ნაწარმოებები



ავტორი: ჭაობისფერი
ჟანრი: პროზა
2 ივნისი, 2019


სილურჯის სატრფო

და ზღვის ლოცვას მოეღწია ასი მეტრის მოშორებით. ტალღის გრგვინვა მესმოდა მძინარეს.ყურზე მელამუნებოდა შვილმკვდარი მამასავით მოტირალი ზღვის ხმა.
და მე ვიღვიძებ...ისე წამოვჯექი ლოგინზე,მეგონა მთელი ღამე ლოდაკიდებული მევლო ქვიან სანაპიროზე.ფეხის თითიდან დაწყებული,თმის ღერით დამთავრებული მტკიოდა..მტკიოდა არა სხეული,არამედ სული,რომელიც თითქმის ყველაზე საღ ჭურჭელში იყო გამომწყვდეული.მტკიოდა გულიც,გულმკერდში ციმბირის ტყვესავით გამომწყვდეული,ბაგა-ბუგი რომ გაჰქონდა.,მტკიოდა თავიც...ბოლო ორი ჭიქა მომაკვდინებელი აღმოჩნდა ემოციებისთვის,რომლებიც მრავლად იყვნენ თავში და რომლებიც ჭიანჭველებივით ფუსფუსებდნენ,აწყდებოდნენ კედლებს თავიდან ფეხებამდე,არსებიდან არარსებობამდე,სიცოცხლიდან სიკვდილამდე,ჩემი სამყოფელიდან ზღვის ნაპირამდე...
და მე გავიღვიძე.ჩავიცვი და მივაყურადე ისევ ზღვას,გაშმაგებით რომ მიხმობდა,მელოდა და თავადაც არ იცოდა რისთვის და რატომ...მაგრამ მელოდა!
ვეახლე...ქვიშა თბილი იყო,ტალღები ცოტა გრილი.ისეთი,ოდნავ არასასიამოვნოდ რომ მოედო თბილი ადამიანის თბილ სხეულს.ვგრძნობდი,რომ ჩემთვის მუდამ თბილი და საყვარელი,ცოტას,მაგრამ ღირებულის მომთხოვნი და მრავლისმომცემი ზღვა გაცივდა...აღარ იყო თბილი,კეთილი,ცოტას მიმღები, მელოდიური და ჰარმონიული.იყო ცივი, მოღრუბლული,მუქი, გაჯავრებული მზერით, უარყოფითი,მაგრამ მაინც მიმზიდველი ენერგიით აღსავსე.
მიხმობდა,მაგრამ არა მოსაფერებლად.მელამუნებოდა,მაგრამ არა სიყვარულით.ვხედავ ქაფმა მუხლამდე მოაღწია,თეძოებამდე,მითრევს შიგნით ჩასაბღუჯად,როგორც მოძალადე გამურული კაცი სარაფნიან ქალიშვილს..მიპყრობს და მეხვევა წელზე ცივი სითბოთი,უხეში სინაზით,ბოროტი კეთილშობილებით და ვხვდები,რომ შია...შია უბიწოება,ბედნიერება,სიკეთე,ქველმოქმედება,წამები,წუთები,საათები,წლები.შია ასაკი ჩემი,სხეული ჩემი,სული,გული ჩემი,მარად მგზნებარე და მგრძნობიარე.შია თვალები,წარბები,წამწამები,ცხვირი,ყვრიმალები,ტუჩები,მრავლისმთქმელი მდუმარებით შემკული,შია მე...სიყვარული და სიცოცხლე.ჩამეხუტა,მათბობს,ვხვდები უახლოვდება სიცოცხლეს,სულს და ამ დროს...მტაცა ხელი სიკეთემ,ქველმოქმედებამ,სიცოცხლის დამფასებელმა და მისთვის მებრძოლებმა და ისევ დავიბადე.ისევ ვუბრუნდები ზღვის სიცივით გამთბარი ადამიანების "სითბოთი" გაყინულ სამყაროს სიცოცხლით,რომელიც სიკვდილზე მწარეა და ნაცრისფერი..
ზღვას შია..წაიღო ნახევარი და ელის დანარჩენ კუთვნილ ნახევარს...ელის მოთმინებით,მაგრამ მგრგვინავი,აღელვებული.ღრიალებს..ნაპირზე ეულად მჯდომს ჰგონია რომ სიკვდილს ახლა ზღვაში ეპოვნა თავშესაფარი, ჩასახლებულიყო იქ და სიამაყით ელოდა კუთვნილს სიცოცხლისგან! უხმობდა მისთვის თეთრ სამოსში გამოწყობილ სატრფოს, პატარძალს მისას,სანაპიროს მშვენებას შტორმის დროს...იჯდა და წერდა საკუთარ პიროვნებას პატარა ფურცლებზე,ხარჯავდა სიტყვებს ადამიანებისთვის,რომელთათვისაც არ ჰქონდა არანაირი მნიშვნელობა ამ სტრიქონებს.მის არსებას ითხოვდა ზღვა.მორჩა...თავმომწონედ და ამაყად წამოდგა.დააიფერთხა ზღვის მიერ მისთვის ნაჩუქარი შავი ქვიშა,მოკუჭა ფურცლები და მიუახლოვდა ზღვას.ჯერ ნაზად მოსული ტალღის სიცივემ ფეხის თითიდან თავამდე ააღწია და ფართოდ დაახუჭინა თვალები.ნიავიცაა,გრილი,ზღვის შხეფებიც ეცემა სახეზე.გადადგა ნაბიჯი,ქაფს მუხლთან გრძნობს...გადადგა ნაბიჯი,ზღვა გათამამდა...იზიდავს თავისკენ და ისიც პატარა ბავშვივით ვერ ეურჩება,მიჰყვება...ნაბიჯი,ქაფმა წელს მიაღწია.ნაბიჯი...სუნთქვა გაჭირდა,გული ცემს.ნაბიჯი...ცურვა არ იცის,ზღვას შია...ნაბიჯი...ფსკერი აღარ ჩანს.ნაბიჯი...მშვიდობით...
ზღვას აღარ შია.
09/09/18 23:55

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები