ნაწარმოებები



ავტორი: ნიკო ლეჟავა
ჟანრი: დრამატურგია
4 ივლისი, 2019


ტელევიზიის სარდაფში (სატელევიზიო სპექტაკლი) სერია 4

(სატელევიზიო სპექტაკლი)
4 სერია

მოქმედი პირები:
ოსტატი            - ავეჯის ლოთი, თვითმარქვია რესტავრატორი;
შეგირდი        - ოსტატის შეგირდი, შრომისმოყვარე;
პავალი            - წითელარმიელი;
კანტროლკა    - შუასაუკუნეების დროინდელი ჯალათი;
და სხვები.


მუზეუმის სიახლოვეში მდებარე ავტობუსის გაჩერებაზე ოსტატმა შორიდანვე შენიშნა პაველი და კანტროლკა, რომელიც პატრულის ორი თანამშრომლს დაეკავებინა; ტყვიამფრქვევი მართლაც გამოეტანათ მუზეუმიდან. იქვე იდგა ყვითელჰალსტუხიანი მამაკაციც, რომელიც იერით ავტობუსის მძღოლს ჰგავდა. ეს ადამიანი, სავარაუდოდ, მოწმე იყო, რადგან პატრულის თანამშრომელი მისგან ჩვენებას იღებდა. ოსტატი ამ ჯგუფს ლასლასით მიუახლოვდა.
- გაიარეთ მოქალაქე, გაიარეთ! - უთხრა ოსტატს პატრულის ერთმა თანამშრომელმა.
- სად გაიაროს, ეგ ისაა, ვისთანაც ტყვიამფრქვევი მიგვქონდა! - წამოიყვირა პაველმა.
- მოქალაქე, თქვენ ამ ადამიანებს იცნობთ?!
- მაგათ არა! აი, თქვენ კი გიცნობთ, მიკვირს, თქვენ რომ ვერ მიცანით! თუმცა, რამდენმა წყალმა ჩაიარა მას შემდეგ... მაინც არ გვეპატიება ერთმანეთის დავიწყება!
- თქვენი სახელი?
- ქრთამი! უჰ, ეს რა სისულელე წამომცდა... ქრთამთან დაკავშირებით კი, ისე, სასხვათაშორისოდ მინდოდა მეკითხა: პატრული ქრთამს იღებს, თუ არა?
პატრულის თანამშრომლებმა წარბები შეკრეს.
- ქრთამის მოცემა ერთი წამითაც არ მიფიქრია, მაგრამ... ხომ შეიძლება, აღნიშნულ თემაზე კანონის ფარგლებში მოვილაპარაკოთ. წინადადება მაქვს, ამ ორი „ბატის“ გათავისუფლების სანაცვლოდ, გირაოს სახით, ქალაქის ბიუჯეტში სოლიდური თანხა შევიტანო! თქვენ როგორ ფიქრობთ, განა აწყენს ჩვენს დედაქალაქს, თუნდაც კიდევ ერთი, ახალი, წითელი სახანძრო მანქანა? თვალდახუჭულებმა წარმოიდგინეთ: აღნიშნული სახანძრო მოქრის - იუ! იუ! იუ! - სადღაც ხანძარია! წამიც, და მანქანა დანიშნულების ადგილზე გაჩნდა! ალმოდებული სახლიდან მეხანძრეებმა უმწეო დედაბერი გამოიყვანეს! ჩვენი ქვეყნის თვალსაჩინო საზოგადოება მადლობას უხდის 112-ის სამსახურის ძლევამოსილ არმიას - მათ შორის, თქვენც! ნუთუ ასეთი შემთხვევა ხელიდან გასაშვებია?!
- მოქალაქე, რა მიზნით გამოატანინეთ ტყვიამფრქვევი მუზეუმიდან?!
- მხოლოდ და მხოლოდ კეთილი მიზნით!
- სად უნდა გადაგეტანათ ტყვიამფრქვევი?!
- ტელევიზიაში!
- ტელევიზიაში?
- დიახ, ტელევიზიაში!
- გადაღებაზე?
- არა... უფრო სწორად, ხო! ახალი ტელესერიალის გადაღებას ვიწყებთ!
- თქვენ რეჟისორი ხართ?
- მოწოდებით... ანუ, დიახ, თითქმის!
- რა სახელწოდება აქვს სერიალს?
- სახელწოდება... - ენა დაება, - „ტელევიზიის სარდაფში“, ხო, სწორედ ასე ეწოდება.
- რომელ ტელეკომპანიაში მოღვაწეობთ?
- მირაჟზე! ტელეკომპანია მირაჟი!
პატრულის ერთმა თანამშრომელმა მეორეს რაღაც ჩასჩურჩულა, გაერიდა მათ და რაციით სადღაც ვიღაცას დაუკავშირდა; მალე ისევ შემოუერთდა მათ და მეწყვილეს, ახლა უკვე მომღიმარი სახით, ხელახლად რაღაც უჩურჩულა.
- ესეიგი, მოღვაწეობთ ტელევიზია მირაჟზე!
- დიახ!!! - ერთდროულად წამოიძახეს დაკავებულებმა.
- გასაგებია... თუ შეიძლება, ავტოგრაფი მოგვეცით!
ოსტატი დაბნეულობისგან გაშრა, მაგრამ მალევე გაიაზრა სიტუაცია.
- სიამოვნებით! - ავტოგრაფი მისცა. - თავისუფლები ვართ?
- ჯერ ბანკში წავიდეთ ქალაქის ბიუჯეტში თანხის ჩასარიცხად!
- ბანკში?
- თქვენ ხომ თქვენი ნებით გამოთქვით ბიუჯეტში თანხის ჩარიცხვის სურვილი!
- რა თქმა უნდა...
- ჰოდა, წავიდეთ!
- ალბათ, მე აღარ გჭირდებით! - ყვითელ ჰალსტუხიანმა მამაკაცმა წასვლა დააპირა.
- კარგი იქნება, თუ ბანკში ჩვენთან ერთად წამობრძანდებით. - თხოვნით მიმართა პატრულის თანამშრომელმა, - აქამდე თუ დაზარალებულის ამპლუაში განგიხილავდით, ახლა დამკვირვებლი იქნებით - პიროვნების მიერ ბიუჯეტში თანხის ჩარიცხვის ნებაყოფლობითობის ფაქტს დაადასტურებთ.
ყვითელ ჰალსტუხიანი მამაკაცი პატრულის შემოთავაზებას დათანხმდა.
- ტყვიამფრქვევს რა ვუყოთ? - იკითხა ერთმა პოლიციელმა.
- ქუჩაში ხომ არ დავტოვებთ, თან წავიღოთ! - თქვა მეორემ.
ტყვიამფრქვევი პოლიციის მანქანის საბარგულში ჩადეს, თავად სალონში ჩასხდნენ და ბანკისკენ დაიძრნენ. პოლიციის მანქანაში ჩასხდომისას, პაველსა და „კანტროლკაზე“ განაწყენებული ოსტატი ფანჯრის მხარეს, ყვითელ ჰალსტუხიანი მამაკაცის გვერდით მოთავსდა და ჩურჩული გაუბა:
- პოლიცია დაზარალებულის ამპლუაში რომ განგიხილავდათ, ალბათ ამ ნაძირალებმა შეურაცხყოფა მოგაყენეს?!
ამ უკანასკნელმა ჩურჩულითვე უპასუხა:
- როგორ გითხრათ, შეურაცხოფა იყო კიდეც და არც ყოფილა; ძალაზე იყვნენ - გინდა თუ არა, ტყვიამფრქვევი ავტობუსში უნდა ამოგვატანინოო! იძულებული გავხდი, პატრული გამომეძახა.
- ავტობუსის სალონში ამოჰქონდათ ტყვიამფრქვევი?!
- დიახ, ჩემი ავტობუსის სალონში!
- თქვენ ავტობუსი გყავთ?
- ავტობუსი სახელმწიფოსია.
- ჩემო ბატონო, რა მნიშვნელობა აქვს ვისია ავტობუსი, უბრალოდ... - სათქმელი აღარ დაასრულა, გაკაპასებული პაველსა და კანტროლკას მისდგა, - თქვე აფერისტებო, ვის ატყუებდით - „ათი ლარი გაამზადე, ტყვიამფრქვევი ტაქსით მოგვაქვსო!“ თაღლითებო!
- შეფ, ისედაც ციხე გველოდება, სასჯელს ნუ დაგვიმძიმებ! - სთხოვა პაველმა.
ამასობაში ბანკს მიაღწიეს.
ბანკის თანამშრომელმა ისინი ცალკე ოთახში მიიწვია. მომღიმარ გოგოს, რომელიც კომპიუტერთან იჯდა, დაბნეულმა ოსტატმა ენის ბორძიკით მიმართა.
- გენაცვალე, სახანძრო დეპარტამენტის ანგარიშზე თანხა მინდა ჩავრიცხო.
- სიამოვნებით, ანგარიშის ნომერი და საიდენტიფიკაციო კოდი მითხარით.
- ნომერი და კოდი?
- დიახ.
- ნომერი და კოდი უნდა იყოს... უნდა იყოს - 112!
- 112?
ბანკის თანამშრომლის გაკვირვება ერთ-ერთი პოლიციელის თვალის ჩაკვრამ გაანეიტრალა.
- ესეიგი, 112-ზე.
- დიახ, 112 აკრიფეთ!
ბანკის თანამშრომელმა აკრიფა „112“... რამოდენიმე წამში მორიგე დისპეჩერის ხმა გაისმა - „112-ის სამსახური გისმენთ!“
- სწორია, არ შევმცდარვარ! - ოსტატმა სიხარულით წამოიყვირა, ბანკის თანამშრომელს ყურმილი გამოგლიჯა და თავად დაელაპარაკა დისპეჩერს, - თქვენს ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა მინდა!
- მომეცით ყურმილი! - ბანკის თანამშრომელმა ყურმილი დაიბრუნა, სახანძროს დისპეჩერთან რაღაც ციფრები დააზუსტა და ისევ ოსტატს მიუბრუნდა, - რა თანხა შემოგაქვთ?
- ერთი მსხვილი შეკვრა!
- „ერთი მსხვილი შეკვრა“? - გაკვირვებულმა გაიმეორა.
- დიახ!
- მომაწოდეთ...
ოსტატმა თაბახის დაჭრილი ფურცლების დასტა ბანკის თანამშრომელს გაუწოდა... გაწვდილი ხელი ძირს არ დაუშვია, მეორე ხელიც წინ გაიშვირა იმის მოლოდინში, პატრული ხელბორკილს დამადებსო.
- ვალუტა უცნაურად გამოიყურება... - თქვა ბანკის თანამშრომელმა, - თუ წინააღმდეგი არ ხართ, მანქანაზე გადავამოწმებ.
ჩადო „ქაღალდი“ ფულის სათვლელ მანქანაში, მანქანამ თვლა დაიწყო; მისმა ჩხაკუნმა ოსტატის ოხვრის ხმა გადაფარა... თვლა დასრულდა.
- ყველაფერი რიგზეა, აქ მომიწერეთ ხელი.
- ყველაფერი რიგზეა? - გაოცებისაგან პირდაღებულმა ოსტატმა ბანკის თანამშრომლის სიტყვები გაიმეორა.
- დიახ, რიგზეა. ხელი მომიწერეთ.
- მარტო მანდ კი არა, ჩემო კარგო, თუ გინდა, ზაგსშიაც მოგიწერ ხელს! - გამხნევებული ოსტატი პოლიციელებს მიუბრუნდა, - არ მესმის, რაში შეეპარა ეჭვი - კაცი, ფულს ვბეჭდავ და რაღა ყალბს დავბეჭდავდი?!
პოლიციელებმა, თითქოს შეთანხმებულად, ერთდროულად ჩაახველეს.
დაჭრილი ქაღალდის მსხვილი შეკვრა ქალაქის სახანძრო დეპარტამენტის ანგარიშზე ჩაირიცხა. ქუჩაში გავიდნენ. პოლიციელები მანქანაში ჩასხდნენ და წასვლა დააპირეს.
- ტყვიამფრქვევი მიგაქვთ? - ჰკითხა ოსტატმა.
- ტყვიამფრქვევს მუზეუმს დავუბრუნებთ!
- მე ხომ ამხელა თანხა გადავიხადე...
- თანხა თქვენი მეგობრების დასახსნელად გადაიხადეთ!
მანქანა დაქოქეს.
- მოიცადეთ, კიდევ ერთხელ მოვილაპარაკოთ: ტყვიამფრქვევის სანაცვლოდ, მზად ვარ, ერთი იმდენივე თანხა კიდევ გადავიხადო. ამჯერად, ფულს თავდაცვის სამინისტროს ჩავურიცხავ. იქნებ თქვათ, რომ ჩვენს ჯარს აწყენდა ერთი ახალი საბრძოლო მანქანა?!
პოლიციელებმა ჩერჩულით ბჭობა გამართეს.
- მუზეუმს საცავში ტყვიამფრქვევების მეტი რა აქვს - ახალს გამოიტანენ! ერთ ჟანგიან ტყვიამფრქვევში ახალ საბრძოლო მანქანას ვიძლევი, დაფიქრდით?!
- კარგი, დავბრუნდეთ ბანკში.
იგივე კაბინეტში მოიყარეს თავი.
- გენაცვალე, ამჯერად თანხა თავდაცვის სამინისტროს ანგარიშზე ვრიცხავ!
- რომელი ვალუტით შემოგაქვთ?
- იგივე!
- რაოდენობა?
- იმდენივე! აი, ძვირფასო, თანხა, მანქანაზე გადაამოწმეთ!
- მაჩვენეთ.... მანქანაზე გადამოწმება არ არის საჭირო!
- ყოველ მიზეზ გარეშე გადაამოწმეთ! - გაჯიუტდა ოსტატი.
- მოქალაქე, დაწყნარდით, ბანკის თანამშრომელმა უკეთ იცის, რა უნდა მოიმოქმედოს!
პოლიციელის შენიშვნა ოსტატმა ყურადიღო.
- თავდაცვის სამინისტროს ანგარიშის ნომერი და საიდენტიფიკაციო კოდი მითხარით.
- კოდი... ტ... ტ-72!
- ტტ-72?
- „ტ-ტ“ არა, მხოლოდ ერთი „ტ“, ანუ, „ტ-72“!
ბანკის თანამშრომელმა კლავიატურაზე „ტ-72“ აკრიფა. მონიტორზე რუსული ტანკი გამოჩნდა.
- არ შევმცდარვარ, გამოვიცანი!
დაჭრილი ქაღალდის მორიგი შეკვრა თავდაცვის სამინისტროს ანგარიშზე გადაირიცხა. ქუჩაში გავიდნენ.
- ტყვიამფრქვევს ტელევიზიამდე ჩვენ მიგატანინებთ, რომ გზაში მორიგი ინციდენტი არ შეგექმნათ.
- მადლობის მეტი რა მეთქმის. - ოსტატმა პატრულის შემოთავაზება სიამოვნებით მიიღო.
- მე რა ვქნა? იკითხა ავტობუსის მძღოლმა.
- თქვენ, საჭეს დაუბრუნდით!

ტყვიამფრქვევი ადგილზე მიიტანეს.
ვითარება სახელოსნოში:

- პატრულთან რომ დამაბეზღეთ, ამაზე პასუხს სხვა დროს მოგთხოვთ! ახლა კი, იმ გრძელ სკამზე ჩამოსხედით, კუთხეში რომ დგას და ხმა არ გავიგო თქვენი! ტყვიამფრქვევი უცხო თვალს მოარიდეთ, დერეფანში გაიტანეთ და რაიმე გადააფარეთ!
- ცულიც დავმალო?
- ცული იყოს, ვითომ, ტყისმჭრელი ხარ - საამქროს ხის მასალით ამარაგებ!
პაველმა და „კანტროლკამ“ ტყვიამფრქვევი დერეფნისკენ გააგორეს. მალე იქიდან პაველის ხმა გაისმა.
- შეფ, აქ პატარა, ცარიელი ოთახია, „უბორკას“ გავაკეთებთ, ტყვიამფრქვევს შიგ შევიტანთ, კუნძსაც დავდებთ და ჩვენი სამუშაო ოთახი იქნება.
- რის კუნძი, რა სამუშაო ოთახი?! - ოსტატი მათკენ გაემართა, - მესამე დღეა აქ ვმუშაობ და ეს ოთახი არ შემინიშნავს.
- ნახე, რა „პროჩნი“ კედელია, დააყენე მასთან ვინც გინდა, и стреляй!
- კუნძი რაღად გინდათ?!
- მე ხომ უნდა დავადასტურო პაველის ნამუშევარი - დახვრეტილ კაცს კუნძზე თავს დავადებინებ და მოვაჭრი!
- ხო, მოკლედ, თქვენი საქმისა თქვენ იცით! მე ამ ოთახის არსებობის შესახებ არაფერი გამიგია, ფეხს არასდროს შემოვდგავ! ახლა ცოტა დაისვენეთ და ხვალიდან ყველანი ერთად „საქმეს“ შევუდგეთ!
სახელოსნო ოთახში დაბრუნდნენ. ოსტატო თავის სამუშაო მაგიდას მიუჯდა, ხოლო პაველი და კანტროლკა, კუთხეში მდგომ გრძელ სკამზე (მერხზე) ჩამოსხდნენ.
- ეს ჩემი შეგირდი სად გაქრა?! - ალბათ უფრო თავის თავს ჰკითხა ჯერ კიდევ აღელვებულმა ოსტატმა.
- სადმე სვავს, შეფ! - უპასუხა პაველმა.
ოსტატი განრისხდა:
- ვის ვეთხარი, თქვენი ხმა არ გავიგონო-მეთქი?!
პაველმა, მორჩილების ნიშნად, პირზე ხელი აიფარა.
ორიოდ წუთში გამოჩნდა შეგირდი - სარესტავრაციო სკამების მორიგი პარტია შეიტანა სახელოსნოში, რომელთაგან ნაწილი (მართლაც სარესტავრაციო) თავის მაგიდასთან გაშალა, დანარჩენი, დაზიანების იმიტაციიანი ოსტატს დაულაგა.
- მოხვედი?!
- მოვედი...
რადგან შეგირდმა მეტი არაფერი თქვა, ლაქლაქის ჟინით შებყრობილმა განაგრძო:
- როგორ მოგწომს „სიახლე“?! - ტყვიამფრქვევი ჰქონდა მხედველობაში.
მაგრამ შეგირდმა ვერ შეამჩნია ის, ისე ჩაუარა გვერდში.
- ჩვენი ახალი დამლაგებლის დალაგებულს გულისხმობთ?
ოსტატს სახე დაუმჟავდა და „შეგირდისეული ხედვით“ განაგრძო:
- ხო, იმ კაპარჩხანა გოგოს დალაგებული?!
- კარგად დაალაგა, სველი ტილოც მოუსვია იატაკისთვის.
- ჩემს გულს ის ვეღარასოდეს მოინადირებს - თაგვად გადქცევა არ ასცდება!
პასუხად შეგირდმა დუმილი არჩია.
- გებრალება?! - დამცინავად ჰკითხა.
- იქნებ, ის თქვენი „მოკავშირე“ დამლაგებელი მოგეწვიათ აქაურობის დასალაგებლად?
- რომელი მოკავშირე?
- ის, თქვენთან შეკრული, დაზიანების იმიტაციებს ვინც აკრავს ავეჯს.
- რას ამბობ, გაგიჟდი?! - დაიღრიალა. - არ უნდა გამჟღანდეს, რომ მე მას ვიცნობ, ეჭვს აიღებენ!
- თქვენი საქმისა თქვენ იცით...

მეოთხე სერიის დასასრული.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები