ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: სოფუნა
ჟანრი: პოეზია
2 ივლისი, 2019


ლურჯი პრეფერანსი

როცა რეალობის მიღმა სინამდვილე
ლაგამამოდებულ სურვილებს დაანთებს,
განცდები ველური ჟინით ათრთოლდება
ოქროსფერ ათინათს მუზარადს ჩააცმევს.

გონი ჯირითით საწყისს უბრუნდება,
მარადისობის მაძღარი ლაბირინთით,
მუზა ლურჯი მელნით სულში ჩაიღვრება
ამბოხის მირაჟის მეწამულ მორევში.

ღამეში ახალი მთვარე ირწეოდა,
სული მაწანწალა ამღვრევდა სტრიქონებს,
დროთი გატენილი ჩემი ყალიონი,
ნელ-ნელა იწვოდა, წამლობდა ჭრილობებს.

ცივილიზაციის დამჭკნარ გარიჟრაჟზე
სიჩუმე გვადღეგრძელებს ცისფერი ყანწებით,
აბსურდის თეატრში მე და შენ მხარდამხარ,
ბოშებთან ავიმღვრევთ ბედ-იღბალს ,,კარტებით.“

როცა კონტრასტები სისხლში ილექება
ინი ემუქრება იანს აჯანყებით,
ჭეშმარიტებასთან მაშინ იკვეთები,
თან არარაობა თან ხარ სრულყოფილი.

ვსეირნობ სიზმრების ნეტარ ტყვეობაში,
არაცნობიერში აიმღვრა ვნებები.
თიხაში ჩაღვრილი გრძელი სადღეგრძელო,
ჩემით ღრიალებენ რქაწითლის მტევნები.

ფიჭვის წიწვების სურნელში გახვეული
წარსულის აჩრდილის ექოდ მეორდები,
შავი ზღვის ქაფისგან ბედმა დამიხატა
შენი სიყვარულის ლურჯი ფერდობები.

ცის შავ ოკეანეს მთვარე ეფერება,
გადამთვრალ გაზაფხულს მოუნდა თარეში.
ჯაჭვი აიწყვიტეს ღამის დემონებმა,
დენთი შეურიეს სისხლის სუნს ჰაერში.

შენი ნუშისფერი კანის ანარეკლი
თვალის სარკეებში ჩაგუბდა ავსულად.
მე რძისფერ აბრეშუმს შენს ხმას შევადარებ,
ყურის ბიბილოსთან გაკოცებ მალულად.

ჰაერში დაგუბდა ჩემი მოლოდინი,
შენში ეპოქაა ლურჯი რენესანსის,
დროის პეიზაჟებს ქარი აშრიალებს,
შენში მენატრება ჩემი ,,პრეფერანსი“.

P.S. მარქსი ვუდსტოკში ოპიუმს ეტანება,
      ჩეგე აწესრიდებს ქუჩის მოძრაობას,
      ცბიერი ჭაღარა პიტერ-პენს შეეპარა
      პეპის ჯვარს დაწერს მოსასხამი რობესპიერის.
                                                                                  მ.მეშვილდიშვილი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები