ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: მელ.ზ.
ჟანრი: პოეზია
18 ივნისი, 2019


ფრაგმენტი

საღამო ივნისის..
წვიმის ოვალები საუბრობს,
ლამპიონებისგან ელვარე ქუჩების სისველეს.
სიჩუმე - სიმშვიდის სადგური, საუფლო.
ვზივარ და საერთოდ,
საერთოდ არაფერს ვიხსენებ.
მწველი მზის სხივებზე ფოთლები ხმებიან ნელ-ნელა.
ცოტაც და ამ ფოთლებს ზამთარი უკვალოდ გახვეტავს.
სათქმელი გროვდება,
წარმოთქმის ძალა კი მელევა
და რაც ვთქვი, ნეტავი,
საერთოდ, საერთოდ არ მეთქვა.
აქ, სხვისი ხელებით დაკრეფილ,
ჩამომხმარ გვირილებს
ვერ იტევს უფერო,
სიძველენარევი ლარნაკი.
შვებაა მთებიდან დაძრული ქარების ყვირილი
და თბილი წვიმების ჩურჩულში ნაქსოვი ლირიკა.
ღამეა უმთვარო.
კატების კნავილი.
ბოჰემა..
ხეები იცვამენ ზაფხულის, წვიმისფერ სარაფნებს.
ეს ლექსიც სიჩუმის საჩემო სიმშვიდეს მოჰყვება.
ვზივარ და ვიხსენებ
საერთოდ,
საერთოდ არაფერს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები