ნაწარმოებები



ავტორი: ლაშა-გელაძე
ჟანრი: პროზა
7 ივნისი, 2019


სანამ შენ სარკეში იყურები

მთვარე უნდა მომეყვანა შენთან, მაგრამ გზაში დაგვიღამდა და მარტო მოვედი.ნაწვიმარი იყო, გუბეში სიგარეტის კოლოფი ეგდო. ალბათ ჩემს გარდა სხვა ვინმეც დადის ამ გზაზე. კოლოფი უბრალოდ ეგდო, უსულო, ცარიელი,გამოფიტული. დედამიწის აქერცლილი კანივით. მეეჭვება ამ გზაზე მენაგვეები დადიოდნენ.
მე მოვედი, შენ დარწმუნებული ვარ, ისევ სარკესთან ხარ. სანამ გამოხვალ შენი ხის სახლიდან , თითებს ნაწვიმარი ბალახით შევისველებ და შუბლზე მოვისვამ. ასე უკეთესია, თორემ გზაზე დამცხა.
გუშინ უსახლკარო ბიჭებთან ერთად დავლიე და შენზე მოვუყევი. მარტივი იყო, მათ ჰო ვეღარასოდეს ვნახავ. არ გამიბრაზდე, ვიხრჩობოდი.
ყოველთვის მინდოდა ამერიკაში მეცხოვრა. სადმე არიზონასკენ, შიგადაშიგ რომ გამოივლიან ხოლმე მანქანები. დავიფარებდი ფერმერის ქუდს და ცხენებთან დავცინებდი ამერიკელებს. სინამდვილეში ჰო იცი, მომწონს აქ.
სულ მინდოდა მეკითხა შენთვის, პატრიოტობა ისევ არასრულფასოვნების კომპლექსთან ქვეცნობიერის ბრძოლა რატომ გგონოია ან რატომ ეძახი ავტომატიან ადამიანებს, ნაბიჭვრებს?!
ერთხელ ჩემი სახლის სახურავზე ყოფნისას,ტანზე გავიხადე,მიყვარს სიშიშვლე, და ცას ავყურებდი, ცარიელი იყო.
როდესაც მორჩები სარკის წინ ნებივრობას და გაგახსენდება , რომ მე გარეთ ვარ და გელოდები, გამოსულს ამ ყველაფერს გკითხავ და მოგიყვები. შენ კი ალბათ არც მომისმენ, რადგან სარკე ყველაფერზე ძვირფასია და მეც იმიტომ გყავარ,რომ მიზეზი გქონდეს , შიგნით ჩახედვის.


ჩვენ მივდივართ მტვრისგან გაუთოვებულ ქუჩაზე და შენ ყველაფერს ეხები ჩემს გარდა. არადა ძლიან მინდა ხშირი იყო ჩემი ტანისთვის, როგორც სიგარეტის ნამწვი საფერფლეში. ისედაც ჰო სულს მიხუთავ და მატალახებ, მე კი ვერაფრით გშორდები.
შენ მეუბნები, რომ რაღაც სიახლე გინდა. სიახლე რომელიც ყველგანაა, ყოველ ქუჩაზე, მე კი ჩუმად ვარ და ყავისფერი შენობების ირგვლივ მუქი სამოსით მოსიარულე რეგვენებს ხელებში ვუყურებ. იქნებ იქ ვნახო რამე სიახლე, რომ შენთვის მოვპარო.
მთელი გზაა, სიბნელის შიშზე მელაპარაკები და მარტო ძილის გეშინია. საბოლოოდ კი სიბნელე ღარიბი მეზობელივითაა, არავის რომ არ სიამოვნებს. შენც ნუ მიაქცევ ყურადღებას , სხვაგან დააკაკუნებს.
როგორ ხარო მკითხე სასხვათაშორისოდ და პასუხზე მეტად კითხვაზე ფიქრობდი. არაფერი გიპასუხე ან რა უნდა მეპასუხა, სხვაგან იყავი.
მივდიოდით სადღაც, არცერთმა არ ვიცოდით სად და ვერც ვერავინ იტყვის გზა მოკლე იყო თუ გრძელი. უბრალოდ მივდიოდით და ორივეს გვიხაროდა. შენ გიხაროდა რო მე მსიამოვნებდა შენთან და მე მიხაროდა , რომ ...
მინდა გახსოვდეს , რომ მე მცივა , სანამ შენ სარკეში იყურები.







კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები