ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გილო
ჟანრი: პროზა
4 ივნისი, 2019


მიწა დადნა?

  ამ ამბავს ისეთივე მიზეზი ჰქონდა, როგორც თოთო ბავშვის ჭირვეულ ჩაბჟირებას. თუმცა მიზეზის არ ცოდნა უმიზეზობას ყოველთვის რომ არ უნდა ნიშნავდეს , ამის აღნიშვნა რაღა საჭიროა. კომუნისტების პერიოდში საცხოვრებელ კორპუსს, რომელიც კომბინატში დასაქმებულებისთვის შეღავათიანი პიროებებით აეშენებინათ, საკმაოდ მოზრდილი ეზო ჰქონდა. ისე ეზოც რომ არ ყოფილიყო, ოთხმოცდაათიანი წლების ბავშვებს სხვა ეზოში ჟრიამულიც არასოდეს გაუჭირდებოდათ, თუმცა ეს ამბავი სწორედ აქ მოხდა. კორპუსის შესასვლელთან დიდი ხნის გაუნძრევლად იდგა ზილის მარკის  მანქანა.მისი პატრონი მეზობელ ქვეყანაში გადახვეწილიყო და ერთ დროს განუყრელი რკინის მეგობარი მარადიული უძრაობისთვის გაეწირა. სამაგიეროდ აქ მცხოვრები ბავშვებისთვის საძრომიალო მოწყობილობად გადაიქცა ცისფერ ცხვირიანი ვეშაპი, თითქოს მის გამოფხიზლებაზე ასე ეზრუნა ბედს და ესეც დიდი შეღავათი უნდა ყოფილიყო. გასაკვირი არაფერია იმაში თუ აღვნიშნავ რომ უფროსი თაობის მაცხოვრებლები ერთამნეთისგან დიდად განსხვავებული ადამიანები იყვნენ ასაკითა თუ ხასიათით; ბავშვების ცელქობის მიმართ გამოხატული რეაქციებითა თუ ერთმანეთთან ურთიერთობით. ეს კი შეუმჩნეველი არასოდეს რჩებოდა მოუსვენარი გოგო-ბიჭებისთვის.ვიღაც ყოველთვის დაუცაცხანებდა ბავშვებს ზედმეტი ყიჟინის გამო, ან იმ რომელიმე ონავარის მშობელთან მოიოხებდა გულს საყვედურებით, სირბილის დროს მოულოდნელად რომ დაეჯახა სადარბაზოს პირველ სართულზე.  ასე გადიოდა დრო. ბავშვები კი თავისებურად რეაგირებდნენ ,,ბოროტ\'\' მეზობლებზე. ზოგჯერ აივანზე გამოფენილ ჩურჩხელას და ტყლაპს მოჰპარავდნენ ერთ - ხანში შესულს, ზოგჯერ კოლიდორის კედლის მიღმა დამალულები გამოუხტებოდნენ კიბეზე ჩამომავალს და შეაშინებდნენ, შემდეგ კი მიიფანტ-მოიფანტებოდნენ. ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ ბავშვებს საზრუნავი არ გაუჩნდათ რუხი ბალნით დაფარული ლეკვის სახით, წინა ორ თათს შორის მკერდზე მკვეთრად ყავისფერი უსწორმასწორო ფორმის მოგრძო  ლაქა რომ ჰქონდა, ადვილად შეიძლებოდა ამ ფრაგმენტის, რუკაზე დატანილი რომელიმე ქვეყნის მოხაზულობისთვის შეადრება. ეს არ ჰგავდა ჩექმას, არც რომელიმე ცნობილ ასოციაციას. უფრო აფრიკის კონტინენტისკენ უნდა გეძებნათ ალბათ მსგავსება, თუმცა ეს იყო თუ არა მიზეზი იმის რომ რომელიღაცას ეპოვნა  სადღაც და ეზოში მოეყვანა - არავინ იცის.  სახელიც შეურჩიეს. მთელი მათი ყურადღება მიკისკენ თუ ზუსტად აღარ მახსოვს ბიმისკენ გადავიდა. გათენებისთანავე იწყებოდა სახლებიდან გამოტანილი პურის ნატეხებითა თუ საჭმლის სხვადასხვა ნარჩენებით მისი მომარაგება და შემდეგ დაუსრულებელი სირბილი ლეკვთან ერთად კორპუსის ორგვლივ. ზამთრის ხასიათი დღითიდღე უჯდებოდა ამინდს. ჯერ ტემპერატურამ მოიკლო, ერთი კვირის შემდეგ თოვლიც გამოჩნდა. ლეკვის საცხოვრებელმაც ეზოდან სადარბაზოში გადაინაცვლა. სადარბაზო კი განავალით აივსო. ახალი თავსატეხი გაუჩნდათ ბავშვებს. მშობლებისა თუ უკმაყფილო ადამიანების დავიდარაბას ბავშვური გულგრილობით პასუხობდნენ. ლეკვის გაგდება იდგა დღის წესრიგში. მოშორება. ყველა ამისკენ მოუწოდებდა. ერთ დღეს კიბეზე ჩამომავალ მოზარდს ლეკვი რომ არ შეეგება ჩვეული ხალისით, ცუდად ენიშნა. დანარჩენებმაც ბრაგა-ბრუგით ჩამოირბინეს კიბეებზე. გადათეთრებულ ეზოში ზილის უკან შავად მოჩანდა რაღაც ნახევრად მოკუნტული. ფიფქები ისე აგრძელებდნენ ვარდნაში ერთმანეთთან შეჯიბრს, თითქოს მუქ სხეულამდე მიღწევა პირველობისთვის მათი უმთავრესი მიზანი ყოფილიყო. ისინი ეცემოდნენ ბალანს და აღარ დნებოდნენ. არ ვიცი ვინ მიუახლოვდა პირველი, ავი შეგრძნებით მონიშნულ ადგილს, ვის ეყო გამბედაობა პირველი ცრემლისთვის. მეორე დღეს ფიცრებით შეკრულ საშუალო ზომის კოლოფში მოთავსებული ლეკვის გვამი დახვდა ზილის საფეხურზე უთენია  სიგარეტის მოსაწევად გადმომდგარ მეზობელს. ბავშვები უხალისოდ და უხმაუროდ გროვდებოდნენ გვამის ირგვლივ. სახელდახელოდ მომზადებული გადაჯვარედინებული ორი ჯოხიც გაუმაგრეს წინა თათებს შორის, რომელმაც გეოგრაფიული მოხაზულობა თითქმის სრულად დაუფარა ლეკვს. ერთიანად აბღავლდნენ და წინასწარ ამოთხრილი უფრო სწორედ გამოთხრილი საფლავისკენ დაიძრნენ ჩასასვენებელთან ერთად.აკლდამასავით ადგილი იყო. ძველ ნანგრევებში მოზრდილი მყარი მასის ნატეხის ქვეშ დარჩენილი სივრცე ქმნიდა ამ შეგრძნებას. შედგეს ყუთი და ამოქოლეს. იქაც იგლოვეს ხმით. გადიოდა დღეები და ჭირისუფლები თითქმის ყოველ დღე აკითხავდნენ სამარხს. მეზობლებს რაღაც სინდისის შემაწყუხებელი გამომეტყველება ემჩნეოდათ სახეზე ამ ამბის შემდეგ. ბავშვების ყურამდე იმ ამბავმაც მიაღწია რომ თურმე ერთ-ერთ მეზობელს რაღაც უჭმევია ლეკვისთვის დილით, რომელიც ყველაზე მწყრალად ყოფილა ბიმის თუ მიკის ზამთრის გამო ეზოდან სადარბაზოში შესახლების შემდეგ. ეს ზრუნვა რომ რაღაც კავშირში შეიძლებოდა ყოფილიყო ტრაგედიასთან, ამას ვერავინ მიმხვდარა ბავშვებში. ზამთარი ძალას კარგავდა. თოვლი არათანაბრად და უცნაურად დნებოდა. ადგილ-ადგილ ისეთ მუქ კვალს ტოვებდა ნახევრად სითეთრე შენარჩუნებულ სივრცეში, თითქოს ლეკვების გვამებით იყო მოფენილი გარემო. ან თითქოს ისეთი უპატიებელი რამ ჰქონოდა ჩადენილი, რომ რაც შეიძლებოდა სწრაფად უნდა დაეტოვებინა ის ადგილები, სადაც სამ თვეზე მეტი მყარად ჰქონდა ფეხი მოკიდებული. ერთ დღეს ბავშვების მისვლა სამარხთან, იმედგაცრუების მიზეზად შემდეგმა სურათმა აქცია. თოვლი დამდნარიყო. სამარხიდან გვამი გარკვევით მოჩანდა. ერთ-ერთმა წამოიძახა - მიწა დადნა?

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს