ნაწარმოებები



ავტორი: ბ.ლოხიშვილი
ჟანრი: პროზა
8 ივნისი, 2019


ხოჭოები არასდროს კვდებიან...

    არ ვიცი რამდენი ხანი ვიარსებე, ვიღაც ვიღაცეებივით რაღაცეების დათვლა არ გამომდის და პრინციპში ეს პრობლემა არცაა, - არც არასდროს ყოფილა.  ამას იმიტომ გეუბნები, რომ მინდა იცოდე, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს მარადიულობას უდრის ჩემი არსებობა.  ვიცი, რომ შენც ასეთი შეგრძნება გაქვს და სხვა ცხოვრებაში, - სადაც სულელი არსებები არ ჩაგიტენიდნენ თავში იმ ნაგავს, რასაც სიკვდილი ქვია, - თამამად მეტყოდი, რო უთვალავი დროა რაც არსებობ და ასე გაგრძელდება კიდევ იგივე ხანი, ან ცოტა უფრო მეტი.

    შენც ხომ იცი, რო სიკვდილი სრულყოფილ კმაყოფილებას ნიშნავს ყოველგვარი უსიამოვნო შეგრძნებების გარეშე. ამიტომაც არ გვინდა შევწყვიტოთ არსებობა: გვინდა გვტკიოდეს; გვშიოდეს; ვუყურებდეთ სხვების ენით აღუწერელ უბედურებას, ან თავად განვიცდიდეთ ამას, მაგრამ მთავარია სულ რაღაც ერთ წუთს ვუყუროთ მზის ჩასვლას, რო ყველაფერ ცუდს თავის აუტანელი წონა წაერთვას. უფრო მეტიც, ამის გამო შეიძლება შევიყვაროთ ყველაფერი ის, რაც ჩვენში უარყოფით შეგრძნებებს აღძრავს, რადგან რომ არა ეს უკანასკნელი, არც ის ერთ წუთიანი მზის ჩასვლა იქნებოდა, სადაც ღრუბლის ნაჭრები ისე მძაფრად იღებება, გგონია ცოტაც და სხვა და სხვა ფერის საღებავის წვიმა წამოვაო. ყველაფერი გაფერადდებოდა და ჩვენ უფრო მეტად შეგვეშინდებოდა სიკვდილის იმ პრინციპით, რო ერთ დროს ამ ყველაფერს ვეღარ ვნახავდით, მაგრამ მაინც არასდროს მოვკვდებოდით.

    ხანდახან იმისიც ღრმად მწამს, რო ცხოვრების მშვენიერების საუკეთესო აღქმის ერთადერთი და ყველაზე მყარი ფუძე სიკვდილია.

- შენ ვინღა ჯანდაბა ხარ, ასეთი საცოდავი თვალებით რო შემომცქერი, თითქოს მე მოგწყვიტე და მევე გადმოგისროლე ამ ღვთისგან მივიწყებულ ადგილას?!
- მე... მე... ჩემი ეკლები!.. ხო ხედავ ჩემ ეკლებს?! თუ მომეკარები ვერ გადარჩები, ესეც ხომ იცი, არა?!

    ახლა ამ ველზე სწორად ის დროა, მზე რო სადღაც არარსებულ ადგილას უნდა მიიკარგოს და გუნება მხოლოდ ეს თუ მიუმჯობესებს. ვარსკვლავების განლაგებით სახლს მივაგნებ. კი, ნამდვილად!

- ეი შენ, მყრალო ყვავილო, ვერ ვიხსენებ აქ როგორ მოვხვდი. შენ ხომ არ იცი რომელი მარედან მოვედი?

    თავს ვეღარ იკავებს და ტირილს იწყებს.

- ეი, ყვავილო, რა ჯანდაბა გჭირს?!

    აქეთ-იქით ვიხედები. უცბათ ბალახის წვერზე ვფოფხდები და უსასრულო ტერიტორიის დათვალიერებას ვიწყებ. აქ არაფერია... არაფერი გარდა უსასრულო მინდვრის და მზისა, არც ის უცნაური არსებები ჩანან უსასრულოდ მაღლები რომ არიან და არც ისინი, ჰაერში ფრთების რხევის გარეშე რომ დაფრინავენ, ყველაზე პატარა რაღაცეები სამყაროში.

- ე, ყვავილო, მზეს შეხედე. ხედავ?!

    სლუკუნით ამბობს:

- კი.

    ბალახის წვერიდან ქვემოთ ვეშვები და მგონი, რაღაც სისულელის ახსნას ვუწყებ, რაც ნამდვილად არ ვიცი რეალობაა თუ არა:

- მზეს ხედავ, მართალია, მაგრამ ახლა ის აქ არ არის.

- შენ რა, სულ მთლად გამოშტერდი?!

- მისმინე, სულელო!,, იმიტომ აქვს ასეთი ეფექტი, რომ ის ძალიან შორსაა. ახლა ის არარსებულ ადგილზეა, მაგრამ ჩვენ მაინც ვხედავთ, გესმის?!  როცა მზე არარსებული ადგილიდან მოდის, რვა წუთი სჭირდება იმისთვის, რო გაანათოს. ასეა მისი წასვლის შემთხვევაშიც.

- შენ რა იცი, ერთი ჩვეულებრივი მწერი ხარ, რომელიც სულელივით სულ სადღაც დადის, ოღონდ სად, ალბათ თავადაც არ იცის.

- ე, ყვავილო, ეს საიდუმლო მაღალმა არსებამ გამიმხილა, გესმის?! მათ ყველაფერი იციან, აბსოლიტურად ყველაფერი! უფრო მეტიც, მთელი სამყარო მათი შექმნილია. ხშირად მინახავს თუ როგორ აშენებდნენ თავიანთზე მილიონჯერ მაღალ შენობებს. ეს კარგად ვიცი. მსოფლიოში ყველაზე მაღალ შენობაში ვცხოვრობდი, მათთან ერთად, საიდანაც მთელი სამყარო ჩანდა, გარდა ამ ადგილისა.

- მოიცა, ადამიანები და ხოჭოები მეგობრობენ?!

- იცი, არ ვიცი ამაზე რა გიპასუხო, ისინი ცოტა უცნაური არსებები არიან. ხანდახან, გაუგებარი მიზეზის გამო შეიძლება ისე გაცხარდნენ მიწაზე მიგასრისონ, ხანაც არ მიგასრისონ და ყვირილი ატეხონ. მაგრამ თუ დაიმალები და მათ მოსმენას დაიწყებ, შეიძლება ყური ისეთ რამეს მოკრა, რო სიამოვნებისგან ცუდად გახდე, ეს შეგრძნება კი დამოკიდებულს გხდის, გინდა უფრო და უფრო მეტი რამ გაიგო მათგან. პრინციპში კი, მგონი შემიძლია ვთქვა, რო ადამიანები და ხოჭოები მეგობრობენ.

- ჰა-ჰა-ჰა... - საოცრად სწრაფად, ტირილს სიილით ანაცვლებს. ასეთი რამ ჩემ სიცოცხლეში არ მინახავს.

- შე სულელო, ადამიანები მხოლოდ ერთმანეთში მეგობრობენ. სხვა დანარჩენ არსებებს, მხოლოდ და მხოლოდ ემტერებიან. შემომხედე, ხედავ, რო მიწაზე ვგდივარ იმის მაგივრად, რო წელში გამართთული მზეს ვეფიცხებოდე. მაგრამ მათ მომწყვიტეს წელი, მეგობრებს რომ ეძახი.

- ალბათ ღირსიც იყავი, ისეთი გრძელი ენა გაქვს.

    ის კვლავ ტირილს იწყებს.

- კარგი, ჰო, გაჩუმდი. შენი ტირილი ცუდ გუნებას უფრო მიმძაფრებს.

    ...მაგრამ მაინც არ ჩუმდება. რაც უფრო ვცდილობ მის დამშვიდებას, ის უფრო და უფრო ხმა მაღალ ტირილს იწყებს.

- ჯანდაბა! მე წავედი!

    მზისკენ ვბრუნდები და გაბრაზებული  მძიმე ნაბიჯებით უმისამართოდ სიარულს ვიწყებ.

- მოიცადე! - ტირილნარევი ხმით მიყვირის, - აქ ასე არ დამტოვო. გესმის?! მეც პირველად ვარ ამ ადგილას. მეც შენსავით დავიკარგე.

    ამის გაგონებაზე, არ ვიცი რატომ, მაგრამ მცირეოდენ შვებას ვგრძნობ.

- რა?! შენც არ გახსოვს აქ საიდან მოხვდი?!

- ასეა!

    ამჯერად ნელა და უხერხული ნაბიჯებით ვბრუნდები.

- რა უცნაურია...

    მზე კვლავ უძრავია. ასეთი რამ არ მინახავს.

- რამე გახსოვს?

- კი, ყველაფერი, - განაწყენებული განაგრძობს, - მაგრამ არა ის, თუ როგორ მოვხვდი აქ.

- სანამ აქ მოხვდებოდი, რა ხდებოდა შენს ცხოვრებაში?

- სხვა ყვავილებთან ერთად ულამაზეს ბაღში ვცხოვრობდი.

- და ბოლოს რა გახსოვს იმ ბაღიდან?

    ღრმად ფიქრდება და რამდენიმე წამში გაოგნებისგან ყვირის:

- მე მომწყვიტეს!!! მახსოვს როგორ მომიახლოვდა გიგანტური ადამიანი, და როგორ ნაზად ცდილობდა წელში გავეწყვიტე. - თავის თავს უყურებს და ჩუმად ამბობს - გამოუვიდა კიდეც.

- ხო, მეც რაღაც ეგეთი მახსოვს, რა. სახლში ვიყავი, საშინელი ქარი რო ამოვარდა. ამ დროს მე გარეთ გასვლა მოვინდომე, ცისთვის მინდოდა რო შემეხედა, ცოტა რომანტიკული ვარ და...

- რა ხარ?.. - ყვავილისთვის დამახასიათებელი უზრდელობით მაწყვეტინებს.

- რომანტიკული ტიპი ვარ, რაა, რო?!

- ეგ რა არის?!

- ცის ყურება რო უყვართ, მათ რომანტიკული ტიპები ეწოდებათ.

- ჰა-ჰა-ჰა... ამდენი სასაცილო სიტყვის მარაგი საიდან გაქვს? ან რამდენ სისულელეს ლაპარაკობ? ჰა-ჰა-ჰა...

- შენ ერთი უბრალო სულელი ყვავილი ხარ. შენგან მეტს არც ვითხოვ. ეს ყველაფერი, რაც ვიცი, გიგანტურმა არსებამ მომიყვა. ამიტომ, მე ყველაფერი ვიცი, ისიც კი, რო გოეთემ ფაუსტი ოთხმოცი წლის ასაკში დაწერა...

- და გოეთე ვინაა?!

- ეგ აღარ ვიცი. მაგრამ ფაუსტი, ოთხმოცი წლის ასაკში დაწერა! და ქრისტე?! ის ოცდაცამეტი წლის იყო სხვა გიგანტებმა რო ბოლო მოუღეს, თითქოს ჩემსავით ხოჭო ყოფილიყო.

- ეგ ვინღაა?

- სავარაუდოდ ერთ-ერთი გიგანტი, ოღონდ გოეთეზე ბევრად დიდი. ჩემი მეგობარი ხშირად ყვებოდა მასზე. ამბობდა, რო ყველაზე კარგი კაცი იყო მთელს სამყაროში. და მგონი კარგ კაცებს ვერ იტანენ სხვა გიგანტები.

    მზეს ვაშტერდები, ის კვლავ უძრავია.

- ხოდა იმას გიყვებოდი, ყვავილო, რო ცის დანახვა მინდოდა ძლიერი ქარის დროს, რადგან ამ დროს ღრუბლები ყველაზე სწრაფად მოძრაობენ. მაგრამ, ის იყო მაღლა უნდა ამეპყრო თვალები ქარმა გამიტაცა და ჩემი სახლიდან ძალიან შორს მომისროლა. მეგონა ვკვდებოდი, ეს კი, ერთდროულად საშიში და სასიამოვნო იყო. ბოლოს ბალახებში აღმოვჩნდი. რამდენიმე დღე იმ ჯუნგლებში დავბოდიალობდი, შემდეგ კი, გიგანტმა თავისი უზარმაზარი ფეხი დამაბიჯა. მტკივნეული პროცესი იყო, მაშინაც მეგონა, რო ვკვდებოდი... პრინციპში ამის მეტი არაფერი მახსოვს.

- კი, მაგრამ...

- მოიცა, გაჩუმდი!

    სიშორიდან მუსიკის ხმა ისმის. ამის გაგონებაზე ყვავილი შინდება.

- ეს რა არის?!

- ნუ გეშინია სულელო ყვავილო, ეს როლინგ სტოუნის ჰეავენ არის, ჩემი მუსკაა!

- რა. რეებს ბოდავ?

    სწრაფად ვწნი ბალახებს, ზედ ყვავილს ვაწვენ და მის წათრევას ვიწყებ.

- რას აკეთებ? სად მიგყავარ?

- ჩემთან, სახლში. ამ მუსიკას მხოლოდ ჩემი მეგობარი უსმენს, სხვა არავინ. მეც მისგან ვიცი. მუსიკის ხმას თუ გავყვებით მასთან მივალთ.

    მუსიკა თითქოს მზიდან მოდის, თუმცა ვიცი რო ეს უბრალოდ ილუზიური ეფექტია. მე ჭკვიანი ვარ.

- როლინგ სტოუნი ყველაზე მაგარ მუსიკებს ქმნიდა. ჩემი საყვარელი სიმღერა ესაა. კარგად უსმინე! მართალია არ მესმის რაზე მღერიან, მაგრამ მთავარი ეს არ არის. კიდევ აქვთ სხვა უამრავი სიმღერა. რომ მივალთ მოგასმენინებ.

- ცოტა ნელა იარე, იდიოტო!

    სსვლას ინსტიქტურად ვანელებ, თუმცა ემოციებს ვერ ვმალავ, საოცრად აღზნებული და გახარებული ვარ.

- რა არის ეს? ან მუსიკა, ან ეს როლინგ სტოუნი, თუ რაღაცა?..

- ჰა-ჰა-ჰა... შენ ალბათ არც პინკ ფლოიდი გეცოდინება. ნუ ღელავ, რომ მივალთ მოგასმენინებ. შაინ ონ იორ ქვრეიზი საოცარი მუსიკაა. ისეთი შეგრძნება გაქვს მოსმენის დროს, გგონია დრო საოცრად იწელება, მაგრამ ეს არათუი გტანჯავს, არამედ შეიძლება სიამოვნებისგან თვალებიც კი აგიტრიალდეს. იცი, მათი ჯგუფის წევრი შიზოფრენიით დაავადდა და ეს ბუნებრივიც კია როცა ასეთ მძაფრ შეგრძნებებთან გაქვს ურთიერთობა.

- გაჩუმდი!

- შიზოფრენია, ეს ისეთი ტვინის დაავადებაა, რო მისი გაკურნება შეუძლებელია და ამის გამო თავს ცუდად გრძნობ.

- გთხოვ...

- არც ჯენის ჯოპლინი გეცოდინება ... არც ჯიმი ჰენდრიქსი, მან პირდაპირ ენით დაუკრა გიტარაზე, ღმერთო ჩემო! და დიფ ფარფლი?! მათ ჩაილდ ინ თაიმს თუ მოუსმენ შეიძლება შენმა პატარა გულმა ვერც კი გაუძლოს და გასკდეს. ლედ ზეპელინი პირდაპირ სამოთხეში გიკრავს თავს, ეისსიდისი კი ჯოჯოხეთში. გესმის?!

- გაჩუმდიიი!!!!

    ამჯერად მართლა ძაან ხმამაღლა მაფრთხილებს.

- მესმის შენი, ყვავილო. ერთ საშინელ პერიოდში მეც ვიყავი დეპრესიაში. იმდენ ინფორმაციას ვიღებდი, რო მერე ამის გადამუშავებას ვეღარ ვასწრებდი, არადა ყველაფერი სწორად უნდა აღმექვა, ამის გამო კი ჩემი ტვინი აირია. არსებობს შეწყვეტა მინდოდა. იცი რამდენჯერ ვმდგარვარ სახურავის კიდეზე იმ მიზეზით რო გადავმხტარიყავი?! მაგრამ ვერ ვხტებოდი, რა უცნაურია, არა?!

- გთხოვ, ცოტა უფრო ნელა იარე.

    რამდენიმე წამი სვლას ვანელებ, შემდეგ კი ჩვეულ რითთმს ვუბრუნდები.

- შენი არაფერი მესმის...

- ეს ბუნებრივიცაა. შენ ხომ ყვავილი ხარ. თუმცა რომ არა ჩემი მეგობარი, მეც შენსავით ვიქნებოდი. ჩვეულებრივი ხოჭო ვიყავი, არაფრით გამორჩეული. მიყვარდა უმისამართოდ სიარული და გზადაგზა საკვების აგროვება. წარმოიდგინე, ეს ერთფეროვნება არა თუ მაწუხებდა, არამედ საერთოდაც ვერ ვიაზრებდი, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო. შემდეგ ჩემი მეგობარი გამოჩნდა. სახურავზე, მეორე გიგანტთან ერთად მდუმარედ იჯდა. თითქოს იქ იყო, მაგრამ ამავდროულად, -სხვაგან. მე ვცდილობდი ტერიტორიას მოვშორებოდი, რომ არ დავენახე და გავესრისე, მაგრამ უეცრად თვალებში შემომხედა, ამან კი ადგილზე გამყინა. აი, ამას გეუბნებოდიო, - მეორე გიგანტს მიუბრუნდა, - ამ ხოჭოშიც კი უსასრულო სამყაროაო. მართალია, მაშინ ეს სიტყვები საერთოდ ვერ გავიგე, მაგრამ ისე მომეწონა, შოკში ჩავარდი და ძალიან დიდი ხანი ადგილიდან ვეღარ ვინძრეოდი. ასე დავმეგობრდით მე და ის. ხშირად მოდიოდა ხოლმე, ხანაც მარტო, ხანაც სხვა გიგანტებთან ერთად, მისი ლაპარაკი ქადაგებას გავდა, თავიდან სამყაროს შემქმნელიც კი მეგონა. მართალია, მე არასდროს მესაუბრებოდა, მაგრამ მთავარი ეს არ არის, გესმის, ყვავილო?!

- არ ვიცი... მგონი, კი.

- მაგრამ ერთი რამე გამკვირვებია, ეს დაწყევლილი მზე რატომ არ ჩადის?

- და არც როლინგ სტოუნის ხმა იმატებს, რომ რამენაირად მივხვდეთ, რამდენად მივუახლოვდით მიზანს, არა?!

- ეგ არაფერია. ჯერ ძალიან ცოტა მანძილი გავიარეთ. მთავარია მუსიკა არ შეწყდეს. შენ იცი, ნიცშემ რა თქვა?

- ეგ ვინღაა?

- მაგას რა მნიშვნელობა აქვს, ყვავილო? მთავარი ისაა, თუ რა თქვა.

- და რაო?

- ეს ცხოვრება მუსიკის გარეშე ერთი დიდი შეცდომა იქნებოდაო.

- ბევრი ლაპარაკი გიყვარს...

- ხო, ეს მეც შევამჩნიე. ალბათ იმიტომ, რომ ძალიან დიდი ხანი ვიყავი ჩუმად.

    ერთ დღეს, როცა თავს ძალიან მარტოდ ვგრძნობდი და არსებობის შეწყვეტა მინდოდა, სახურავის კიდეზე ბუზი მოფრინდა და უსიტყვოდ გვერდზე ჩამომიჯდა, არც კი მომსალმებია. თავის ხელებს ილოკავდა ისე თითქოს მანდ არც ვყოფილიყავი. მერეღა, რამდემინე წუთის შემდეგ ჩაილაპარაკა, გემრიელი ნეხვი იყო... ასეთი გემრიელი ნეხვი ამ ქალაქში იშვიათობააო.

    მე იმ წამს ხედს არ ვაშორებდი თვალს

    რა ჯანდაბა გჭირსო?

    მაგრად მოვიწყინე-მეთქი.

- ნახე სამყარო რამხელაა, ამ სივრცეში რამდენი გასართობის პოვნა შეგიძლია წარმოდგენა მაინც გაქვს?

    ეგ ყველაფერი ისედაც ვიცი, მაგრამ ეს ცოდნა არ მეხმარება-მეთქი.

    შენ იცი აფრიკაში ხოჭოები რა დღეში არიანო? შენაირი ჩასუქებულები კი არ არიან. თან იქ ისე ცხელა, ხანდახან იხრუკებიან კიდეცო.

    შენ რა ჯანდაბა იცი-მეთქი.

- იდიოტო ჩემ ფრთებს ვერ ხედავ? ამის წყალობით ყველგან ნამყოფი ვარ.

- ყველგან არა  ჩემი ფეხები...

    მართლაო, და იმ წამს, არ ვიცი რატომ, მაგრამ დავუჯერე.

    მზეზე და მთვარეზეც-მეთქი?

- ან რომელიმე ვარსკვლავზე?

    უაზრო სიცილი დაიწყო, იქ რა ჯანდაბა მინდაო.

    ლამაზები არიან-მეთქი.

- ე, ძმაო, ზოგი რამე იმისთვის შეიქმნა რო მათი ყურებით შორიდან დატკბე, გესმის? მაგრამ ეს ყველაფერი დაიკიდე. წადი, გოგო იპოვე, ვინმე მახინჯი ხოჭო, თ უკეთესებთან არაფერი გამოგდის, ჰა-ჰა-ჰა... და ოს ყველაფერი, რაც ასე ძალიან გთგრუნავს, წამში დაგავიწყდება.

- გოგო? ეგეთები რო არ მაინტერესებს?

- ჯანდაბა! ახლა თვალებში მიყურებ და ისე მატყუებ. უბრალოდ თქვი რო არაფერი გამოგდის მათთან, რა საჭიროა ეს სისულელეეები ? ბზზ... ბზ... - თქვა ეს და გაფრინდა.


- მისმინე ყვავილო, მგონი რაღაც უცნაური ხდება, დაღამებას არასდროს აპირებს!

- და არც ეს მუსიკა აპირებს გაჩუმებას.

- მაგრამ თუ საჭირო გახდა, მარადიულად გავყვები ამ ხმას.

    არ ვიცი, ან როლინგ სტოუნი მიყვარს ძაან, ან ჩემი მეგობარი მენატრება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები