ნაწარმოებები



ავტორი: მმმმმ
ჟანრი: პროზა
8 ივნისი, 2019


მოთამაშე - I ნაწილი

                                                          მოთამაშე

 
- მიდი, ჯექს, კვალს მიყევი, ახლოს უნდა ვიყოთ. - იყვირა, რომ ელვისა და ქარის ხმაურში ძაღლამდე მიეღწია ხმას.
  წელში მოხრილი იდგა და ნაცრისფერ მტვერში ჩამალულ კლდოვან მასას აყოლებდა თვალს. სისხლდენა შეჩერებოდა, მაგრამ ხელს მაინც იჭერდა მუცელზე.
    ჩამოჯდა. „ახლა რა ვქნა?!...“ ეკითხებოდა თავს, მაგრამ ვერაფრით მოეკრიბა გონება. ერთი, რაც იცოდა, „ის“ ჯერ კიდევ თვითონ ჰქონდა. გაახსენდა თუ არა, ჯიბეზე მიიდო ხელი. იმედის ნაპერწკალი წამში გაუქრა - „ის“ იქ იდო, უძრავი... მუჭში მოიქცია და მაღლა აღმართა ხელი.
  „ჰულუ... თუ ხელს გავუშვებ, ის ქარს გაყვება. მასთან ერთად გადაივლის ათას მთას და ათას ზღვას, ათასჯერ დაიკარგება და ათასჯერ იპოვიან, მე კი გავხდები ის, რაც აქამდე ვიყავ. თუ ხელს გავუშვებ... ვიქცევი ისევ ფერფლად და არად“.
  ძაღლის ყეფა მოესმა.
  „ჰულუ... მომეც ნიშანი. ეს გზა ჩემი არ არის“.
  წამით კვლავ ბრაზით მიაჩერდა მგრგვინავ ნაცრისფერ მასას. მთელი სხეული დაძაბვოდა და მძიმედ სუნთქავდა. ქარიშხალი ზანტად, თავდაჯერებით მოაქანებდა ქვიშის მთებს უდაბნოს გულისკენ და მტვრით ავსებდა ყველაფერს, იცოდა, არავინ იყო მისი შემჩერებელი.

.....

ვილეა

-        კიდევ ერთი მომაწოდე...
-        დავალებაზე ვართ... - წარმოიწყო კირემ, მაგრამ ხელი ისე ავუქნიე, მიხვდა აზრი არ ქონდა. ერთი მაგისიც… საზიზღარი დღეა...
-        ... გეუბნები, ვერაფერი გავაგებინე. ხან ასე ვეჩიჩინე, ხან - ისე! მაგრამ, რა?! ბოლოს შევეშვი, მაინც არაფერს ისმენდა. - თქვა ტუქსომ და სასმისი მომაწოდა.
  ტუქსო ჩვიდმეტი წლისაა, როგორც თვითონ ამბობს, მაგრამ თავს დავდებდი, ცამეტზე მეტის არ იქნება. მე და კირეს ორი წლის წინ შემოგვიერთდა - მიწისქვეშა ლითონის საბადოში გავიჭედეთ რამდენიმე ადამიანი, ტუქსოს გათვლებით გამოვაღწიეთ. იშვიათი ვიღაცაა. ვიცი, თავის წარმომავობას მალავს - ასეთი ცოდნა ღარიბ უბნებში დაბადებულს ვერაფრით ექნებოდა, მაგრამ არაფერს ვეუბნები, მასაც ხომ სხვა ვგონივარ - მისთვის მერლი კონევი ვარ, მასავით უთვისტომო... რა მნიშვნელობა აქვს? მთავარი ისაა, რომ უკვე მეორე წელია ერთად ვმუშაობთ და შეცდომა ერთხელაც არ დაუშვია. ყველა გათვლა ზუსტი აქვს. მარტო იმიტომ წამოვედი ამ დავალებაზე, რომ თავი დადო - შტორმს დავასწრებთ და ორმაგს გადაგვიხდიანო.
- წავიდა ხომ მაინც?
- მაგ ხისთავიანისგან გიკვირს?! - ჩაერთო კირე ისე, რომ ხრიოკი გზისთვის თვალი არ მოუშორებია. ეს უსიცოცხლო მიწები დღემდე მთრგუნავს. იქ, საიდანაც მე ვარ, მიწა ნაყოფიერია. ყოველ შემთხვევაში იყო, სანამ წამოვიდოდი. მაგრამ, ამბობენ, უდაბნოს ქვიშებმა იქამდეც მიაღწიაო.
- წავიდა, კი.
- მერე, რა მოხდა?
- რა და... მკვდარი დაგვიბრუნეს მალევე.
- მოიცა... პინე მკვდარია? - შევნიშნე, როგორ ამიკანკალდა უნებლიეთ ხელები. პინე ერთ-ერთი ჩვენგანი იყო - გაქცეულებიდან ერთ-ერთი... თუ ის იპოვეს... თუ ის იპოვეს, არც ჩემგან იქნებიან შორს.
-        მკვდარია, კი. - ტუქსომ ჰორიზონტს თვალი მოაშორა და ჩვენკენ გადმოიხარა, - და იცით ვინ მოგვიტანა მაგის გვამი?
-        ვინ?
-        ...მშიფვრელებმა!
-        რაო?!
-        ჰო! მაგას გეუბნებით! წარმოგიდგენია?! ისინიც ვერ არიან კარგად. გეუბნები, რაღაცა ხდება-მეთქი! - ფრჩხილებს იკვნეტს ხოლმე, როცა რაღაც თეორიას აგებს. ვიცი საითაც მიყავს - დიდი ხანია უცნაურ მკველობებზე ლაპარაკობს, გონია, რომ რაღაც ახალი სექტა ყალიბდება... მაგრამ, რომ იცოდეს, რა შორსაა მისი ნებისმიერი ნააზრევი სიმართლისგან... თუ თვითონ არ იყავი იქ, ვერასოდეს ივარაუდებ - რაც არ უნდა იყოს, ტურნირის დრო ახლოვდება...
-        შენ ხომ გააჭირე რა საქმე. - ხელი აიქნია კირემ.
-        რა საქმე გავაჭირე? აბა, მითხარი ერთი, რატომ მოიტანეს მშიფვრელებმა გვამი ჩვენამდე? გინახავს ეგეთი მშიფვრელი, თავს რომ რამეზე იწუხებდეს, თან ჩვენთვის? გეუბნები, ისინიც ფიქრობენ, რომ რაღაც ხდება. გაერთიანებას ცდილობენ!
  მე და კირემ ერთმანეთს გადავხედეთ და უნებლიეთ ერთდროულად გაგვეცინა.
- ნუ გამაგიჟეთ! ასე რამ გამოგაშტერათ?
- მისმინე, ტუქსო, ეგ შენი პინე, შეიძლება სულაც მაგათი მოკლული იყოს და ასე კვალს გიბნევენ. - ჩემი თავი მეზიზღება, როცა ვატყუებ.. ჯანდაბა! ეს ყველაფერი მაინც ერთი დიდი ნაგავია. - ახლა მარტო იმაზე მეფიქრება, რომ თავი ლამისაა გამისკდეს.
- კიდევ დალიე, კიდევ. - ირონიულად ჩაილაპარაკა კირემ.
  ჰულუს მიწებო, რაღა პინე?...
  მოვედით. ...დამწვარი გვამების მთები. ...თავის დროზე ყველამ მოირგო რაღაც როლი და დღემდე ბრმად მიყვებიან. მეზიზღება ეს ადგილი. არაფერი გიჩვენებს ასე ცხადად შენი არსებობის უშინაარსობას, როგორც ეს აყროლებული, ერთმანეთზე დახვავებული გვამები დაცარიელებულ მიწაზე. კუსტოსთან რომ შევედით დილით დავალების მისაღებად, თავის ყვითელ სავარძელზე იყო გადაწოლილი და ცხიმიანი თითებით მარწყვს იტენიდა პირში... ამათგან ალბათ ნანახიც არ ექნებოდა არცერთს მარწყვი, მისთვის და მისნაირებისთვის კი დადგნენ მოედანზე ჟლეტვის დღეს... ნანახი მაქვს, როგორ მწკრივდებიან ხოლმე - თავისი სახელის გაგონებაზე დაცარიელებული სახეებით მიიზლაზნებიან მოედნისკენ და ხელებს ცისკენ იშვერენ. იძულებაც კი არ სჭირდებათ... იარაღი რომ მისცენ, თავადაც გამოიფატრავდნენ მუცლებს. გონებაშეზღუდული, გაძვალტყავებული ექსტრემისტები. არც ვიცი ვინ უფრო მძულს... მმართველები, ეს დაჩლუნგებული ხალხი, თუ საკუთარი თავი, ამ ნაგავში რომ ვარ გახვეული. უკვე მერამდენედ, სხვა საცოდავ და დამშეულ მაწანწალებთან ერთად ვწმენდ გვამებისგან მოედანს, რომ ყველამ ყველაფერი ადვილად დაივიწყოს... ვითომც არაფერი მომხდარა. ასე მგონია, ჰაერში ვარ გამოკიდებული და რაც არ უნდა გავაკეთო, უაზრო ფართხალად იქცევა, სხვა არაფრად.
- მოიცა, მოიცა, ყველაზე მთავარი არ მითქვამს. ამაზეც მეტყვით, ნეტა, მოგელანდა რაღაცო? ყველაზე უცნაური ამ ამბავში პინეს გვამია!...
- ამოღერღე თუ ამბობ...
  შედარებით ცარიელი ბორცვი შევარჩიეთ და მანქანიდან გვამების გადმოტანა დავიწყეთ. ეს ის გვამებია, რომელსაც ვერაფერში გამოიყენებდნენ, დაავადებული, ძვლებად ქცეული ადამიანების  გვამები.
- მაცალე... მშიფვრელებს მდინარის თავზე, ხეებს შორის გაკიდული უპოვიათ, კანი სრულად ჰქონია ათლილი და ფრთებივით ეკიდა უკან. სისხლის ერთი წვეთი არ ჰქონდა შერჩენილი, ნაწლავები - გადმოყრილი, გული - გამქრალი... და სახე... ყბა ამოვარდნილი, თვალები - დათხრილი... ფუუუ შენი! სულ ამოვითხვარე! ასე ნუ აგდებ!
- ამოდი მაშინ და შენ გადმოყარე. - დაუყვირა კირემ. პირზე ნაჭერი აეფარებინა, მაგრამ სახეზე ეტყობოდა, როგორ უჭირდა სუნის გაძლება.
- ხომ იცი რომ ზურგი მტკივა. მიდი, მიდი.
- მერე, რა გაარკვიე პინეზე? - ფრთხილად ვკითხე, ზედმეტი ინტერესი რომ ვერ შეემჩნია.
- ვერც ვერაფერი. მშიფვრელებმაც კი ვერაფერი თქვეს...
- შენ რა... მათ ელაპარაკე? მართლა? - გაუკვირდა კირეს.
- თვითონ მითხრეს. არაფერი მიკითხავს. მოიტანეს პინეს გვამი ტომრით და ფეხებთან მომიგორეს, პირდაპირ ფეხებთან! ისიც თქვეს, ასეთი რამ არ გვინახავს, იქნებ შენ იცოდე რამეო!
- რაო? აქეთ გკითხეს რამე? - გადმოსძახა კირემ.
- შენ წარმოიდგინე! - შესძახა ტუქსომ. - შენიანია და იქნებ იცოდე რამეო. მაგათიანიც უპოვიათ საშინლად ნაწამები ცოტა ხნის წინ. დაბნეულები იყვნენ.
- დაბნეული მშიფვრელი... - თავისთვის ჩაიცინა მწარედ კირემ. - ეჭვიც არ მეპარებოდა, ასე რომ დაამთავრებდა. ასე იცის სხვისი საზღვრების დარღვევამ.
- მაგას რა მნიშვნელობა აქვს! თავში რომ ქარი უქროდა ეგ უშენოდაც ვიცი! მთავარი სხვა რამეა. ასეთ დღეში ვინ ჩააგდო, ან რატომ... ან ეს მშიფვრელები რამ დააფეთა?
- რა ეგონა, მიტოვებულ კლდეებზე რომ მიდიოდა? უმიზეზოდ კი არ დატოვა ყველამ იქაურობა. - კირე მანქანიდან ჩამომხტარიყო და დაძაბული უყურებდა ხევში ჩამოწოლილ სიბნელეს.
...მიტოვებულ კლდეებზე მართლაც რა უნდოდა? პინე, რა მოხდა შენს თავს?! მე და მას ერთად გვამზადებდნენ, სანამ გამოვიქცეოდით... რა შორსაც არ უნდა გავიქცე, როგორც არ უნდა დავიმალო, წარსული მაინც კვალში მიდგას. ერთი ამისი...
-        ტუქსო, პინეს არ უთქვამს მიტოვებულ კლდეებზე რატომ მიდიოდა?
-        არა, არაფერი მითხრა.
-        საერთოდ არაფერი? -აშკარად გაუკვირდა ასე რომ ჩავეძიე, მარამ არ შეიმჩნია.
-        მარტო ის მითხრა მიტოვებულ კლდეებზე მივდივარო.
-        რატომ გითხრა?
ტუქსო მხრებს იჩეჩავს.
  ...იმიტომ უთხრა, რომ მე გამეგო. მაგრამ, პირდაპირ მე რატომ არ მითხრა? ეჰ, პინე... გაქცევის მერე  სხვადასხვა ქალაქში გადავნაწილდით, რადგან ერთად ყოფნა უფრო საშიში იყო. მაგრამ საერთო ნაცნობები შემოვიკრიბეთ, ისე, რომ რაღაც კავშირი მაინც გვქონოდა.
-        საშინელი სანახავი იყო, გეუბნებით, საშინელი! მშიფვრელები...
-        მერლი, – უეცრად დაძაბული სახით მომიბრუნდა კირე. - ვიღაც გყავს მოჭიდებული...
-        რაო, რამეს გრძნობ?
-        ვიღაც მოგყვება...
-        რას ამბობ, კირე?!
-        მოიცა! - შეაწყვეტინა კირემ და თავით სიბნელისკენ გვანიშნა. - ჩუ!
-        რა ხდება?! - ორივე ძალაუნებურად, ინსტინქტურად მოვიხარეთ.
-        იქ ვიღაც დგას.
    სიბნელეში მართლაც იდგა ვიღაც, ჩვენ გვიყურებდა და ოდნავადაც არ იძვროდა. ამ ბნელი ფიგურის შემხედვარე, ცუდი წინათგრძნობა გამიჩნდა. წამიერად გამოვფხიზლდი და ქამარზე შევივლე ხელი იარაღის შესამოწმებლად.
-        ეს მყავს მოჭიდებული?
-        მმ... ეს არა... ეს არ ვიცი ვინაა.
-        სხვა გუნდიდან იქნება ვიღაც. - უფრო თავის დასამშვიდებლად ჩაილაპარაკა ტუქსომ. - მოდით ერთი, დავწვათ მალე ეს გვამები და წავიდეთ. შტორმიც ძაან სწრაფად ახლოვდება.
-        მოიცადე, ეს ჩვენთან ერთად არ გამოსულა ქალაქიდან.
-        ასე რას გვიყურებს? - ტუქსო წინ გაიწია. - ეი, მანდ, რას მოგვშტერებიხარ, საქმე არ გაქვს?
  სიჩუმე.
-        ეი! შენ გეუბნები! - გასძახა ისევ ტუქსომ.
  სიჩუმე.
-        რა ჯანდაბაა?!
-        მანქანაში ჩასხედით, მალე! - ისეთი ტონით თქვა კირემ, მაშინვე დავემორჩილეთ.
  ... კიდევ ერთი! დაღმართის ბოლოს კიდევ ერთი შავი ფიგურა დგას გაუნძრევლად. ხელები ისევ ამიკანკალდა - ესენი ჩემთან არიან!
მანქანა ელვასავით დაეშვა დაღმართზე...
-        კირე, ფრთხილად!
  კირემ ბოლო წამს მოუხვია, უცნობს კუთხე გაკრა და დაბლა დააგდო. ჰულუ!... არ ვიცი მომეჩვენა თუ არა... არა, არ მომეჩვენა. ეს მცველის ქუდი იყო  - შავი, მანდალას სიმბოლოებით მოხატული! ...აქ რა უნდათ?... გავხედე და დავინახე როგორ ნელა წამოიმართა ის სიბნელეში, როგორც კვამლი.
-        რა ამბავია?!
...ჰულუს მიწებო!... გარშემო მტვერში კიდევ რამდენიმე ისეთივე ფიგურა დავლანდე - შავი, გრძელი მოსასხამით. ნუთუ მართლა მცველები არიან?... თუ გამოგვედევნენ, ერთი ვარიანტი რჩება - ისინი ჩემთან გამოგზავნეს. მაგრამ ასეთი ძალები ხომ არასოდეს ერევიან ტურნირის ამბებში?! ...პინე! მათ გაურბოდი მიტოვებულ მთებში?...
-        სწრაფად კირე, სწრაფად! - ყვიროდა ტუქსო და უკან იყურებოდა.
-        მისაბმელში ვიღაცაა, უნდა ჩახსნათ.
-        მივდივარ! - იარაღი ამოვიღე და ზედა ფანჯარა გავაღე.
  ...ჯანდაბა, ჰულუ! რაღა ამ ქარში და მტვერში!... თითქმის ვერაფერს ვხედავ, ხელის ცეცებით მივიწევ მანქანის ბოლოსკენ საბელის ჩასაჭრელად და ვგრძნობ როგორ მიკანკალებს ხელში იარაღი. სადაცაა მივაღწევ... აი აქაა. აქ უნდა იყოს... უეცრად ცივი ხელი მხვდება მკლავზე და წარმოუდგენელი ძალით მისვრის ჰაერში.
  თვალდახუჭული ვტრიალებ, მიწაზე ვებერტყები და ინერციით რამდენჯერმე ვგორდები, სანამ პატარა კლდოვან ამონაზარდს არ ვეჯახები. აი ახლა კი მორჩა!...
  ბუნდოვნად ვხედავ მიმავალ მანქანას და მანქანიდან გადმომხტარ შავ ფიგურას, რომელიც ქვასავით ეშვება მიწაზე. ჩემთან მოვიდნენ!... ჩემთვის გამოგზავნეს... მორჩა! ნაბიჯს არ უჩქარებს, ნელა მოდის. სულ ახლოს... სულ ახლოს... ვცდილობ იარაღს მივწვდე, მაგრამ უცნობი ხელს მავლებს საყელოში და ჰაერში მწევს.
-        ვილეა მელარკ. - თავი გვერდზე აქვს გადახრილი და ისე მიყურებს ღრმად ჩასმული, წვრილი თვალებით. ქუდს ქვემოთ გრძელი თმა უფრიალებს. ...დრო მაქვს, ის თავისიანებს ელოდება. მცველები მარტო არასოდეს იღებენ გადაწყვეტილებებს. თუ უკვე გადაწყეტილი არ არის...
  ამბობენ, რომ თუ მცველი შენს წასაყვანად მოვიდა, ვერაფერი  გადაგარჩენს... ეს ის არსებები არიან, რომლებითაც ბავშვობიდან გვაშინებენ - წესრიგის მცველები. ისინი მხოლოდ ერთს ემსახურებიან. ვგრძნობ, როგორ უმწეოდ ფართხალებს ჩემი სხეული. იარაღს მაგდებინებს და მიწაზე მაგდებს. თვითონ დგას და მიყურებს... ჩემს გაკავებასაც კი არ ცდილობს. წარმოვიდგენ, როგორი არაფერი ვარ მის თვალში და ბრაზი ყელში მაწვება. ...ასე მარტივად უნდა მოვკვდე?... წარმოვიდგენ, როგორ მიღოღავს პინე და კვალში ასეთივე მცველი ყავს ჩამდგარი. სრულიად მარტო...
-        საიდან იცი ჩემი სახელი, ვინ გამოგგზავნა?
-        ვილეა, ბელდორფის ასულო, მოვედ შენად, რათა აღვასრულო წესი იგი, რამეთუ არავინ არს მასზე მაღალ.
  უმწეო... უიარაღო და დალეწილი... მიწაზე მიკრული... ასე უნდა დამთავრდეს? „..საბოლოო ჯამში, ყველაფერი შენზე იქნება დამოკიდებული...“ ეანგეს საშინელი ხმა ჩამესმა. არ ვიცი განგებ იდგა მაშინ ასე თუ არა, მარამ მის მოხრილ პროფილზე დაცემული სინათლე ყველა მის სიტყვას უფრო განსაკუთრებულს ხდიდა. „...შეგიძლია დანებდე და თამაში დამთავრდება, შეგიძლია მაშინაც გააგრძელო ბრძოლა, როცა პარტია განწირულია, არჩევანი შენზეა. ...გახსოვდეს, ყოველთვის ვერ გამოძვრები, მაგრამ ცდად ღირს.“
-        შენ იმ წესს აღარ ემსახურები, რომლის დასაცავადაც შეგქმნეს. ახლა შენ ფიგურა ხარ ვიღაცის ხელში და სხვის თავისუფალ ნებას ებრძვი. მითხარი ვინ გამოგგზავნა.
-        ტბის ზედაპირს დაქრის გონი შენი და არ შესწევს ძალა და უნარი ჭეშმარიტება შეიცნოს, ბელდორფის ასულო. თავისუფლება ქაოსია და მე კი პირმშო ვარ მისი.
  ხმალი ამოიღო. მცველების მორკალული ხმალი.
  ...ნუთუ ესაა დასასრული?...
-        თავს იტყუებ, მცველო. დამამარცხებ, რადგან ჩემზე ძლიერი ხარ, მაგრამ ამ წინააღმდეგობას, შენს თვალებში, რომ ვხედავ, ვერ მოერევი.
  წარბშეკრული დამაკვირდა. დაიჩოქა, შუბლზე დამადო გაყინული ხელი. მთელი სხეული დამეძაბა დანის ბასრი პირის შეხების მოლოდინში... მან კი ჩუმად ჩაიბუტბუტა: „...წინააღმდეგობრიობა არს საწყისი ყოვლის...“
-        ვინ გამოგგზავნა? მინდა ისე მოვკვდე, რომ ვიცოდე.
-        გხედავ, ვილეა. ვხედავ შენს სიმართლეს და გზას. ახლა კი შენ შემომხედე და დაიმახსოვრე სახე ჩემი. მერიდე, რადგან, როს კიდევ მიხილავ, მაშინ განუტევებ სულს.
უეცრად ხმლის პირი ლოყაზე დამისვა და განაგრძო:
-        სანამ ჭრილობა შეხორცდებოდეს, თან გატან ძალას  ჩემსას, როგორც ნიშანს გადარჩენილისა, რამეთუ ბევრი გყავს მტერი  მიწის პირზე, მოყვარე კი - ცოტა. ისმინე და გულს იდე სიტყვაი ჩემი - როეს მოვა დრო იგი არჩევანისა, მიენდე და მიყევ მას ვინც მტრად მოდის შენსას, მეგობრად კი იქცევა. ახლა კი გაიქეც... არ არს დღეი ესე სიკვდილისა შენისა. ...და არ განივიწყო, ნაჩუქარი სიცოცხლით მიხვალ.

.....

იენიკი

  ამ თავდაჯერებული აყლაყუდების  მოტყუება იმაზე ადვილი აღმოჩნდა ვიდრე მეგონა. ქათმები! სწორ დროს ნათქვამი ერთი-ორი სიტყვა, ერთი-ორი დამაჯერებელი ისტორია და მორჩა - აბლაბუდაში არიან! ამათი გასიებული თავმოყვარეობის გამოა ადვილად რომ მოტყუვდნენ - ისეთ არარაობად მთვლიან, აზრადაც არ გაუვლით რა საფრთხე ვარ მათთვის.  ამათ ვაჩვენებ... სულ ცოტა დამრჩა. მხოლოდ ოცდაშვიდი საათი.
-        ეი, იენიკ!
-        რა იყო?
-        მენორკი გვეძახის ყველას.
-        მაგან ხომ...
  სახურავიდან ჩავხტი და ნიომეს მივყევი. ნიომე ერთ-ერთი მათგანია, ბავშვობიდანვე რომ გამოულაყეს ტვინი. მამამისი რომ არა, ახლა ალბათ სადმე ნაგავსაყრელზე ეგდებოდა... ან ექსტრემისტებთან... მამამისი დიდი გაიძვერა ვინმეა. ყოველ დღე ვუყურებ როგორ დაძვრება და ყველას ლოკავს... სხვა გარემოებებში, ეს ქალი შეიძლებოდა მომწონებოდა კიდეც, ისეთი უკანალი აქვს, მაგრამ ახლა ყველაფრით მაღიზიანებს. მისნაირებს ყველაფერი თავიდანვე დალაგებული აქვთ. ჩემნაირები კიდევ პურის ყველა მარცვალზე ფრჩხილებს იყვლეფენ. ჩემი და რვა წლის იქნებოდა რომ გაყიდეს. მე კიდევ ვიდექი პირდაფჩენილი და ხან ვის შევხედავდი და ხან ვის. თანაც რა ფასში გაყიდეს, მთელ ორ ტომარა მარცვალში. ჰა ჰა! ფუ შენი! რომ შემეძლოს ახლავე დავუსვამდი მთელ ზურგზე დანას.
-        შენი პირველი გასვლაა ხომ? - ისე მეკითხება, არც მიყურებს. ასე იცის ხოლმე, გელაპარაკება, მაგრამ არ აინტერესებ.
-        კი, პირველია. შენთვის?
-        უჰ! - ხელი აიქნია.
-        უკვე ვეღარც ითვლი ხომ? - მლიქვნელურად ვუთხარი. შეიფერა. ფუ!
-        მთავარია არ დაიძაბო. თუ დაიძაბები, ცუდად წავა შენი საქმე.
-        ეგ ცოტა რთული იქნება, მოთამაშეებთან შეხება პირველად მექნება.
-        დამიჯერე, ისეთი არაფერია. ძირითადად თავისთვის არიან, ძალიან იშვიათად თუ დაგიწყებენ რამეს.
-        რამეს დამიწყებენ?
-        ჰმმ... ჰო... გასართობად რა. ყურადღებას ნუ მიაქცევ და ეგაა.
-        შევეცდები.
  გავუღიმე და მივაჩერდი. შეამჩნია და თავისთვის ოდნავ გაეღიმა. კარგია გზაში ესეც რომ იქნება. კარგად გავერთობი რომ ვნახავ, მერე როგორ შემომხედავს.
  მენორკი ბუხრის წინ იდგა, დიდ მაგიდასთან, თავისი პირადი ქათმებით გარშემორტყმული. დიდი ყეყეჩი ვინმეა... ყოველთვის ბეწვეულშია გახვეული, თავის სტატუსს რომ გაუსვას ხაზი, წინ კი ყოველთვის უდევს რაღაც გემრიელობები. სიამოვნებით ამოვუტენიდი ახლავე ფილტვებს ამ ტკბილეულობით. მაგრამ ჯერ ადრეა. ახლა კუდი უნდა ვუქიცინო. მე და ნიომე კედელთან დავდექით, სხვა ჩვენნაირი დაბალი რგოლის მეომრების გვერდით და თვალები დავხარეთ, როგორც მენორკს ესიამოვნებოდა - მას რომ თვალებში უყურო, გარკვეულ პრივილეგიებს უნდა ფლობდე.
-        შტორმის გამო მარშრუტების გადანაცვლება მოგვიწევს. მთავარი მოთამაშე და პირველი ორი შემცვლელი აპლინეს დაბით წავა. ორი შემცვლელი გენიოს მდინარეს დაუყვება, დანარჩენი სამი - სნურის ტყით ივლის.
  გზებს რუკაზე ხაზავდა, მაგრამ ჩვენ ვერ ვხედავდით.  ეს მთავარი მცველების საქმეა, ჩვენ უბრალოდ დამატებები ვართ. თუ რამე მოხდა, პირველებმა ჩვენ უნდა წავაძრობინოთ თავი. დროის მოსაგები და მტრის დაღლის საშუალებები ვართ. დანარჩენებს რომ კითხოთ, დარწმუნებული ვარ, ამით ძალიანაც ამაყობენ. საცოდავი ტვინგამორეცხილები.
-        მმართველები ლენორპის გზით წავლენ, როგორც წესია. შეთანხმების მიხედვით, მათ არავინ დაესხმება თავს.
  ამ წესებს ძაან თავგამოდებით იცავენ. გეგონება მათივე მოგონილი არ იყოს და მათვე არ შეუძლიათ ორ წამში შეცვლა. ამათაც კი ჭირდებათ ხანდახან თავის მოტყუება, თავი რომ უსაფრთხოდ იგრძნონ. ფონეკომ, ჩვენმა მასხარა მმართველმა, ტურნირამდე ორი წლით ადრე დააყენა თავისი შემცვლელი. ნამდვილად წესების ფარგლებში, მაგრამ წესის იდეასთან ძაან თანხმობაშია ეს ამბავი-მეთქი - ნაღდად ვერ ვიტყვი. რა გინდა, ეშინია და თავის გადარჩენას ცდილობს. თუ მისი მოთამაშე დამარცხდა, მას აათლიან ჭადრაკის დაფაზე სახეს, სხვას კი არა. თუ გაიმარჯვა, ადგება და ისევ თავის ტახტს წამოაფრინდება კოხტად! ძაან ბევრი ისისინა ამის გასაჩარხად, მაგრამ ბოლოს კი მოახერხა. ასეა, ყველაფერი მოჩვენებითია და ფარსი. მთელი ეს სამყარო ერთი დიდი ნეხვის გროვაა და მე კიდევ ბუზი ვარ, ჩუმად რომ დაბზუის და სხვა ბუზებს უჩუმრად აძრობს ფრთებს. ეიჰ!

  მანქანის სახურავზე ჩემი ადგილი გამომიყვეს. სანამ შემცვლიან, აქ უნდა ვეგდო და გარემო ვათვარიელო, ვაი და ვინმე არ გამოხტეს. ეჰ, რომ იცოდეთ, რამდენი ვიწვალე აქ მოსახვედრად... მაგრამ მთელი შიგნეულობა რომ გაქვს დამძიმებული და ვერაფრით ისვენებ, სხვა გზა არ გაქვს. რამე უნდა გააკეთო. ეს აზრი მაშინვე გამიჩნდა, რაც მოთამაშეების რიგიდან გამომაგდეს. ჩემმა მენტორმა, ეანგემ, იმდენი მირტყა თავისი მათრახი, სანამ გათიშული არ დავეცი. სავსე მაქვს მთელი სხეული მაშინდელი შრამებით. სადისტი ნაბიჭვარი!. რომ გამოვფხიზლდი, ნაგავსაყრელზე ვეგდე! ისიც კი არ შეამოწმეს წესიერად, მკვდარი ვიყავი თუ არა... აბა, ამის მერე რა უნდა მექნა. სანამ ეანგეს სახეზე არ ვნახავ გაოცებულ გამომეტყველებას, ყელის გამოსაჭრელად რომ მივადებ დანას, მანამდე ვერ მოვისვენებ. უნდა ვანანო, ასე რომ მომიშორა. მე კიდევ საუკეთესო ვიყავი მის მოწაფეებში... კარგიც არის, მკვდრად რომ ჩამთვალეს, ყოფილი მოთამაშე ხომ არ არსებობს - ან მოთამაშე ხარ, ან გვამი. მოთამაშეებმა ზედმეტად ბევრი ისეთი რამ იციან, რაც სხვებმა არ უნდა გაიგონ.

  ჩემებს ალბათ გული დაწყდათ თავის დროზე, სარფიანად რომ ვერ გამასაღეს და მწვრთნელებმა წაართვეს ჩემი თავი. მერე, ალბათ, იმედი მიეცათ, თუ მთავარი მოთამაშე გავხდებოდი, მათაც მივხედავდი. ჰაჰა! მათთვისაც მაქვს მომზადებული კარგი გეგმა. ცოტაც დამელოდონ!... ყველას უნდა ვანანო. ...ჩემი და კი ვერ ვიპოვე. პირველი, რაც ვქენი ეგ იყო - მისი ძებნა დავიწყე. გზა-კვალს ვერ მივაგენი, ერთი ის გავიგე, რომ რომელიღაც დიდგვაროვანს უყიდია. მეტი ვერაფერი... ერთადერთი, ვინც ჩემზე ზრუნავდა და ვისაც ვუყვარდი, ეგ იყო. ღამღამობით, როცა ძაან ციოდა, თავის ტომარას მაფარებდა და თვითონ იყინებოდა. საჭმელი არასოდეს უჭამია წესიერად, იმიტომ რომ თავისი წილის ნახევარს მე მიმატებდა. ამიტომ იყო ასეთი გაძვალტყავებული. მე კიდევ უსინდისოდ ვილუკმებოდი და მიხაროდა, თავზე რომ მისვამდა ხელს. ნეტავ, ეს ყველაფერი რომ არა, ახლა რა ვიქნებოდი. იქნებ ძალიანაც კარგ ვინმედ უნდა გავზრდილიყავი, ისეთად, ძველ ზღაპრებში რომაა: დაკუნთული და ამაყი გმირი, ყველას გადამრჩენელი და ყველას იმედი. ჰაჰა! ახლა კი ერთი კუზიანი თხა ვარ. ეგეც არა... უფრო ტარაკანა ვარ, თანაც ზურგზე გადაბრუნებული... ერთიანად განავლში რომაა ამოსვრილი, ფეხებს აფართხალებს და ვერაფრით დგება.
-        რა კარგად მოწყობილხარ.
  ნიომე ზემოთ ამოძვრა და გვერდით მომიცუცქდა. რაღაც ძაან მომეჩვია ბოლო დროს. კარგია, იქნებ გამომადგეს კიდეც. ვამჩნევ, ინტერესით რომ მაკვირდება ხოლმე. ნეტავ რას ფიქრობს, როცა მიყურებს?
-        მშვენიერი ხედია.
  ჩვენ მთავარ მოთამაშეს მიგვაყოლეს, როგორც ვვარაუდობდი. ტყუილად კი არ წარმოვაჩინე თავი პერსპექტიულ მეომრად. ჰაჰა! ახლა სადღაც ქვემოთაა გამოკეტილი თავის ოთახში და თამაშისთვის ემზადება. ნეტავ ეანგეს თუ იცნობს, თუ შეხვედრია აქამდე? ან ეანგე ვის მოიყვანს სათამაშოდ? ეგ ბებერი ძაღლი თვითონ აღარ მონაწილეობს, ბოლო ტურნირებზე მხოლოდ წვრთნაში იღებს მონაწილეობას, მაგრამ ცოტა მოიცადოს!
-        რა უცნაურია, ყველაზე გამანადგურებელი რამ რაც კი მინახავს, ამავე დროს ყველაზე მშვენიერი რამეცაა.
  შტორმს უყურებს. უცბად ისე მომინდა ხელი მომეხვია და ჩემკენ მიმეზიდა, მაგრამ დროულად შევაჩერე თავი. ახლა ზედმეტი შარი არ მჭირდება. მხოლოდ ოცი საათი დამრჩა.
-        პატარა რომ ვიყავი, ნაგავსაყრელზე ერთი წიგნი ვიპოვე. – (...რაო, ნაგავსაყრელი თქვა? დავიჯერო ესეც იქექებოდა ხოლმე იქ?)- სავსე იყო ასეთი სურათებით. არ მეგონა ასეთ რამეს სინამდვილეშიც თუ ვნახავდი.
-        ერთი ჩვეულებრივი შტორმია, ნიომე, მეტი არაფერი. ამ ადგილებში ასეთი შტორმები ხშირია.
-        მე პირველად შევესწარი. ძირითადად ქალაქში მიწევს ჯდომა, კედლების უკან.
  პირდაპირ გამისწორა მზერა. რაღაც სევდიანი მომეჩვენა. ნეტავ ამას რა აწუხებს?  რა ჭია ღრღნის? იქნებ ჩემზე უარესი ტალახითაა სავსე. ვერ ვიტან როცა ვერ ვხვდები, ადამიანს რა უნდა. ალბათ იმიტომ, რომ ნაწილობრივ მშიფვრელის შთამომავალი ვარ. ეს უნარი, რომელიც დაუკითხავად გადმომეცა, ოღონდ ძალიან სუსტი ფორმით, სიმართლე  ვთქვა, ბევრ რამეში დამეხმარა. მაგრამ მაგ უნარის ბრალია, არავინ რომ არ მიმიღო. მშიფვრელებს ვერავინ იტანს, ვერც ნახევრადმშიფვრელებს, და ვერც მეათედადმშიფვრელებს - ისინი ყველასთვის ერთია. ნამდვილი მშიფვრელი ერთი შეხედვით შიფრავს ადამიანებს. ისე კითხულობს მთელ მის ცხოვრებას, განცდებს, ფიქრებს და სურვილებს, როგორც წიგნს. აბა, ეს ვის მოეწონება? რა იციან, რომ ვიღაც დიდი ბებიისგან ეს უნარი სრულად არ გადმომეცა და რაღაც საწყალი, მახინჯი ფორმით მაქვს... თუ ვინმე იგებს ამ ამბავს, მაშინვე მერიდება, ამიტომ, ბავშვობიდანვე ძაან ვმალავ. ნამდვილი მშიფვრელი რომ ვიყო, ახლა ნიომეს მზერის ასახსნელად ამდენი ფიქრი არ დამჭირდებოდა. ჭირსაც წაუღია! ერთ რამეში გამიმართლა და ისიც წესიერად არა.
-        კედლები იმისთვისაა, ნიომე, რომ დაცული იყო.
  ეს არის ყველაზე გაცვეთილი ფრაზა ჩვენში. ინტონაციაც კი ერთი გვაქვს, როცა მას ვიმეორებთ.
-        დაცული და შეზღუდული.
  ოჰო, ეს რაღაც ახალია. გაკვირვებით შევხედე. დიდი გაუგებარი ვინმეა, ჰულუს მიწებს ვფიცავ.
-        ჩადი. ჩემი მორიგეობის დროა.
  დაბლა ჩავხტი. ოცდაორი საათი რჩებოდა...


.....

ვილეა


  პირველად რომ მოთამაშე დავინახე, ალბათ ხუთი წლის ვიქნებოდი. მახსოვს, უზარმაზარ არსებად მომეჩვენა. უთმო თავზე დიდი, შინდისფერი კაპიუშონი ჩამოეფარებინა, წარბებს ზემოთ მოთამაშის რამდენიმე სიმბოლო ამოესვირინგებინა, თვალები დიდი და დინჯი ქონდა, როგორც თითოეული მოძრაობა. ისე შემეშინდა მისი, მახსოვს, ერთიანად ავკანკალდი და ბაბუაჩემის შარვალს ჩავაფრინდი. უცნაურად ჩამრჩა თავში ბაბუაჩემის გამხმარი ფეხი და ნახვრეტები მის ძველ, გაცრეცილ შარვალში. მაშინ არ ვიცოდი რომ ეს მდუმარე და დინჯი არსება, მტევნებგადაჯვარედინებული რომ დადიოდა ჩვენს შორის და გვაკვირდებოდა, სულ მალე ჩემი მთავარი მენტორი გახდებოდა, მე კი - მოთამაშე.
  შტორმისგან ჰეკანგოს შევაფარე თავი, როგორც არ უნდა მდომებოდა - ყველაზე ახლოს ეს დასახლება იყო. განდეგილების მთავარი საცხოვრებელი... დამარცხებული სახელმწიფოების ნარჩენები. ჭირივით მძულს აქაურობა - გამხმარი ტალახი, დაავადებული ადამინები, ყველგან ნაგავი. მთელი დასახლება შარდის სუნად ყარს. აქ დღე და ღამე ვაჭრობა მიდის... მუდმივად ხმაურია. ბაზრობის მთავარ მოედანზე ვიღაცას ჩანთიდან ავწაპნე შავი პურის ნაჭერი და გამხმარი ვაშლის ჩირი. ნეტა სად იშოვა ვაშლი?
  ვიღაც მომყვება... შეიძლება მცველების გამო რაღაცები მელანდება, მაგრამ თითქოს რამდენჯერმე მოვკარი თვალი ნაცრისფერკაპიუშონიან ადამიანს... კირემაც ხომ ეს მითხრა, ვიღაც მიდგას კვალში... ...მუცელი მომიწურა გუშინდელი ამბის გახსენებამ - სიბნელეში მიმავალმა მანქანამ მოიასამნისფრო ნათებით... ამ ნათებას კირე მაშინ რთავდა, როცა მანქანა ჰაერში ეკიდებოდა, მიწის გასანათებლად... არც კი შეანელეს...
კირეს მამა ქენელონის ტომიდან იყო. ამ ტომის ხალხს ერთ დროს მმართველები იყენებდნენ სახელმწიფოების სამართავად, მაგრამ როცა გაიაზრეს, რამდენად დიდ საფრთხეს შეიცავდნენ თავიანთი უნარების გამო, თავიდან მოიშრეს. თითქმის ყველა გაჟლიტეს. კირეს მამა ერთ-ერთი იყო გადარჩენილებიდან...
  „...როცა მოვა დრო იგი არჩევანისა, მიენდე და მიყევ მას ვინც მტრად მოდის შენსას, მეგობრად კი იქცევა.“ რას ნიშნავდა ეს სიტყვები, ან... რატომ გადაიფიქრა მცველმა ჩემი მოკვლა?...  ან ეს ნაკაწრი რატომ დამიტოვა?... ნეტავ აქ იყო პინე... 
პინე... ერთი იმ სამიდან, ვისთანაც ერთ საიდუმლოს ვიყოფდი... რა გინდოდა მიტოვებულ კლდეებზე? ისეთ ადგილას მირბოდი, სადაც ვერ მოგაგნებდნენ, თუ რამეს ეძებდი?...მიკონო! იქნებ მან იცოდეს რამე. თუ მასაც მიაგნეს... შეიძლება ისიც მკვდარი იყოს უკვე. ჯანდაბა! რა ვქნა?!  მიკონო ბოლოს ტავიანოში იყო... იქნებ ახლაც იქ არის.
  მიკონოსაც ჩემთან ერთად წვრთნიდნენ. ახალ მოთამაშეებს მუდმივად ეძებენ და ბავშვობიდან წვრთნიან, რომ დაუმარცხებელ არსებებად აქციონ. რომც არ იცოდე, მაშინვე იცნობ მოთამაშეს არაფრისმთქმელი, გაყინული თვალებით. საუკეთესოებიდან საუკეთესოებს არჩევენ - მმართველების და სახელმწიფოების ბედი ხომ მათ ხელშია... თუ მოთამაშე დამარცხდა, მას არენაზევე აძლევენ იარაღს და აიძულებენ აარჩიოს - განდეგილებს შეუერთდეს და არარაობად იქცეს, თუ ღირსება შეინარჩუნოს და იქვე მოიკლას თავი...  მაგრამ ეს არჩევანი ერთი დიდი ფარსია - მოთამაშეს მაინც არავინ აცოცხლებს. მახსოვს ეანგეს სახე ასეთ დროს... სიამაყით წინ გამოშვერილი ნიკაპი და ირიბი ღიმილი. ასეთი სახით აცილებდა დამარცხებულ მოწინააღმდეგეს.
  მახსოვს, პირველად რომ ტურნირზე გამიყოლა, აღფრთოვანებული ვიყავი მისით. გაუნძრევლად იჯდა მთელი თამაშის განმავლობაში, ხალხის ხმაურსა და აჟიოტაჟში. თითქოს იქ სულაც არ იყო. ნიკაპი გრძელ თითებზე ჩამოედო და დაფას დინჯად დაყურებდა. ის ყველაზე დიდი სტრატეგი იყო მათ შორის, ვინც შემხვედრია. და ყველაზე დიდი ნაგავი.
  ხალხის ფეხებს შორის ძაღლი გამოძვრა და პირდაპირ ჩემკენ წამოვიდა.
-        გადი. ეს ჩემია. ისე ხარ ჩასუქებული, აქეთ უნდა გჭამდე.
წინ მიზის და პირდაპირ მიყურებს.
-        გადი მეთქი. - ფეხი ავუქნიე. ოდნავ უკან გადაჯდა, მაგრამ არ წასულა. - რა გინდა, მომშორდი!
  თვითონაც არ ვიცი რატომ დავუყვირე ასეთი ბრაზით... და უცბად... ტიკინა გამახსენდა... ჩემი ბავშვობის ლეკვი. პატარა, ცანცარა არსება, უაზროდ მოკლე ფეხებით. სრულიად დაუცველი... მე და ბაბუამ მიტოვებულ ჭაში ვიპოვეთ... თავის გამხმარ ხელებში ეჭირა ბაბუაჩემს მთელი გზა და ლოყას უთათუნებდა თავზე... ტიკინაც მან დაარქვა... მახსოვს როგორ ეძინა ჩვენთან და გვათბობდა, როგორ გვაცინებდა თავისი სისულელეებით, სანამ არ მოგვპარეს. ჩვენი ტიკინა ვიღაც ჩვენზე უფრო გაჭირვებულმა მოიპარა და ალბათ შეჭამა. მისი ტყავით პატარა გადასაფარებელსაც გაიკეთებდა, როგორც ხდება ხოლმე.
-        ჯანდაბას, მოდი.
პურის ნატეხი გავუწოდე. ეჭვიანი თვალებით მომიახლოვდა და პური აიღო.
-        კარგია ხო, სხვისი საჭმლის ჭამა? მეც მომწონს, ქურდის ქურდო.
  ზღმურტლიან ბეწვზე ვუსვამდი ხელს, როცა ხალხში ისევ მოვკარი თვალი ნაცნობ ფიგურას. ...არა, არ მელანდება! მე მომყვება. სწრაფად შევერიე ხალხს. ამდენი ვინმეს დაქირავება ვის დაჭირდა?! ტურნირი დღე-დღეზე დაიწყება... ვიღაცამ თავისი მოთამაშეები დაკარგა და ჩამნაცვლებელს ეძებს?! ...ან რაღაც სხვა ამბავია... ჩემამდე ბევრი შემცვლელის ნახვა შეიძლებოდა, ყველას ხომ არ გადაჟლეტდნენ...
... კირეს მანქანა! აქ არიან... შტორმს გაერიდებოდნენ, კირე ძალიან ფრთხილია... ან, იქნებ მე მეძებენ?...
-        კირე!
  მანქანაში არავინ დამხვდა. სად იქნებიან? სად? გარშემო პატარა სასადილოები მიმოვიკითხე და ერთ-ერთი მეპატრონისგან გავიგე, რომ წინა ღამით მასთან ორი ადამიანი გაჩერდა.
-        ზემოთ იქნებიან, ალბათ ძინავთ, კაი გვიან მოვიდნენ. საკვებისთვის არ ჩამოსულან. დურკო! დუურკო! მოდი ერთი, გუშინდელი სტუმრების ოთახთან მიიყვანე ეს.
  სამზარეულოდან ბრაზიანი ყიყინი მომესმა.
-        მოვა მალე. - მითხრა მეპატრონემ და სკამზე მიმითითა. - რითი ვაჭრობ?
ცალი თვალით მათვარიელებდა. მაგიდასთან მომიჯდა და საზურგეზე გადაწვა.
-        აქ გავლით ვარ.
-        ვითომ? - ეჭვის თვალით შემომხედა და თითები მაგიდაზე ააკაკუნა.
  ...ამას ვერ ვუყურებ, ისე მახსენებს ეანგეს ეს ხმა... როცა  ჭადრაკის დაფაზე უნდა გადაენაწილებინა, ვინ სად დადგებოდა, მშვიდად იჯდა ასე ჩაფიქრებული და მაგიდაზე რიტმულად აკაკუნებდა თითებს. უნდოდა, ყველაფერი ისე გაეთვალა, რომ დიადი სანახაობა გამოსულიყო! ყველაფერს გულდასმით თვლიდა - რომელი მმართველი სად უნდა დაეყენებინა, ვინ უნდა გადაერჩინა თამაშისას და ვინ უნდა მოეკლა. ახლაც მესიზმრება ხოლმე ეს ხმა... უხილავი რაღაც მომდევს... გავრბივარ... გავრბივარ... და თან ეს ხმა ჩამესმის...
  როგორც არ უნდა მეზიზღებოდეს ეანგე და მასთან გატარებული დრო, ყველაზე მეტი რამ მისგან ვისწავლე - ცოცხალიც ამიტომ ვარ. მახსოვს, წვრთნებისას, ერთ რიგად გვაყენებდა და გვაიძულებდა ასე ვმდგარიყავით მზეზე, სანამ სათითაოდ არ წავიქცეოდით. მის ჯიბრზე ბოლომდე ვიდექი. ცარიელ თვალებში ვუყურებდი და როგორც შემეძლო, ვებრძოდი. რა ვიცოდი, რომ მასაც ეს უნდოდა... ნებისყოფა მთავარია ყველა მოთამაშისთვის - არასოდეს უნდა გატყდე. ეანგე რომ არა, ასეთი დალეწილი ამხელა მანძილს ვერ გავივლიდი. მაგრამ ის რომ არა, არც აქ ვიქნებოდი ახლა.

-        შენი ამხანაგები ვიღაცას ეძებდნენ. ახლა, რომ მახსენდება, როგორც აღმიწერეს, მგონი შენ გეძებდნენ. აი, გიპოვიათ ერთმანეთი! მგონი, ამის აღსანიშნად ერთი უნდა გადავკრათ!
  ...ძაღლი! ისევ ის ნაცრისფერი ძაღლი გამოჩნდა. გზაზე დგას, მოძრავ ადამიანებს შორის და პირდაპირ მე მიყურებს. სისხლი გამეყინა. ინსტინქტურად წამოვხტი.
-        მოიცა, მოიცა, კი არ შეგჭამ.
-        მითხარი რომელ ოთახში არიან, მე თვითონ ავალ.
-        დურკო! - ისევ  მორთო ღრიალი.
-        მოვდივარ, მოვდივარ, შენი... - სამზარეულოდან თმაგაწეწილი და სახეგამურული ქალი გამოვიდა. - ამას უნდა? წამოდი, წამომყევი. ფული ორზე აქვთ გადახდილი, რომ იცოდე. თუ დაემატები, ცალკე მოგიწევთ დამატება. აქ თავშესაფარი კი არ მაქვს! გამეცალე! - უღრიალა დერეფანში  შემხვედრ მოხუცს და ხელის კვრით მოიშორა. - თუ დაამატებთ - საკვებსაც მიიღებთ. ამათ საკვების ფულიც მომცეს, მაგრამ საუზმისთვის არ ჩამოსულან.
ქალი სწრაფად მიდიოდა, მაგრამ ისეთი შეგრძნება დამეუფლა, რომ ძლივს მივბობღავდით. ბნელ დერეფანს მივუყვებოდით და საშინელი სუნი მიგვყვებოდა თან. ერთ-ერთ კარზე მიაბრახუნა:
-        ეი, თქვენ, მეგობარი მოგივიდათ! ფული უნდა დამიმატოთ! ...ეი! ...ეეეეი!
ადგილზე გამყინა საშინელმა წინათგრძნობამ. თუ მთელი ღამე აქ გაატარეს და არსად გასულან, ახლა რატომ არ აღებენ კარს?!...
-        მოიცა, მოიცა, გასაღები უნდა მქონდეს.
  გასაღებების დიდი აცმა ამოიღო და ძებნა დაუწყო. ვეღარ მოვითმინე. ხელით განზე გავწიე და კარს წიხლი ვკარი. ერთი დარტყმა... ორი... სამი...
  საშნელი სუნი მეცა სახეში... კარშივე გავშეშდი. მომესმა, როგორ აკივლდა ჩემს უკან ქალი, როგორ შეიყარა ყვირილზე გარშემო რამდენიმე ადამიანი - ზოგიერთი წინ გაძვრა, ზოგი მე შემომაჩერდა. ...ისინი მკვდრები იყვნენ... დაჩეხილები... გამოფატრულები ეყარნენ ოთახის სხვადასხვა მხარეს და თვალები შიშით გაფართოებოდათ... კედლები ერთიანად შეეფერა სისხლს. კირე... და ტუქსო...

ისინი აქ ჩემს მოსაძებნად მოვიდნენ...

.....

იენიკი


  ჟლეტვის დღეს პირველად რომ დავესწარი, ძალიან პატარა ვიყავი. ალბათ იმიტომაც მაქვს ცოტა ავადმყოფური მიდრეკილებები. ჩამონგრეულ შენობაზე ავძვერით, რომ ყველაფერი კარგად დაგვენახა. მთელი ხალხი ერთად იყო შეყრილი. წინ მოხუცები და დაავადებულები იდგნენ. მოგვიანებით გავიგე რატომაც.
  ხმა ჩვენამდე კარგად არ მოდიოდა, დანაწევრებით მესმოდა სიტყვები. ჩვენი მმართველი თავის კოპწია სამოსში იყო გამოწყობილი და რაღაცას გაყვიროდა. მერე სიტყვის მტარებელიც გამოჩნდა და ახლა ის მოყვა რაღაც აბდაუბდებს. ხელებს ცისკენ იშვერდა.
-        წესი იგი, მოცემულ ჩვენად, გვიხმობს მორჩილებად. - ყვიროდა ის - თავგანწირვა ესეი თქუენნი, არს საწყისი სხვა სიცოცხლისა ჩვენდა.
  ასე კივის ხოლმე სიტყვის მტარებელი ყოველ წელს ხალხის შესაგულიანებლად. ყველა თავგამწირავს აქებს და ადიდებს. აჯერებს, რომ ეს ისევ მათთვის ხდება. ყველაფრის თავი კი ისაა, რომ რესურსებს ზოგავენ. რა აზრი აქვს იმის სიცოცხლეს, ვისაც სარგებელი არ მოაქვს სახელმწიფოსთვის? აი ამას ეძახიან ერთგულებას ეს ტვინგამორეცხილები. ჰულუს ვფიცავ, ბედნიერი მარტო იმით ვარ, მათნაირი რომ არ გავხდი. ამ გულისამრევი ცერემონიის მერე, ყველასთვის საყვარელი დღესასწაული რომაა, რაღაც პერიოდი საკვებით ივსება დახლები. ახალი ხორცით. ნაკლები დანახარჯი და მეტი მოსავალი - ეს არის ამათი არსებობის მთავარი ხაზი.
-        უყურე, როგორი ლამაზი შრამები ქონია ამას.
  შევხტი. ერთ-ერთმა მოთამაშემ, სკნუპმა, რომელსაც ვდარაჯობ, სანამ აივანზე ინება გამოსვლა, სახეზე წამავლო ხელი. ზუსტად ამას ველოდი.
-        საიდან გაქვს, არ მომიყვები? - წინ ისე ჩამიარა,  რომ მის აფრიალებულ შარფს ჩემს სახეზე გადაევლო. ამ სამს შორის, ვინც ამ მანქანით მიგვყავს, ყველაზე ცუდი ვინმე ესაა. სკნუპი - მის სადისტობებზე ათასი რამ გამიგია. ყველაფერი ეპატიება, რადგან მოთამაშეა. ყველა ადამიანი მის განკარგულებაშია და ეს მშვენივრად იცის. ძალიანაც კარგი, მეც ეს მინდა. სხვანაირად მათ ოთახში ვერც მოვხვდებოდი.
-        გუნულ, - ფანჯრიდან შესძახა მეორე მოთამაშეს. - გამოდი და ამას შეხედე, როგორ იბღინძება.
  ასეთებს წინააღმდეგობა მოსწონთ. თუ მინდა ძალიან შევიდეს როლში, მაშინ მის ნებას მაშინვე არ უნდა მივყვე.
-        შემეშვი ერთი... - გამოსძახეს შიგნიდან.
-        ხედავ როგორ მელაპარაკება? არ დაიცავ შენს ქალბატონს?
  პასუხს არ ვცემ, ასე უფრო გაღიზიანდება.
-        რა იყო, რატომ დამუნჯდი, ენაც ხომ არ მოგაჭრეს შემთხვევით? აბა, გააღე პირი. ნუ, ნუ მეწინააღმდეგები. აი ასე... ოჰ, ენა თავის ადგილას გქონია. მაშინ, მითხარი, რატომ არ მცემ პასუხს, როცა გელაპარაკები?!
-        მე აქ თქვენს დასაცავად ვარ. სალაპარაკოდ - არა.
-        ოჰ, უყურე ამას! რა ტკბილი ხმა გქონია. იცი რა, მაინტერესებს ეს შრამები ტანზეც თუ გაქვს. მოდი, გავიხადოთ. ააი, ასე...
  ხელი მკლავზე წავავლე ნაზად და პერანგიდან მოვაშორებინე. ისევ გაჭიმული დავდექი, არც შემიხედავს.
-        მე აქ თქვენს დასაცავად ვარ. სხვა არაფრისთვის.
  წარბები შეკრა.
  მშვენიერი. რა ადვილი სამართავია.
-        დასაცავად? და მე თუ გართობა მინდა?
-        ამაში ვერ დაგეხმარებით.
-        მომისმინე, ჩემო მცველო, ალბათ შენ ახალი ხარ და აქაური წესები არ იცი. აქ ყველაფერი ისეა, როგორც მე მომინდება. ერთი ხელის დაკვრა და აქვე ჩამოგსვამენ. ალბათ, ეს არ გინდა ხომ?
-        არა, ქალბატონო. ეს არ მინდა.
-        მოდი, ამიტომ, ახლავე შევთანხმდეთ, რასაც გეტყვი, მინდა მაშინვე შემისრულო. ჩემი პატარა ფინია მინდა იყო.
-        ჩემი ბრძანება მავალდებულებს, რომ თქვენი უსაფრთხოება უზრუნველვყო. თუ ბრძანება შეიცვლება, ამის შესახებ ჩემს ხელმძღვანელს უნდა შევატყობინო და ნებართვაც მივიღო.
  გადაიკისკისა. თავი უკან გადაწია და მზის სხივმა გადაურბინა თეთრ ყელზე. მშვენიერი სურათი იქნებოდა აქვე რომ დამესვა მისთვის დანა. სამწუხაროა... ჯერ ადრეა... მთავარია იმ ოთახში შემიყოლოს, სადაც სამივენი ერთად იქნებიან. დამაჯერებელი გეგმა თავიდანვე არ იყო - ბევრი რამე გახდა სათუო, მაგრამ სულ არაფერს მაინც ჯობია...
-        თუ მხოლოდ ეს არის პრობლემა, ახლავე მოვაგვარებ, შენ მაგაზე არ იდარდო. რა ქვია შენს ხელმძღვანელს?
-        ნაფიო.
-        ნაფიო! ნაფიოს დაუძახეთ.
  სანამ ნაფიო მოვიდოდა, ნელა დაატარებს ჩემს გულზე თითებს. რა რბილი კანი აქვს... ფუფუნების მთავარი ნიშანი. იმის ნიშანი, რომ არაფრის კეთება არ უწევს... ჩემს დას და დედას არასოდეს ჰქონიათ ასეთი რბილი კანი... გადაყვლეფილი, გაუხეშებული ხელისგულები ქონდათ, წყლულებით სავსე.
-        მეძახდით, ქალბატონო?
-        ასეა, გეძახდი. ნაოფ, შენი პატარა ბიჭუნა მეუბნება, რომ ჩემს ბრძანებებს ვერ დაემორჩილება, რადგან იძლებულია შენი მითითებები შეასრულოს. ასეა?
-        ასეა, ქალბატონო.
-        მაშინ ეს მითხარი, შენი მითითებები ჩემს ბრძანებაზე მაღლა დგას?
-        არა, ქალბატონო.
-        ოჰ. შესანიშნავი! ე.ი. ჩვენი პატარა ფინია სრულიად თავისუფალია შენგან, რადგან ამის უფლებას მე ვაძლევ?
-        ასე გამოდის, ქალბატონო.
-        დიდად გმადლობთ. შეგიძლია მიბრძანდე და უთხარი ხილი მომიტანონ.
-        თქვენს სამსახურში მიგულეთ.
  თავის დაკვრით გავიდა, თუმცა ამას წესები სულაც არ ავალდებულებს. საცოდავი მძორი. ამათი ფეხსაცმელების ლოკვას შეალია მთელი ცხოვრება.
-        რა გქვია, რა მითხარი? - ისევ მე მომიბრუნდა.
-        იენიკე, ქალბატონო.
-        იენიკე? რაღაც უაზრო სახელია... არ ჟღერს. მმმ... მოდი სხვა რამე დაგარქვათ... რაც უფრო შეგეფერება. იცი რა, მგონი, ღრუტუნა უფრო მოგიხდება. მოგწონს?
-        არა, ქალბატონო, მაგრამ, თუ ასე გნებავთ...
-        მე მინდა, რომ მოგწონდეს...
-        თუ ასეა, მომწონს, ქალბატონო.
-        მაშინ, მიდი, ერთხელ დაიღრუტუნე.
  დავიღრუტუნე, ისე რომ არ გამცინებია. მართლა გონია, რომ ასე დამამცირებს?!
-        წამოდი, შიგნით შევიდეთ, მინდა შენი თავი გუნულსაც გავაცნო. ...გუნულ, ნახე ჩემი ახალი ფინია. იცი რა დავარქვი?
-        არა, არ ვიცი.
-        ღრუტუნა. მიდი დაიღრუტუნე, ღრუტუ.
  ისევ დავიღრუტუნე. უკვე ოთახში ვარ, ასე რომ, შემიძლია დავემორჩილო. ასე უფრო მალე მოვბეზრდები.
-        გვაჩვენებ შენს შრამებს?
-        როგორც ინებებთ, ქალბატონო.
-        ოჰოო! სასწაული ხარ, ღრუტუ, ასეთი სიმახინჯე ცხოვრებაში არ მინახავს! მაგრამ მე მინდა რომ სრულიად გაიხადო. ...ააი ასე... ხედავ, როგორ შეგძლებია... წეღან რაღაც ძაან მეწინააღმდეგებოდი... აი ხილიც! ღრუტუ, მინდა ხილი შენ მომიტანო. ...ეგრე არა... მინდა რომ ისე მომიტანო, როგორც ფინიამ... ოთხზე დადექი... აი ეგრე, მშვენიერია! ახლა მომიტანე. ...ხედავ გუნულ როგორი ჭკვიანი ფინია მყავს? შენ არ გინდა რამე დაავალო? - ყველაფრის გაკეთება შეუძლია!
-        შემეშვი, სკნუპ, თავი მისკდება.
-        ფფფ! - სახე დაუჯღანა, დაღეჭილი ვაშლი გადმოაფურთხა და ხელის გულზე დაიდო. - ღრუტუნ, ახლა მინდა რომ ეს შეჭამო. მოდი, მოდი...
  უნდა მოვითმინო... ვგრძნობ უკვე თავისით მემუშტება ხელები... მაგრამ, არა... თავზე მისვამს ხელს, თმას მიჩეჩავს... ოოო. ამას განსაკუთრებულად მივხედავ... ახლა მშვიდად... ახლა უნდა მოვითმინო... ჩემდა ჭირად, ზუსტად ამ დროს გაიარა ნიომემ მანქანის აივანზე და ფანჯრიდან დამინახა, შევამჩნიე როგორ დაეღრიჯა სახე. ოო, რა ზიზღით შემომხედა... ვერ გავამტყუვნებ, მეც ასე შევხედავდი ჩემს თავს...მაგრამ მან ყველაფერი არ იცის.
-        ღრუტუ, ჩემს ფეხებთან დაჯექი, უნდა შემოგალაგო... ცოტა ხანს ზემოთ თუ არ ავწიე, შეიძლება შეუძლოდ გავხდე. გინდა რომ შეუძლოდ გავხდე?
-        არ მინდა, ქალბატონო.
-        იცი რა მაინტერესებს? - ვიგრძენი როგორ შემეხო ზურგს მეტალის ცივი და მჭრელი ზედაპირი. - ამ შრამების ქვემოთ რა არის?
ვიგრძენი, როგორ გადასერა კანი. დანის წვერით პირდაპირ მიყვა შოლტის დანატოვარ ნაწიბურს.
-        ნუ ინძრევი ღრუტუ, ფეხები გადმომივარდება. გინდა რომ ფეხი ვიტკინო? მიპასუხე!
-        არა... ქალბატონო.
  ნეტავ რას გრძნობენ ხოლმე ის ადამიანები, თავის გასაწირად რომ დგებიან მოედანზე. ნეტა რას ფიქრობენ, როცა მათ სახელს ასახელებენ. მართლა ფიქრობენ, რომ ამით რამეს ცვლიან და გმირები არიან, თუ უბრალოდ გონიათ, რომ სხვა გზა არ აქვთ? ...დღეს მათ შორის მამაჩემიც იდგა...
-        ნუუ ინძრევი! ხომ არ გინდა რომ გამაბრაზო, ღრუტუ? დამჯერი უნდა იყო.
-        დიახ, ქალბატონო.
  სისხლმა დაბლა დაიწყო წვეთა და ჩემს ქვემოთ ხალიჩა შეღება. ასე თუ გააგრძელა, ადგილამდე ვერც მივაღწევ...
-        რას აკეთებ?!
  ეს იყო ის ხმა, ამდენი ხანი რომ ვნატრობდი. მთავარი მოთამაშე! ჰულუს მიწებს ვფიცავ, მეტს ვეღარ გავუძლებდი. ახლა შემიძლია კაფსულა გავხეთქო. ფრჩხილი ჩავიჭირე ხელის გულში, იქ, სადაც შხამით სავსე კაფსულა მქონდა ჩამაგრებული. ვიგრძენი როგორ გასკდა ბურთი. ეს შხამი ჰაერში გაიფანტება და მას ყველა შეისუნთქავს ვინც ოთახშია. მეც, მაგრამ ჩემზე ეს ვერ იმოქმედებს. თუ ყველაფერი სწორად გავთვალე, მაშინ დაიწყებს მოქმედებას, როცა ლოგინებში იქნებიან გახვეულები თბილად. მაგრამ ამ ნაბიჭვარ, სკნუპს, ასე წყნარად სიკვდილს არ დავაცდი!...
-        რა გინდა, ვთამაშობ!
-        მენორკს დაუძახე, საქმე მაქვს.
-        მეე? ... კარგი ხო...
  ის დროა, გონება დავკარგო. აქედან თუ არ გავაყვანინე თავი, ჩემი გეგმა ჩემ გარეშე ჩაივლის. ოსტატურად, მოწყვეტით დავვარდი იატაკზე და თვალები გადავატრიალე. თავის მომკვდარუნება, მოგიჟიანება და გონების დაკარგვები - არ ვიცი სატრაბახოა თუ არა - მაგრამ ისე გამომდის, ნებისმიერს შეშურდება.

იმედია, დანარჩენებსაც გამოუვიდათ...


.....

ვილეა


  ჯერ უბრალოდ შენობა შეჯანჯღარდა. კირეს და ტუქსოს გვამები გვერდზე გადაგორდნენ. მეორე ტალღამ, მოცისფრო ჰაერის ნაკადად რომ მოხვდა შენობას, ლითონის კედლები შემოანგრია და დაბლა დაგვაგდო. რკინის ჯართის ქვეშ მოვყევი... გახეთქილი შუბლიდან სისხლმა იფეთქა და მზერა დამიბინდა. ჩემს გარშემო რამდენიმე ადამინი ეგდო გათიშული. რკინის გადაწევა ვცადე, მაგრამ არ გამოვიდა, ზემოდან ვიღაცის სხეული ეგდო და ღიად დარჩენილი თვალებით მომჩერებოდა. ...ჯანდაბა! მთელი ძალა მოვიკრიბე და გვამიანად გვერდზე გადავწიე რკინის ფილა... ისე წამოვხტი, თითქოს არაფერი მომსვლოდა. ...რა ჯანდაბაა? საიდან მაქვს ასეთი ძალა? ...მცველი! „...სანამ ჭრილობა შეგიხორცდებოდეს, თან გატან ძალას ესე ჩემსას, როგორც ნიშანს გადარჩენილისა...“ აი რას ნიშნავდა მისი სიტყვები!
  რკინის გროვაში გავძვერი, და ის იყო შენობის კიდეს მივუახლოვდი, რომ ახალი ტალღა მეძგერა და უკან მომისროლა. არა... ასეთ დარტყმას სხვაგვარად ვერ გავუძლებდი... რატომ მომცა თავისი ძალა მცველმა?...
  შენობაზე ვიღაც ამოხტა. ყავისფერი, დაფლეთილი სამოსით და შუბლზე ნიკეას ნიშნით! მძებნელი!... ჯანდაბა!... ამას როგორ გავექცე. ხელი წავავლე პირველივე რკინას, რომელიც ხელში მომხვდა და მისკენ ვისროლე. ვითომ არაფერიო, ხელი აიქნია და მოცისფრო ტალღით გადააგდო გვერდზე. მეორე მივაყოლე... კიდევ ერთი... კიდევ ერთი... რითმული ნაბიჯით მოიწევს ჩემკენ, რკინის ჯართს ბუმბულივით ყრის გარშემო.
  ...თუ მცველის ძალა მაქვს, მასავით უნდა შემეძლოს მოძრაობა!... ფეხზე მყარად ვდგები და რაც შემიძლია მაღლა ვხტები. ჰაერში ვიჭრები და მისი მოცისფრო ტალღა მხვდება კიდევ ერთხელ. ტალღა გვერდზე მაგდებს და შენობის გვერდით ვეცემი. ის ისევ ისე მშვიდად მოუყვება შენობის კიდეს ჩემსკენ, ნაბიჯს უჩქარებს... უკვე მორბის... იარაღს ვიღებ... ვიცი, ამასთან აზრი არ აქვს, მაგრამ არ ვიცი, სხვა რა ვქნა... ვესვრი, სანამ ტყვიები არ მითავდება. შენელდა მაინც. უნდა გავიქცე! ...კირეს მანქანა!
  რაც შემიძლია სწრაფად მივრბივარ! აი რატომ დაეწია მცველი ჩვენს მანქანას! ბაზრობაზე შეგროვილ ხალხს  შევერიე. ერთ-ერთი დახლიდან ნაჭერს ვიღებ და თავზე ვიფარებ. ნეტა ეს თუ მიშველის?... ამაზე ამბობდა კირე? ეს მყავდა მოჭიდებული?
  უკან ხალხის შეძახილები მესმის. ისევ მომყვება! ნაბიჯს ვუჩქარებ, მანქანა ახლოსაა, მთავარია სენსორის პარამეტრები არ შეეცვალა კირეს... უკვე ვხედავ... სულ ცოტაც... ჰაერის ტალღა ისევ მხვდება უკნიდან, სხვებთან ერთად ვეცემი დაბლა... ჯანდაბა!... დაცემისას წვივში რაღაც გამეყარა... ფუ შენი! სწრაფად ვდგები, რკინას ფეხიდან ვიძრობ, დაბლა დაყრილ ხალხს ზემოდან ვუვლი და მანქანისკენ მივრბივარ.
-        მიმდინარეობს ავტორიზაცია! გთხოვთ, დაელოდოთ!...
-        მიდი, მიდი...
  დრო აღარ მაქვს, ის უკვე აქაა. უკან ვბრუნდები და დანას მუცელზე ვუსვამ!... ჭრილობას დახედა ამოშავებული თვალებით... ისევ მე შემომხედა და მუშტი პირდაპირ მკერდში ჩამარტყა. მანქანას ისე მივეჯახე, რომ ჩაიჭეჭყა. სუნქთვა შემეკრა. მცველის ძალა ამასთან ვერაფერს მიშველის... შრამებზე ეტყობა რამდენი ბრძოლაც ექნება გამოვლილი - ათასობით მსხვერპლის ძალა ექნება დაგროვებული! ყელში მავლებს ხელს, ორივე ხელით ვეპოტინები, ვცდილობ თვალებს მივწვდე, მაგრამ ვერ ვწვდები. ყველაფერი ნელდება... ვგრძნობ როგორ მეთიშება გონება და ბურუსში ვეხვევი... აი ესაა...
  ...უეცრად ხელი ყელიდან მშორდება და დაბლა ვვარდები ხველებით. მძებნელის კისერს რღაცაა ჩაფრენილი. ...ძაღლი! ნაცრისფერი გაბურძგნული ძაღლი!... დაბლა დავარდნილ დანას ხელს ვავლებ და ფეხზე მყესებში ვარჭობ. წაიბორძიკა, მაგრამ არ დაეცა. წიხლი მომარტყა გვერდში და  გადამაგდო.
-        ჯექს, მოშორდი!
  ძაღლი დაბლა ხტება და უკან იხევს. ძირს დაყრილ ხალხს შორის მას ვხედავ... ფიგურას ნაცრისფერი კაპიუშონით... მას, ვინც მთელი დღე მითვალთვალებდა.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები