ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: დავით შემოქმედელი
ჟანრი: პოეზია
10 თებერვალი, 2009


მედეა/ფრაგმენტი/

წყეულიმც იყავ კორინთოს მიწავ!
ელადის  ღმერთებს ვიწვევ საომრად!
ჩემი ცა ლიხის ქედზე რომ იწვა,
არესის ნებით როგორ გაორდა.

მრისხანე ზევსო, მეფურ იერით
დაამხე ყველა კერპი მაცდური.
სიცოცხლე როკვა არის ნიღბების,
და წუთისოფლის ბოლო სადგური.

მე, ჰელიოსის ამაყ მემკვიდრეს,
მსურდა კი სხვისი ზეცა ზიარი?
მზე მღვრიე ქარებს მხრებით მოჰქონდათ,
როგორც ობოლი ბავშვი, მტირალი.

წყეულიმც  იყოს ის დღე, როდესაც
მოადგა “არგო”კოლხეთის ნაპირს,
სადღაც ჰკივიან მიკიოტები,
ჭოტის ხმა მოჰგავს მეკობრის საყვირს.

იასონ, დახე, უმადურებავ!
ჩემი ცა დავთმე შენი გულისთვის,
ღმერთების მხარევ, დიდო ელადავ,
მე სასჯელს ვიხდი სიყვარულისთვის.

არ გთხოვ შენდობას, ძმაო აფსირტოს,
ამ ღალატისთვის,  გთხოვთ, გევედრებით,
ძილშიც კი ძილშიც, დიდ სველ ბურანში,
არ მასვენებენ თქვენი ცხედრები.

რა ვერაგი ხარ, ცხოვრებავ მრუშო
კაცს, კაცთაგან რომ უნდოდ გარიყავ,
ვნანობ, იასონ, გმირი  მეგონე!
თურმე უბრალოდ მენიჩბე იყავ.

ვნანობ, იასონ, რაღა დროსია,
გაცემულია ოქროს საწმისი,
ვაგო პასუხი, მე თანახმა ვარ,
ციკუტას შხამის შევსვა სასმისი.

მერე ვიშვიში სასაცილოა,
მერე, ჰო, მერე რაღა დროსია,
ფრთხილად მედეა! ყველაზე ფლიდი,
მოყვრად მოსული ბარბაროსია.

მშვიდობით კირკე, დღე გაყინულა,
და მახრებივით მხრავენ სიზმრები,
და თითქოს ვხედავ – სულს მინანავებს
ფაზისის თბილი, ლურჯი ზვირთები.

ეგ ბედისწერა – მემრუშე საქმრო,
მიმათრევს საით ძალისძალათი,
მე რა ვიცოდი სიყვარულისთვის
რა ადვილია ქვეყნის ღალატი!

                                    1986წელი



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები