ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: მზია თვალაბეიშვილი
ჟანრი: იუმორისტული
8 ივლისი, 2019


კეკელა და მარო – ეძღვნება ერლომ ახვლედიანის „ვანოს და ნიკოს“– /ფილოსოფიური იუმორი/

ეძღვნება ერლომ ახვლედიანის „ვანოს და ნიკოს“
       
                                              კეკელა და მარო
                                    /ფილოსოფიური იუმორი/


იყო კეკელა და იყო მარო.
კეკელამ წერა იცოდა და კითხვა არ იცოდა. წერდა და ვერ კითხულობდა.
მარომ კითხვა იცოდა და წერა არ იცოდა. კითხულობდა და ვერ წერდა.
ერთხელაც კეკელა და მარო დამეგობრდნენ. წერდა კეკელა, მარო კითხულობდა და მხიარულობდნენ.
მერე კეკელა ასწავლიდა მაროს წერას, მარო კი კეკელას – კითხვას.  ვერ სწავლობდა ერთი კითხვას და ვერ სწავლობდა მეორე წერას.
გაბრაზდა კეკელა, წამოხტა და სახლში წავიდა. მარტო დარჩა გაბრაზებული მარო. მივიდა კეკელა სახლში და მარტო იყო.
იფიქრა, იფიქრა და ისევ მაროსთან წამოვიდა. დაინახა მარომ და გაიხარა.
წერდა კეკელა, მარო კითხულობდა და იცინოდნენ.
ბედნიერი იყო კეკელაც და ბედნიერი იყო მაროც.

2012 წლის 21 მარტი   
                                   
                                                        =
ერთხელ კეკელა ხელმარჯვე იყო და გზებს ქსოვდა. აავსო ქვეყანა გზებით. ჩხირების ჩხაკა–ჩხუკით ხან ფართო შარაგზას ქსოვდა, რომელზეც  უმალ ორმწკრივად დარბოდნენ მანქანები და გახარებული მძღოლები სამადლობელს აპიპინებდნენ,  ხან ვიწრო, საცალფეხო ბილიკები გამოჰყავდა ოსტატურად ყაისნაღით, შემდეგ კი მთებში გადაისროდა. ამ მიკარგულ ბილიკებს მარტოკინა მგზავრები მიუყვებოდნენ და ლოცავდნენ მიუვალ ადგილებში ბილიკის გამტკეპნს. ხან მატარებლებისთვის აგებდა ნაქსოვ ლიანდაგებს და მათზე იმ წამსვე მიჰქროდნენ მგზავრებით სავსე მატარებლები ... „დაგან–დაგან“, „დაგან–დაგან“. ისხდნენ უცნობი ადამიანები კუპეებში, მუსაიფობდნენ და არომატულ ჩაის სვამდნენ.
მარომ რამდენჯერმე მიაკითხა კეკელას, შეშურდა მისი ხელმარჯვეობის.
წამოვიდა მარო შურთან ერთად და ვერ მოისვენა. ადგა, ისევ წავიდა კეკელასთან.
მივიდა და ხედავს ლამაზად გადაქსოვილ გზებს. გაბრაზდა, მოქაჩა ნაქსოვი, მოიგდო ხელთ მთავარი ძაფი, გამოსწია და ერთბაშად დაარღვია ყველა გზა.

2013 წლის 28 ნოემბერი

                                                              =
ერთხელ მარო ბავშვი იყო. მოძებნა საკუჭნაოში ბავშვობისდროინდელი სახტუნაო და ჰულა–ჰუპი, ჩავიდა ეზოში და თამაშობდა. ბავშვები ჯერ გაოცებულები შესცქეროდნენ, მერე კი დასცინოდნენ. დღევანდელი ბავშვები ხომ აღარ თამაშობენ, მხოლოდ მობილურებს ჩასჩერებიან. მაროს წარბიც არ შეუხრია. ხან სახტუნაოთი ხტუნავდა, ხან ჰულა–ჰუპს ატრიალებდა. მერე „კლასები“ დახატა და დახტოდა. ერთი გოგონა გაუბედავად მიუახლოვდა, აიღო სახტუნაო და ხტუნვა სცადა, არ გამოუვიდა, არ ყოფილა ადვილი ხტუნვა. ჰულა–ჰუპი ვერავინ დაატრიალა. რამდენიმე ბავშვი მაროსთან ერთად დახტოდა და „კლასობანას“ თამაშობდა. იყო ერთი მხიარულება და სიცილ–კისკისი.
კეკელამ გაიგო, რომ მარო ბავშვი იყო. მივიდა და შორიახლოდან უთვალთვალებდა. მერე მიუახლოვდა და უთხრა:
– მარო, შენ დიდი ხარ.
მარომ მოიწყინა და დიდი გახდა.

2013 წლის 28 ნოემბერი

                                                                  =
ერთხელ კეკელას წვიმა შეუყვარდა. გავარდებოდა წვიმაში, გაშლიდა ხელებს, ტრიალებდა და ცეკვავდა. თან სახეს უშვერდა წვეთებს. ერთხელაც ქარიშხალსა და წვიმაში გავარდა და გაცივდა. ფილტვების ანთება დაემართა. იწვა, წუხდა და თვალებიღა უჩანდა საბნიდან.
მარომ თქვა, გაციების ღირსია, მაგრამ უნდა მოვინახულოო. აიღო ქილით ჟოლოს მურაბა და ის იყო წასვლას აპირებდა, რომ  გაწვიმდა. მაროს არ უყვარდა წვიმა. საწვიმარი ლაბადა მოისხა, ფეხზე ბოტები ჩაიცვა, დაიჭირა ქოლგა და სულ ბუზღუნ–ბუზღუნით გაეშურა კეკელასკენ.
კეკელა იწვა და ფანჯრიდან საყვარელ წვიმას შესცქეროდა. გაეხარდა მაროს მისვლა.
– მარო, მომეხმარე, წამომაყენე. წვიმაში უნდა გავიდე, მაშინვე მოვრჩები. მსგავსი მსგავსით იკურნებაო.
ეხვეწა მარო: – არ ქნა, მოკვდებიო, – ვერაფერი შეასმინა და წამოაყენა. გავიდნენ წვიმაში. მარო მობუზული იდგა ქოლგის ქვეშ. კეკელამ კი გაილაღა. გაშალა ხელები, აცეკვდა, გავარვარებული სახე წვიმას მიუშვირა. ესიამოვნა.
ნელ–ნელა გადაიღო წვიმამ. კეკელამ შეწყვიტა ცეკვა. ღრმად ამოისუნთქა და ჯანმრთელი იყო.

2013 წლის 29 ნოემბერი

                                                                        =
ერთხელ მარომ კეკელა დაპატიჟა:
– მესტუმე, ჩაი დავლიოთო.
– მე ჩაის არ ვსვამ. ყავა მომიდუღე. ნამცხვარს გამოვაცხობ და მოვალო.
გამოაცხო კეკელამ ნამცხვარი და ესტუმრა მაროს. მარომ კი ჩაი დაახვედრა, ყავა არ ჰქონდა.
გაბრაზდა კეკელა. გავარდა, გაიჯახუნა კარი და ნამცხვარიც თან გაიყოლა.
გაიბუტა.
მაროს მოენატრა კეკელა, დაურეკა და მოუბოდიშა.
– მოდი, შევრიგდეთო, – სთხოვა.
– კარგი შევრიგდეთო, –  უპასუხა კეკელამ.– მოდი ჩემთან, ყავას დაგალევინებო.
– მე ყავას არ ვსვამ, ჩაი გამიმზადე და ნამცხვარი ჩემზე იყოსო.
გამოეწყო მარო, გზაში ნამცხვარი იყიდა და მივიდა სტუმრად.
კეკელამ ყავა დაახვედრა, ჩაი არ ჰქონდა. გაბრაზდა მარო, გაიქცა კარისკენ. გასვლის წინ შედგა. შემობრუნდა და გაიცინა.
დასხდნენ კეკელა და მარო, თან ყავას სვამდნენ ნამცხვრით, თან ბევრს ჭორაობდნენ და იცინოდნენ..

2013 წლის 29 ნოემბერი

                                                                      =
ერთხელ მარო ბეღურა იყო. იჯდა ხის ტოტზე და თვლემდა.  კეკელა ხის ძირას იდგა და ელოდა, როდის ჩამოვარდებოდა მარო.
– ჩამოდი, მარო, ჩამოდი! – უყვიროდა კეკელა
მარო ხელებს ააფართხუნებდა ფრთებივით, თავს იღლიაში შეჰყოფდა და თვალებს ხუჭავდა. თვლემდა. გვერდზე სხვა ბეღურებიც შემოუსხდნენ და ისინიც თვლემდნენ. იყო მარო განცხრომაში. კეკელას ცოტა შეშურდა კიდეც, მარომ რომ ბეღურობა მოიგონა.
      –  ჩამოდი, მარო, ჩამოდი! – კიდევ ერთხელ დაუყვირა, ჩაიქნია ხელი და  გაბრაზებული წავიდა.
მარო ბეღურა იყო და ხის ტოტზე თვლემდა.

2018 წლის 3 მაისი

                                                                      =
                                          ერთხელ კეკელა იყო პეპელა .......
2019 წლის 15 ივნისი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები