ნაწარმოებები



ავტორი: სოფო88
ჟანრი: პოეზია
3 ივლისი, 2019


* * *

გარეთ ახლა ქარია, ქარი უმისამართო...
სხვანაირი ღამეა...თითქოს ღამეც არ არის...
ჩემი ყველა ლოდინი მგონი ჩანს უსამართლოდ
დაკარგული დღეების და წუთების სადარი.
თეთრი მთვარე ბალიშზე ფიქრებს უჭვრეტს მოთეთროს,
როგორც ნერვებს წყვეტილად აკანკალებთ მინებსაც,
სხვანაირად არ ვიცი ალბათ უნდა მოგენდო
ისევ შენ და ამ ღამეს არაფერს რომ მპირდება...
საიდანღაც ხმა ისმის...ან იქნებ მეჩვენება,
ახლა ყველა სიჩუმე შენს ნაბიჯად ხმაურობს,
ქარი აღწევს ოთახშიც და თმაზე მეფერება,
ქარი უმისამართო ჩემს იმედზე საუბრობს.
ფანჯრის აქეთ მე ვდგავარ, ფანჯრის იქით შორია,
ჩემთან უფრო ღამეა, ვიდრე ნამდვილ ღამეში,
ეს ლოდინი ამაღამ დასრულდება მგონია,
დასრულდება მგონია თეთრი ფიქრის თარეშიც,
გადაიტანს დღეს ეს ცა ვარსკვლავების შფოთვასაც
და რა ღმერთი გაწყრება მეც მოთმენა არ მეყოს,
ახლა ცხელი ცრემლებით ამიდუღდა ლოცვა და...
და სურნელიც ვიგრძენი ჩვენი წილი სამეფოს...
სხვანაირი ღამეა...სხვანაირად სხვაფერი...
სიახლოვე  სხეულმა ჩემზე ადრე გაიგო,
დამეფიფქა სურვილად ვნება შენი საფერი
და ოცნებამ ახდენა ამ წამიდან დაიწყო...
გარეთ კი კვლავ ქარია თეთრ მთვარესთან დობილი,
ქარი გზაზე დამდგარი... ქარი ახალშობილი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები