახდნენ... ამიტომაც, ჩვენი დედოფლის, ანას, სადღეგრძელო დავლიოთ. მადღეგრძელებელმა საკუთარი სასმისი რაც შეიძლებოდა მაღლა შემართა და  ხმამაღლა დასჭექა, – დიდება დედოფალს!
– დიდება დედოფალს! – შესძახეს ქვემოდან. 
– დიდება დედოფალს! – თეჲამ მარჯვნივ გაიხედა და გაიმეორა.

შეკრებილებმაც ხმამაღლა უპასუხეს.

მარცხნივ გაიხედა და მესამეჯერ მოუწოდა დედოფლის დიდება ისე დაეძახათ, როგორც ზეჰის დიდებას ამბობდნენ. 
პასუხმაც არ დააყოვნა.

სადღეგრძელო, წითურის გარდა, ყველამ დალია. თეჲამაც სულის მოუთქმელად ბოლომდე გადაჰკრა.

– მადლობა მოთმინებისთვის, – იქ მსხდომთ თავი მდაბლად დაუკრა, – თომას დავუთმობ მისთვის ბოძებულ, დიდებულ და საპატიო თანამდებობას, – ღიმილიანი მზერით თამადას გახედა.

თეჲამ ხელები ტრატისისკენ გაიწვდინა. ყმაწვილი დახლიდან ჩამოსვლაში დაეხმარა და ისე ახლოს აღმოჩდნენ ერთმანეთთან, ბიჭმა გაიფიქრა, ვაკოცებო, მაგრამ თავი შეიკავა – ხალხს მოერიდა. თანაც არ იცოდა, გოგო როგორ უპასუხებდა.

უეცრად, ოთახის მარჯვენა მხარეს მყოფმა დემეტრიომ მაგიდა გაბრაზებით მოიქნია და გადმოაყირავა; დალაგებული სამწდეურები, თეფშები, ჭინჭილები იატაკზე დაცვივდა და დაიმსხვრა. მარი შეკრთა, ლანგარი ხელიდან გაუვარდა და მსხვრევის ხმას, ქვის იატაკზე ლითონის დაცემის კიჟინაც დაერთო.  მარის შიშნარევმა ყვირილმა მთელ სამიკიტნოს ქარივით გადაუქროლა. ყველა გაიტრუნა. წითურისკენ გაიხედეს. ბევრს განცვიფრებული სახე ჰქონდა, ისეთი ტყეში რომ დაიკარგები, ანდა გზა აგებნევა და ვერ მიხვდები, თუ თავი სად ამოჰყავი. 

გალეშილი დემეტრიო ხმას ძლივს იმორჩილებდა. ფეხზე მდგომს წონასწორობის დაჭერა უჭირდა. მისი ამხანაგები გვერდში ტალად ედგნენ და ყველას მუქარანარევი მზერით უცქერდნენ, თითქოს ჩუმად ეუბნებოდნენ: „აბა, გაბედეთ და საქმე ჩვენთან დაიჭირეთ, შიშველი ხელებით გადაგკვანძავთ ერთმანეთზე“.

დემეტრიომ თავი იქითკენ მიაბრუნა, სადაც მეგობრები არ ეგულებოდა და ზიზღით გადააფურთხა:
– დედოფლის სადღეგრძელო?! – გადაიხარხარა, – ხი თფუი, – ისევ გადააპურჭყა, – ქალი, რომელმაც ქმარს უღალატა, ჩვენ იმის სადღეგრძელოს ვსვამთ? – გადაიხარხარა, – სად გაგონილა, მამფონები ერთმანეთის წინააღმდეგ წასულიყვნენ? სად გაგონილა, სარაჰში ქალი მმართველად გაეხადათ?..

დახლიდან ტრატისმა შეაწყვეტინა:
– პათომონის სამთავროში! – რაც შეიძლება ხმამაღლა და მხნედ წარმოთქვა.
– რა? – დაიბნა დემეტრიო, არ მოელოდა, რომ ვიღაც გამოიწვევდა.

ტრატისს  წითურის გამოწვევა არც უფიქრია. სიტყვებმა მისი ბაგეებიდან თავისით გამოაღწიეს. თავი ვერ შეიკავა და მთელი ღამის დაგროვილი ჯავრი პასუხს ამოაყოლა.

– შირტელსეშ-მეტაჰშიც, – ჯადოქარმა უშიშრად განაგრძო, – როდესაც ერისმთავარი არ იმყოფება, საერისთავოს კანდრეუ მართავს! – თითქოს დემეტრიოს განცვიფრებული სახე ვერ შეამჩნიაო, მიუბრუნდა არანაკლებ გაკვირვებულ საზოგადოებას, რომელიც ორივეს გატრუნული უსმენდა, – ხალხო, ვერიოსს მხოლოდ  ვასილისოები მართავენ, თანაც დიდი ხანია, – ისევ დემეტრიოსკენ შებრუნდა, – პათომონსაც ჰყოლია მთავრად კანდრეუ, ჩვენ კი ათრელები ჩამოვრჩით დროს. საგულისხმოა, რომ ზეცასა და მზის ლახვამს ქალღმერთი ზეჰი ბატონობს... იმდენს ნუ ვიზამთ, რომ გარუთ-ჟაჰს მივბაძოთ და მთელი სარაჰი, იმ ჩამორჩენილ საერისთავოს დავამსგავსოთ – ყველამ ვიცით, იქ რა ხდება, ამბობენ, მამები შვილებთან იყოფენ გარჩაფალსო .
– აბა რა ვქნათ, ჩრდილოელებს დავემსგავსოთ? – დემეტრიოს თვალებში ბრაზმა გაუელვა.
– ვინ ამბობს, რომ დავემსგავსოთ?! – გაიცინა ტრატისმა, – შენ თქვი სად გაგონილაო, მეც გიპასუხე, რომ გაგონილა...

დამცინავი ხმები – სიცილი, ხითხითი – სამიკიტნოს ჭორივით მოედო. დემეტრიოს ამხანაგებმაც ჩუმად, ფარულად ჩაიცინეს ისე, რომ მეგობარს არ შეემჩნია.
ტრატისის სიტყვა და ხალხის პასუხი წითურმა დაცინვად აღიქვა. გაცეცხლებული მუშტებს იფშვნეტდა; ისე იყო აგიზგიზებული, ალისფერ ცეცხლს ჰგავდა. ტრატისისკენ მძიმე ნაბიჯით გაემართა. მარი გადაეღობა, მაგრამ დემეტრიომ ქალი მარჯვენა ხელის ტორით მოიქნია და დახლს შეანარცხა. ელდანაცემი თეჲა დას მივარდა. მარის გონება დაჰკარგვოდა.

ხალხი დემეტრიოს წინ გადაუდგა. ტრატისისკენ არ გაატარეს. შეკრებილებმა იფიქრეს, მარის თუ ესე მოექცა, საწყალ სტუმარს რას დამართებსო. წითურმა სცადა, გზა გაეკვლია, მაგრამ ამხანაგებმა შეაჩერეს; ჩასჩურჩულეს, ოთახში არ გინდაო. გაცეცხლებული დევკაცი, თითქოს, გონს მოეგოო და შუა გზაში შეჩერდა.

ვიდრე წითური ტრატისისკენ მიიწევდა, ბიჭი არ განძრეულა, უდრეკად ელოდებოდა, ბუმბერაზი როდის მიუახლოვდებოდა.

– ჰეი, ბიჭო! – შეკრებილების ალყაში მოქცეულმა დემეტრიომ ბოხი ხმით შესძახა, – გარეთ გამო, კაი პატივი ვცეთ ახალ წელს და ნუ დავფუშავთ აქაოურობას!
– ესე იყოს, – გულმარიხად მიუგო ტრატისმა, დახლიდან საზამთრო მაზარა აიღო და გაჰყვა.

სანამ გავიდოდა, თეჲამ მხარზე ხელი დაადო და შეაყოვნა. ტრატისის გულადობით გაკვირვებულმა წყლვა თვალებით ჩააცქერდა. მარცხენა ხელში კეტი ეჭირა.

– სად მიდიხარ, ხომ იცი დათვისებრ ტორს დაგარტყამს და იქვე გაგათავებს?
– ამისთვის, ჯერ უნდა მომიახლოვდეს!
– არ გაუჭირდება, მის ამხანაგობას ვერ ხედავ?!
– კარგად ვხედავ, – ტრატისი კარისკენ გაიწია, – ნუ ღელავ აქ დამელოდე, დას მიხედე!

ჯადოქარმა თვალი მარისკენ გააპარა, ქალის მდგომარეობა შეამოწმა. ის ისევ უგონოდ იწვა. შემდეგ თეჲას მიუბრუნდა და მკაცრად მიმართა:
– ხომ გესმის, აქ დამელოდე! 

გაკვირვებულმა თეჲამ თავი დაუქნია და ხელკეტი მიაწოდა.

– გამოგადგება, ეგებ გიშველოს, – დაეჭვებით უთხრა.

ტრატისი მიკიტანს თვალებში ჩააცქერდა. გოგოს ქარვისფერი, შუქზე მბზინავი კაკლებიდან შეშფოთება და ღელვა ამოიკითხა. ხელკეტი გამოართვა, უფრო იმიტომ, რომ თეჲას თავი მშვიდად ეგრძნო და უკან არ გაჰყოლოდა, ვიდრე მართლა რამეში წაადგებოდა. ქალს მადლობა გადაუხადა და გარეთ გავიდა.

დემეტრიო და მისი მეგობრები უკვე ელოდებოდნენ და მუშტებს იფშვნეტდნენ.

– თავლისკენ წამოდი! – წითურმა მბრძანებლური ხმით გასძახა.

ტრატისმაც წინააღმდეგობის გაწევის გარეშე ნაბიჯი მათი მოძრაობის მუგვობას ააყოლა. რამდენიმე წუთში ხის მაღალ შენობასთან აღმოჩნდნენ. ჯადოქარმა გარემო შეათვალიერა – იქ არავინ იყო. გაუხარდა. თავლის უკან დიდი, ყრუ კედელი აღმართულიყო – ფუნდუკს ცხენების ღამეული ჭიხვინისგან იცავდა. მარჯვნივ დიდი მდელო იშლებოდა, რომელიც ტყის ნაპირთან სრულდებოდა. საჯინიბოს მარცხენა მხარეს კი  მისასვლელი გზა უერთდებოდა.

დემეტრიო და მისი ამხანაგები მწკრივად დაეწყვნენ. შუაგულში წითური იდგა და მუშტებს იღერებდა, ირგვლივ მისი მეგობრები დარაჯებივით შემოხვეოდნენ. 
ტრატისმა გადახედა და ჩაიღიმა. ხელკეტი, რომელიც თან წამოიღო, ყველას დასანახად აღმართა და გვერდით მოისროლა.

– მინდა გაგაფრთხილოთ, იქნებ გადაიფიქროთ? – ტრატისს გულწრფელი ხმა ჰქონდა.

ხუთივემ – დემეტრიომ და ოთხმა მეგობარმა – გულიანად, ისე ხმამაღლა გადაიხარხარეს, რომ ცხენები აფრუტუნდნენ.

– რას მეუბნები, შენ, – წითურმა ხელი მეტოქისკენ გაიშვირა, – მე, – ცერა თითით საკუთარ თავზე მიანიშნა, – მე, მაფრთხილეფ?
– სწორედ მიმიხვდი! – ტრატისს სრულიად თინჩი გამომეტყველება ჰქონდა. მისი ქმედება არ ჰგავდა იმ ადამიანისას, რომელსაც სულ ცოტა ხანში სახესა და ყბას გაუერთიანებდნენ.

დემეტრიო ტრატისისკენ გაემართა და დამცინავი ხმით დაიწყო:
– გესმით ბიჭებო? – იმათ თავი დაუქნიეს, – დიდ გულზეა ვაშკაცი, – სახე ეცვალა: ლივზინეურ-ლაგაცური  გამომეტყველება გაბრაზებულმა მზერამ და მუქარანარევმა გამოხედვამ შეცვალა, – ჯერ დამარცხვინე, მემრე ჩემი სამშობლო, გარუთ-ჟაჰი, აძაგე. ახა კიდე, მაფრთხილეფ? – მსხვერპლისკენ გაღიზიანებული ხარივით გაქანდნენ.
– მოიცადე...

ტრატისს რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ დემეტრიოს მძიმე ტორი მარცხნიდან მოხვდა. თავი ვერ შეიკავა, მიწას მოწყდა და ცხენისთვის განკუთვნილ თივის ზვინზე გვერდულად დაეცა.  უკანა კბილი ამოუვარდა,  რკინის გემომ იგრძნო – პირი სისხლით გაევსო. გადააფურთხა. ტუჩები ხელის მტევნით მოიწმინდა.

დემეტრიო და მისი მეგობრები ხალისიანი ხმით, დამცინავად ხარხარებდნენ. ადგილზე იდგნენ და არ იძვროდნენ.

ტრატისი თავიდან ვერ მიხვდა, რატომ არ მიჰყავდათ საქმე ბოლომდე და დაცემულს რატომ არ სცემდნენ. შემდეგ გაახსენდა – დემეტრიო გარუთ-ჟაჰელი იყო, მებრძოლის წეს-ჩვევებს პატივს სცემდა, ამიტომ დავარდნილ მეტოქეს ხელს არ დაარტყამდა.

ჯადოქარმა წამოდგომა სცადა, მაგრამ თავბრუ დაესხა და წაბარბაცდა. თივის ზვინს ზურგით დაეცა.

დემეტრიომ შორიდან ნიშნისმოგებით, გამარჯვებულისა და ლაგაცური ხმით შესძახა:
– მე მაფრთხილეფთი?!

ტრატისი როგორც იქნა ფეხზე წამოდგა. შეშინებული სახე მიიღო, თითქოს არ მოელოდა ამბის ამგვარ განვითარებას – უნდოდა გარუთელი მეომარი დაერწმუნებინა, თითქოს მიხვდა, რომ წითურთან ხუმრობა არ შეიძლებოდა. ძალები მოიკრიბა, ენა ღრძილს გაუსვა, მოსინჯა კბილის ფესვი ხომ არ ჩარჩაო, მყარად წამოიმართა და ხრინწიანი ხმით შესძახა:
– სიცოცხლის ბოლოს საბოლოო სიტყვას მათქმევინებ? – მომაკვდავივით საუბრობდა, მეტი დამაჯერებლობისთვის ნამტირალევი ხმაჟღერადობაც გაურია.

თვითკმაყოფილი დემეტრიო ძმაბიჭებს მიუბრუნდა. თითოეულს ნიშნისმოგებით გადახედა. მის გამომეტყველებაში იგრძნობოდა, რომ გარუთ-ჟაჰელი პატივმოყვარეობის მორევში ნებივრობდა და ამით ტკბებოდა.

– აბა, რა ვქნა, მივცე სიტყვა მომაკდავს?

მეგობრებმა კვერი დაუკრეს.

– ჰე, თქვი, რაც გინდოდეს! – დემეტრიომ ცხვირი მედიდურად აიბზიკა.
– ჯადოქრების შესახებ გსმენია? – ტრატისი ფეხზე იდგა.
– ზღაპრების თუ მოყოლას აპირებ? ყველამა იცის, ჯადოქრები არ არსებობენ. ყველა სიკეთესთან ერთად მზღაპარ-თხროებლიც ყოფილა.
– არ არის ასე, დამიჯერეთ! – ტრატისს მკაცრი ხმა ჰქონდა, – ერთ-ერთი ალჯანეულთაგანი გასულ წელს ჩემს სოფელში სიკვდილით დასაჯეს, – ზენეათელი უახლოვდებოდა, – იცით ვინ დასაჯა?!
– ჰე, ბიჭო, ნუ ისარგებლებ გარუთული სიკეთით, – დემეტრიოს მოუთმენლობა და სიფიცხე დაეტყო, – სიდან უნდა ვიცოდეთ, იმ „ჯადოქარს“ რატომ  და ვინ გააპარჭყინა ფეხები?!
– დიდად გმადლობთ, თქვენი სულგრძელობისთვის, – ტრატისმა ლაგაცური ხმით წარმოთქვა და მეტოქეებს უფრო და უფრო მიუახლოვდა, – მაშინ მე გეტყვით! დეიდაჩემმა დასაჯა, რომელიც მაშინ ზენეათის ლეტა იყო. და იცით, რატომ დასაჯა? – ახლოს მივიდა, იმათგან ოთხი ნაბიჯიღა აშორებდა.
– იმიტომ რო ალჯანეული და მეჯადოქრეობა კანონმა გააშავა! – თავდაჯერებით უპასუხა დემეტრიომ.
– არა, – ჩაიცინა ტრატისმა, – იმიტომ რომ მე დავეცვი...

უეცრად ზენეათელს ხმა შეეცვალა. თვალები ლაჟვარდისფრად აუკიაფდა. მარჯვენა ხელი მაღლა შემართა, თითქოს წეროს ასახიერებსო, თითები ისე შეატყუპა, ნისკარტს დაამსგავსა.

დემეტრიო გონს ვერ მოეგო, თუ რაში იყო საქმე. შეკრთა. მისკენ გაიწია, მაგრამ ვეღარ იძვროდა.

– მეჯადოქრეა, – შეშინებულმა დემეტრიომ დაიყვირა და მეგობრებს გახედა. ისინიც ცდილობდნენ, გაქცეულიყვნენ, მაგრამ ამაოდ.

ცხენები აჭიხვინდნენ. იგრძნეს ზებუნებრივი ძალა. მიწას ფლოქვებს გამალებით სცემდნენ. თავლიდან ყრუ ხმა მოისმოდა.  ცხოველები ჯადოქრის ძალაშინს ამოუცნობი მანქანებით გრძნობდნენ. ისინი ალქაჯსა თუ მზმელს არამზმელისგან  გაცილებით მარტივად გამოარჩევენ, ვიდრე ადამიანები.

ტრატისი უცნაური, არაამქვეყნიური ხმით რაღაცას ბუტბუტებდა ისე, რომ მარჯვენა ხელი არ ჩამოუშვია. შემდეგ მარცხენა ხელი, თითქოს მტევნით გოდორიდან სიმინდის მარცვლებს იღებსო, ჩამჩასავით ნაზად მოავლე და მარჯვენა ხელს წელის გასწვრივ გაუსწორა.

დემეტრიო და მისი მეგობრები ჰაერში ალივლივდნენ, თითქოს უწონადობის პირობებში აღმოჩნდნენო – კიდურები გაეხალვათებინათ. სხეულს ვეღარ გრძნობდნენ. ლაპარაკი უნდოდათ, მაგრამ  უკვე ვეღარც ლაპარაკობდნენ.

ჯადოქარმა მარჯვენა ხელის მტევანი რაც შეეძლო ფართოდ გაშალა. რაღაც წაიბუტბუტა და ოთხი თითი მოკეცა.

დემეტრიოს მეგობრები უეცრად მტვრად იქცნენ. იმ ადგილას სადაც გული ჰქონდათ რაღაც წითლად სცემდა. შავი მტვრის კორომი მფეთქავ-მოციმციმე ციალთან შეკოწიწდა. ალისფერმა მკრთლად ინათა და ოთხივე თოვლის ფანტელებივით ჩამოცვივდა. მანათობლები ციცინათელებივით ტრატისისკენ გაფარფატდნენ, ხელის გულს შეეჯახნენ და კანში გაუჩინარდნენ.

გარუთ-ჟაჰელს უნდოდა ეყვირა. შველა ეთხოვა. პატიება ეთქვა, მაგრამ ენას ვერ იმორჩილებდა, მხოლოდ პირი ფართოდ დაეღო, თითქოს საოცრებისგან გაკვირვებულიყო. ხელ-ფეხს ვერ ამოძრავებდა, გაეშალა, გეგონებათ ზღვაზე ზურგით წევს და ტალღებს ეთამაშება, ნებივრობსო.

ტრატისმა ისევ გაშალა ხელის მტევანი. მარცხენა ხელი მარჯვენას გაუსწორა და მკერდის სიმაღლეზე დაიჭირა. ხელისგულები დემეტრიოსკენ მიაშვირა.
დემეტრიო ნელ-ნელა მიწაზე დაეშვა და გონებამიხდილივით, ნორჩ ბალახზე გაუნძრევლად იწვა. 

ტრატისი მიუახლოვდა, ერთი ხელით შუბლზე შეეხო, მეორეთი გულზე. ჯადოქარს თვალები უფრო აუკიაფდა. სუნთქვას მოუხშირა. ბუტბუტი შეწყვიტა და თავლისკენ გაიხედა. უეცრად ცხენები დამშვიდნენ. ჯადოქარი ფეხზე წამოდგა, ხელები თავისა და გულის გასწვრივ წამოსწია. ტრატისის ხელსა და დემეტრიოს სხეულის იმ ნაწილებს შორის, რომლის ზემოთაც მტევნები დაეჭირა, ამოუცნობი, უჩინარი ძაფები გაიბა. ისევ დაიწყო ლაპარაკი, უცნობ ენაზე საუბრობდა, არ ჰგავდა არც ვერიოსულ და არც მილინისურ ენებს. მარჯვენა ხელისგული ოთხ ადგილას ალისფრად აციმციმდა.

დემეტრიომ დაძაბუნება იგრძნო. ძვლების ტეხის ხმა გაისმა, თითქოს რამდენიმე ძვალი ერთად დაუმტვრიესო. კიდურები მოეკეცა, ყურები დაუწვრილდა, ცხვირი და ყბა დაუგრძელდა, თმა გაუუხეშდა, ხერხემალი გადაიმტვრა. ნელ-ნელა გრძელდებოდა. კაცი ტკივილისაგან ყვიროდა, მაგრამ ხმა არ ისმოდა. თვალები გაუშავდა, კანზე ბალანი გამოეზარდა. კუდუსუნზე ცხენის კუდი ეზრდებოდა. ტანსაცმელი შემოეძარცვა და დაიფლითა.

ტრატისი გარუთ-ჟაჰელს მოშორდა. მარჯვენა ხელისგული ტუჩებთან მიიტანა და დემეტრიოს მიმართულებით სული შეუბერა. ოთხი მოციმციმე მანათობელი წითურისკენ გაფრინდა. ერთი გულის ალაგს შეერწყა, მეორე შუბლზე, მესამე კუდუსუნზე და მეთხე ხერხემალზე.

დემეტრიო გონებას ინარჩუნებდა. ხმაც დაუბრუნდა, მაგრამ სიტყვებს ვეღარ ლაპარაკობდა. მხოლოდ ფრუტუნებდა. ცხენივით ფრუტუნებდა. აჭიხვინდა და ახალდაბადებული კვიცივით კუნტრუში დაიწყო. ჯერ ბოლომდე არ დასრულებულიყო მისი გარდაქმნა. თანდათან მთელი სხეული წითური, სპილენძისფერი ბალნით დაიფარა. ხტუნვასთან ერთად ცხენის სახეს, უფრო და უფრო, ღებულობდა. გაცეცხლებული დემეტრიო ტყისკენ გაიჭრა, უნდოდა ტრატისსა და იქაურობას გარიდებოდა. მასში შიშმა დაისადგურა. გონება ადამიანისა ჰქონდა, მაგრამ ცხოველის სხეულში გამომწყვდეულიყო.

– რაც შინაგანად იყავი, გარეგნულადაც იმად იქეცი! – ტრატისმა თვითკმაყოფილებით გაიღიმა და სამიკიტნოსკენ გაემართა.

უკვე თენდებოდა. ერთი საათიც არ იყო საჭირო, მზე ამოიწვერებოდა. სამიკიტნოსთან მისულმა შესვლა გადაიფიქრა და გეზი ფუნდუკისკენ აიღო. მეორე სართულზე ავიდა. ტრილონიას ოთახთან მივიდა. შერჩენილი ძალები მოიკრიბა და დააკაკუნა. 

ნამძინარევმა ტრილონიამ კარი გააღო. ვერაფრის თქმა მოასწრო, ტრატისი ზღურბლზე უგონოდ დაეცა.


                                                                                                                                                          ***
*არხა – მიუწვდენელი კლდე.
*ლახილი (სვან. - ბაღი) – ბაღნარი, მოსასვენებელი ადგილებითა და სასეირნო გზებით. აქ. პარკი.

„გალაჰ ტა მეტჶუნოს\" – მამფონთა ქალაქი (სარაჰულ ენაზე).

*თვითმსროლი (ნეოლოგ.) – არბალეტი.
*ბირკვილი (მეგრ.  მოაჯირი, რიკული) – აქ. რიკულებიანი მოაჯირი.
ლახურა (სვან. ფანჯარა)  – აქ. ვიტრაჟი.


– როგორ გაბედე! – ვერ ინელებდა ლეტა ტრილონია, უნდოდა ეყვირა, მაგრამ თავს იკავებდა, ეშინოდა მეეტლეს არ გაეგო, – ვინმეს რომ დაენახე, ახლა, ალბათ, იქნებოდი რომელიმე მდინარის ან ზღვის ფსკერზე, – ჩურჩულით ეჩხუბებოდა.
– დიახ, შევცდი, – ტრატისის ხმაში გულწრფელობა ჟღერდა, – შევცდი, თუმცაღა როგორც კი აშკეტური ჯადოქრობა გამოვიყენე, საკუთარი თავი დავკარგე, თავი ხელში ვეღარ ავიყვანე, რაც უფრო მეტ ძალაუფლებას ვგრძნობდი, მეტი მინდოდა...

მაკოროფალი ზღვის გასწვრივ დაგებულ გზას დედაქალაქისკენ მიუყვებოდა. სადაცაა მზე ზენიტს მიაღწევდა.

– სამი დღე უგონოდ იყავი, – ქალი აღელვებული საუბრობდა, – მეზობელი სოფლიდან სახელოვანი მკურნალიც კი ჩამოიყვანეს. ვერავინ თქვა, ზუსტად რა გჭირდა. ბოლოს ყველაფერი გადაღლილობას დააბრალეს...

ლეტას ისეთი გამოხედვა ჰქონდა, დისშვილს რაღაცაში ადანაშაულებდა. ტრატისი ვერ გარკვეულიყო დეიდა ბრალს რაში სდებდა, ვიდრე ტრილონიამ იდუმალი ფიქრები არ გააჟღერა:
– სამი დღე... სამი დღით გვიან ჩავალთ დედაქალაქში. კიდევ კარგი, მთავარქურუმს შორუწყისი გავუგზავნე; ვაცნობე, რომ ჰალტელეის ოთხისთვის ვიქნებით რაჰში, – თავი უკმაყოფილოდ გააქნია ქალმა, გვერდზე გაიხედა და მეტი სიმტკიცით წარმოთქვა, – სამი დღე დავიგვიანეთ!
– მესმის, – დამწუხრებული უპასუხა ტრატისმა.
– არა მგონია, – დაწვრილებული თვალებით ლეტამ დისშვილს დაეჭვებული მზერა ესროლა.

ბიჭმა ყუჩად ყოფნა არჩია, ვითარების გამწვავება არ უნდოდა – თავის მართლების დიდად მოყვარული არ იყო.

მათ შორის სიჩუმე ჩამოვარდა. შემდეგ თითქოს რაღაც გაახსენდაო, ტრილონიამ ტრატისს სასხვათაშორისოდ უთხრა:
– ის გოგო გვერდიდან არ გშორდებოდა. საეჭვოდ იქცეოდა, – ბოლო სიტყვები ისე წარმოთქვა, თითქოს საკუთარ თავს ელაპარაკებაო.
– ვინ გოგო?
– მიკიტნის და.
– თეჲა? – ტრატისს გაკვირვებისგან თვალები გაუფართოვდა  – ვერ წარმოედგინა, რატომ უნდა ეზრუნა თეჲას უცნობი გადამთიელისთვის.
– მე მგონი ასე ჰქვია, – არ იყო დარწმუნებული ლეტა, – მითხრა, მადლიერი ვარ ჩემი დის ღირსების დაცვისთვისო, – გამოაჯავრა ტრილონიამ – საკუთარი ხმაჟღერადობა, გოგოს ხმას მიამსგავსა.  – ვინ გეკითხებოდა, რას ეჩრებოდა, ვითომ შენი საქმე არ გქონოდეს?!...
ტრატისმა მხრები უსუსური ბავშვივით აიჩეჩა.
– ჰმ, როგორც ვხედავ, პასუხი ამაზეც არ გაქვს, – დამცინავად წარმოთქვა ტრილონიამ.

ჯადოქარმა თინჩი სახე მიიღო და დეიდას მკაცრად მიმართა:
– რამდენჯერ უნდა მოგიხადო ბოდიში?! მაპატიე, მაგრამ თვითგვემას ვერ მივეცემი!
– თვითგვემას არავინ გთხოვს, ძვირფასო, – მრავალმნიშვნელოვნად გახედა ქალმა, – იმ ოჯახების მიმართ უნდა გამოხატო თანაგრძნობა, ვისი ძმები, მამები და შვილებიც სიცოცხლეს გამოასალმე.
– ვნანობ, მართლა ვნანობ, – აღიარა ბიჭმა. გული მოეღუშა, თითქოს მარყუჟი შემოაჭდეს ყელზეო, სუნთქვას მოუხშირა, – არ მიფიქრია იმ ადამიანებზე.
– მართალია, – მკაცრად და სასაყვედურო ხმით შენიშნა ტრილონიამ, − არ გიფიქრია...

ტრილონიას რაღაცის თქმა სურდა, მაგრამ ტრატისმა არ დაანება, გაჯავრებული ხმით დეიდას სიტყვა გააწყვეტინა:
− იცი, რა?! − ჯადოქარმა ლაგაცურად ჩაიცინა, − სხვისი მამების, შვილების, ბიძებისა და სხვა ნათესავების სიცოცხლის მოსპობაზე შეგონებების შენგან მოსმენა, ცოტა არ იყოს, ფარისევლურია, − ტრატისმა ტრილონიას ელდანაცემი გამომეტყველება რომ დაინახა, მიხვდა, რომ ზედმეტი მოსდიოდა, მაგრამ არ გაჩერებულა, ჩვეული ხმით განაგრძო,  − განა, შენ არ იყავი, ჩემს დასაცავად ელენი სასამართლოზე რომ გამოიყვანე? განა შენ არ იყავი შიშველი, მთელი სოფლის დასანახად, „მიჯნურთა ტბამდე“ რომ ატარე? განა შენ არ იყავი, ვინც ის სიკვდილით დასაჯა?
− კი მე ვიყავი, − შეჰყვირა ტრილონიამ, დისშვილს თვალი მოარიდა და ფანჯარაში გაიხედა.

ლეტას თვალებზე ცრემლი მოადგა. ცდილობდა, ხმამაღლა არ ეტირა. ტრილონია გაკიცხვას ყველასგან ელოდა, მაგრამ არა ტრატისისგან.

− მართალი ხარ, მე ჩავიდინე, შენს დასაცავად ჩავიდინე, − ლეტამ წყნარი ხმით განაგრძო, − მეც ვნანობ ჩემს ნამოქმედარს, საღ გონებაზე გრძნობებმა და თვითგანცდებმა იმძლავრა. ასე არ უნდა მოვქცეულიყავი...

ტრატისმა სინდისის ქენჯნა იგრძნო, ტრილონიასკენ გადაიზნიქა, ხელი მუხლებზე დაადო და წუხილნარევი ხმაჟღერადობით მიმართა:
− მაპატიე დეიდა, უხეში ვარ, გაუთლელი. არ მიფიქრია, ასეთ ტკივილს თუ მოგგვრიდა ჩემი სიტყვები, თავი ხელში ვერ ავიყვანე, გთხოვ მაპატიე.
– მართალია, არ გიფიქრია,  − ტრილონია ტრატისისკენ შემობრუნდა და გაღიმება სცადა, − კარგი, არ უშავს, რაც მითხარი დავივიწყოთ, ახლა კი მომიყევი, რა მოხდა იქ? ბოლომდე ვერ გავრკვეულვარ.
– გეტყვი, – ტრატისი დეიდას თვალებში ჩააცქერდა, – ე.ი ჯადო ძალას წყარო სჭირდება –  არაფრისგან ვერაფერს შექმნი. რაც უფრო ძლიერია ჯადო, მით მეტი ძალაშინი ესაჭიროება, – მოკლედ აუხსნა ტრატისმა.
– ანუ, შენ ადამიანები მოკალი, მათი შინაგანი ძალა კი გამოიყენე ჯადოქრობისთვის, რათა ის კაცი... – ვერ გაიხსენა სახელი ტრილონიამ. სახე დამანჭა გახსენების იმედით.
– დემეტრიო, – შეეშველა დისშვილმა.
– ჰო, დემეტრიოს ცხოველად გადასაქცევად?
– ცხენად, – დააზუსტა ტრატისმა.

ტრილონიამ თანამგზავრს გამჭოლი მზერა ესროლა, რომელშიც საყვედური და ბრაზი ერთმანეთში იხლართებოდა.

– ჰო, – დაუდასტურა ლეტამ, – ცხენად გადასაქცევად?
– ასეა, – კვერი დაუკრა ჯადოქარმა.
– ცქვირინისეულია, მართლაც. მაგრამ არ ვიცი! – ქალმა თავი გააქნია. ისე საუბრობდა, თითქოს სიტყვებს თავს ვერ უყრიდა, გაკვირვებულ-დაბნეული ხმა ჰქონდა.

რამდენიმე წუთი დუმდნენ. ლეტა ჩაფიქრდა. ეტლის სარკმელში კვლავ გაიხედა. ზღვა წყნარი იყო. სიღრმეში, ცაკაბადონთან ახლოს რაჰის გალავანი მოჩანდა. გაბრაზებულმა ფარდა სწრაფად გადასწია, თითქოს უნდოდა, არავის დაენახა, და ტრატისს მიუბრუნდა.

– გასაგებია, – ცერა და საჩვენებელი თითი შუბლთან მიიტანა – ღელვა ეტყობოდა, – მაგრამ როგორ გაბედე? – თითქოს ისევ გაახსენდა, რომ უჯავრდებოდა, – როგორ?! – მდუმარედ შეუღრინა დისშვილს.
– არ ვიცი, დეიდა.

ტრატისის მზერაში სინანულს ამოიკითხავდი, ხმაში კი თავისმართლება ჟღერდა.

– თავიდან, დემეტრიოს მოკვლაც მინდოდა, მაგრამ ცხენების ხმამ შემაჩერა...
– კეთილი ცხენები, – ლივზინეურად ჩაილაპარაკა ტრილონიამ.

ტრატისმა, თითქოს არ შეიმჩნია დეიდის ნათქვამი, ისე განაგრძო:
– გადავწყვიტე ცხენად გარდაქცევის შელოცვა წარმომეთქვა. ვიფიქრე, მისი აღნაგობა ხელს შეუწყობს და თან საკუთარ ძალებს გამოვცდი-მეთქი, – დასჯილი ბავშვივით საუბრობდა.
– არ გეტყობა, რომ შენს საქციელს ნანობ, – შენიშნა ტრილონიამ, – მთავარქურუმ ესმამდე რომ მივიდეს ეს ამბავი, მე, ყველას დასანახად, ჯვარზე გამაკრავენ, შენ კი რაჰის ზღვაში გიკრავენ თავს.
– მე არ ვეტყვი, მთავარქურუმს, – მრავლისმეტყველად წარმოთქვა ტრატისმა.
– ჩემში ეჭვი გეპარება? -დისშვილის ნათქვამი ლეტას არ ესიამოვნა.
– არა, რას ამბობ, – შეიცხადა ბიჭმა, – დარწმუნებული ვარ, რომ არ გამთქვამ.
– მშვენიერია, – ქალმა საჩვენებელი თითი ასწია, – საუბარი ჩემზე და შენზე არ არის, თუ ჩვენგან რომელი ეტყვის; სარაჰში ხეებიც კი ჩურჩულებენ და, უცილობლად,  ამბავი მთავარქურუმს მიუვა. ესმამ თუ შეიტყო, რა თქმა უნდა, დედოფალს გააგებინებს, დედოფალი კი მეფეს და ასე გამომზეურდება შენი ნიჭი.
– მესმის, – თავი ჩაქინდრა ჯადოქარმა.
– ეჭვი მეპარება, – გამკიცხავი ხმაჟღერადობით უპასუხა ლეტამ, – როგორც ახსენე, შენი გულისთვის, შენი საიდუმლოს შესანახად თავადიშვილი სიკვდილით დავსაჯე, შენ კი მცირედითაც არ ფრთხილობ. რას ჰგავს ეს? – ჩაიფრუტუნა.
– შურისძიებისთვისაც, – მტკიცე ხმით შეუსწორა ტრატისმა დეიდას.
– უკაცრავად? – გაიკვირვა ტრილონიამ.
– ზენეათში შენი და არჩილის ამბავი ყველამ იცის...

ჯადოქარმა წინადადება არ დააბოლოვა, რადგან დეიდის სახეზე მრისხანება და ჯავრი, იმედგაცრუება და წყენა – ყველაფერი ერთად ამოიკითხა. მიხვდა, სადაცაა მისი გულიდან ცეცხლი ამოიფრქვეოდა და რაც კი მის გარშემოა, ყველაფერს დაწვავდა.

ტრილონიამ დადუმება არჩია. არ უნდოდა კამათი, მოერიდა დისშვილთან ჩხუბს. სურდა, დედაქალაქამდე მშვიდობიანად ჩასულიყო. არ იცოდა, იქ მას და მის ერთადერთ სისხლსა და ხორცს რა მოელოდათ, თუმცა მზად იყო, ტრატისის გადასარჩენად ყველაფერი ეღონა, სიცოცხლეც კი გაეწირა. 

– მალე ვიქნებით რაჰში, ერთ საათიც აღარაა საჭირო, – ლეტამ თითქოს მისთვის ჩაილაპარაკა.

ტრატისი მიხვდა, ტრილონიას აღარ უნდოდა საუბრის გაგრძელება. მასთან დროებით ზავს დებდა. ურთიერთობა თვითონაც აღარ გაამწვავა.

– დედოფალს ვხდებით პირდაპირ?
– არა, – ლეტამ გაღიმება სცადა, – ჯერ მთავარქურუმს შევხვდებით, დედოფალს, ალბათ, ხვალ ვიხილავთ, დილით ადრე ან ჯარის შეკრების შემდეგ.
–  გასაგებია. მაგრამ მაინც არ მეუბნები, რატომ გვიბარებს.
– მართალი ხარ, არ მითქვამს, რადგან ბოლომდე არც მე ვიცი, რისთვის მივდივართ, – ტრილონია შეეცადა დამაჯერებლად ეთქვა, რათა საკუთარი ეჭვები არ გაემხილა.
– ელენის გამო? – ტრატისმა შეპარვით ჰკითხა.
– შესაძლოა, – ტრილონიამ ტუჩის კიდეები მოკუმა, – მართალი გითხრა, არ ვიცი. შესაძლოა, ელენის გამოც, შესაძლოა – არა.
– ყოველ შემთხვევაში, მალე გავიგებთ, – დამაიმედებლად თქვა ბიჭმა.
– ეგ მართალია, – უხალისოდ დაეთანხმა ლეტა.

მთელი გზა რაჰამდე მდუმარებაში გაატარეს. რაც უფრო უახლოვდებოდნენ დედაქალაქს, დასახლებათა რაოდენობა მით უფრო მატულობდა. ქალაქის ჩრდილოეთ კედელთან ქოხმახებისგან ნაგები სათევზაო სოფელი გაიარეს. თევზის მძაფრი სუნი დახურულ მაკოროფალშიც კი შემოიპარა. ტრილონიამ ჯიბიდან ხელსახოცი ამოიღო და ცხვირზე აიფარა. მძაღე სუნით უკმაყოფილება ფრუტუნით გამოხატა და დააცემინა.
რაჰს სოფლისგან მაღალი გალავანი გამოჰყოფდა. კედლის ზღვისპირა მხარე ჩამონგრეული იყო. ეტყობოდა, რომ მრავალი საუკუნის წინ აეგოთ და დიდი ხანია, რაც არავის შეუკეთებია. ერთ დროს არხასავით  მდგარ კედელს, ახლა მთათა დაპყრობაში გაწაფული ნებისმიერი ყაჩაღი ადვილად დაძლევდა. ქონგურებზე, ციხისმცველთა ადგილი ცარიელი და სანახევროდ დანგრეული გახლდათ. შესასვლელ კარიბჭესაც არავინ იცავდა. თაღი ღია იყო – ჭიშკარიც კი არ ეკიდა. 

ჩრდილოეთის გზა ქალაქის „მწვანე უბანში“ მიუძღოდა, რომელსაც ზენეათელები მიჲტოანისეშს უწოდებდნენ. გალავნის იქით სრულიად სხვა გარემო იშლებოდა; მიმავალ გზას ხეივანი დარაჯად ედგა. სხვადასხვა მცენარეთა დიდი ბაღი მთავარი გზისგან ღობეებით იყო გამოყოფილი. ზღვის ნაზი ღელვა ხეთა შრიალს ერთვოდა. ლახილებში  მყუდრო გარემო იქმნებოდა, ამიტომაც დედოფლის უბნელი დიდგვაროვნები აქ ხშირად ამოდიოდნენ და  ისვენებდნენ.

ტრილონიამ ფანჯარა გამოაღო. ეტლში სუფთა ჰაერის ნაკადი შემოიჭრა. ქალმა შვებით ამოისუნთქა. ტრატისს გახედა. თვლემდა. მოვედითო, ხმადაბლა უთხრა, რათა არ დაეფრთხო და მშვიდად გაეღვიძებინა. ბიჭმა თვალები გაახილა. დეიდას დაბნეული სახით შეაცქერდა.

– ტყეში რა გვინდა?
– სამეფო ბაღნარში ვართ, – ტრილონიამ განუმარტა, – ათ წუთში ფოსაჰიჶის ტაძარში ვიქნებით...
– კარგია, – ტრატისმა თვალები მოიფშვნიტა  და წელში გაიმართა.

მიჲტოანისეში განვლეს და დედოფლის უბანში გავიდნენ, რომელსაც მწვანე უბნისგან ქანდაკებებით შემკული თაღი გამოჰყოფდა. თაღისგან მოშორებით მთავარი მოედანი მდებარეობდა, შუა-წერტილში კი მეფე ზექსეოს უზარმაზარი ქანდაკება იდგა. მოედნის ბუნებრივ ზღუდეს მის ირგვლივ აღმართული სამიკიტნოები, ფუნდუკები და საროსკიპოები ქმნიდა.

გალავნის შიგნით ყველაფერი ქვისგან იყო ნაგები. დედოფლის უბანში ოთხი საუკუნის წინანდელი ხანძრით შეშინებულმა თრაგონმა მეფეებმა გადაწყვიტეს, კედლებს შიგნით ნებისმიერი მუდმივმოქმედი ხის ნაგებობა აეკრძალათ, გარდა საბაზრო დახლებისა და ჩიმჩაირებისა.
დედოფლის უბანი ღარიბთა უბანს ესაზღვრება. მათ შორის მანძილი პირობითია. ამიტომ ლეტას ეტლი ერთი უბნიდან მეორეში გადადიოდა, რადგან გზა ხან ერთ უბანს ჰკვეთდა და ხან მეორეს.

„შავი ხანძრის“ შემდეგ დაგებული გზები ქალაქს სისხლძარღვებივით სერავდა. მთავარი გზის ნაწილი ღარიბთა უბანს ჰკვეთდა, შემდეგ გორისკენ მიიკლაკნებოდა და შიდა კედლის გავლით „მამფონთა ქალაქში“ მიგიძღოდა. სიმაღლიდან კი დაბლა – დედოფლის უბანსა და ზურმუხტისფერ მოლიცლიცე ზღვაზე – მშვენიერი ხედი იშლება.

ღარიბთა უბანში, განსხვავებით დედოფლის უბნისაგან, აგურით ნაგები შენობები აღემართათ. ანგურაშრთვილი სახლები ზამთრობით თბილი, ზაფხულობით კი გრილი იყო. მცირე ზომის საკვამურები შენობებს განსხვავებულ იერს აძლევდა, თითქოს ქალაქში ათასობით შემოდგომის ქვის ხე დაურგავთო.

ღარიბთა უბნის მკვიდრნი, რა თქმა უნდა, ჯიბეგაფხეკილები არ იყვნენ, დასახლებას სახელი ძველი მაცხოვრებლებისგან შემორჩა. თრაგონების კანონის შემდეგ იქ დიდმა თუ მცირე ვაჭარმა, მიკიტანმა თუ მეფუნდუკემ დაიდო ბინა. ხოლო ვინც ვერ შეძლო, ვერ გასწვდა ახალი კანონის მოთხოვნებს, ვერ ააშენა ქვითნაგები პატარა სახლიც კი, გალავნის პირას, ქალაქის ჩრდილოეთ შემოსასვლელთან გადაინაცვლა, ზუსტად იმ ადგილას, სადაც მეთევზეთა სოფელი მდებარეობდა.

ტრილონიას მაკოროფალი ღარიბთა უბნიდან კვლავ დედოფლის უბანში გადავიდა და  გეზი ზღვის საპირისპირო მიმართულებით, გორისკენ აიღო, რომელის გზა შემაღლებაზე გაშენებული „მამფონთა ქალაქისკენ“ მიდიოდა. იქ მთავარქურუმთა და სახელმწიფეო საცხოვრისი, ფოსაჰიჶის ტაძარი, ჟირიონის ციხესიმაგრე და იმ წარჩინებულთა შორის წარჩინებულთა სასახლეები მდებარეობდა, ვინც ხელმწიფეს ემსახურებოდა.
„გალაჰ ტა მეტჶუნოს“-ს  „ზღვისპირეთისგან“ შიგა კედელი იცავდა.  შიდა ქალაქის კედელთან მცველები იდგნენ. მეეტლეს მბრძანებლური ხმაჟღერადობით უთხრეს, მაკოროფალი შეეჩერებინა. მწაფელმა ცხენებს „ბრრ“ შესძახა  და შეჩერდა. სკამიდან გადმოხტა. მაკოროფალის კარი გამოაღო.

ტრილონია კვირსა მიხრა-მოხრით გადმოვიდა და მეციხოვნეებისკენ გაემართა. ჯიბიდან მთავარქურუმის ბეჭდდარტყმული წერილი ამოიღო, გაუწოდა და თან უთხრა:
– მისი უსპეტაკესობის დავალებით გეახელით!

მთავარმა მეციხოვნემ ქაღალდი შეათვალიერა. მის უტყუარობაში დარწმუნდა. ორად გაკეცილი და გვერდებში შემოკეცილი ჭილი ქალს გაუწოდა, რომელსაც შავი საშუალო სიმსხო ძაფი ჰქონდა შემოვლებული, ხოლო ნასკვი ბეჭდით იყო დალუქული.

– გელოდებიან, თქვენო უსპეტაკესობავ, – თავი დაუკრა მცველმა, – ფოსაჰიჶის ტაძარში გაეშურეთ პირდაპირ. ბრძანებაა!
ათეულმა ნაბიჯი გვერდით გადადგა  –  გზა გაათავისუფლეს.

ლეტა ეტლისკენ გაემართა. მწაფელს უთხრა, საით წასულიყო. მაკოროფალის კიბეზე მედიდურად ავიდა. მეეტლემ კარი დახურა და მაკოროფალი მთავარი ტაძრისკენ გააქანა.

„მამფონთა უბანი“ განსხვავებული გახლდათ; ეს იყო ქალაქი ქალაქში ხეივნებითა და მოკირწყლული ქუჩებით, ორსართულიანი სახლებითა და პატარა ბაღნარებით, შადრევნების აუზში მოცურავე თევზებით. მდიდრული და დახვეწილი ხუროთსაქმე საუკეთესო ოსტატების  ხელს ეკუთვნოდა.

შთაბეჭდილებისაგან გაბრუებული ტრილონია და ტრატისი ფანჯრებიდან ფოსაჰიჶისკენ მიმავალ ფართო გამზირს გაჰყურებდნენ. 

– მსმენოდა რაჰის შესახებ, თუმცა ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა!

ტრილონია „გალაჰ ტა მეტჶუნოსს“ გაოგნებული გასცქეროდა და თან ტრატისს ესაუბრებოდა, თუმცა ჯადოქარს ლეტას სიტყვები არ ესმოდა.

– რას იტყვი? – ბიჭს მიუბრუნდა.

ტრატისი გამოფხიზლდა. ისე უპასუხა, თვალი ქალაქისთვის არ მოუშორებია:
– ამაღელვებელი, შესანიშნავი, დახვეწილი, ჯადოსნურია.
– მართალია, – დაეთანხმა ტრილონია, – მაგრამ იცოდე, რაჰელებთან სიტყვა ჯადოსნური ისეთივე საზიზღარია, როგორც ლეო კალაისის სახელი ზენეათში, – ლეტას საკუთარ სიტყვებზე გაეცინა.

ტრატისმა თანხმობის ნიშნად თავი მორჩილად დაუქნია და სარკმლის მიღმა ყურება განაგრძო.

– მოვედით! – ტრატისმა თვალი ფოსაჰიჶის ტაძრის მაღალ შენობას გააყოლა.

ეტლი შეჩერდა. 

ბიჭი კარისკენ გაიწია, გადასვლა უნდოდა, მაგრამ ლეტამ მკლავზე ხელი სტაცა და თავი გააქანა:
– ნწუ, ვიდრე ქვეიტაჰი არ მიგვიპატიჟებს, მანამდე აქ დაველოდებით, – ტრატისს უნდოდა ეკითხა რატომო, მაგრამ ტრილონიამ შეამჩნია დისშვილის ცნობისმოყვარეობა და დაასწრო, – ასეთი წესია!

ბიჭმა მხრები აიჩეჩა და უკმაყოფილოდ ჩაიფრუტუნა. მაკოროფალის სარკმელში გაიხედა, რათა ქალაქის სიდიადით ტკბობა გაეხანგრძლივებინა.
ჯადოქარმა ტაძართან მიმავალი გამზირი შეათვალიერა, რომელიც სამეფო სასახლეს უერთდებოდა. „მამფონთა ქალაქის“ მთავარ სისხლძარღვს კი ორივე მხრიდან ქუჩები ისე ერწყმოდა, გეგონებოდათ, მდინარეს მცირე შენაკადები ერთვისო.

გამზირს შუაში ხეივანი ჰყოფდა – მანდარინის, ფორთოხლისა და პალმის ხეები ერთმანეთს დახვეწილი გემოვნებით ენაცვლებოდა და წელიწადის ყველა დროს მწვანე საფარი ქალაქს განსაკუთრებულ იერს სძენდა. რაჰული ხუროთმოძღვრობითა და მარმარილოთი მოპირკეთებული წინხედებით ნაგები, მაღალი სვეტებიანი, ამაყად აღმართული ორ, სამ– და ოთხსართულიან შენობათა მწკრივი გამზირს აქეთ-იქით ზღუდედ ედგა და პირველმნახველზე დიდებულ შთაბეჭდილებას ახდენდა. 

ტრატისიც „გალაჰ ტა მეტჶუნოსს“ გაოცებული მზერით ათვალიერებდა; სუნთქვა უხშირდებოდა. უნდოდა, წამომხტარიყო და უცხო, პირველად ნანახი საოცრებისკენ ხელი გაეშვირა, რათა საკუთარი განცვიფრება გამოეხატა, როგორც ეს ტყეში სანადიროდ პირველად წასულ სარაჰელ თავადიშვილებს მოსდით, როცა შვლის, ანდა ფურირმის მშვენიერებით დატყვევებულნი თვითმსროლი  თუ მშვილდ-ისარი ხელში უქვავდებათ და ყველაფერი ავიწყდებათ, გარდა უმწეობისა და აღფრთოვანების თვითგანცდებისა.

ეტლის კარის გაღებამ მონუსხული ზენეათელი გამოარკვია. ტრილონიამ უთხრა, გადავიდეთო.

– თქვენო უსპეტაკესობავ, –  მწაფელმა ლეტას მიმართა, – აქვე დაგემშვიდობებით!
– როგორ, – გაიკვირვა ტრილონიამ, – უკან არ წაგვიყვანთ?
– არა, – თავი გაიქნია, – ატრეინიმ დამავალი, როგორც კი ჩაიყვან, იმ წამსვე ზენეათში გამობრუნდიო.

ლეტას ზენეათის მთავარქურუმის ამდაგვარი გადაწყვეტილება არ მოეწონა და ეუცნაურა კიდეც, მაგრამ შეეცადა არ დასტყობოდა, მეეტლეს გაუღიმა და ქვეიტაჰისკენ გაემართა.

ახალგაზრდა, ტრატისის ტოლა, თითქმის უწვერული, ქვეიტაჰის სამოსში – იასამნისფერ გრძელ, ყურთმაჯიან ლერექუში – გამოწყობილი ბიჭი კიბეზე იდგა და სტუმრებს უღიმოდა.

– თქვენო უსპეტაკესობავ, – ტაძრის მსახურმა მორიდებული ხმით მიმართა, – მთავარქურუმი და დედოფალი გელოდებათ! – შეყოვნდა, შემდეგ გაურკვევლობისა და დაბნეულობის თავიდან ასაცილებლად დაამატა, – თქვენი შორუწყისი მივიღეთ.

ტრილონიას დედოფლის ხსენებაზე შიშის უჩინარი საფარველი გადაეფარა. გაფითრდა. გაღიმება სცადა, მაგრამ მხოლოდ ტუჩის კიდეები უსუსურად აამოძრავა. კაბის კალთები წამოიწია, თითქოს კიბეზე ასვლაში ხელი რომ არ შეშლოდა, სინამდვილეში გაოფლილი ხელისგულები შეიმშრალა.

– კეთილი, – თავს ძალა დაატანა, რათა აღელვება არ დასტყობოდა. ბიჭს მიუახლოვდა და მარჯვენა ხელი გაუწოდა. ქვეიტაჰი ლეტას ემთხვია, – „კარგის ნიშანია“, – გაიფიქრა ტრილონიამ, – გაგვიძეხით ყმაწვილო! – დინჯი ხმაჟღერადობით უთხრა და თავი ტაძრისკენ გაიქნია.

კიბეებს ნელა მიუყვებოდნენ. ბირკვილიან  აივანზე ავიდნენ. შესასვლელი კარიბჭე ღია იყო. ქვეიტაჰი შევიდა და ტრილონიაც მორჩილად შეჰყვა.

– აქ დაიცადეთ, თქვენო უსპეტაკესობავ, – თქვენს მობრძანებას მთავარქურუმსა და მის უდიდებულესობას შევატყობინებ.
ტრილონიამ თავი დაუკრა და ქანდაკებასავით გაშეშდა.

ტრატისმა ტაძარს თვალი მოავლო. მზის ლახვამის ღვთაებათა ლახურებმა  მისი ყურადღება მიიქცია. თითოეული მათგანი გადათვალა, თითო კედელზე სულ ცოტა ორი ლახურა იყო –  ერთზე ღმერთების გამოსახულება, მეორეზე კი ცნობილი ლათაიის განსახიერება. თითოეულს მზის შუქი გარედან ეფერებოდა, იატაკი კი სხვადასხვა ფერად ბრიალებდა. 

ლათაიათა ლახურებს ქვემოთ მინაწერები ჰქონდა: „ზეჰი თუალეჰის მდინარის მთის ღადოზე საკუთარ ძმას ჯაჭვებით აბამს“; „მყარმიწიდან „მზის ლაშქარი“ ბოროტებას აძევებს“; „ღმერთები ადამიანებს ჰქმნიან“. ყველაზე დიდი, ყველაზე თვალისმომჭრელი და მთავარქურუმის ტახტის ზემოთ მდებარე ლახურა სამყაროს შექმნას ასახიერებდა. ტაძარში შემომსვლელი პირველად მას ეცნობოდა. ახლოს თუ მივიდოდა, სარკმლის ძირს ამოტვიფრულ წარწერას ამოიკითხავდა:


„არსებობდა მხოლოდ წყვდიადი და არსებობდნენ მისი მბრძანებლები. მათ ფესვები სამყაროში ფართოდ გაედგათ. სიბნელის ბატონები, ტივატმეტჶუნნი ბატონობდნენ უკუნეთ ნეტარებასა და სამყაროს უსიცოცხლობაზე. ისინი მკვდრისფერნი და უთვალო არსებები იყვნენ. მათი მეტყველება ხრიალს ჰგავდა, თითქოს ადამიანი წყალში იხრჩობოდეს, ხოლო სხეულის არ არსებობის გამო, შავ-ბნელი მოლივლივე აჩრდილსა წააგავდნენ. ისინი თავისუფლად ერთვოდნენ ვრცელი უსაზღვროობას და ძალებს მუბვირ-ფაქრავანიდან იკრებდნენ“. 


მთელი კედლის გასწვრივ, დიდი ასოებით დამზაფრველი ქადაგება ეწერა. მის წამკითხველს უნდა სცოდნოდა, რომ ერთ დროს სამყაროზე ბოროტება ბატონობდა. ასევე აფრთხილებდა მათ, ეს ჟამი დადგებოდა, ტივატმეტჶუნები მათ სულებსა და სხეულს ისევ დაეუფლებოდნენ, თუ ღვთაებრივ ნათელს არ მიიღებდნენ და ზეჰის მიერ კაცობრიობისთვის დანატოვარი წმინდა სიტყვით არ განიმსჭვალებოდნენ. 
 
ბოლო ლახურა ჯადოქართა სისასტიკის შესახებ მოგვითხრობდა. შავი ფერის მინებით, შავ მაზარაში გამოწყობილი ალჯანეულთაგანნი ალისფერ ცეცხლში გახვეულ სოფლებსა და ქალაქებთან ერთად იყვნენ გამოსახულნი, რათა მის მნახველს მთელი სიმძაფრით შეეგრძნო ის საშინელება, რომელიც დარიელებმა სარაჰელებს თავიდან აარიდეს. სისხლისღვრა, ალაგმული დასახლებანი და დახოცილი ბავშვები იმდენად მძაფრად იყო გამოსახული, რომ ნებისმიერს ზიზღსა და შიშს შთაუნერგავდა. 

თვით-ამ ლათაიის ნახვისას, ტრატისს თითქოს გულზე რაღაცამ მოუჭირა. ხელი მოიკიდა და ოდნავ წინ გადაიხარა.

ტრილონიამ დისშვილის შეუძლოდ ყოფნა შეამჩნია და მასთან მიირბინა. ჰკითხა რა სჭირდა. ჯადოქარმა ლახურაზე უსიტყვოდ მიუთითა. ლეტამ აიხედა. შეკრთა. ეჭვები განუმტკიცდა. გაიფიქრა, უეჭველი, ტრატისის მოკვლა უნდათო.

ტუჩები ბიჭის ყურთან მიიტანა და ჩასჩურჩულა:
– წავედით, გავეცალოთ აქაურობას.

ტრატისი წამოიმართა და გასასვლელისკენ უნდა წასულიყვნენ, თუმცა შემობრუნებულთ ქვეიტაჰი დახვდათ.

– გელოდებიან, – სტუმართა საქციელით მცირედით გაკვირვებულმა ქვეიტაჰმა მიმართა.

ტრატისმა გაიფიქრა, ჯადოძალას გამოვიყენებ და ამ ბიჭს მტვრად ვაქცევო, მაგრამ დეიდამისმა შეაჩერა. ხელი მის ხელს დაადო და თავი ძლივსშესამჩნევად გააქნია, უფრო გამოხედვით ანიშნა, თუ რისი თქმაც უნდოდა.

– გაგვიძეხი, – ტრილონიამ ქვეიტაჰს ხელით ანიშნ, რომ წინ წასულიყო.

ტაძრის მსახური როგორც კი შებრუნდა, ლეტამ ტრატისს ისევ ჩასჩურჩულა:
– ჯადოქრობის გამოყენება ჯერ ადრეა. ვნახოთ, თუ რამე, იქ გამოვიყენებთ, – დიდი კარისკენ წამუყო, საითკენაც ქვეიტაჰი მიუძღოდა.
ტრატისმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.

ქვეიტაჰმა ფარდაგი გადასწია და ტალანში შევიდნენ. მრუმედ განათებული, გრძელი და ნესტიანი დერეფანი ჩაიარეს.  რაც უფრო ქვემოთ მიიწევდნენ, სიგრილე მით უფრო მატულობდა.

ჯურღმულის გავლის შემდეგ, მწვანე შუქით განათებული ბარანჭაში აღმოჩნდნენ. საწერ დახლებზე ჭილი, კალამი და სამელნე ელაგა. გადამწერები იქ არ იმყოფებოდნენ, სამუშაო სანახევროდ შეესრულებინათ – ზოგი ჭილი ნახევრად იყო შევსებული, თუმცა წესრიგის დაცვა არ დავიწყებიათ − კალმებისა და ბატის ფრთებისთვის ადგილი სამელნესთან მიეჩინათ.

მოულოდნელად ქვეიტაჰი შეჩერდა – ტრილონიამ დედოფლისა და მთავარქურუმის ძიებაში თვალების ცეცებას მოჰყვა – ბიჭი მათკენ შემობრუნდა და ხმადაბლა უთხრა:
– ისინი, – ხელი მარჯვნივ მდგარი თაროებისკენ გაიშვირა, – იქ გელოდებიან!
– თქვენ არ მოდიხართ? – ტრატისმა გულუბრყვილო ხმით ჰკითხა.
– არა, თქვენო ბრწყინვალებავ, – ნაღვლიანად წარმოთქვა, – ამ საქმეში ჩემი მონაწილეობა არ არის საჭირო.

ტრატისმა წარბები ასწია, შემდეგ თავი დაუკრა, უნდოდა ენიშნებინა, რომ გასაგებია.

– მაშ ნახვამდის, – ჯადოქარი ქვეიტაჰს დაემშვიდობა.
– ნახვამდის, – მხლებელმა თავი ჯერ ტრილონიას, შემდეგ კი ტრატისის წინაშე მოდრიკა და ტალანში გაუჩინარდა.

ლეტა და ჯადოქარი აღელვებული, თუმცა ამაყი და დინჯი ნაბიჯით, მითითებული ადგილისაკენ გაემართნენ. სტუმრებს დედოფლისა და მთავარქურუმისათვის სიმხდალისა და შფოთვის ჩვენება არ უნდოდათ.

ბოლო თარო გაიარეს და მთავარქურუმისთვის განკუთვნილ სივრცეში გავიდნენ. უზარმაზარი მაგიდის თავში დედოფალი იჯდა, გვერდით კი ესმა ედგა.

ტრილონია მთავარქურუმს მიუახლოვდა. ესმამ ხელი გაუწოდა და ლეტაც ემთხვია. შემდეგ დედოფლისკენ შეტრიალდა და მცირედით ჩაიმუხლა.

ლეტა გვერდზე გადგა და მარცხენა ხელი ბიჭისკენ გაიშვირა.

– ნება მიბოძეთ, წარმოგიდგინოთ ჩემი დისშვილი, ტრატისი!

ტრატისმა თავი ჯერ დედოფალს, ხოლო შემდეგ მთავარქურუმს დაუკრა.

– მოგესალმებით ლეტა ტრილონია, – ამაყი ხმით დაიწყო მთავარქურუმმა, – თქვენს ჩამოსვლას დიდი ხანი ველოდით, – ტრილონიას თავის გამართლება უნდოდა, მაგრამ ესმამ არ დაანება, – თუმცაღა თქვენი შორუწყისი დროულად მივიღეთ.
– ჩემთვის დიდი პატივია, თქვენო უსპეტაკესობავ, ჩვენი სახელმწიფეოს მთავარქურუმსა და მამფონთან შეხვედრა.

დედოფალი წამოდგა. სკამი უკან მიაჩოჩა, რათა გამოსვლისას ხელი არ შეეშალა, ესმას მიუახლოვდა, ყურში რაღაც ჩასჩურჩულა  და ტრილონიასკენ შებრუნდა.

– მოდით, თავი დავანებოთ ზედმეტ თავმდაბლობას, – მამფონს მკაცრი ხმა ჰქონდა, – მთავარია თქვენ აქ ხართ. ჯობია, საქმეზე გადავიდეთ, – ესმას გადახედა და ხელით ანიშნა, შენი ჯერიაო.
– მართალია, ანა, – დაეთანხმა დედოფალს და გაიღიმა. მთავარქურუმმა „ანა“ ისე თქვა, როგორც მეგობრის სახელს წარმოთქვამენ ხოლმე, – თქვენ, ალბათ, გსურთ იცოდეთ, აქ რატომ ბრძანდებით, ასეა? – შებრუნდა ტრილონიასკენ.
– დიახ, თქვენო უსპეტაკესობავ, – ტრილონიამ ხმა ვერ დაიმორჩილა, აუთრთოლდა.
– ზენეათის მთავარქურუმმა როგორც წერილიდან გვაცნობა, თქვენთან ჯადოქარი უპოვიათ, თავადისასული, რომელიც სიკვდილით დაგისჯიათ, – ტრილონიამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია, – ჩვენ კი დიდი ხანია ვეძებთ ჯადოქარს.

ლეტას გაკვირვებისგან სახე შეეცვალა, წარბები ასწია და თვალები გაუფართოვდა.

– თუ ნებას მომცემთ, – მორიდებული ხმით დაიწყო ტრილონიამ, – შეიძლება ვიკითხო რისთვის?
– ეს მხოლოდ თქვენს დისშვილსა და მე მეცოდინება, – მოკლედ უთხრა დედოფალმა.

ტრილონიამ შვებით ამოისუნთქა. მიხვდა, რომ ტრატისის მოკვლას, ან მის დასჯას არავინ აპირებდა; მხოლოდ ჯადოძალის გამოყენება სურდათ. თუმცა საკუთარი აზრების დადასტურებისთვის მაინც ჰკითხა.

– თქვენო უდიდებულესობავ, – ანას მიმართა, მაგრამ თვალი მოარიდა, – ჩვენს დასჯას არ აპირებთ?
– დასჯას?! – გაიმეორა მთავარქურუმმა და გადაიკისკისა, – რისთვის, კანონის აღსრულებისთვის?! არა, არ ვაპირებთ. მაგრამ შენი სიჩუმისთვის, – უცაბედად თინჩი სახე მიიღო ესმამ, – წახალისებას ვაპირებთ, რათა ამ შეხვედრის შესახებ არავისთან, მეფესთანაც კი არ დაგცდეს სიტყვა.
– წახალისებას? – იჭვნეულად იკითხა ტრილონიამ, საკუთარ ყურებს არ უჯერებდა.
– რა თქმა უნდა, – დაუდასტურა ანამ, – მაგრამ იცოდე, რაჰი ხიფათითაა სავსე, შეიძლება ფეხი დაგიცურდეს და „მამფონთა ქალაქის“ კლდიდან გადაიჩეხო, ანდა დედოფლის უბნის სანაპიროებზე გამოგრიყოს ზღვამ, – დედოფალს მუქარანარევი ხმაჟღერადობა ჰქონდა.
– როგორც თქვენ მიბრძანებთ, თქვენო უდიდებულესობავ. როდესაც მამფონი გვიხმობს, ჩვენი ვალია დავემორჩილოთ!
– კეთილი, – მხიარული ხმით წარმოთქვა მთავარქურუმმა, – ესე იგი ერთმანეთს გავუგეთ?!

ტრილონიამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.

ესმამ კმაყოფილებით განაგრძო:
– ლეტა ტრილონია, თქვენ, მთავარ ტაძარში დედოფლის მარჯვენა ხელი იქნებით, ანუ დედოფლის შემცვლელი – ლეტა-შენტუში,  ხოლო თქვენი დისშვილი სასახლეში დაბინავდება და მის უდიდებულესობას იქ მოემსახურება.

დაწინაურებამ და ტრატისის ბედმა ტრილონიას სიხარული მიჰგვარა და, ამასთანავე, ცნობისმოყვარეობის საღერღელი აუშალა. უნდოდა, გაეგო დედოფალს ჯადოქარი რისთვის სჭირდებოდა. სურდა, დისშვილი ახლოს ჰყოლოდა, ვერ ელეოდა, მაგრამ იცოდა, რომ გრძნობების მოთოკვა მოუხდებოდა, თორემ ერთ მშვენიერ დღეს, მართლაც რაჰის სანაპირო გამორიყავდა, ან კლდეზე გადაჩეხილს იპოვიდნენ. ლეტამ იფიქრა, რომ ეს საუკეთესო გამოსავალი იყო: თვითონ მთავარ ტაძარში დაიწყებდა მსახურობას, ტრატისი – სასახლეში, ორივენი მამფონთა მფარველობის ქვეშ იქნებოდნენ; რადგან მათ დასჯას არავინ აპირებდა, ხოლო დისშვილს სიკვდილი არ ემუქრებოდა, გადაწყვიტა, ბედისწერის ამ მცირე განსაცდელისთვის გაეძლო.

ტრატისი არანაკლებ გაოგნებული და დაბნეული ჩანდა. თუმცა თავშეკავებულობით დეიდას არ ჰგავდა. მან გამბედაობა მოიკრიბა და დედოფალს ჰკითხა:
– იცით, თქვენო უდიდებულესობავ, მიუხედავად იმ პატივისა, რასაც თქვენ ჩვენდამი იჩენთ, მე მსურს ვიცოდე, საშუალება მექნება, მოვინახულო დეიდაჩემი, თუ ყოველგვარი კავშირი უნდა გავწყვიტო?
– ტრატისს! – შიშნარევი ხმით, გაჯავრებული მიმართა ტრილონიამ, რადგან შეეშინდა დისშვილს არაფერი დაეშავებინა, რაც სავალალო შედეგს გამოიწვევდა.
– არა, – დედოფალმა ხელი ჰაერს დაარტყა, – ლეტა-შენტუშ, თქვენი დისშვილი მართალია, საჭიროა ყველაფერი თავიდანვე გავარკვიოთ, – ტრატისისკენ გადაიტანა მზერა, – თქვენ ჩემი ტყვე არ ბრძანდებით, არც მონა. რასაც გთხოვთ, არის დედოფლის ხელქვეითობა, ამას ესმა მოგვიანებით აგიხსნით,  – მთავარქურუმისკენ ხელით ანიშნა, – თქვენ გექნებათ შესაძლებლობა შეხვდეთ ლეტა-შეტნუშს. მაგრამ უნდა გაგაფრთხილოთ, ერთი სიტყვა თქვენი საქმიანობის შესახებ და ეს იქნება ბოლო სიტყვა თქვენთვის და ბოლო ამბავი, რომელსაც ტრილონია შეიტყობს.
– გასაგებია, – ტრატისმა ისე წარმოთქვა, დედოფალს მიანიშნა, რომ შეთანხმების ყველა პირობას იღებდა.
– კეთილი, – ანამ მოწონების ნიშნად გაიღიმა და სტუმრებს მიმართა, – რადგან ყველამ ყველაფერი გავარკვიეთ. თქვენს მოსასვენებელს ქვეიტაჰი გიჩვენებთ, – დედოფალი ტრატისს მიუბრუნდა, – ხოლო შენ, ხვალ დილიდანვე სასახლეში დაიდებ ბინას.

დაუმშვიდობებლად, ამაყი მიხრა-მოხრით, კვირსა ქცევით ანა იქაურობას განერიდა და ტაძრის უკანა აშთისაკენ გამავალ გამოქვაბულში გაუჩინარდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები