ნაწარმოებები



ავტორი: სანდრო რუხი
ჟანრი: პროზა
9 ივნისი, 2019


მტვერი (თავი 6. ნაწილი 1)

                                                                                                                  მარტოსულები

                                                                                                                              1

*რასხი – შავ-მოწითალო ცხენი.
*სავაჟინე – ღვინის ერთი წლის მარაგის შესანახად აგებული შენობა.
სახურგო (მეგრ. მიჯნა, სამიჯნო)  – აქ. ლიმბო.


მიაქროლებდა, ცხენი მხედარს გრიგალივით მიაქროლებდა, თითქოს ტაიჭი ქარიშხალი ყოფილიყოს; რახსი  ჰაერს ხმალივით კვეთდა, ქარის ტალღები ცხენოსნის ჟღალ თმებს ათრთოლებდა, ხოლო გრილი ნიავი სახის კანს საამურად ეალერსებოდა. ქალი რაშს აღვირში მჭიდროდ ჩასჭიდებოდა, გადმოვარდნას უფრთხოდა. ელენი ცხენს მთავარი გზით ჩრდილოეთისკენ მიაჭენებდა. წითელი მიწა შავით იცვლებოდა. თავადისასული მიხვდა, ათრას საზღვრები სრულდებოდა და იქრისში გადადიოდა.

საღამო ჟამს, ჯადოქარმა გადაწყვიტა, ცხენი დაესვენებინა. მთვარის შუქი გზას უკვალავდა, ამიტომ იფიქრა, ტყეში შესვლამდე, ცოტა ფეხით გაესეირნა. რძისფრად განათებულ ბილიკს მიუყვებოდა და დაბნეულობის გრძნობა ვეება ტალღებივით უტევდა; მის სულში ქარიშხალი ქროდა, რომლის დამარცხებასაც ლამობდა − ელენის ბოლომდე ვერ გაერკვია, სამშვინველს რა უფორიაქებდა: საკუთარი ოჯახის მონატრება, თუ დასახული მიზნის მისაღწევად გასაკვალავი გზის სირთულე. ყოველთვის თვლიდა, რომ მგრძნობიარე და თვითგანცდებით სავსე არასდროს ყოფილა, თუ რამეს გადაწყვეტდა გიშულირად აზროვნებდა, − ყველაფერს აწონ-დაწონიდა და გადაწყვეტილებას ისე მიიღებდა, − მაგრამ ოჯახთან განშორებამ, თითქოს, უცნობი საკეტები დაუმტვრია და მიძინებული შურ-ქვინი ათავისუფლა.

ფიქრებსა და თვითგანცდებთან მარტოსულად მყოფი თავადისასული ბილიკს მდოვრედ მიუყვებოდა. აღვირი ხელში მჭიდროდ ჩაეჭიდა და თვალდახუჭული მიაბიჯებდა. ჯადოძალით ზენეათში სულთგარდასახვას ცდილობდა, რათა ალექსანდრესთვის, დედისთვის, მამისთვის ცალი თვალით მაინც ემზირა; უნდოდა,  საკუთარი ბაღისთვის თვალი შეევლო, სადაც სეირნობა და მოსვენება უყვარდა. სურდა, სავაჟინეშიც  კი, რომელიც გულზე არასდროს ეხატებოდა, შეეჭყიტა და, წარმოსახვით მაინც, ღვინის მძაფრი, მათრობელა სურნელი შეეგრძნო. ყველაფერი ენატრებოდა. გრძნობას ისიც უმძაფრებდა, რომ იცოდა, ქალაქში დიდხანს ვერ დაბრუნდებოდა, საერთოდ თუ შეძლებდა დაბრუნებას. ელენი  ძალებს არ იშურებდა, რათა ეს მეტად რთული ჯადოქრობა გამოსვლოდა, მაგრამ ვერას ხდებოდა. ბოლოს მიხვდა, მოძრაობა ჯადოქრობაში ხელს უშლიდა და მცდელობაზე ხელი აიღო. გადაწყვიტა, სამომავლოდ, იმ დროისთვის გადაედო, როდესაც მოსვენებას გადაწყვეტდა.

თავადისასული ტევრის ნაპირებს მიადგა. ფიჭვნარი ისე ფართოდ გაშლილიყო, დასაწყისსა და დასასრულს თვალს ვერ მიაწვდენდი. ღრმა და დაბურული ტყის ცად აზიდული ხეები მყარმიწას დარაჯებივით გადმოჰყურებდნენ. ელენი ცხენზე ფრთხილად შეჯდა და სიღრმეში უშიშრად გაქუსლა.

ფოთოლთა ჩუმი შრიალი ჯადოქარს ეჩურჩულებოდნენ. ცხენის ფაფარი მსუბუქად და ჰაეროვნად ფრიალებდა. ცხენის ქროლვით განაკვეთი ჰაერი სახეზე ნაზად ეფერებოდა, გრილი ქროლვა ელაციცებოდა და თმას უფრიალებდა. ელენიც, სიოთი მოხიბლული  და მონუსხული, ღრმა ფიქრებს მისცემოდა. ცხოველს სრულად მინდობილი მხედარი საკუთარ თავს ეუბნებოდა: დაე, გასწიოს საითკენაც მიმაქანებს. გზას არ უკვირდებოდა, ტაიჭს მიაქროლებდა და ტყის სიბრძნეს, მის ძალაშინს გრძნობდა – ძარღვებში სისხლის მიმოქცევასთან ერთად ძალა ემატებოდა.
დაბურულ ხეთა ჩრდილქვეშ მთვარეც სუსხიანად ანათებდა. ფიჭვებს მოფარებული ბაკმა ელენის საკუთარ კალთის ქვეშ ვეღარ იფარებდა, ვეღარ მფარველობდა, ვერ ეხმარებოდა, რათა ქალისთვის მგზავრობა გაემარტივებინა და გზა გაენათებინა. ტევრიც უჩვეულოდ მშვიდი იყო, თითქოს გრძნეულის ჯადოძალას გრძნობს და დუმილს ამჯობინებსო – მათ გარდა არც ერთი სულიერის ჭაჭანი არ ისმოდა.

სიმშვიდე და სიჩუმე ელენის ძალას ჰმატებდა. თავადისასულმა საკუთარ ძარღვებში მდინარისებრ მოძრავი ჯადოსნური გნასი მოიხმო და თვალები დახუჭა, თითქოსდა თვლემსო. ტყემაც მრავალი საუკუნეების დაგროვილი ალჯანეულის ძალა უხილავ არხებით გადმოატარა, ძალაშინმა საკუთარი პატრონი ამოიცნო და ელენის შეერწყა. მზმელმა ჯადოქართა გნასი მთელი სხეულით შეიცნო.

ჯადოძალის შეგრძნება რაც უფრო უმძაფრდებოდა, ელენი მით უფრო შორდებოდა არსებულ სამყაროს და წარმოსახვითს უერთდებოდა; ცხენის ჭენების მიუხედავად გრილი სიოს მოფერება, უფრო და უფრო, მცირდებოდა. მხედარი უკვე ვერც ცხენის ჯირითს და ვეღარც ტყის სიჩუმეს გრძნობდა. თავადისასული სინამდვილეს საბოლოოდ მოსწყდა, თითქოს მისმა სულმა სხეული მიატოვაო. იგი უეცრად წყვდიადში აღმოჩნდა, ირგვლივ კუნაპეტი სივრცე შემოჰკვროდა, თუმცა საკუთარ სხეულს კარგად ხედავდა: საკუთარ ხელებს, ფეხებს. ნაბიჯი გადადგა, მაგრამ კუპრივით შავ სივრცეს ვერ გასცდა. 

– რას აპირებ? − ხმა ელენის ყრუდ მოესმა.
– მამა, – ელენიმ მშვიდი და აუღელვებელი  ხმაჟღერადობით წარმოთქვა.

ვერ გაარკვია, არჩილი ვის ელაპარაკებოდა, მეორე ადამიანის ხმა თითქმის არ ესმოდა. თავადისასულმა გადაწყვიტა, ნაცნობ ხმას გაჰყოლოდა, იფიქრა ასე წყვდიადს თავს დააღწევდა.

– უნდა იქორწინოს? რატომ? ჯერ ადრე არ არის?

ელენიმ მეორე ხმაც გაიგონა. მიხვდა, რომ არჩილი და ნანა ბაასობდნენ. მშობლების ხმამ სიამოვნება მიჰგვარა. ცხენზე ბანგით მთვრალი ადამიანივით მყოფ მძინარე მხედარს სახეზე ღიმილი გამოესახა.

– დედა! – ელენიმ ჩურჩულით წარმოთქვა.

სადღაც სიღრმეში რძისფრად, მოწმენდილ ცაზე ერთადერთი შეკიდული ვარსკვლავივით, რაღაც აციმციმდა. ელენი წერტილისკენ გაემართა. მიახლოებასთან ერთად ჯადოქარს მშობლების ხმა უფრო მკაფიოდ ესმოდა, წერტილოვანი ნათება კი თანდათან იზრდებოდა.

– დედა, მამა! – ელენი აღელდა, მონატრების გრძნობა გაუმძაფრდა. ერთი სული ჰქონდა, ახლობლებს თვალს როდის შეავლებდა. მან იცოდა, რომ ეს შეხვედრა შორიდან დანახულ ვარსკვლავს ჰგავდა, რომელსაც ვერ მიუახლოვდები და მხოლოდ მისი სილამაზით ტკბები, მაგრამ ელენისთვის ეს საკმარისი იყო, რათა მათი ნახვის მძაფრი სურვილი ცოტათი მაინც შეემსუბუქებინა.

თავადისასულს ცხენის ჭიხვინის ხმა ყრუდ მოესმა, მაგრამ ყური არ ათხოვა. სვლა მშობლებისკენ, უფრო სწორად, ლივლივი ნათებისკენ სწრაფად განაგრძო.

რაც უფრო უახლოვდებოდა ნათებას, რძისფერი შუქი მით უფრო იზრდებოდა. შავმაზარამოსხმულ სივრცეში ვერცხლისწყლის მსგავს სითხეს სარკის მოყვანილობა ჰქონდა, რომლის მიღმა ჯადოქარმა ნანა და არჩილი მათ საძინებელ ოთახში დალანდა.

ელენიმ გაიფიქრა, გავძვრებიო და წარმოსახვით სარკეში ხელი ფრთხილად შეჰყო. სითბო იგრძნო, მზმელი მიხვდა, რომ შურ-ქვინმა მისი სხეული დატოვა და ახლა სახურგოში  – ნამდვილ და წარმოსახვით, გონებრივ სამყაროს საზღვარზე – იმყოფებოდა. თავადისასულმა მხნეობა და გამბედაობა მოიკრიბა და სივრცეში მსთუადად გაძვრა. იგი ოთახში აღმოჩნდა. ყველაფერი ისეთი ნამდვილი იყო, თითქოს იქ იმყოფებოდა. არჩილი და ნანა რაღაცას განიხილავდნენ. მათი საუბარი ალექსანდრეს ეხებოდა. გოგო მშობლებთან ახლოს მილივლივდა, დედას თვალებში ჩააცქერდა, მამას სახეზე სიბრაზე ამოიკითხა. უნდოდა, შეჰხებოდა, მაგრამ კარგად იცოდა, ის სინამდვილეში იქ არ იყო, იქ არც მისი სული იყო. მშობლებს ასე ნათლად მხოლოდ ჯადოძალის მეშვეობით ხედავდა.

თავადისასულს ცხენის ჭიხვინის ხმა ისევ მოესმა. უეცრად ელენიმ მარჯვენა იდაყვში მძაფრი ტკივილი იგრძნო. ჯადოქარს თვალთ დაუბნელდა, ოთახი აიმღვრა, თითქოს წყალში საღებავის ათასი ფერი ერთდროულად შეურიესო. ელენი ისევ სახურგოში აღმოჩნდა. მას აღარც ხმები ესმოდა და მოციმციმე წერტილიც გამქრალიყო. მზმელმა იდაყვზე დაიხედა, სისხლი სდიოდა. ჯადოქარმა ხელი კეფაზე მოისვა, თითებზე სისველე იგრძნო, დაიხედა და სისხლი დაინახა – თავი გაჰხეთქოდა. თავადისასული მიხვდა, იგი ცხენიდან გადმოვარდნილიყო.

მზმელს უმწეობის გრძნობა დაეუფლა: სადღაც ტყეში მარტო, გონებამიხდილი ეგდო და ვერავინ უშველიდა. თვითონაც სახურგოში გამომწყვდეულიყო, რომც შეძლებოდა, თავს მაინც ვერ დააღწევდა, რადგან სხეული ტკივილისგან გათიშულიყო.

ელენიმ რყევა იგრძნო, თითქოს გემზე ყოფილიყოს ან შარაბანდში, რომელიც მოკირწყლულ გზაზე მიდის, მაგრამ თვითონ ზუსტად იცოდა, რომ ტყეში იყო. თავზე ხელი ისევ მოისვა, სისველეს აღარ გრძნობდა, მაგრამ სისხლს თითებზე მაინც ხედავდა. თავადისასულმა იფიქრა, ეს გონებაში ჩაბეჭდილი ანარეკლი უნდა იყოსო. ელენიმ ისევ შეიგრძნო, როგორ ირყეოდა; მისი შურ–ქვინი იმას აღიქვამდა, რასაც მისი სხეული განიცდიდა.
რყევამ თავადისასული არსებულ სამყაროში დააბრუნა. ჯადოქარმა თვალი ნაზად გაახილა. მიხვდა, სახურგოსთვის თავი დაეღწია. გონზე მოსვლის შემდეგ პირველად ცას შეხედა და ხეთა ტოტებთან მოცეკვავე მანგი დაინახა − მთვარე ხან იმალებოდა, ხანაც გამოჩნდებოდა. ელენის ცხენის ფრუტუნი მოესმა. იფიქრა, ჩემი რასხი უნდა იყოსო, მიიხედ-მოიხედა, და მიხვდა, რომ ცდებოდა; იგი ვიღაცას ურემზე დაუწვენია და სადღაც მიჰყავდა.

– მშვიდად, ბედაურო, მშვიდად!

ელენის კაცის ბოხი ხმა მოესმა, რომელიც ცხენს ამშვიდებდა. ელენის თავის აწევა უნდოდა, მაგრამ ვერ შეძლო, კეფაში სიმძიმე იგრძნო და თვალთ დაუბნელდა, მაგრამ გონება არ დაუკარგავს, ყველაფერს გრძნობდა, ყველაფერი ესმოდა.

– დამშვიდდი, სადაცაა მივალთ და შაქარყინულს მოგცემ, – კაცმა ცხენს მშვიდი და მანუგეშებელი ხმით მიმართა.

ჯადოქარს უნდოდა, ხმის მიმართულებით გაეხედა, მაგრამ თავის ტკივილი ამის საშუალებას არ აძლევდა. ელენიმ გადაწყვიტა დაეძინა. იფიქრა, ამ ადამიანს ჩემი მოკვლა რომ ნდომებოდა, მომაკვდავს ტყეში მიმატოვებდაო.

თავადისასულს მთელი გზა ეძინა, როდესაც გამოფხიზლდა და ქუთუთოები ერთმანეთს დააშორა და თვალი ბუხარში მოგიზგიზე ცეცხლის ენებს მოჰკრა. ფანჯრისკენ გაიხედა, ისევ ბნელოდა. კეფაზე სირბილე იგრძნო და თავიც იმდენად აღარ სტკიოდა, მხოლოდ ყრუ ტკივილს გრძნობდა. ელენიმ მარჯვენა ხელი თხემზე ფრთხილად მოისვა. მასპინძელს მისთვის სახვევი გაეკეთებინა. მზმელმა ჭერს ახედა. ხისგან ნაგები სახლი ორსართულიანი იყო. ჭერში, დირეებზე თამბაქოს ფოთლები უდრტვინველად ეკიდა. ქალს კაცის ფეხის ხმა მოესმა და თავი მოიმძინარა, თვალები სწრაფად დახუჭა და სმენად იქცა. უცნობი ავადმყოფთან მივიდა, ელენიმ პატარა მაგიდაზე თიხის ჭურჭლის დადების ხმა გაიგონა. კაცმა ტილო გაწურა და ავადმყოფს შუბლი შეუმშრალა. მზმელმა გაიფიქრა, ჯადოძალა ხომ არ გამოვიყენო და თავი ისე ხომ არ დავაღწიოო, მაგრამ ელენიმ საკუთარი შესაძლებლობები კარგად იცოდა – იცოდა, რომ დაძაბუნებული იყო და ჯადოქრობისთვის გნასი არ ეყოფოდა, ამიტომ განზრახვაზე ხელი აიღო და გადაწყვიტა, გამოჯანმრთელებას დალოდებოდა.

– კიდევ დიდი ხანი აპირებთ, თავი მოიმძინარო? – კაცს თინჩი ხმაჟღერადობა ჰქონდა.

ელენიმ თვალები გაახილა, თუმცა კაცის სახე კარგად ვერ დაინახა − ოთახს მრუმე შუქი ანათებდა. სამაგიეროდ, თავადისასულმა შეამჩნია, რომ მისი მშველელი მაღალი იყო, რომელსაც ფართე მხრები, ძლიერი მკლავები, გრძელი კისერი, მოკლედ შეკრეჭილი თმა და დაკუნთული აღნაგობა ჰქონდა.

– დიდი ხანია იცით, რომ მღვიძავს? – ელენიმ კაცის კითხვას კითხვითვე უპასუხა.
– მას შემდეგ რაც ოთახს ათვალიერებდით, – კაცმა მოკლედ და ცივად უპასუხა, თიხის ჯამი აიღო და ოთახიდან გაიტანა.

რამდენიმე წუთში ლანგარზე დალაგებული დაჭრილი პური, ერბო, ლითონის ჭიქით რძე და ხის ქილით თაფლი შემოიტანა. ფრთხილად დადო იქ, სადაც ადრე ჯამი იდო.

– მიირთვით, ძალების მოკრება დაგჭირდებათ! –  კაცმა უხეში ხმაჟღერადობა ჰქონდა.

თავადისასული წამოიმართა, კედელს მიეყრდნო. ცოტათი თავბრუ დაესხა. ხელი პურისკენ ნაზად წაიღო, აიღო და დაყნოსა. ახლადგამომცხვარი პურის სუნი ელენის ესიამოვნა და დიდი ლუკმა მოკბიჩა.

– რა გქვიათ? – კაცმა ჯადოქარს თინჩი ხმით ჰკითხა.
– ებენი, – ელენის პირი საჭმლით ჰქონდა გამოტენილი და ბგერებს ვერ გამოთქვამდა.
– ებემი? – კაცმა გაკვირვებული გაიმეორა.

ელენიმ უარყოფის ნიშნად თავი გააქნია.

– მაშინ? – კაცი ელენის ცნობისმოყვარე მზერით მიაჩერდა.

ელენიმ ლუკმა გადაყლაპა, რძე დააყოლა. ჩაახველა და უპასუხა:
– ელენი!
− დიდებულთა სახელია! − მრავლისმეტყველად შენიშნა კაცმა.
− თქვენ რა გქვიათ? – ელენიმ ერბო თაფლში ჩააგდო, აურია და პურზე წაუსვა.
– გიორგი!
– გიორგი? – ელენიმ გაკვირვების ნიშნად წარბები ასწია და კაცი კიდევ ერთხელ კარგად შეათვალიერა, – მხოლოდ გიორგი?
– ეგ საკმარისია, თქვენო უდიდებულესობავ!
– თქვენო უდიდებულესობავ? –  ელენის ხმამაღლა გაეცინა, – მამფონთა ოჯახის წევრი არ გახლავართ, რომ ეგრე მომმართოთ!

გიორგი ელენის მარჯვენა ხელისკენ გადაიზნიქა. თავადისასული მასპინძლის საქციელმა შეაკრთო, მაგრამ არაფერი მოუმოქმედებია. კაცმა ელენის მარჯვენა ხელი საკუთარ მკლავებში მოიქცია და მზმელს არათითზე მიუთითა.

– ეს სარაჰის მამფონთა ნიშანია.

ელენიმ ბეჭედზე დაიხედა და ხელი არაცნობიერად დამალა.

− დარიელებს სხვა ნიშანი აქვს, − გამჭრიახი გამომეტყველებით უთხრა ელენიმ.
− არც მე მითქვამს რომ დარიელთა ნიშანია, − გიორგის ჩაეცინა.
– ეგ ბებიაჩემის დანატოვარი საჩუქარია და მეტი არაფერი! – ეს ცნობა ელენისთვისაც მოულოდნელი იყო, კიდევ უფრო მეტად ის აკვირვებდა, ტყის მცველმა ეს ამბავი საიდან იცოდა.
– ესე იგი, ბებიათქვენი ყოფილა მეფის გვარისა, ან კიდევ ბეჭედი მოიპარა, – კაცმა საკუთარი მოსაზრება მტკიცედ და დაბეჯითებით გამოთქვა.
– ცქვირინისეულია, რატომ ხართ დარწმუნებული, რომ ეს ბეჭედი სამეფო საგვარეულოს ეკუთვნის? – ელენიმ ხმაში ეჭვი გაურია. 
– მე საიდანაც ვარ, იქ ბევრ რამეს ვეუფლებით, – კაცს საკუთარი სამშობლოს გახსენებისას მწარე ღიმილი გამოესახა.
– და საიდან ხართ? – ჩაეძია ელენი.
– დღეისთვის საკმარისია, თქვენო უდიდებულესობავ!
– არა ვარ უდიდებულესობა-მეთქი! – ელენი გიორგის სიჯიუტემ გააჯავრა, სახე გაუმკაცრდა და თვალები ოდნავ ლაჟვარდისფრად აუელვარდა.
გიორგიმ ელენის თვალები ვერ შენიშნა, თუმცა მისმა გამეხებულმა სახემ ცოტათი შეაკრთო.
– კეთილი, – იჭვნეული ღიმილით მიმართა გიორგიმ, – ნუ იქნებით სამეფო გვარისა, შესაძლოა არც ხართ და ეგ ბეჭედი ბებიაშენმა, ანდა მისმა წინაპარმა მართლა მოიპარა. ვინ იცის, სარაჰში თრაგონების სამეფო საგანძურიდან, აჯანყებისას, რამდენი რამ დაიკარგა?! – გიორგიმ ნაღვლიანად წარმოთქვა.

„ისიც იცის რომ თრაგონებისაა?“ – გაიფიქრა ელენიმ, – „ბეჭედი არ უნდა გამეკეთებინა“.

– მართალია, – ჯადოქარი გიორგის დაეთანხმა, – ვინ იცის, აჯანყებისას რამდენი რამ დაიკარგა.
– კეთილი, ელენი, დაიძინეთ და ძალები მოიკრიბეთ! – გიორგიმ გაღიმება სცადა.
– ღამე მშვიდობისა, გიორგი! – ელენი გამოემშვიდობა და საბანში გაეხვია.


                                                                                                                                                          ***
გიორგი ელენის ერთი კვირა თავს ევლებოდა: საკვები მიჰქონდა, სახვევს უცვლიდა, სხვადასხვა ბალახებით ტკივილგამაყუჩებლებსა და დასაძინებელ ნაყენს უმზადებდა. თავადისასულს გიორგის ამდაგვარი საქციელი აკვირვებდა. ვერ მიმხვდარიყო, მისვთის ეს ადამიანი თავს რატომ იწუხებდა. მისი გრძნობების მიუხედავად ელენის მასპინძლისთვის მიზეზი არასდროს უკითხავს. ჯადოქარი ძალების მოკრებასა და გამოჯანმრთელებას ელოდებოდა, რადგან უნდოდა, ვერიოსში სწრაფად გადასულიყო.

რამდენიმე დღეში ჯადოქარი სრულიად გამოკეთდა, ჯადოძალაც ემატებოდა, თუმცა გიორგის ქოხის დატოვებას არ ჩქარობდა. უკვე აცივებულიყო, ხოლო ზამთრობით რადგან უღელტეხილები იხერგებოდა ხოლმე, განსაკუთრებით დიდთოვლობის დროს, გადაწყვიტა, რამდენიმე დღე ამინდს დაჰკვირვებოდა და წასვლის გადაწყვეტილება ისე მიეღო.

თავადისასული ბუხართან იდგა და თბილ რძეს მიირთმევდა, თანაც ბუხრის რაფაზე დალაგებულ ნივთებს ათვალიერებდა. გრძელი ხმალი და ფარი, ერთმანეთზე გადანასკვული, საკვამურის კედელზე ეკიდა. ზეზებით შეკრული ტყავის წიგნი რაფაზე იდო. წიგნს ყდაზე არაფერი ეწერა. ელენი მისკენ გაიწია, მაგრამ ამ დროს გიორგი შემოვიდა და მკაცრი ხმით ჯადოქარს შეჰყვირა შეჩერდი.

გიორგიმ ბუხართან მიირბინა, ტყავის წიგნს ხელი სტაცა და ელენის მკაცრი მზერა ესროლა.

– არასდროს, გესმის, არასდროს გაეკარო ჩემს ნივთებს უკითხავად! – მბრძანებლური ხმაჟღერადობა ჰქონდა.

ელენი შეკრთა. რძიანი ჭიქა ბუხრის თაროზე შემოდო და გიორგისკენ შებრუნდა. თავადისასულს თინჩი მზერა ჰქონდა, სახეზე სიბრაზე ეტყობოდა.

– გიორგი, – მარჯვენა ხელი კაცისკენ გაიშვირა. გასასვლელთან მისული მასპინძელი უცებ გახევდა, ვეღარ იძვროდა, – შემობრუნდი, – უბრძანა ელენიმ და გიორგიც ქალის ნებას დაჰყვა.

ჯადოქარმა გიორგის თითით ანიშნა, მასთან მისულიყო. კაციც საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ ჯადოქართან მივიდა.

– ძვირფასო, გიორგი, – ელენის ლაგაცური ხმაჟღერადობა ჰქონდა, – მადლობას გიხდი შენი დიდსულოვნებისთვის, მაგრამ უნდა დაიმახსოვრო, ჩემთან ამდაგვარ საუბარს ვერ ავიტან!

კაცს სუნთქვა შეეკრა. უჰაერობისგან გაშავდა. თვალები გადაატრიალა და უგონოდ იატაკზე დაეცა.

ელენი გასასვლელისკენ გაემართა, თავისთვის ჩაილაპარაკა, როგორც იქნა, ამ ქოხმახს მოვშორდებიო, და ზღურბლზე გადაბიჯება დააპირა, მაგრამ უკან მოიხედა და გიორგის უმოძრაო სხეულს თვალი შეავლო.

– თარეჰმაც წაიღოს! – ჯადოქარმა საკუთარ თავს შეუკურთხა და გიორგისთან მიიჭრა. იგი აღარ სუნთქავდა. – ეს რა ვქენი, – დანანებით თქვა და კაცს გულმკერდზე ხელი დაადო.

ელენიმ რაღაც წაიჩურჩულა, უგონო მასპინძელს შუბლზე მოეფერა. შემდეგ ჯერ ერთ, ხოლო მერე მეორე ყურში რაღაც ჩასჩურჩულა. გიორგიმ ჰაერი ხმაურით ჩაისუნთქა. თვალები გაახილა, რამდენიმე წამის შემდეგ კი  გონება ისევ დაკარგა. მზმელმა ჯადოძალის გამოყენებით კაცი ჰაერში აალივლივა და ადრე სადაც თვითონ იწვა, იმ საწოლზე ნაზად დააწვინა.

გიორგის როცა გამოეღვიძა, ელენის მისთვის განსაკუთრებული ნაყენი გაემზადებინა და თავთან დაედო.

კაცმა სასთუმალთან მჯდომი ელენისკენ თვალი შიშით გააპარა, თავში გაქცევის ფიქრიც კი გაუკრთა, მაგრამ იცოდა, ჯადოქარს ვერსად დაემალებოდა.

– ნუ, გეშინია, არაფერს დაგიშავებ, – ელენის ეღიმებოდა, – პატიებას გთხოვ, საკუთარ თავი ვერ მოვთოკე. – გოგომ ბიჭს ჭიქა გაუწოდა, – დალიე, ეს ჩემი ჯადოქრობისგან დაგიცავს და თან ძალებს მოიკრებ!

გიორგიმ ელენის გაწოდებული თიხის ჭიქა იჭვნეულად შეათვალიერა. შემდეგ მზმელს ახედა და ისევ ჭურჭელს დააკვირდა.

თავადისასულმა მასპინძლის უნდობლობა შენიშნა, ჭიქა ტუჩებთან მიიტანა და ერთი ყლუპი დალია, შემდეგ ისევ გიორგის გაუწოდა და დააყოლა:
– ნუ, ღელავ, საწამლავი არ არის, მართლა! ჩემი ჯადოქრობისგან დაგიცავს, რათა რაც დღეს მოხდა აღარ განმეორდეს.

კაცმა ელენის სასმისი სიფრთხილით გამოართვა და ბოლომდე გამოცალა. გიორგიმ სიმხნევე და მოზღვავებული ძალა იგრძნო.

– ჯადოქარი ხარ? – ელენის შიშნარევი ხმაჟღერადობით მიმართა.

ელენიმ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.

– მეგონა, სარაჰში აღარ არსებობდნენ! – გაკვირვებით წარმოთქვა.
– ცოტანიღა დავრჩით, – ქალმა დანანებით უპასუხა.
– ჩვენთან ვერიოსში ბევრი ჯადოქ... – გიორგიმ სიტყვა შუა გზაში გაწყვიტა, გაიფიქრა, ეგ რა წამომცდაო.

ელენის გიორგის ნათქვამი არ გამოჰპარვია და მასპინძელს გაბრწყინებული თვალებით მიაცქერდა.

– რა თქვი, ვერიოსშიო?!

გიორგის თავის მართლება უნდოდა, მაგრამ ელენის მზერა რომ დაინახა, მიხვდა, ვერაფერს მოიფიქრებდა ისეთს, სიმართლეს რომ დამსგავსებოდა.

– კი, ვთქვი, – კაცმა დაუდასტურა და ჯადოქარს მზერა მოარიდა.
– კარგია! – აღფრთოვანებისგან ელენი ჯორკოდან სხარტად წამოიმართა.
– რა გიხარია? – გიორგიმ გაკვირვებულმა ჰკითხა.
– მე ვერიოსში მივდიოდი. ცხენიდან გადმოვარდნამ შემაფერხა. ახლა რადგან შენ იქაური ხარ, გინეკაიამდე გზას უფრო მარტივად გავიკვლევ. – ელენიმ  მასპინძელს საკუთარი გეგმები მოურიდებლად გაანდო. ჯადოქარი გრძნობდა, რომ ვერიოსელის ნდობა შეეძლო, თითქოს ამას შინაგანი ხმა ჩასჩურჩულებდა.

გიორგის შეშფოთება გამოესახა. აღელდა კიდეც. შემდეგ სიტყვებს თავი მოუყარა და ელენის მიმართა:
– ვერიოსში, მე ვერ წამოგყვები, იქ არ დამედგომება, რომ გაიგონ ჩავედი, უეჭველი სიცოცხლეს გამომასალმებენ, – კაცის თვალები არ ტყუოდა, გიორგის შეშფოთებულ მზერას ეტყობოდა, რომ იგი სიმართლეს ამბობდა.

ელენიმ კაცს გაკვირვებული თვალებით მიაცქერდა და შეცბუნებული ხმაჟღერადობით ჰკითხა:
– კი მაგრამ, გლეხმა ასეთი რა ჩაიდინე, რომ მოგკლავენ?
– ეგ გრძელი ამბავია, მოსაყოლად კი დამღლელი, – გიორგიმ თავის არიდება სცადა.

თუმცა ელენი არ დანებდა. მასპინძელს გამჭოლი მზერა ესროლა და ღიმილიანი სახით უთხრა:
– არსად მეჩქარება, მოგისმენ, მაინც ბოლომდე არ გამოვჯანმრთელებულვარ.
– კეთილი, – გიორგი საწოლში წამოიმართა და გასწორდა, – პათომონი ერთ დროს ვერიოსს ეკუთვნოდა, იცი, ალბათ, ხომ? – ელენიმ თავი დაუქნია, – ჩემი გვარიც პათომონიდან მოდის. როდესაც ზექსეო დიდმა მელერეშეთში სარაჰის დროშა აღმართა, ჩემს ოჯახს ჩრდილოეთისკენ გახიზვნა მოუხდა. ვერისების გვარი საუკუნეების მანძილზე ჯიბრში გვედგა. პათომონის სარაჰთან შემოერთების შემდეგ, როდესაც მთავრად ვერისები დანიშნეს, ანატულებმა თავს გაქცევით ვუშველეთ...

ელენიმ მთხრობელს გაკვირვებული მზერით შეაწყვეტინა და ლივზინეური ხმაჟღერადობით ჰკითხა:
– ეგ გასაგებია, მივხვდი, რომ პათომონის მთავართა ძველი გვარიდან ხარ, მაგრამ საჰარის ტყეებში რატომღა იმალები?

– მოგიყვები თუ დამაცდი, – გიორგიმ ელენის უკმაყოფილოდ მიუგო და ღრმად ჩაისუნთქა, – თუ არ შემაწყვეტინებ, ყველაფერს დაწვრილებით მოგითხრობ, – კაცმა ჯადოქარს ხუმრობანარევი ხმაჟღერადობით მიმართა, რათა მისი ნათქვამი უხეშობად არ ჩასთვლოდა, გაუღიმა და ქალის პასუხს დაელოდა. ელენიმ თანხმობის ნიშნად თავი მცირედით დაუკრა და გიორგიმაც განაგრძო, – ვერიოსში დიდი და მცირე გვარები არ არსებობს, მხარეები სამართავად მემკვიდრეობით გვარებს, გასაგისებსა თუ ოჯახებს არ გადაეცემა. მხოლოდ ვერიოსის მამფონს აქვს კანონიერი უფლება, რომ ამა თუ იმ სამთავროში მთავრად გვირგვინის მიმართ ერთგული გვარის უფროსი დანიშნოს. ჰოდა,  როდესაც ზექსეო შემოიჭრა, პათომონს ალიცეა – ანატულების გვარიდან – მართავდა. მე და ჩემი და ბიძასთან, ნიკირიაში გაგვხიზნა, ერთ-ერთი სოფელია ზღვის პირას, თვითონ კი ბრძოლაში დაიღუპა. როდესაც ჩემი და წამოიზარდა, დედოფალმა გინეკაიაში სეფემოხელედ იხმო. ისიც მამფონის ნებას დაჰყვა. რამდენიმე წელიწადში ჩემი და სახელმწიფო ღალატისთვის გაასამართლეს და სიკვდილით დასაჯეს, ანატულებზე კი ნადირობა გამოაცხადეს. მე სიკვდილს დავეხსენი, ტინარშუჰში მიმავალ გემს რაჰამდე გამოვყევი, ხოლო შემდეგ ბინა აქ დავიდე, – გიორგიმ ელენის მომზადებული თაფლიანი რძე მოსვა და ჯადოქარს მზერით ანიშნა, რომ სათქმელი დაასრულა.

– მეტად ცქვირინისეულია, – ელენიმ ტუჩის კიდეები მოკუმა, თვალი ჭერს მიაპყრო და ჩაფიქრდა.
– ცქვირინისეულია, უდავოდ, – კაცი ჯადოქარს ფიქრები დაუფრთხო და გამოაფხიზლა, – მაგრამ ვერიოსში შენი წასვლის მიზეზია უფრო მეტად ცნობისგამომწვევი. სარაჰელ მეფეთა გასაგისის წარმომადგენელს ჩრდილოეთ სამეფოში რა დაგკარგვია?

ელენიმ ჩაიღიმა, მის წარმომავლობაზე კამათს აღარ აპირებდა, და კაცს მზერა გაუსწორა.

– ფესვები, ფესვების საძიებლად მივდივარ... უფესვოდ ხე მიწას განრთხმული შეშაა! – ელენიმ ვერიოსელს ქარაგმებით უპასუხა.
− რომელი ფესვების? − ჩაეძია კაცი.
− იმ ფესვების, სარაჰში რომ ამოძირკვეს...  − ელენის უეცრად სახე ეცვალა, საკუთარ სიტყვებში ბებიამისი ამოიკითხა და გული შეუღონდა. შემდეგ გიორგის გამჭოლი მზერით მიაჩერდა, სცადა საუბრის გეზი შეეცვალა და ჰკითხა, −  ანუ ვერიოსში მეგზურობას ვერ გამიწევ?
– ვერა! – სევდიანად უპასუხა გიორგიმ.
– მაშინ აისამდე მაინც გამომყევი, თან იმ გზებს მიმასწავლი, რომლითაც ვერიოსის დედაქალაქში უფრო მარტივად ჩავალ.
– ეგ შემიძლია, – გიორგიმ გაუღიმა.
– კარგია, – ელენის სიხარულისგან სახე გაუნათდა, – ეს ნამდვილად კარგია, – ჯადოქარი ფეხზე წამოდგა და ბუხართან მივიდა, ცეცხლზე შეკიდულ ქვაბს თავსახური გადახადა, ჩამჩით ტაო-ჟის ნაყენი ამოიღო, ჭიქაში ჩაასხა და გიორგის მიუტანა, – ეგ დალიე, ახალშობილივით დაგეძინება, თან დაგამშვიდებს.

კაცმა ცხელი ჭიქა გამოართვა. ხელები დაეწვა, შეიკურთხა, ცხელიაო, და სასწრაფოდ მაგიდაზე დადო, ელენის კი გაკვირვებული და ნაწყენი მზერით შეხედა.

– მე ეგრე არ მომჩვენებია?! – ელენის ხმაში გულწრფელი გაოცება იგრძნობოდა. ჭიქა აიღო, მაგრამ სიმხურვალე ვერ იგრძნო.
– არ დაგწვა? – გიორგი ელენის შეშფოთებული და განცვიფრებული მზერით მიაჩერდა.

ელენიმ უარყოფის ნიშნად თავი გააქნია და ჭიქა მაგიდაზე დადო.

– ვერ ვგრძნობ, ალბათ, ხელებში მგრძნობელობა ჩემი სიკვდილით დასჯის შემდეგ დავკარგე, – ივარაუდა ელენიმ.
– სიკვდილით დასჯის? – გიორგიმ იფიქრა მომესმაო და დაბნეულობისგან გულუბრყვილო მზერა მიიღო.
– კი, – ელენიმ დაუდასტურა, – ჩემს ქალაქში სიკვდილით დამსაჯეს და როგორც ყველა ჯადოქარი, მეც ტბაში დასახრჩობად გადამაგდეს, მაგრამ, როგორც ხედავ, გადავრჩი, – ბოლო წინადადება ელენიმ ნიშნისმოგებით წარმოთქვა.
– ძლიერი ჯადოქარი ყოფილხარ! – გიორგის ხმაში აღფრთოვანება ისმოდა.
– არც ისე, ბებიაჩემი ჩემზე ძლიერია, მიწისძვრის გამოწვევა შეუძლია.
– მეც ვიცნობდი, ერთ ჯადოქარს, რომელიც ცეცხლს იხმობდა, – გიორგის ხმაში ბაქიაობა იგრძნობოდა, – მაგრამ ეგ დიდი ხნის წინ იყო. ვერიოსში ჯადოქრები არამზმელებთან ერთად მშვიდობიანად თანაცხოვრობენ, მაგრამ უნდა გაგაფრთხილო, ჩრდილოეთის სამეფოში ჯადოქრების ამოცნობა მარტივია.
– ამიტომაც მინდოდა, რომ გამომყოლოდი, – ელენიმ დანანებით წარმოთქვა და ნაღვლიანი მზერით გორგის მიაჩერდა.

გიორგიმ უმწეო, ნაცრისფერ-წენგოსფერი თვალებით გოგოს შეაცქერდა. უნდოდა, რომ ენუგეშებინა, გაემხნევებინა, მაგრამ სიცოცხლეს უფრთხოდა. ნამდვილად არ სურდა, მისი დის მსგავსად ცოცხლად გაეტყავებინათ და საქვეყნოდ თაკარა მზის ქვეშ ყველასთვის საჩვენებლად დაეგდოთ. ეშინოდა. სიცოცხლის დაკარგვის ეშინოდა, რომელიც ერთადერთი იყო, რაც შერჩენოდა.

– შემიძლია პათომონისა და ვერიოსის საზღვრამდე, პეტროკალას ველამდე გამოგყვე, შემდეგ საკუთარ თავს თვითონ უნდა უშველო!

ელენის გიორგის შემოთავაზება ესიამოვნა. გაუხარდა, რომ ვერიოსელი მასთან უფრო დიდხანს დარჩებოდა, შესაბამისად, ჩრდილოეთი სამეფოს შესახებ გაცილებით მეტ ცნობებს გამოსტყუებდა.

– კეთილი, – ლუღლუღით წარმოთქვა, – თავის გატანა არ გამიჭირდება. თუ რამე შემემთხვა, ჯადოქრობას მივმართავ, – ელენის ისეთი ხმა ჰქონდა, უფრო საკუთარ თავს ამშვიდებდა, ვიდრე გიორგის.
– ვერიოსში ჯადოძალა არ გამოგადგება, – კაცმა ნაღვლიანად გაიღიმა, – ყველა ვერიოსელმა იცის, თუ ალჯანეულთაგანს როგორ გაუმკლავდეს. ჯობია, ხმლის ჭერა ისწავლო!
– ხმლის ჭერა? – ელენიმ გაკვირვებული ხმით გაიმეორა და გიორგის მიაშტერდა.
– რა თქმა უნდა, – გიორგის თინჩი გამომეტყველება ჰქონდა, რასაც თავდაჯერებულობა ერთვოდა, – ვერიოსელი თუ მიგიხვდა, რომ მზმელი ხარ, შენს წინააღმდეგ ალჯანეულის ბანგს გამოიყენებს და შენს ძალაშინს გააქვავებს. სანაცვლოდ, თუ ორთაბრძოლა გეცოდინება, მეტი შესაძლებლობა გაქვს, რომ მეტოქე დაჯაბნო.
– ჰმ, – ელენი ჩაფიქრდა, – ეგ გასაგებია, მაგრამ ახლა სად უნდა ვიშოვო ის, ვინც ხმლით ორთაბრძოლას მასწავლის?!
– მე შემიძლია! – გიორგიმ თავდაჯერებულად და მტკიცედ უპასუხა.
– აბა, ვერიოსში ომისთვის მხოლოდ ამორძალებს წვრთნიანო? – ელენიმ გაკვირვებით ჰკითხა.
– მეტ წილად, – დაუდასტურა გიორგიმ, – კაცებს ვერიოსულ ჯარში სამსახურს არავინ უშლის. ნიკირიაში მხოლოდ მიწას კი არ ვხვნავდი, ხმლით ორთაბრძოლასაც ვეუფლებოდი. აბა, რა გგონია, ჩემთან მოგზავნილ მკვლელებს რა ხერხით დავუსხლტი, ჰა?

ელენის გიორგის სიტყვებმა სიხარულის ღიმი მოჰგვარა. ბიჭს შიშველ მხარზე ხელი დაადო. კაცის სხეულის სიმხურვალე იგრძნო, გაიფიქრა, სიცხე ხომ არ აქვსო, საკუთარი ეჭვები ხმამაღლა არ გამოუთქვამს. მასპინძელს მადლობა გადაუხადა და უთხრა:
– ახლა დაიძინე, – შუბლზე ხელი დაადო, უნდოდა, გაეგო სიცხე მართლა ხომ არ ჰქონდა, თუმცა დარწმუნდა, რომ შეგრძნებები ღალატობდნენ, – ვარჯიში კი ხვალიდანვე დავიწყოთ.

გიორგიმ თანხმობის ნიშნად კვერი დაკრა. ელენიმ საწოლს შემოუარა და მასპინძელს გვერდით მიუწვა. კაცი რამდენიმე წამი ელენის გაოცებით შესცქეროდა, რასაც ჯადოქარმა ყურადღება არ მიაქცია. შემდეგ გიორგიმ გოგოს ზურგი აქცია და დაიძინა.


                                                                                                                                                ***
ჩრდილოეთით ჰაერის თბოხარისხი შემოდგომით უფრო დაბალია, ვიდრე სახელმწიფეოს სამხრეთ მხარეებში.

აისისკენ გამგზავრებამდე, გიორგიმ ელენის საკუთარი დის სამოსი მისცა, რომელიც თავადისასულს ზუსტად მოერგო. ვერიოსელმა დის ნივთები ნიკირიიდან სკივრით ჩამოიტანა – მისგან მხოლოდ მისი ტანსაცმელი და საბრძოლო აღჭურვილობაღა დარჩა, რასაც თვალის ჩინივით უფრთხილდებოდა. ბიჭმა იფიქრა, დიდგვაროვანთა კაბა ელენის წვრთნაში ხელს შეუშლიდა, ხოლო ლიკას აღკაზმულობაში – ტყავის შარვალსა და ზედაში – თავადისასული საბრძოლო ილეთების დაუფლებას უკეთ შეძლებდა.

თითქმის მთელი შემოდგომა გიორგი ელენის საბრძოლო ხელოვნებას აცნობდა. ჯერ მცირედით ტვირთავდა, მარტივ ილეთებს ასწავლიდა. არ უნდოდა მოწაფე დაეფრთხო. შემოდგომის მიწურულისთვის კი, ვიდრე გათოვდებოდა, გიორგიმ გადაწყვიტა იქრისისკენ გამგზავრებულიყვნენ.

გამგზავრებამდე ერთი კვირით ადრე გიორგიმ ელენის უთხრა ქოხში დალოდებოდა, გასამგზავრებლად საჭირო ნივთებს იშოვიდა და დაბრუნდებოდა; გიორგი რამდენიმე დღე არ გამოჩენილა, თითქოს მიწამ უყო პირო. ელენი ეჭვებმა მოიცვა, ხომ არ მიმატოვა, ხომ არ შევაშინე და გადაწყვიტა, თავი ჩემგან შორს დაეჭირა. თუმცა მეშვიდე დღეს გიორგი გამოჩნდა. კაცი ფორანს მოაგორებდა. გამგზავრების დღეს გიორგიმ სანოვაგე მოიმარაგა, ფორანზე დისგან დანატოვარი სკივრი შემოდგა და დილის მზის სხივებთან ერთად იქრისის მთავარქალაქში გაემგზავრნენ.

გიორგისგან განსხვავებით ელენი ჩრდილოურ ზამთარს შეუჩვეველი იყო. ქათიბი მოესხა, მაგრამ ბეწვმოსილი სამოსი თავადისასულს მაინც ვერ ათბობდა – ხელები წელზე მჭიდროდ შემოეჭდო და ძაგძაგებდა.

– როგორც კი იქრისში ჩავალთ, თბილი სამოსი უნდა შევიძინო, – ელენიმ თანამგზავრს წუწუნითა და კბილების კაწკაწით უთხრა.

გიორგიმ მათარა გაუწოდა და მშვიდი ხმით შესთავაზა, დაელია.

– გაგათბობს, ვერიოსში ასე ვიქცევით, – ბიჭმა გაიღიმა, ცხენებისკენ შებრუნდა და მათრახი შემოსცხო.

ელენიმ ფორანის კედელს მიეყრდნო. მათარას თავსახური მოხსნა. დარანის მძაფრი სუნი არ ესიამოვნა, მაგრამ სიცივისგან თავდასაღწევად ყველაფერზე იყო წამსვლელი, ამიტომ თავმოხდილი ჭურჭელი მიიყუდა და დიდი ყლუპებით დალია. ქალი დაიმანჭა. სითხემ ყელი ჩაწვა. თავადისასულს ხველა აუტყდა.

გიორგი ახითხითდა, გოგოს შემოუბრუნდა და დამრიგებლური ხმაჟღერადობით უთხრა:
– პირველად არ გესიამოვნება, შესაძლოა გემო ვერასდროს გაუგო, მაგრამ ნამდვილად გაგათბობს, დამიჯერე! – შემდეგ თავმოხდილ მათარას დახედა და ელენი გააფრთხილა, – თავღიას ნუ დატოვებ, თორემ აორთქლდება!

ელენიმ გიორგის დარიგება გაითვალისწინა. მოსვა დარანა და მათარას თავი სასწრაფოდ დაახურა. თავადისასულის სისხლძარღვებში მცხუნვარებამ მოძრაობა აბობოქრებულ მდინარესავით დაიწყო. ქალმა სიმხურვალე იგრძნო და ესიამოვნა. გიორგის მადლობა გადაუხადა. ხმა აღარ უთრთოდა, თუმცა ჯადოქარს ძილი შეჰპარვოდა. დაამთქნარა.

– იცის, ხოლმე, – გიორგიმ ჩაიცინა, – მიჩვეული თუ არ ხარ დაგაძინებს... – და უკან გაიხედა.

ფორანის კედელს მიყრდნობილი ელენის თავი ტყავის ორთვალასთვის მიედო და ჩასძინებოდა. გიორგიმ აღვირი მოზიდა, ცხენები გააჩერა, თავადისასულს მიუახლოვდა, საკუთარი მოსასხამი შეიხსნა და გადააფარა.  მწაფელის ადგილს მიუბრუნდა და გზას გაუდგა.

ჯადოქარი ისევ სახურგოში იყო. ამჯერად ბლანტ სარკეებისკენ გზის გაკვლევა არ გასჭირვებია. ერთ-ერთი კედლის მიღმა ლივლივით გაძვრა და თავი ალექსანდრეს ოთახში ამოჰყო. მისი ძმა მაგიდასთან იჯდა და მდუმარედ ტიროდა, რასაც მხოლოდ ღაწვებზე სანთელივით ჩამოღვენთილი ცრემლები მიანიშნებდა. ელენიმ ხელი უპეებზე მოისვა, ძმის თვითგანცდები მასაც გადასდებოდა. ჯადოქარმა თვალები დახუჭა. ყველაფერი დატრიალდა. ახლა სცირენოვების სახლში იმყოფებოდა. თვალებს აცეცებდა, მაგრამ მატეა ვერსად იპოვა, არც ცერცე იყო. თავადისასულმა მშობლების ნახვა გონებაში ისურვა და თვალის დახამხამებაში მედროშეების სახლის მთავარ ოთახში აღმოჩნდა. ნანა ფანჯარასთან იდგა, არჩილი, ჩვეულებისამებრ, სავარძელში იჯდა.

– ბოლდინებთან ჩვენი დამოყვრება კარგი აზრი იყო, – არჩილმა თვალი ნანასკენ გააპარა, – კარგია, რომ სელიას დავუჯერეთ, – კმაყოფილებით წარმოთქვა.
– ჩემი აზრით, დედაჩემისთვის არაფერი დაიჯერება, – ნანას ხმაში სიბრაზე იგრძნობოდა, – სადაც სელია სელენიტი გამოჩნდება, უბედურება თან მოჰყვება.
– რატომ? – არჩილმა გაკვირვებული ჰკითხა, – არ ფიქრობ, რომ ალექსანდრე და ტატიანა შესაფერისი წყვილია?
– რა მნიშვნელობა აქვს რას ვფიქრობ? – ნანამ იმედგაცრუებული ხმით წარმოთქვა, – ჩემთვის, ამ საქმის მოგვარებისას, აზრი არ გიკითხავთ, ახლა როგორც გინდა ისე მოიქეცი!

ნანა სადარბაზოსკენ გაემართა. არჩილმა მიმავალ მეუღლეს სიტყვა დააწია, მაგრამ ელენიმ ვერ გაიგონა. გარემო ისევ დატრიალდა, აიმღვრა, ათასი ფერი ერთმანეთს შეერია. ჯადოქარმა სელიას ხმა გაიგონა. ბებიამისი უცნობ ენაზე ლაპარაკობდა. თავადისასული მიხვდა, თუ რა ხდებოდა, თუმცა არ იცოდა, ბებიამისის შელოცვას როგორ შეწინააღმდეგებოდა. ელენი ისევ სახურგოში აღმოჩნდა. ბლანტი სარკეები ერთმანეთის მიყოლებით იხურებოდა. სელია სელენიტი ელენის ჯადოქრობას ეწინააღმდეგებოდა და შვილიშვილის განმხოლოებას ცდილობდა.

ჯადოქარმა გამოიღვიძა. მძიმედ სუნთქავდა. ცივმა ოფლმა დაასხა.

– რა მოხდა? – გიორგიმ შეშფოთებით ჰკითხა, – ყველაფერი ხომ რიგზეა?
– კი, – ხრინწიანი ხმით უპასუხა ელენიმ, – თავს მოულოდნელად დამესხნენ და წინააღმდეგობა ვერ გავუწიე, – გაუგებრად ლაპარაკობდა.

ელენიმ თვალები მოიფშვნიტა, უკვე მოსაღამოვებულიყო. გიორგის მოსასხამი აიღო და პატრონს გაუწოდა. ქალმა მადლობა გადაუხადა და თან თანამგზავრს შესთავაზა, რომ ღამის გასათევად ფუნდუკი ეპოვნათ. გიორგიმ ჯადოქარი დაამშვიდა, უთხრა, ღამის გასათევი სულ ახლოს მეგულებაო და თავადისასულს მოსასხამი გამოართვა. ელენი საკუთარ ადგილს მიუბრუნდა და ვერიოსელის მიცემული დარანა ბოლომდე დალია.


                                                                                                                                                          ***
*გარდასვლის თვე − შემოდგომის მეოთხე თვე (შედგება 26 დღისგან).

*ლაშიალდგომა (სვან. ლაშიალ საბრძოლო) − აქ. საბრძოლო პოზიცია.
*ტოლფარდობა − აქ. პროპორციები
*დაორხელება – იარაღის ორი ხელით ხმარება.
*პარეხი (მეგრ) − ვეება, მძლავრი, დიდი.
*გავაზის ლახტი – ირმის რქის ძირის უმკვეთლო საცემი.
*აფთი − ფართოპირიანი ორლესული.
*შუბმახვილი – მახვილია ბრტყელი და ტარგრძელი(საბა).

*უარ − არ (ტორგული დიალექტი).
*წადილყოფა − შემოთავაზება (ტორგული დიალექტი).


სარაჰული ზამთარი ულმობელია, განსაკუთრებით პათომონის სამთავროში, იქრისის მთიანეთსა და შირტელსეშ-მეტაჰის საერისთავოში.

ელენის ჩრდილოეთისკენ მგზავრობას უჩვეულო ამინდები დაემთხვა. ჯერ გარდასვლისთვე  არ დასრულებულიყო და იქრისში უკვე სუსხი გაბატონებულიყო.

გიორგი იქრისის მთავარქალაქში ჩასვლას არ ჩქარობდა. პირდაპირი გზით წასვლას ამჯობინა, შემოვლითი ბილიკებით ემგზავრა, რათა აისში უსაფრთხოდ ჩასულიყვნენ. გიორგი ცდილობდა, სახელმწიფეო გზის მცველებს არ გადაჰყროდა, მათთვის ახსნა-განმარტებებისა და ქრთამის მიცემის დრო და საშუალება არ ჰქონდა. ვერიოსელმა შემოვლითი გზები საკუთარი ხუთი თითივით ზეპირად იცოდა და იმაშიც დარწმუნებული იყო, რომ თავს ხიფათი არ ელოდათ. მგზავრობაც გაუგრძელდათ, თუმცა არც ელენი ჩქარობდა. თანამგზავრთან ერთად ყოფნა სიამოვნებდა კიდეც.

გიორგიმ ფორანი გზიდან გადაიყვანა. ტყე გაიარა და ერთ, დაგულებულ მინდორზე გაიყვანა. ცხენები ხეზე მიაბა, სკივრიდან დის საბრძოლო აღჭურვილობა  ამოიღო და ელენის უთხრა თან გაჰყოლოდა.

გაშლილ მინდორზე, ფიფქებით დაცვარულ ტყესთან ახლოს, გიორგიმ გადაწყვიტა ელენის გაკვეთილები გაეგრძელებინა. ვერიოსელმა მოიფიქრა, ჯადოქრისთვის ესწავლებინა თავი როგორ დაიცვას, როდესაც მოწინააღმდეგე ხმალმომარჯვებული უტევს. საბრძოლო დგომა და ხმლის ხელში მყარად ჭერა ქოხმახში ყოფნისას შეასწავლა, ახლა ჯერი ილეთების დახვეწაზე მიდგა. ვერიოსელს უკვირდა, ელენი ყველაფერს სწრაფად ითვისებდა, თითქოს ბრძოლის ხელოვნება სისხლსა და ხორცში ჰქონოდეს გამჯდარი და თან ამაყობდა, რომ ელენი მის დარიგებებს ზედმიწევნით ასრულებდა.

– ფეხები განზე ფართოდ გიდგას, ისე დადექი, რომ მოწინააღმდეგემ ვერ წაგაქციოს, – უთხრა გიორგიმ და ხმალი მოუქნია.

ელენიმ მეალურსეს იარაღს საკუთარი შეაგება და გვერდზე გადახტა, რათა უკეთესი ლაშიალდგომა  მიეღო.

გიორგი მოწინააღმდეგის სვლას არ შეეპუა, მისკენ გაქანდა და ხმალი მთელი ძალით ქალის კისრის მხარეს მოიქნია. ელენიმ აირიდა – უკან გადაიზნიქა და მეტოქეს ფეხი დაუდო. გიორგი წაიქცა, ჯადოქარი დაცემულ მასწავლებელთან სწრაფად მიიჭრა და ხმალი ყელთან მიაბჯინა.

– ვფიქრობ, წვრთნა დასრულებულია, – ელენიმ გიორგის კმაყოფილების ღიმილით უთხრა, – ასე არ არის?! – ხმალი ქარქაშში, მანტიის შიგნით დამალა და გიორგის ორი ნაბიჯით მოსცილდა.

ვერიოსელი წამოიმართა. ვეებერთელა ვერიოსული ფოლადის იარაღს დაეყრდნო. მძიმედ სუნთქავდა.

– ეს საფეხურიც დავლაშქრეთ, – დაეთანხმა გიორგი, – მაგრამ ბევრი რამ უნდა გაითვალისწინო, ელენი. მაგალითად, გათვალე მოწინააღმდეგის წონა, სიმაღლე, ძალა... რა თქმა უნდა, ჩემი ტოლფარდობა  შესწავლილი გაქვს, მაგრამ ყველასთან ეგრე თავდაჯერებული ნუ იქნები. ვიდრე ბრძოლაში ჩაერთვები, მანამდე მეტოქე შეისწავლე, მიეცი უფლება, რომ პირველი ნაბიჯი იმან გადადგას, ასე უფრო მარტივად გაიგებ, რისი გამკეთებელია.
– მარტივად რომ ვთქვათ, არ მივცე მეტოქეს უფლება ჩემი სისუსტეებით ისარგებლოს!
– ზუსტად, – კვერი დაუკრა გიორგიმ და მოწონების ნიშნად გაიღიმა. – ახლა, ლაშიალდგომა თავიდან მიიღე! – გიორგიმ ხმალი მოიმარჯვა.

ელენი საკუთარ იარაღს ორივე ხელით ძლიერ ჩაებღაუჭა და გიორგის თვალი გაუსწორა. შემდეგ უეცრად ხმალი ჩამოუშვა და ფორანის მიმართულებით გაიხედა.

– არ გესმის? – ჯადოქარმა გაკვირვებული სახით წარმოთქვა.
– რა? – გიორგის არაფერი ესმოდა.
– გზიდან... – ხელი ფორანის მიმართულებით გაიშვირა, – ვიღაცა ყვირის...
– არაფერი მესმის, – გიორგიმ თვალები დაიწვრილა და შეეცადა, რამისთვის ყური მაინც მოეკრა, – დარწმუნებული ხარ? – იჭვნეულად ჰკითხა და თავადიშვილთან მივიდა.
– კი, – ელენიმ მტკიცედ უპასუხა და გიორგის უკმაყოფილო მზერა ესროლა, – წამოდი, ეგებ, იმ ბედოვლათს ვუშველოთ, – სიტყვა დასრულებული არ ჰქონდა, რომ გზისკენ გაემართა, რომელიც ტყეში გადიოდა.

გიორგიმ იფიქრა, თავს რაიმე არ აუტეხოსო, და ელენის დაედევნა. თავადისასული მთავარი გზისკენ სწრაფი ნაბიჯით მიიწევდა. ხელი ქარქაშში ჩაგებული ხმლისთვის მოეკიდა, მზად იყო ნებისმიერ დროს ეშიშვლა და ბრძოლაში ჩაბმულიყო. ვერიოსელი ზენეათელს დაეწია, მკლავში ხელი სტაცა, ტუჩთან საჩვენებელი თითი მიიტანა და ანიშნა, რომ გაფრთხილებულიყო.

– იცოდე, როგორც ძუ ლომი ჩუმად მიეპარება მსხვერპლს, ისე უნდა იმოქმედო, – ჩურჩულით უთხრა.

ელენიმ თავი დაუქნია და მასწავლებელი წინ გაუშვა, რათა მისთვის მიებაძა. გიორგი ფეხაკრეფით მიიპარა მთავარ გზასთან და ხეს ამოეფარა. ჯადოქარს ანიშნა, რომ ისიც დამალულიყო. თავადისასულმაც მწვრთნელი დარიგება პირნათლად შეასრულა.

– ოთხნი არიან, – ჩურჩულით უყვებოდა გიორგი, – ერთის დაყაჩაღებას ცდილობენ.
– ვერ გავუმკლავდებით? – ელენიმ აღტყინებული ხმით ჰკითხა, გოგოს ერთი სული ჰქონდა, ბრძოლაში როდის ჩაებმებოდა.
– რა თქმა უნდა, გავუმკლავდები, – გიორგიმ მოწაფეს დამრიგებლური მზერით გადახედა, – შენ აქ დაიცადე, ბრძოლაში არ ჩაერთო, ამისთვის ჯერ მზად არ ხარ! – ბოლო სიტყვების წარმოთქმისას კაცმა ხმა დაიბოხა და სიტყვებს სიმკაცრე შეჰმატა.

გიორგიმ ხმალი გააზატა, საბრძოლოდ შემართა და გზისკენ გაემართა. ხეს ამოფარებული ელენი ვერიოსელს თვალს ტყიდან ადევნებდა, უნდოდა, თვითონაც წაშველებოდა, მაგრამ ქოხში მიცემული პირობა ახსოვდა. ელენი გიორგის შეჰპირდა, რომ წვრთნისას ყველაფერს დაუჯერებდა, ისე მოიქცეოდა, როგორც მასწავლებელი დაარიგებდა, ჯადოქრობას კი არ მიმართავდა – ვერიოსელმა როგორც აუხსნა, ამით უფრო დაცულნი იქნებოდნენ.

– აქ რა დაგკარგვია? – ელენის შორიდან მოესმა, ერთ-ერთმა ყაჩაღმა ლივზინეური ხმაჟღერადობით გიორგის მიმართა და ხმამაღლა გადაიხარხარა, მეგობრებმაც მიჰბაძეს.
– ამ ადამიანს რას ერჩით? – ვერიოსელმა ძირს გართხმულ, უმწეო ლეკვივით მოკუნტულ ახალგაზრდა ბიჭზე თვალ-უყო.
– შენი საქმე არ არის, მოგვშორდი, ვიდრე ცოცხალი ხარ! – ტანმოსულმა, მხარბეჭიანმა კაცმა, რომელსაც გრძელი წაბლისფერი წვერი და დაწნული თმა ჰქონდა, გიორგის მუქარანარევი ხმით შეუღრინა.
– თავი დაანებეთ, – უშიშრად მიმართა ვერიოსელმა და ხმალი დაიორხელა .
– კეთილი საუბარი შენთვის უცხოა, როგორც ვატყობ, – წაბლისფერწვერიანმა მეგობრებს იქედნური ღიმილით გადახედა, – ბიჭებო, მოდით ვასწავლოთ ჭკუა! – თავი გიორგისკენ გაიქნია.

სამივე ყაჩაღმა საკუთარი იარაღები მოიმარჯვა: წითელწვერიანმა პარეხმა  ხოპეში დაიორხელა, შავთმიანმა ქოსამ, რომელსაც მხრებზე სქელი ბეწვის ქურქი მოესხა, გავაზის ლახტი  და სათირი , ხოლო შავწვეროსანმა და გრძლად შეკრეჭილმა, გაშლილთმიანმა აფთი  შეამზადა. გიორგიმ ლაშიალდგომა მიიღო, მიწაზე მყარად დადგა და მემასხაპალთ თვალი გაუსწორა, მოთმინებით დაელოდა, როდის შეუტევდნენ.

ყაჩაღებს ხაფიხმა აღმოხდათ და გიორგისკენ გაიწიეს. პირველი წაბლისფერწვეროსანი ეკვეთა და ხოპეში მოუქნია. გიორგიმ ხმალი შეაგება და დარტყმა აირიდა, თუმცა გვერდიდან ქოსამ ლახტი მისკენ მოიქნია და ნეკნებში მოარტყა. ტკივილისგან ვერიოსელი დაიმანჭა და უკან დაიხია. ბრძოლაში შავწვეროსანი ჩაერთო, აფთი მოიღერა და მეტოქისკენ გაქანდა. გიორგიმ ორი ნაბიჯი უკან გადადგა, რათა მტერს ალყაში არ მოექცია. ქოსამ სათირი მოიღერა და მემასხაპალს ესროლა, გიორგიმ მეტოქის მოქმედება წინასწარ გათვალა, გვერდით გადახტა. დანა აცდა − გვერდით ჩაუფრინა და ხეს დაერჭო. წაბლისფერწვერიანი გაბრაზებული სახით ისევ ეკვეთა, გიორგიმ ხოპეშის ნამგალა პირს საკუთარი ხმალი დაუპირისპირა, შიგნით შეუცურა, დაატრიალა და მეტოქეს იარაღი ხელიდან გააგდებინა. წაბლისფერწვეროსანმა, ვიდრე საკუთარ იარაღს დასწვდებოდა, ასპარეზი მეგობრებს დაუთმო და უკან დაიხია, მაგრამ გიორგიმ არ დაანება, ქარქაშიდან ჭიტადანა ამოიღო, გაუქნია და მტერს მკერდში მოახვედრა. მეტოქე უსულოდ წაიქცა. ვერიოსელმა გაშლილთმიანისა და ქოსა კაცის დაბნეულობით ისარგებლა, ჯერ ლახტოსანს მიეჭრა და ფეხში დაჭრა, ხოლო შემდეგ შემობრუნდა და მისკენ გამოქანებული შუბმახვილშემართული აფთოსანი საკუთარ ხმალზე, სარზე შეკიდულ საფრთხობელასავით წამოაცვა. გიორგიმ ქოსისკენ გაიხედა, რომელიც ტკივილისაგან იკრუნჩხებოდა. ვერიოსელი მასთან მივიდა, გავაზის ლახტი ფეხით გვერდით მოისროლა, მტერს დახედა, მიხვდა, რომ ის წინააღმდეგობას ვეღარ გაუწევდა და თავი გაანება.

დაყაჩაღებული ახალგაზრდა სანახაობას გაკვირვებული შესცქეროდა. დარწმუნდა რა, რომ უკვე უსაფრთხოდ იყო, წამოიმართა, კალთები თოვლის ფიფქებისგან დაიფერთხა, გატეხილ ფანდურს დასწვდა და გადამრჩენელთან მივიდა.

– დიდი მადლობა, თქვენ სიცოცხლე-ჩემი იმ ბოროტთსულთაგან კლანჭსტაცეთ, – ახალგაზრდას შუბლიდან სისხლი სდიოდა, – უარ ვიც , თქვენ აქ უარ ყოფილიყ, ავაზაკნი მე თარეშის სამფლობელოს განმამწესებდნენ!

გიორგიმ ბიჭისკენ დაბნეული მზერა გააპარა, მისი კილოკავი ვერ იცნო, ისე შესცქეროდა, გეგონებოდათ, ვიღაცა უცნობ ენაზე ესაუბრებოდაო.

– ბოდიში, – ვერიოსელს თავაზიანი ხმა ჰქონდა, თქვენი საუბარი არ მესმის, – გამოუტყდა, – სადაური ბრძანდებით?
– ბოდიშ აჯად-ვყოფ თქვენგან, – ახალგაზრდამ თავი მდაბლად დაუკრა, – მე ტორგი ვარ, სახელ-ჩემ არის სელიმ ქუსელიშ.

ხეთა ჩრდილიდან ელენი გამოვიდა, გიორგისთან მივიდა და ხმადაბლა უთხრა:
– ჯობია ფორანთან მივბრუნდეთ, აქ უსაფრთხო არ არის, – შემდეგ სელიმს მიუბრუნდა და ღიმილიანი სახით შესთავაზა, – თქვენც გამოგვყევით, მოშივებული იქნებით, ნანადირევ ბოცვერსა და ჩურჩხელას გიწილადებთ.
– მადლობა, კეთილო ქალბატონო, – ტორგმა ელენის თავი მდაბლად დაუკრა, – თქვენს წადილყოფას  უარს ვერ ვკადრებ.

სამივენი ფორანისკენ გაემართნენ. ელენი და სელიმი ერთად მიდიოდნენ, გიორგი უკან მიჰყვებოდა, ზურგს ამაგრებდა, სიფრთხილეს თავი არ სტკივაო, ფიქრობდა.

– შირტელსეშ-მეტაჰიდან ასე შორს რას აკეთებ? – ელენიმ სელიმს ჰკითხა და მიუთითა საით წასულიყო.
– მე მალერსალი გახლავ, საქმეთა-ჩემი ტომ-ჩემსა უარ მოიწონების, – სელიმი უკმაყოფილოდ დაიჯღანა.
– ამიტომ გადაწყვიტე, ტორგებს გამოქცეოდი? გეცადა შენი ბედი? – ელენიმ მშვიდი ხმით ჰკითხა.
– პირველ ვიფიქრე, შევგუებოდი ტომ-ჩემსა, მემრე ვუთქვი თავსა, რაღად ვეწვალები, ცეცხლს რატომღა მივცემივ, მოვკარ გუდასა თავი და ბარისკენ გამოვიქეც, – განუმარტა სელიმმა.
– ახლა საით გაგიწევია? – ელენის თვალებს, ზამთრის თეთრ ფერთან შეზრდილს, ღია ლაჟვარდისფერი ელფერი მიეღო.
– ადრე მეფიქრებოდა, დედაქალაქს წავსულიყ, მარა ახლა აის მივემგზავრებ! – მიუგო სელიმმა.

საუბარ-საუბარში ცხენებთან მისულიყვნენ. ელენიმ ფორანიდან ტომარა გადმოიღო, გახსნა და ორი თხილის ჩურჩხელა სელიმს გაუწოდა. სელიმმა მადლობის ნიშნად თავი მოკრძალებულად დაუკრა და ჯანჯუხა გამოართვა. ქალი ფორანში შევიდა, სკივრთან მიგდებული ტომრიდან ბოცვერი ამოაძვრინა, მკვდარი ცხოველი ფეხებით დაიჭირა და ტორგს შეაცქერდა.

– კურდღლის გატყავება და ცეცხლზე დამზადება არ გეცოდინება, ალბათ?! – იჭვნეულად ჰკითხა.
– კი, ვიცი! – სელიმმა ელენის მტკიცედ უპასუხა და ბოცვერი გამოართვა. – ცეცხლ ავაცეკვოთ, მჭრელ მომეც და საქმესა ვიქმ! – ტორგმა ჩაიმუხლა, ელენის მიწოდებული დანა აიღო და ცხოველის გატყავებას შეუდგა.

გიორგიმ დიდი გაჭირვებით, ფიფქებით დაცვარულ მდელოზე ცეცხლი დაანთო. ტყიდან ნახევრად მშრალი ფიჩხები მოაგროვა და კოცონთან ახლოს დააწყო, რათა გამომშრალიყო.

– დღეს ღამეს აქ გავათენებთ, ფუნდუკამდე მისვლას ვერ მოვასწრებთ, – გიორგიმ ჩრდილოეთისკენ გაიხედა და ვარაუდი გამოთქვა, – სახიფათოა, შესაძლოა, ავაზაკებს ისევ გადავეყაროთ, − შემდეგ ტორგს გადახედა და შეფარული ლივზინეური ხმაჟღერადობით შესთავაზა, − დარაჯად მე დავდგები!

ჯადოქარმა გიორგის კვერი დაუკრა, ტორგზე მიუთითა და თან უთხრა, რომ ისიც მათთან ერთად დარჩებოდა. თავადისასული როდესაც სელიმს უცქერდა, თვალებში ამოუცნობი ცნობისმოყვარეობა უკრთოდა. ვერიოსელი ელენის სურვილს არ შეწინააღმდეგებია.

ღამით იქრისული ზამთრის სუსხს გიორგის დანთებული კოცონი მცირედით ფანტავდა და გაუსაძლის სიცივის შეგრძნებას ამსუბუქებდა. შირტელსეშ-მეტაჰის მთაში გაზრდილი სელიმისთვის სამხრეთული ზამთარი ცივი შემოდგომასავით იყო. ელენი კი ქათიბსა და მაზარაში გახვეული კოცონთან ყველაზე ახლოს იჯდა და ცდილობდა, ცეცხლის მთელი სითბო შეეთვისა.

სელიმი კურდღლის ხორცის ნარჩენებს ხარბად შეექცეოდა. ტუჩებს სამკლაურებით იწმენდდა. ჭამისას არ ლაპარაკობდა, რასაც მათი ადათ-წესი მოითხოვს – ტორგებს სწამთ, რომ საკვები გარდაცვლილ წინაპართა სულებს არ შეერგებათ, თუ ჭამისას ისაუბრებენ.

ელენი ახალგაზრდა მალერსალს გაოცებული შესცქეროდა – რაღაცით ალექსანდრეს აგონებდა, თუმცა ძმისგან განსხვავებით სელიმს შავი ხშირი თმა, გრძელი ხვეული წვერი და მუქი თაფლისფერი თვალები ჰქონდა. თავადისასული ვერ გარკვეულიყო, ტორგის ცქერისას ალექსანდრე რატომ ახსენდებოდა. ჯადოქარმა გადაწყვიტა ამაზე არ ეფიქრა, ჩათვალა, რომ დროისა და ძალაშინის ფუჭი ხარჯვა იყო; ამჯობინა, სელიმისთვის მისი ტომის წესთაადათის, ადათ-წესებისა და წეს-ჩვეულებების შესახებ ეკითხა.

– სელიმ, – ელენიმ ლმობიერი ხმით მიმართა, – ჩვენც აისს მივემგზავრებით, იქ ვაპირებთ გამოზამთრებას. ხომ არ გინდა დაგვემგზავრო? – გიორგის ალმაცერად გახედა. ვერიოსელი კურდღლის ძვლებს მშვიდად შეექცეოდა, – ოღონდ, უნდა გაგაფრთხილო, შორი გზით მივდივართ, და მალე ვერ ჩავალთ! – ჯადოქარს ხმაჟღერადობა გაუმკაცრდა.
– უარსა ვერ გეტყვი, – თავმდაბლად დაიწყო სელიმმა, – მირჩევნის თქვენთან ვიმგზავრო, ვიდრე ბოროტ ავაზაკთ გზად შევეყარო, – ტორგმა გაიღიმა, – თანაც, ბაას დროის ლღობა ძალუძსო, როგორც ჩვენთან, ტორგებში იტყვიან! – სელიმმა ძვლები ცეცხლში მოისროლა.
– კარგია, – ელენის გულწრფელად გაუხარდა, – ბევრ რამეს მომიყვები შენი ტომისა და შენს შესახებ.
– წვრილად გიამბობ, – მიუგო სელიმმა და ელენი ფართო ღიმილით დააჯილდოვა.
– წავალ! – გიორგიმ უკმაყოფილო სახით წარმოთქვა და ფეხზე წამოიმართა, – ხელს არ შეგიშლით, – სელიმს მრისხანე მზერა ესროლა და ტყის მხარეს გაემართა.

ტორგმა მიმავალ ვერიოსელს თვალი მიადევნა, შემდეგ ელენის მიუბრუნდა და ჩუმად ჰკითხა:
– დიდი ხანი გყვარობს?
– ვინ, გიორგი? – ჯადოქარმა უცნაურად გადაიკისკისა, შემდეგ სელიმს საკუთარ თავში დაეჭვებულივით მიუგო, – არა, არ ვფიქრობ, ვუყვარდე... არა... – თავი გააქნია. – აისამდე მიმყვება, შემდეგ... – ელენი დაბნეული საუბრობდა.
– დამიჯერ, – სელიმმა ჩაიღიმა, – მალერსალნი, ჩვენ ადვილად მივუხვდებით ადამიანსა საკუთარ გრძნობათ, თითქოჲ სულსა-შიგან ვესხედვით...
– არაფერი უთქვამს, – ელენიმ თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა, – ვერაფერს მივუხვდი, ჩემთვის არაფერი უგრძნობინებია! – ტყისკენ გაიხედა, საითკენაც გიორგი გაემართა.
– შენ რაჲს ფიქრთ ხარ? ჰყვარობ? – სელიმი ელენის მომლოდინე თვალებით შეაცქერდა.

ჯადოქარი დადუმდა. არაფერი უპასუხია, საკუთარ ფიქრებს ჩაუღრმავდა; ახლა გააცნობიერა, მიხვდა, რომ გიორგის მიმართ რაღაცას გრძნობდა, მაგრამ არ იცოდა, ეს სიყვარული იყო თუ სხვა რამ.

– არ ვიცი, სელიმ, –  განწირული ხმით წარმოთქვა ელენიმ და საკუთარ გრძნობებში დაეჭვებული ცეცხლს მიაშტერდა, – არ ვიცი, სიყვარული რა არის!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები