ნაწარმოებები



ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
6 ივნისი, 2019


მოდის, არც მოდის...

ნინო დარბაისელი

მოდის, არც მოდის...
- - - - -
(ეტიუდი)

ისმის, არც ისმის;
დგას და არცა დგას;
მოდის, არც მოდის...
რით უსაშველოს თავს  საცოდავს, გაიგებს როდის?
ვიღას მიენდოს, საბედისწერო თუა მინდობა,
როცა იბრძვიან ამინდი და უამინდობა?
ამოყრილ ყვავილს ქარიშხალთა ფრთებით ეკვეთა
კვნესა და რისხვა, იმედი და სასოწარკვეთა.
არეულია, ვერ გაუგია სათქმელი რა აქვს,
როცა არც იცის, მკერდქვეშ ახალი სიცოცხლე დააქვს
თუ ეჭვებია ანდა შიში დაუურველი
მრავლის ნანატრის, მისთვის  - ნაყოფის არსასურველის.
რა ქნას -  იყუჩოს თუ გადალახოს გადასალახი,
ყინვაში - სიცხე, არეული თოვლში - ტალახი?
სისხლის მომჟაო გემო მოსდევს მოკვნეტილ ტუჩებს.
იმედს რა მოკლავს ან ტკივილებს რა  გაუყუჩებს!
დააქვს  სიცოცხლე, თანაც ცოცხლად დამარხულია
ჯერ კიდევ ბავშვი ნაადრევად დაქალებული.
ნეტა სადაა გზა - მოსანახი?
შეულახავი- შელახულია,
დანახულია - არდასანახი,
არგასალახიც - გალახულია...
აი, ასეთი,
მრავალში - ერთი, თან - ერთადერთი,
ჰო, შეცდენილი ქალწულივით გაზაფხულია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები