ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: პაპუნა_გიორგაძე
ჟანრი: პროზა
1 ივლისი, 2019


ქსენოფობის აზანი (ნაწილი 1) (გაგრძელება)

* * *
_ კოფთეს ხომ შეჭამ ემრა? _ თავაზიანად შესთავაზა ზეინაბმა, იუსუფ ბეის ცოლმა დაღლილ უსტას.
სწორედ მსგავს შეთავაზებას ელოდა ემრე მასპინძლისგან, ცხადია დათანხმდა, ხელები დაიბანა და ჭამას შეუდგა.
_ რა ქენი ემრა, დაითხოვე ის გურჯი? _ შეეკითხა იუსუფ ბეი.
ბოლო საათი ისეთი იყო, ამაზე არც კი უფიქრია ემრეს, ისედაც განრისხებულ იაბანჯებს ის ვეღარ გაუბედა, ხვალიდან ერთით ნაკლები უნდა მოხვიდეთო, თანაც იმ პირობაზე, რომ ერთი ლირაც კი არ ჰქონდა მათთვის გადახდილი, მუშაობის ხარისხიც მოსწონდა.
_ არ დაგითხოვია არა? _ პასუხის გაწელვით მიხვდა იუსუფ ბეი ყველაფერს, _ მესმის შენი ემრა, ამ გადასახედიდან მესმის, თუმცა იმას ვერ ვხვდები გურჯი მუშები რატომ მოიყვანე, არ იცი რომ საუკეთესო იაბანჯები სირიელები და ქურთები არიან, მერე თურქმენები მოდიან, მერე კაზახები და ბოლო ადგილზე არიან ეგ შენი გურჯები.
_ რა პრინციპით საზღვრავთ ამ ნუმერაციას იუსუფ ბეი?
_ ორი პრინციპია ემრა, მთავარი ის, რომ  სირიელები და ქურთები იმის ნახევარ ფასად გაგიკეთებენ საქმეს ვიდრე გურჯები აკეთებენ. მეორე კი ის არის, რომ მათ თუ ეტყვი ერთი თქვენგანი უნდა გავუშვაო, ხვეწნას დაგიწყებენ მე არ გამიშვა სხვა გაუშვიო, როცა ერთერთს ამოარჩევ, სხვა მადლიერი დაგრჩება და მუშაობას გააგრძელებს, გურჯებთან კი პირიქით არის, მადლიერების ნაცვლად შეიძლება შენს მიერ გაგდებულს ამოუდგნენ გვერდში, პროტესტი გამოგითქვან და მთელი სამუშაო დღე ჩაგივარდეს.
_ მსგავსი თვისება ჯერ არ შემინიშნავს, თუმცა ვენდობი თქვენს გამოცდილებას და სხვა დროს გავითვალისწინებ.
_ არ ინანებ ემრა, ნამდვილად არ ინანებ.
გონებაში ჩარჩა ეს დიალოგი უსტას, როცა აჯალარის აღმართს მიუყვებოდა, ბევრს ფიქრობდა ამაზე, ნახევარ ფასად _ სულ ეს ფრაზა უტრიალებდა თავში, რომ ანახია ისეთი მუშები, ვინც სამოც ლირად ყველაფერს გაუკეთებდა, სულაც არ იქნებოდა ურიგო, თუმცა როცა გადახარშავდა ამ ფიქრს, ყველაფერს თავდაყირა აყენებდა და დასახულ გეგმას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ნებისმიერი იაბანჯი, გარდა ქართველისა.
იცოდა ემრემ, თუ ქურთ იაბანჯას ფულს დაუგვიანებდა, ის აუცილებლად უჩივლებდა პოლიციასთან, ეს კი საშარო საქმე იყო, ხოლო ქართველები რატომღაც ამას არასოდეს აკეთებდნენ, ამიტომ ამჯობინებდა ყოველთვის ძვირ მუშახელს ემრე, თორემ ამ  ერისადმი სიძულვილი, აგერ უკვე მეთორმეტე წელს ითვლიდა მის გულში, და ვერა და ვერ ახერხებდა ვერც დავიწყებას და ვერც შესაბამის შურისძიებას.
ყველაფერი ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როცა ბიძაშვილი აზას მამის სადონერეში \"გარსონს\" ეძახდნენ მდიდარი თურქები, და მათთვის ჩაი და ნებისმიერი ის შეკვეთა მიჰქონდა ღიმილით, რასაც მოთხოვდნენ.
მუშაობდა იქ, კვირაში ექვსი დღე, იქვე ჭამდა, იღებდა ხელფასს და სახლში დაღლილი, თუმცა ბედნიერი მოდიოდა. თვეებია მისი ფიქრები მხოლოდ სადონერეს ეთმობოდა, ბიძაშვილი აზას სიყვარული აღარ იკავებდა ოცნებებში ადგილს, რადგან ჰამბურგში სასწავლებლად წასულ აზას, ვიღაც გერმანელი შეუყვარდა, და როგორც ემრემდე მოვიდა ამბავი, მასზე იქორწინა კიდეც. რა თქმა უნდა ამ ამბავმა გული ატკინა, შეურაცხყოფა მიაყენა მას, როგორც კაცს. სწორედ როგორც კაცს ისე ტკიოდა, რომ ის, რაც მას უნდა გამოეყენებინა სხვამ გამოიყენა, და ამ ტკივილზე საუბარი შეეძლო, თუმცა მომხდარმა ერთი საიდუმლოც გაუჩინა გულში.
საოცარი ერექცია მოგვარა იმაზე ფიქრმა, რომ აზა სხვასთან იწვა, ვერ ხსნიდა ამას, მეტიც, ამაზე ფიქრის უფლებასაც არ აძლევდა საკუთარ თავს, გარდა ერთი ადგილისა, ეს ადგილი კი საკუთარი, ან სამსახურის საპირფარეშო იყო. საპირფარეშო, რომლიდანაც ბოლო დროს იმაზე ბევრად მალე გამოდიოდა, ვიდრე ამ ამბამდე.
იმ დღეს კი, როცა მასში უდიდესი შურისძიების წყურვილი იშვა, მისმა ფიქრებმა გარდამტეხი როლი ითამაშა მომხდარზე.
დილის ცხრა საათი იყო, პუნქტუალური ემრე ამ დროს ცხადია რესტორნის დარბაზში იდგა გამოცვლილი და კლიენტებს ელოდებოდა. მასთან ერთად კიდე ორი მიმტანი იდგა, როცა ქვემო სართულიდან, რომელშიც სამზარეულო იყო, ჭურჭლის მრეცხავი ამოვიდა და სამივეს უთხრა, უფროსი გვეძახისო. ჩავიდნენ. ბიძაშვილი აზას მამა, ანუ ემრეს ბიძა, საკმაოდ მკაცრი სახით იდგა და როდესაც მთელი სტაფი შემოიკრიბა, საუბარი დაიწყო:
_ დღეს იაბანჯას ვიღებ სამზარეულოში, გურჯისტანიდან არის მინდა თითოეულმა ალაჰი დაიფიცოს, რომ მასთან ღლაბუცს არ დაიწყებთ.
_ ღლაბუცი რატომ უნდა დავიწყოთ? _ ჩაეძია ერთ ერთი ხელქვეითი.
_ იმიტომ რომ გოგო არის, და ვიცი როგორც იქცევით გოგოს დანახვაზე.
_ გოგო... გოგო... _ ჩუმ ჩუმი გადალაპარაკება მოისმა რესტორნის სამზარეულოში.
_ დიახ, გოგო, და თუ შეიძლება თავი შეიკავეთ ახლაც კი მსგავსი რეაქციებიდან, იცოდეთ ალაჰს ვფიცავ, თუ რომელიმე თქვენგანს უსიამოვნება ექნება, არჩევანს თქვენს სასარგებლოდ არავითარ შემთხვევაში არ გავაკეთებ. _ საუბრობდა უფროსი, თუმცა სტაფის დორბლმოსული სახის შემყურე ხვდებოდა, რომ ამ საუბარს აზრი არ ჰქონდა, თუმცა ასე იყო თუ ისე, მას მოსწონდა ის ფაქტი, რომ როგორც უფროსი რაღაცას ითხოვდა, თუნდაც უაზრო და ფუჭი მოთხოვნა ყოფილიყო ეს.
_ ათი საათი დაიწყო, სად არის ამდენ ხანს თუ მუშაობას იწყებს? _ საუბარში ჩაერთო ემრეც.
_ მოვა, მოვა, ნუ ღელავთ _ უპასუხა ბიძამ, _ და თუ რომელიმე თქვენგანი მოთხოვნილებებს ვერ იკავებს, გაიმეტოს სამოცდაათი, ან ოცდაათი ლირა იმისთვის, რომ ვნება ქალში, ან კაცში ჩაცალოს.
ამის გაგონებაზე ბიჭებმა ერთმანეთს გადახედეს, მათი რამდენიმე დღის წინანდელი დიალოგი და განუხორციელებელი გეგმა გაახსენდათ და გაეცინათ. მათ უკვე აკრებილი ჰქონდათ წინა ხელფასზე ფული, ორას ათი ლირა, სულ შვიდნი იყვნენ.
_ აი მოვიდა _ ფანჯრისკენ გაიხედა უფროსმა და ქართველს კარში გაეგება.
ოციდან ოცდახუთ წლამდე იქნებოდა, თეთრი სახითა და შავი თმით. შეხედა თუ არა მას ემრემ, კანკალმა აიტანა, აზაზე თეთრი და ლამაზი სახე ჰქონდა, პატარა ცხვირი და სუსტი, გამოკვეთილი ღაწვები. ისე მიაშტერდა ემრე, როგორც ქუჩაში ნანახ ათასობით ლირას, ასევე უყურებდნენ სხვებიც.
როცა უფროსმა წარუდგინათ, ბევრი ვერაფერი გაიგეს მისი სიტყვებიდან. მხოლოდ ის დაიმახსოვრეს, რომ მისი ქართული სახელი ძალიან ჰგავდა თურქულ ხატიჯეს, რომელსაც მალევე მიუჩინეს სამზარეულოში ადგილი, ხოლო გამოქანდაკებულ სტაფს წამსვე დაუყვირა უფროსმა:
_ დორბლი მოიწმინდეთ და საქმეს მიხედეთ თქვე სპილოების ხროვავ.
წამსვე, მიმტანები ზემოთ აცვივდნენ, რამდენიმე სამზარეულოში დარჩა კოფთესა და ჩორბას მოსამზადებლად, და ასე დაიწყო სამუშაო დღე.
ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ყველა თანამშრომელი ცდილობდა მოსაწევად ხშირ-ხშირად ჩასვლასა და ხატიჯესთან კონტაქტს.
გამართლებაცაა და გამართლებაც, პირველი დიალოგი ემრეს მოუწია მასთან. თორმეტი საათი იქნებოდა, ჩავიდა, მერე რა რომ არ ეწეოდა სიგარეტს, უბრალოდ ჩავიდა და დაინახა როგორ სვამდა ხატიჯე კოკა-კოლას. მოუნდა, ნერწყვი მოადგა ისე ძალიან მოუნდა კოლას დალევა, ერთი წამი ხატიჯეს უკანალიდან სიცივით დაორთქლილი კოლას ბოთლისკენ გადაიტანა ყურადღება.
ეს არც ხატიჯესათვის არ იყო ძნელი შესამჩნევი, ღიმილიანი სახით გახედა თანამშრომელს, ჭიქა აიღო, დაუსხა და მიაწოდა.
გამოართვა ემრემ, დალია, მანაც გაუღიმა და
_ ბევრი ფული გეშოვნოს, გმადლობ _ უთხრა თავაზიანად.
ემრე მიხვდა ხატიჯეს ნაძალადევ ღიმილზე, რომ ვერ გაიგო მისი ნათქვამი, და გულიანად ახარხარდა ამაზე.
მეორე კონტაქტის დროს უკვე ხუმრობა სცადა. ამ დროს, დღის ორი საათი იქნებოდა, ემრეს გარდა ყველანი ერთად ეწეოდნენ ეზოში, თუმცა ემრეც იქ იყო, სანაგვე ყუთის გვერდით ჩამომჯდარი.
_ ქრისტიანი ხარ? _ გაბედულად დაუსვა კითხვა ხატიჯეს, და თურქმენს გადახედა, ანიშნა რომ ეს ეთარგმნა ქართულად.
_ კი, ქრისტიანი ვარ _ უპასუხა ხატიჯემ.
ამის გაგონებაზე ემრეს გაეცინა, ცერა, საჩვენებელი და შუა თითი ერთმანეთს მიადო, მერე პირჯვარი გამოისახა და როცა ხელი მარცხენა ბეჭზე დაიდო, ბეჭიდან თითქოს მტვერი ჩამოფერთხა, მერე იმ შეკრული თითებით თითქოს რაღაც ნაგვის ურნისკენ მოისროლა და სიცილი ატეხა. ამაზე ყველას გაეცინა, მხოლოდ ხატიჯეს ჰქონდა აწითლებული სახე ბრაზისგან. სიგარეტი ძირს დააგდო და სამზარეულოსკენ გაიქცა.
_ როგორც ჩანს ეწყინა, _ საუბარი წამოიწყო ქურთმა.
_ რა უნდა წყენოდა, უბრალოდ ვეხუმრე. _ თავი დაიცვა ემრემ.
_ ვიცი რომ ეხუმრე, მაგრამ მას ეწყინა.
_ კარგი, მითხარი როგორ არის მის ენაზე ბოდიში _ ნელ-ნელა შეწყვიტა სიცილი ემრემ.
_ რა ვიცი _ უპასუხა ქურთმა.
_ აბა რა ენაზე ელაპარაკები როცა ჩვენს ნათქვამს უთარგმნი?
_ რუსულად ველაპარაკები.
_ რატომ რა, თავისი ენა არ იცის?
_ როგორ არა, თუმცა ქართული მე არ ვიცი, ამიტომ ველაპარაკები რუსულად, მან რუსულიც იცის, ქართულიც და ინგლისურიც.
- ამდენი ენის სწავლას თურქული ესწავლა ჯობდა _ გადაიხარხარა ერთ-ერთმა მიმტანმა.
_ კარგი, მითხარი როგორ არის რუსულად ბოდიში. და ვინმემ ხომ არ იცის ქართულად და ინგლისურად იგივე სიტყვა?
_ ინგილურად აი ემ სორრი _ ჩაერთო სხვაც ლაპარაკში.
_ ქართულად არ ვიცი, მაგრამ ერთ ქართველს ვიცნობ და შემიძლია დავურეკო და მეტყვის _ თქვა სხვამ.
_ რუსულად პრასწი არის _ თქვა ქურთმა და ამასობაში ქართველთანაც დარეკა ერთ-ერთმა მათგანმა.
_ მაპატიე _ თქვა მან.
ასე თუ ისე, ემრე საფუძვლიანად იყო მზად ბოდიშის მოსახდელად, და ეს იყო სწორედ მისი და ხატიჯეს მესამე კონტაქტი.
ხატიჯე საზარეულოში ჩაის ადუღებაზე მუშაობდა, გამზადებულ ჩაის რომელიმე მიმტანს აწვდიდა და თავის საქმეს უბრუნდებოდა. დღის ოთხი საათი იქნებოდა, როცა ერთმა კლიენტმა კოფთესათვის ჩაის დაყოლება მოინდომა, და ემრესაც შანსი მიეცა ბოდიშის მოხდის. ხატიჯესთან ჩავიდა და სანამ ჩაის გამოართმევდა, ოთხ ენაზე მოუხადა ბოდიში, მერე ჩაის ჭიქა გამოართვა და ცდუნებას ვერ გაუძლო, გამორთმევისას ხელზე შეეხო... წამიერად, მისი სამი თითით ხელის ზურგზე, ან წამის ნახევრით, სულ ეს იყო, მაგრამ ამან სისხლი აუდუღა, გრძნობდა როგორ მიდიოდა თავში წნევა, ხოლო ნაჭრის შარვალში საკუთარი ერექციის დამალვას ცდილობდა, მისი ცხოვრების ყველაზე ბედნიერი დღე იყო, რადგან მის ქმედებაზე ქართველ იაბანჯას რეაქცია არ ჰქონდა, არ გაბრაზებულა, არც გამწარებულა, არც არაფერი უთქვამს, ესეიგი მოეწონა ემრე, ესეიგი ემრეს შეეძლო მასთან ის ოცნება აეხდინა, რომლისთვისაც ოცდაათი ლირის დახარჯვას აპირებდა ამ დღეებში, თანაც ეს აზრი დიდად არ იზიდავდა რადგან არასოდეს უნატრია კაცთან წოლა.
ამასთან ერთად, ხატიჯე ხომ ბევრად უფრო ლამაზი იყო, ვიდრე მისი ცხოვრების სიყვარული - აზა.
რამდენიმე წუთში ხელზე შეხების გამეორების შანსი მიეცა ემრეს, გადაამოწმა ამით თავისი ფიქრები, კიდევ ერთხელ შეეხო მის თბილ თითებს, უფრო სწორად, ითებზე თითები მიადო ჩაის გამორთმევისას, ამან სულ გადარია და ნელა გასული სამუშაო დღის მერე, ეზოს გამოსასვლელთან ლოდინის დროს უკვე ყველაფერი მზად ჰქონდა გონებაში. ხატიჯე მისი იყო, იმ ღამით მაინც, ეს იცოდა, ერთად ერთი საზრუნავი ისღა ჰქონდა, თუ როგორ შეეპარებინა სახლში, ამასაც მოახერხებდა როგორმე, ნერვიულად ელოდა მის გამოსვლას, სხვა თანამშრომლების საუბარსა და შინ წასვლის მზადებას ყურადღებას არ აქცევდა.
და ის ის იყო, საღამოს ცხრა საათიც შესრულდა, რესტორნის ეზოში კავკასიური გარეგნობის ახალგაზრდა შემოვიდა, პირდაპირ ემრესთან მივიდა და რაღაც უთხრა უცხო ენაზე.
ემრემ ვერაფერი გაიგო გარდა იმ სიტყვისა, რომელიც ძალიან გავდა თურქულ სახელ ხატიჯეს. ამის გაგონება კი დიდად არ ესიამოვნა და გაოცებული სახით მიაშტერდა ჩაფსკვნილ, წვერებიან სტუმარს.
_ Do you speak English? _ სხვა ენაზე საუბარი სცადა სტუმარმა.
ემრე მიხვდა რასაც ეკითხებოდა, ბევრჯერ ჰქონდა მონასმენი ეს ფრაზა, და იცოდა რასაც ნიშნავდა, გაეღიმა ამაზე და თავი დაუქნია.
_ O, its good, _ ჩაილაპარაკა ისევ, ამჯერადაც ინგლისურად _ I need Xatia, my wife.
ემრე ისევ გაშტერებული სახით მიაშტერდა, რადგან ინგლისურად მხოლოდ იმ ფრაზის გამოცნობა შეეძლო, რაც პირველად მოისმინა სტუმრისგან.
_ ხატია, ხატია _ ხმამაღლა და სიცილით უთხრა ამჯერად მოსულმა.
_ აააა, ხატიჯე _ უკვე აშკარა იყო ემრესთვის რასაც ეკითხებოდნენ, და მიუხედავად იმისა, რომ კოვზი ნაცარში ჩაუვარდა, სხვა ემოციისკენ წაიყვანა ფიქრმა. რაღაც ჯანდაბის გამო აღზნებდა იმაზე ფიქრი, რომ ვიღაცას ვიღაცასთან ინტიმური კავშირი ჰქონდა, წამები დაჭირდა იმის წარმოსადგენად, თუ რას უზამდა ეს ახალგაზრდა ამაღამ ხატიჯეს, წამები დაჭირდა იმისთვისაც, რომ სახე უაზროდ დაღრეჯოდა, დორბლი გადმოსვლოდა და შედეგებზე არც კი უფიქრია, ისე დაუსვა კითხვა სტუმარს მისი ინტიმური ცხოვრების შესახებ.
ამჯერად სტუმარმა ვერ გაიგო ემრეს ნათქვამი და ის მიაშტერდა უაზრო გამომეტყველებით. ემრემ კი ჟესტების ენით სცადა მისთვის ეკითხა... ერთი ხელი მომუჭა, მეორე ხელის შუა თითი ამ მუჭში შეაცურა, რამოდენიმეჯერ შეყო და გამოყო ასე და იგივე დაღრეჯილი სახით ახსენა სახელი ხატიჯე. მერე საჩვენებელი თითი გაიშვირა სტუმრისკენ, ამის შემდეგ თითი სამზარეულოსკენ გაიშვირა, ისევ ახსენა ხატიჯე და თითი, ამჯერად ისევ შუა, ისევ მუჭში შეაცურა, იმ იმედით რომ მოსულს გააგებინებდა ზუსტად იმას, რასაც ეკითხებოდა.
სტუმარი გაოგნდა, ნუთუ მართლა იმას ეკითხებოდა ეს მიმტანი, რაც გაიგო, თავი გააქნია იმის ნიშნად, სიზმარში ხომ არ ვარო, მერე კი... მერე ის გააკეთა რასაც ალბათ ყველა ადამიანი გააკეთებდა მის ადგილას.
ემრემ ყრუ ტკივილი იგრძნო ყურის გვერდით, ღაწვის დასაწყისში, გააზრებაც ვერ მოასწრო რა მოხდა, ისე უცებ მოხვდა მეორე მუშტი, ამჯერად თვალში და მესამე, საფეთქელში მორტყმულმა მუჭმა უკვე წააქცია. თვალში დაუბნელდა, როცა გაახილა, თავზე რამდენიმე თანამშრომელი ადგა, მოშორებით სხვა თანამშრომლები სტუმარს აწყნარებდნენ, როგორც ჩანდა სხვასთანაც მოუწია გაწევ-გამოწევამ, იქვე იყო ბიძამისიც, რომელსაც ტელეფონი ჰქონდა ყურთან მიტანილი და \"ჟანდარმას\" ურეკავდა.
* * *
იმ დღეს შეზიზღდა ყველა გურჯი. ღამეებს ათენებდა იმაზე ოცნებაში, თუ როგორ ტანჯავდა შურისძიებით მის მეტოქეს, ესიზმრებოდა როგორ კარგავდა საფულეს წვერებიანი ქართველი, როგორ შორდებოდა მას ხატიჯე უფულობის გამო და როგორ ბრუნდებოდა ემრეს სადონერეში სამუშაოდ.
ეს ესიზმრა ახლაც, როცა იუნუს ემრეს მაღალი სართულების მიღმა გადაწოლილ სარიერს დილის აზანი აღვიძებდა. საათზე მეტი შეიბრუნა ძილი, მერე ადგა, ჩაიცვა, ჯერ აღმართს აუყვა, მერე სწორ გზაზე იარა, იმ გზაზე, საიდანაც ყველაზე ლამაზად ჩანს სარიერი, მერე აჯალარის აღმართს დაუყვა და ჩვევისამებრ, ცხრას რომ სულ ცოტა უკლდა გამოცხადდა აღებულ ობიექტზე.
იაბანჯები გამოცვლილნი დახვდნენ, მხოლოდ ერთი მათგანი იდგა არასამუშაო ტანსაცმლით და უსტას ელოდა.
_ კანკი _ საუბარი წამოიწყო თურქულის მცოდნე იაბანჯამ. _ ხომ გახსოვს დღეს შვილი ყავს ექიმთან გასაშვები.
აღარ ახსოვდა, თავიდან იცილებდა მსგავს ფიქრებს საკუთარ სახლში ყოფნის დროს, შვიდი გურჯი ნახევრად ბრაზმორეული, ნახევრად კი იმედიანი თვალებით შეცქეროდა, და მაშინ მიხვდა ემრე, რომ გუშინ დაპირებული ხუთასი ლირის გაცემას ვერაფრით აცდებოდა, მხოლოდ იმით დაიიმედა თავი, რომ დროს გაწელავდა.
_ ეგრე იყოს, _ უპასუხა წამიერი ფიქრის შემდეგ. _ ნუ გამოიცვლის და მივცემ მაგ ხუთას ლირას.
_ როდის მისცემ ემრე კანკი? _ ისევ ჰკითხა იაბანჯამ.
_ დღეს მივცემთქო, ხომ გითხარი?_ წყრომა შეურია ხმაში.
_ გავიგე, მაგრამ ცოლი ელოდება საქართველოში, აიღებს თუ არა ფულს თბილისში უნდა წაიყვანოს ბავშვი, თვითონ ეს, აქსარაიში უნდა წავიდეს ფულის გასაგზავნად, ამიტომ ცოტა დროში ვართ გაჭედილები.
_ დამელოდოს ერთი საათი, თქვენ კი ამასობაში სამნი აქ დარჩით, ოთხმა კი გუშინ დაწყებულ ეზოს მიხედეთ.
დამორჩილდნენ, წავიდნენ, სილიან აღმართზე ურიკის თრევას შეუდგნენ, ემრეც იმ ოთხს გაჰყვა, გამოსაცვლელ ეზოში დარჩენილებმა ქიმიური ნაერთებით გაწებილი ტალახის ამოძრობა დაიწყეს ეზოდან, მათ არ უწევდათ ურიკის აღმართზე ტარება, თუმცა ეზო საკმაოდ დიდი, და იმდენად ტალახიანი იყო, რომ მასში მძიმე ურიკის მართვა ნამდვილად არ წარმოადგენდა ნაკლებ პრობლემას. ასეთ შრომაში გავიდა ერთი საათი, ცოტა მეტიც, კიდე მეტიც და აღელვებულმა იაბანჯმა, რომელიც არასამუშაო ფორმაში ჩაცმული უცდიდა ხუთას ლირას, თურქულის მცოდნე თანამემამულეს სთხოვა დაერეკა ემრესთვის.
_ მოვალ მალე _ უპასუხა ემრემ და გაუთიშა. თავად იუსუფ ბეის ცოლის მიერ მორთმეულ ჩაის სვამდა იმ ადგილას, სადაც წინა დღეს თავად იუსუფ ბეი იჯდა მეგობართან ერთად და იაბანჯებს უყურებდა.
იმ იაბანჯაზე ფიქრობდა, რომლის დათხოვნაც იუსუფ ბეიმ ურჩია, სხვებთან შედარებით მართლაც სუსტი იყო და ნამდვილად არ დებდა გულს იმ საქმეში, რომელშიც ამხელა ფულს უხდიდნენ. კიდევ ერთი საათი გავიდა, თორმეტი ხდებოდა თითქმის, კიდევ ერთხელ შემოვიდა ზარი ემრეს ტელეფონზე,
_ საჭმელთან ერთად მოვიტან _ ამჯერად ასე უპასუხა და კიდევ ერთი ჭიქა ჩაი დაისხა.
პირველის ნახევარი იყო, როცა ემრემ მოტორჯის შვიდი ლაზური პური შეუკვეთა მდნარი ყველითა და სიფრიფანა ძეხვის ნაჭრებით, რაღათქმაუნდა წყალი და კოლაც მოაყოლა და იმ ეზოში წაიღო სადაც იაბანჯებს უნდა ეჭამათ.
_ კანკი, უკვე ძალიან აგვიანდება _ ისევ შენიშვნა მისცეს მუშებმა უფროსს.
_ ჯერ ჭამეთ, ამასობაში ავიღებ და მივცემ, ჩემთვისაც მოსაცემი აქვთ და მალოდინებენ _ თავი დაიძვრინა ამჯერადაც.
ჭამას შეუდგნენ იაბანჯები, თან თავიანთ ენაზე საუბრობდნენ, თან დრო და დრო ემრესკენ იყურებოდნენ, ამასობაში, ეზოში იმ სიტეს მცხოვრები, ახალგაზრდა კაცი გამოვიდა, სავსე ჩაის ჭიქებით ხელში. იაბანჯებს მიაწოდა, მერე ემრეს გახედა.
_ ქოლაიგერს ემრე. _ მიაძახა შორს მდგარს.
ემრემ თავაზიანი მადლობა მოუხადა, მიესალმა და ნამუშევარ ეზოში ნაკლის ძიება განაგრძო.
ახალგაზრდა თურქი შინ დაბრუნდა, კიდევ ერთი ჭიქა ჩაი მოამზადა და ემრეს მიართვა.
_ კარგად მუშაობენ შენი იაბანჯები _ უთხრა მხიარულად.
_ ჰო, არაუშავთ _ უპასუხა ემრემ.
_ ნამდვილად არაუშავთ, თუმცა ერთი რამის თქმა მინდა, და ძალიან თუ არ გაბრაზდები გეტყვი.
_ მითხარი _ დაინტრიგდა წამიერად ემრე, ისედაც საბაბს ეძებდა რომ რამის დაბრალებით კიდევ გაეწელა ფულის მიცემის დრო.
_ მე მათი ენა ნამდვილად არ ვიცი _ ნერვიულად განაგრძო საუბარი, _ თუმცა გინება მათ ენაზე როგორ ჟღერს მესმის, და როგორც ვხვდები, ისინი შენ გაგინებენ ემრე.
ეგ არ იყო დიდი შეღავათი ემრესათვის, ამას ვერაფრით დაამტკიცებდა, უფრო იმის მოსმენა უნდოდა, თუ როგორ არ აკეთებდნენ, ან წელავდნენ დაკისრებულ მოვალეობას იაბანჯები.
ამ საუბრის დროს, ფულის მომლოდინე იაბანჯი წამოადგათ თავზე.
_ მაძლევ თუ არა ფულს ემრე? _ საკმაოდ კარგი თურქულით უთხა უსტას.
_ თუ შეიძლება დამელოდე, მაშინ როცა ადამიანს ვესაუბრები.
_ მე დაგტოვებ ემრე _ უთხრა თანამოსაუბრემ და თავის იაბანჯთან ერთად დატოვა.
_ მაძლევ თუ არა ფულს? _ გაიმეორა იაბანჯამ. ემრე მიხვდა რომ დაზეპირებულ ფრაზას ეუბნებოდა, იხმო თურქულის მცოდნე, და ამჯერად ზედმეტად გაბრაზებულმა უთხრა:
_ მე იმის ღირსი არა ვარ, როცა ადამიანს ვესაუბრები, ვინმემ ფულზე დამიწყოს ლაპარაკი, ვუთხარი რომ მივცემ, და მივცემ კიდეც, მაგრამ ამ შეურაცხყოფას ვერ ავიტან. ახლა წავალ, ფულს მოვუტან და ხვალიდან თვალით აღარ დამენახოს არც ეგ, და არც ის, მეორე, წამდაუწუმ რომ ისვენებს.
იუსუფ ბეის მიერ დაწუნებულ იაბანჯზე უთხრა და ეზო ჩქარი ნაბიჯით დატოვა. გუვერნიკებამდე ავიდა, ბანკომატთან მივიდა, კარტა შეაცურა, მიმოიხედა, როცა დარწმუნდა რომ არავინ უყურებდა, აკრიბა პაროლი, ერთიდან ოთხამდე, ხუთასი ლირა მოხსნა, ჯიბეში ჩაიდო, მერე ცოტა გაიარა, სიგარეტის კოლოფი ამოიღო, სულ ორი ღერი ჰქონდა დარჩენილი, ერთი მოწია, კიდე გაიარა ცოტა, მერე მეორეც მოწია, მარკეტისკენ წავიდა, ერთი სიგარეტი და ერთი ქილის კოკა-კოლა იყიდა ას ლირიანით, გამობრუნებული ხურდიდან ორმოცდაათი ორ ცალ ორასლირიანის შუა ჩადო, ოცდაათი და ცოტაოდენი ხურდები სხვა ჯიბეში ჩაიყარა, ნელი ნაბიჯით შევიდა სიტეში და თურქულის მცოდნე იაბანჯას 450 ლირა მისცა.
_ სულ ეს არის რაც დღეს მომცეს.
როგორც იქნა მიუვიდა იაბანჯს ფული, უკვე იმედი ჰქონდა გადაწურული, წამდაუწუმ ტელეფონს დასცქეროდა და ცოლს ამშვიდებდა, რომ კი არ ატყუებდა ელოდებოდა ფულის აღებას, აიღო თუ არა, აქსარაისკენ გაემართა, სწორედ იქ ეგულებოდა ადგილი, საიდანაც ლირის გაგზავნას შეძლებდა სახლში.
ემრემ კი უხმოდ განაგრძო ხუთ საათამდე მუშებისთვის თვალის დევნება, ხუთს სულ ცოტა უკლდა, როცა ტელეფონი ამოიღო და მთელი დღის ფინანსური მაქინაცია კალკულატორით გადაიანგარიშა.
+ 120 ლირა, იმისა, რომ ერთი იაბანჯი არ მუშაობდა,
+ 9 ლირა, საჭმელი რომელიც არ იყიდა მისთვის
+ 2.5 ლირა, კოკა-კოლა
+ 13.5 ლირა, სიგარეტი \"პარლამენტი\"
+ 36 ლირა რომელიც იაბანჯის ფულიდან მოტეხა
- 450 ლირა, რომელიც გაუთვალისწინებლად წაართვეს.
ამის შემდგომ 450_ს 179 გამოაკლო, 269 მიიღო, სწორედ ის თანხა, რის ზარალშც დღეს წავიდა, შემდეგ 22 000 გამოაკლო ეს მიღებული 269, ამან დააბნია, იმაზე მეტი მიიღო ვიდრე ელოდა, როცა დაფიქრდა, მიხვდა რომ ყოველდღიური კვების ფული არ ჰქონდა გამოკლებული და ამან დაამწუხრა, სცადა გამოკლება, თუმცა სათვალავი აერია. კიდე თავიდან დაიწყო, +120, +9, +2.5... ამჯერად ძალიან ცოტა მიიღო, თანაც ათწილადი, მიხვდა რომ რაღაც ისევ შეეშალა...
და ასე იწვალა ხუთ საათამდე, მერე კი... აჯალარის აღმართი, სარიერის ხედი, იუნუს ემრე, ძილი, რომელშიც ხატიჯე ღარიბ ქართველს დაშორდა, ემრეს სადონერეში მუშაობა დაიწყო, ჩორბა დაექცა რის გამოც მწარე ალიყური მოხვდა ემრესგან... და უცებ ვიღაც ულვაშიანი მონღოლოიდი, რომელიც ბიძაშვილი აზას ტანსაცმელში იყო გამოწყობილი, ემრეს აივანზე იდგა, სარიერს უყურებდა და ემრეს უხსნიდა \" ეტა მალალიკა \"
\"მალალიკამ\" _ გააღვიძა. თავი მოიწესრიგა, საკუთარ სახეს გაუღიმა სარკეში, დიდი ხანია მსგავსი სიზმარი არ ენახა და სწორედ ამიტომ პოზიტიური განწყობით გაუყვა გზას, ახალი სამუშაო დღისკენ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები