ნაწარმოებები



ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
19 ივნისი, 2019


ქარს გაჰყოლოდი

ნინო დარბაისელი

ქარს გაჰყოლოდი
(ეტიუდი)

ჰმ, ცალმხრივი სიყვარულიო.
ჯერ ორმხრივობა რა ჯანდაბაა და ახლა კიდევ ეს გამომტყვრალა, არსაითელი!
რანაირია?!
ოთხივ კუთხივ  რომ  ფარღალალა ხარ,
ქარები  გაგიდ-გამოგიდიან,
ლამისაა თან რომ წაგიღონ,
შენ კიდევ
ერთ  კარს ეჯაჯგურები, გაიღეო,
ის კი,
არა და არ იღება;
გამოსაღები რომ გგონია,
სინამდვილეში
კარმიხატული,
ზედ სახელურმიჭედებული
ყრუ კედელია,
ხოლო მის მიღმა არავინაა,
თან ვეღარც დგახარ,
ნიჟარების ნამტვრევები
ტერფებს გიჭრიან,
თან გასრესილი ლოკოკინებით ასლიპინებულ მიწისპირზე ფეხი რომ გისხლტის...
კედელმა რა ჰქნას,
ერთ ადგილას დგას და ყრუ არის,
არადა, იქნებ გაქცევა უნდა?
ის არა სჯობდა, ხელი გაგეშვა,
ქარებს წაეღე,
გაჰყოლოდი,
მილევამდე გადაჰყოლოდი?

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები