ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: პაპუნა_გიორგაძე
ჟანრი: პროზა
7 ივლისი, 2019


ქსენოფობის აზანი (ნაწილი 2) (გაგრძელება)

* * *
აზანმა გამაღვიძა.
წარმოდგენაზე უფრო მეუცხოვა ის ფაქტი, რომ სადღაც, სახლიდან იმაზე შორს ვიდრე ოდესმე ვყოფილვარ, მაღვიძებს დისკზე ჩაწერილი მოლას ხმა... თავი მოვიწესრიგე, საგანგებოდ ნაყიდი სქელყდიანი რვეული და კალამი მოვიმარჯვე, გარეთ გამოვედი, ნისლით დაფარულ ინდუსტრიას დავუწყე ყურება, ძებნა დავუწყე ფერებს.
ვერაფერი ჩავწერე, თუმცა დიდ ხანს ვიფიქრე, იმაზე დიდ ხანს ვიდრე ოდესმე, მაგრამ გულისყურით ვერა, რადგან დედაზე უფრო ვფიქრობდი, რომელიც სახლში მარტო დარჩა და რომელიც ცხოვრებაში პირველად მომენატრა.
რვა საათზე გამომიარეს, მითხრეს რომ ორ დღიანზე აღარ წავიდოდი, რომ მთელი თვის საქმე გამომიჩნდა, გამახარა ამ ამბავმა, ჩანთაში სამუშაო ტანსაცმელი ჩავყარე, მოპედს უკან შემოვაჯექი და წავედი.
ჯერ აღმართი ავიარეთ, მერე სწორ გზაზე დავდექით თუ არა მოპედი გაჩერდა, ჩემმა \"გიდმა\" მარჯვნივ გამახედა, საიდანაც სარიერის უღვთო და უმოწყალო სილამაზე იშლებოდა.
_ ნახე, ეს არის სარიერი _ მითხრა მან და ისეთი მზერა გადაუშვა ამ ხედისკენ, თითქოს მამაპაპისეულ სახლს უყურებდა.
_ მართლა ლამაზია _ ვუპასუხე მე.
გზა გავაგრძელეთ, ჯვარედინის მსგავს გასაყართან მივედით, ხუთ მხარეს მიდიოდა გზა, ერთს ჩავუყევით, დაღმართი იყო, მთელ გზაზე მშენებლობები მიდიოდა,
_ ეს აჯალარია _ მითხრა მან.
რაღაც დაცულ ადგილას მივედით, დაცვამ გაგვატარა, მაღალ და მდიდრულ ბინებში შევედით, ყოველ მეორეს ჰქონდა გადმოფენილი ოც მეტრიან თურქეთის დროშაზე მიხატული ათათურქი. იქ ფილებიან დაღმართს ჩავუყევით, დაღმართის ბოლოს ფილები აყრილი იყო, დიდი მანქანა სილას ყრიდა და მუშები ასწორებდნენ.
ფეხით გავაგრძელეთ გზა, ერთ-ერთი კორპუსის ეზოში შევედით, იქ ქართველი ბიჭები დამხვდნენ, \"გიდმა\" დამტოვა, ტანზე გამოვიცვალე და მუშაობას შევუდექი.
ურიკას მივსებდნენ მიწით და გარეთ გამომქონდა. პირველი ორი გატანა დიდი არაფერი, მერე ნელ-ნელა დამძიმდა ურიკა, გზამ დაამძიმა, საკმაოდ დიდ, ას მეტრამდე ტალახიან ეზოში მივათრევდი, ალაგ-ალაგ ლამინატის ფიცრები მქონდა დალაგებული და თუ ხაზს არ გადავიდოდი დიდი არაფერი, მაგრამ თუ გადავცდებოდი, ძალიან მიჭირდა მასზე დაბრუნება.
გამოვიტანდი თუ არა ეზოდან, იქვე ვყრიდი.
მერე ხელებს მოვისრესდი, ცივ ხეს ვუსმევდი, და უკან მიმქონდა ურიკა.
პირველი საათისთვის, ვიღაც თხელმა და მაღალმა კაცმა საჭმელი მოიტანა, ლაზურ პურებს გავდა შორიდან, და კოკა-კოლას ბოთლიც გამოკვეთილად ჩანდა თეთრ ცელოფანში.
_ ეს ჩვენი უსტაა _ გამაცნეს ბიჭებმა, _ ემრე ქვია.
_ ქოლაიგერს _ მითხრა უსტამ.
_ ბანანეს _ ვუპასუხე მეც ღიმილითა და მადლიერების გამომხატველი მზერით.
უცებ სახე შეეცვალა, ტუჩს უკბინა და ბრაზიანად შემომხედა. სამი-ოთხი წამი გაგრძელდა ეს უცნაური დაძაბულობა, მერე ქართველებმა სიცილი ატეხეს, გემრიელი სიცილი და მე და უსტა ყველაფერს მივხვდით.
რაღაც გინების მაგვარი მიპასუხებია, უფრო სწორად მაპასუხებინეს, არა და მეგონა მადლობის გამომხატველი სიტყვა იყო.
ლაზურ პურში მდნარი ყველი და ძეხვის თხელი, საზიზღრად უგემური ნაჭრები დამხვდა, შევჭამე და ურიკას დავუბრუნდი.
ოდნავ შემსუბუქებული დამხვდა, თუმცა მხოლოდ რამდენიმე გზა გაგრძელდა მისი სიმსუბუქე, მალევე დამძიმდა და ასე მძიმდებოდა ნელ-ნელა, ხუთ საათამდე.
ხუთი რომ გახდა, ერთი ორი გზაც გავიარე, და ექვსის წუთებზე გამოვიცვალე, ჯერ აჯალარის აღმართი ავიარე თანამშრომელებთან ერთად, მერე ის სწორი გზა, საიდანაც სარიერი მოჩანდა, მერე იუნუს ემბრე,
მანამ მარკეტში შევიარე, სიგარეტი, კვერცხი და რამდენიმე უიაფესი შოკოლადი ვიყიდე, შინ მისული ჩემს ამობეწვილ დივანზე წამოვწექი, იმ იმედით რომ ხვალ 240 ლირას ავიღებდი, რადგან ხელფასის დღე იყო, როგორც ბიჭებმა მითხრეს.
დილით გაღვიძება დამაგვიანდა, ცხრას უკლდა თხუთმეტი, როცა მოპედით გამომიარა ჩემმა \"გიდმა.\" წამსვე შემოვახტი უკან და ვთხოვე წავეყვანე. დაახლოებით ათ წუთში მივედით, შესასვლელთან ემრეს შევხვდი, დაცვა ატარებდა სწორედ იმ დროს როცა მივედი.
როგორც მივხვდი, ჩემთან არიანო, უთხრა დაცვას და იმათაც კითხვის გარეშე გაგვატარეს.
ჩავასწარი, მის ჩამოსვლამდე გამოცვლის მოსწრება მინდოდა, თუმცა როცა ჩავედი ყველა ჩემი კოლეგა გამოუცვლელი დამხვდა.
_ არ ვმუშაობთ ბიჭებო? _ ვიკითხე მე.
_ ემრეს ვუცდით _ მიპასუხა ერთმა, _ როცა დავიწყეთ დაგვპირდა ხუთ დღეში ერთხელ გაგისტუმრებთ ფულსო, დღეს მეათე დღეა და არ გამოვიცვლით სანამ ფულს არ მივიღებთ.
რა გაეწყობოდა, მათთან ერთად დავჯექი და დაველოდე მოვლენების განვითარებას.
_ დღეს რომ ფული არ მომცეს ამ დრენაჟის ჩასადებ მიწაში ჩავმარხავ _ ამბობდა ერთი. _ ჩემი  ცოლი ხუთი დღეა უცდის რომ ფულს გავუგზავნი, ბავშვი მყავს ცუდად, თბილისში უნდა წაიყვანოს ექიმთან და სულ უფულოდაა.
_ არ იდარდო, მოგვცემს _ უპასუხა მეორემ.
_ ეგრე აჯობებს მისთვის.
ცოტა გადაცილებული იყო ცხრას, როცა ერთ-ერთს ტელეფონმა დაურეკა.
_ ემრეა, ემრე _ თქვა და წამები დაელოდა ყველას რეაქციას.
_ უთხარი ფული მოიტანოს თუ არა არ ვიმუშავებთთქო _ მოგუდულად უპასუხეს, თითქოს ვინმეს ესმოდა ჩვენი.
_ ალო _ უპასუხა ბოლოს და დაელოდა უსტას პასუხს._ ემრე აბი, ჯერ თქვენ მოდით აქ, საქმე აქვთ ბიჭებს. _ დამტვრეული თურქულით უპასუხა და ისევ მის ხმას დაელოდა. _ არ იცვლიან კანკი, _ განაგრძო _ ამბობენ ყოველ მეხუთე დღეს რომ დაგვპირდა ხელფასს, უკვე მეათე დღეა და სანამ მუშაობას გავაგრძელებთ ანგარიში გაგვისწოროსო.
ცოტა ისევ ელოდა, მერე გათიშა და ჩვენკენ შემოტრიალდა.
_ საღამოს დაგვპირდა გასწორებას, ახლა კი ბოლო სიტეში გვაქვს ოთხს სამუშაო, გადაწყვიტეთ რა ვქნათ.
_ მე ვფიქრობ დღეს მუშაობა ჯობია, ერთი დღე მაინც ტყუილა უნდა ვიჯდეთ სახლში, თან თუ დაგვპირდა საღამოს გავასწორებო, რა პრობლემაა.
საღ აზრად ჩავთვალეთ, გავიყავით, მე ახალ ობიექტზე მომიწია ჩასვლა, დაღმართი ჩავიარეთ, ქვემოთ ემრე გველოდა ვიღაც მსუქან, ტელეფონზე მოსაუბრე თურქთან ერთად.
ეზოში შევედით, კორდი იყო მოსაჭრელი, მერე მიწა გასატანი და დრენაჟი ჩასადები, ადვილი საქმე ჩანდა, რადგან პატარა ეზო იყო, ამიტომ მალევე შევუდექით საქმეს და პირველი ურიკაც ისე მარტივად გავიტანე, რომ მივხვდი, დღის ბოლომდე ნამდვილად არ დავიღლებოდი ამის კეთებით.
როცა უკან მოვბრუნდი ახალის გასავსებად, ემრე ჩემს თურქულის მცოდნე თანამშრომელს ელაპარაკებოდა, რაღაც უსიამოვნო საუბარს გავდა.
გზა გავაგრძელე, დავტვირთე და როცა ისევ გამომქონდა, ემრესთან მოსაუბრემ მითხრა, რომ ურიკა ისევ იქ უნდა გამეცალა, სადაც გუშინ ვცლიდი.
_ გამოსირდა? _ შევშინდი მე _ იქამდე ხუთასი მეტრი მაინც იქნება.
_ რა ვქნა, ასე დამავალა, ამასაც ასე დაავალეს, მეც მაგხელაზე მიწევს თრევა, სხვა გზა არ გვაქვს.
სილიან აღმართს შევუყევი, ნამიან სილაზე ურიკის მორყეული ბორბალი სულ განადგურდა, არ მიგორავდა, მთელი ტანით ვაწვებოდი, თითქოს სთრონგმენების კონკურსის მონაწილე ვიყავი, ვაწვებოდი და ამქონდა, სიამოვნებას მგვრიდა 4-5 წამიანი მომენტები, როცა ბორბალი გაეშვებოდა და რამდენიმე მეტრს მაფარინებდა.
დავცალე, ჩამოვედი და ისევ დავტვირთე, და ასე გაგრძელდა პირველ საათამდე, როცა უკვე ღონეგამოცლილმა დავიწყე ლაზური პურის ჭამა.
_ რას გვიშვება ეს უჯიშო _ საუბარი წამოიწყო ჭამისას ერთმა.
_ უნდა გაძლოთ ბიჭებო _ გვანუგეშა თურქულის მცოდნემ, _ არ შეგატყოთ უკმაყოფილება თორე ასეთი სამსახური არ ყრია ყველგან, უარეს სიტუაციებს შევხვედრივარ, თან ნოემბერში იშვიათია კაცის საქმე.
_ არ შეგვეტყოს კარგია, _ ავყევი მეც, _ მკლავებს ვეღარ ვგრძნობ.
_ შეეჩვევი _ მითხრა შედარებით უფროსმა, და მეც ნელ ნელა, სხვებთან ერთად წავედი შესაჩვევად.
რამდენიმე გზობა მიწა ავიტანე, როცა იმ კორპუსში მცხოვრებ მსუქან კაცს, რომელიც ემრესთან ერთად დამხვდა, სტუმარი ეწვია, და ეზოში ჩამოსხდნენ სასაუბროდ და ჩაის დასალევად.
ამ დროს უკვე მკლავებს ვეღარ ვგრძნობდი, წამებს და წუთებს ვითვლიდი ხუთ საათამდე, გავდიოდი ჩემს წილ გოლგოთას და ეზოსა და სილის ყველა წერტილს ვსწავლობდი.
იმ ადგილის წინ, სადაც ჩაის მიირთმევდნენ უფროსი თურქები, ტალახი იყო გასავლელი, როგორც ჩანდა რამდენიმე დღის წინ წყალიც იყო დაგუბებული და ახალ ამომშრალს იმდენი სინესტე მაინც დაეტოვებინა რომ მორყეულ ბორბლიან ურიკას შიგ ითრევდა.
დიდი ძალა ჭირდებოდა იქედან გამოსვლას, გამოვიდოდი თუ არა წამები ვისვენებდი, ხელებს ჩამოვადებდი სახელურებს და გზას ვაგრძელებდი.
მეორე ცუდი ადგილი აღმართის შუა გზაში მხვდებოდა, იქაც სველი იყო სილა, იქაც მიწევდა დასვენება, 10-15 წამი, საკმარისი იყო ხელების გასამხნევებლად.
გავიარე თუ არა პირველი \"დაბრკოლება\" გავჩერდი, ჩაის მსმელ თურქებს გავხედე, ბაბუჩემის ხნისანი არ იქნებოდნენ, წვრილ სიგარეტს აბოლებდნენ და ჩემკენ იყურებოდნენ არაფრისმთქმელი თვალებით.
\"იქნებ შეგეცოდოთ თქვე უღმერთოებო\" _ გავიფიქრე წამიერად _ \"და მართლა შემიმსუბუქოთ შრომა, როგორც თქვენს ქოლაიგერს გამოთქმაშია\"
გზა განვაგრძე, მეორე დაბრკოლებაც გავიარე, მკლავები მოვადუნე, და როგორც იქნა კიდევ ერთი ურიკა დავცალე.
უკან დაბრუნებულს ბიჭებმა ნიჩაბი მომცეს, ურიკა გამომართვეს და ამჯერად მისი დატვირთვა დამეკისრა.
გამიხარდა, დიდი შეღავათი არ აღმოჩნდა მკლავებისთვის, მაგრამ ურიკის თრევა უკვე მობეზრებული მქონდა.
პირველად დავიკავე ნიჩაბი ხელში, დამიბარავს საქართველოში, მაგრამ ნიჩბით მუშაობის გამოცდილება არ მქონდა, ამიტომ სხვაზე ბევრად უფრო ნელა ვაკეთებდი ამას.
_ ქვემოდან უნდა ამოუსვა მიწას _ მასწავლა მერე ერთმა და უკვე თითქმის იმდენი დრო მჭირდებოდა ურიკის ასავსებად, რამდენიც სხვას.
ასე გაგრძელდა საღამომდე, თითქმის ექვსის ნახევარზე მოვრჩით, წავედით, გამოვიცვალეთ და ემრეს დაველოდეთ.
მალე მოვიდა, იქვე ტრიალებდა ნერვიულად.
_ დროა ანგარიში გავასწოროთ ემრე აბი _ უთხრა ბოლოს ჩვენმა თურქულის მცოდნემ.
_ დღეს არაფერი გამოდის _ უპასუხა ემრემ _ ის ეზო თუ არ დაამთავრეთ ფულს არც მე მაძლევენ, მოდი ასე მოვიქცეთ, ორშაბათამდე მორჩით და ორშაბათს გადაგიხდით.
ჩვენკენ შემოტრიალდა და გვითარგმნა მისი ნათქვამი.
_ გამორიცხულია _ ანერვიულდა ის ბიჭი, რომელიც დილიდან მისი შვილის ექიმის ფულზე ნერვიულობდა, _ ხვალ ბავშვი უნდა მივიყვანო ექიმთან, ამის ტყუილების გამო ჩემს შვილს პატარა პრობლემასაც არ შევუქმნი, უთხარი დროზე მოჯვას ფული, თორე არ ვაგებ ჩემს თავზე პასუხს, ისედაც ყელში მაქვს ნერვები.
_ მოდი ასე მოვიქცეთ _ ჩაერია საუბარში სხვა _ ბავშვის წამლის და ელემენტალურად სიგარეტის ფული გამოვართვათ, დავუმთავროთ საქმე და ავიღოთ ორშაბათს ჩვენ-ჩვენი დოლია, ამდენი ხალხია ჩარეული, ამდენი ვიღაც უყურებს, თავს არ შეირცხვენს ჩემი აზრით და პრობლემას არ შეგვიქმნის, თუ არა და ორშაბათს ტყავი გავაძროთ.
_ეგრე ვქნათ _ აყვა სხვაც, მაინც უსაქმოდ გვიწევს სახლში ჯდომა, თან ორშაბათს თუ გასწორდება უფრო მეტს ავიღებთ და უკეთესია რაღაც გაგებით.
_ მეც დავიცდიდი ბიჭებო, მაგრამ ბავშვის გამო... ხომ ხვდებით _ უხერხულად იგრძნო თავი უცებ.
_ რა ძნელად გასაგები კი ეგ არის, _ დავამშვიდეთ ჩვენ. _ მიგაღებინებთ შენ მაგ ფულს, მოკლედ, უთარგმნე ეს ყველაფერი _ ვუთხარით საბოლოო ვერდიქტი \"თარჯიმანს.
_ კანკი, დავიცდით ორშაბათამდე, თუ ორშაბათს ერთიანად გაასწორებ, მაგრამ ორი პრობლემა არის, ერთი ის რომ სიგარეტიც არ გვაქვს და ასი ლირა მაინც უნდა მოგვცე, მეორე კი, აი ამ კაცს _ ანერვიულებულისკენ მიუთითა თურქულის მცოდნემ, _ ფული აქვს საქართველოში გასაგზავნი, შვილი ჰყავს ავად და ხვალ შუადღისთვის ექიმთან არის ვიზიტზე  ჩაწერილი, სხვა გზა არ რჩება, ხუთასი ლირა უნდა მისცე, დანარჩენი დავიცდით ორშაბათამდე.
_ ხვალისთვის რამეს მოვახერხებ, _ უპასუხა ემრემ და მეტ საუბარს თავი აარიდა, იუსუფ ბეის ეზოსკენ გაემართა, ჩვენ კი დაღლილებმა და უსიგარეტოებმა ემრეს გინებით გავუყევით აჯალარის აღმართს, რომელიც სწორედ იქ მთავრდება, საიდანაც სარიერის უღვთოდ ლამაზი ხედი იშლება, თეთრი მეჩეთით, ბოსფორის სრუტით, განათებული სახლებითა და ცაზე დაკიდებული ნაცრისფერგულიანი ყვავებით.
დილით ადრიანად წავედი, ბიჭებიც დამხვდნენ, იცვლიდნენ, მხოლოდ ერთი არ აპირებდა გამოცვლას.
_ აქსარაიდან უნდა გავაგზავნო ფული, რომ დახურდავება არ დამჭირდეს თან დღესვე აიღონ. _ თქვა მან და ჩემს გარდა ისედაც ყველამ იცოდა რომ ასე უნდა მოქცეულიყო.
მე აქსარაი მხოლოდ ერთხელ მქონდა ნანახი, საზიზღარ, ავაზაკებითა და ნარკომოვაჭრეებით სავსე უბნის სახელი ჰქონდა, რომელშიც რატომღაც ყოველთვის იყო ქართულის მცოდნე თურქი, და რჩევას იძლეოდა, ერიდეთ გურჯებსო.
ცხრა ხდებოდა როცა ემრეც მოვიდა, მოგვესალმა, შრომის შემსუბუქება გვისურვა და ლოდინი დაუწყო ჩვენს გამოცვლას.
_ კანკი, ხომ იცი, დღეს ხუთასი ლირა უნდა მისცე, ბავშვი და ცოლი ელოდება საქართველოში მაგ ფულს. _ წამოიწყო საუბარი თურქულის მცოდნემ.
_ ეგრე იყოს, _ უპასუხა წამიერი ფიქრის შემდეგ. _ ნუ გამოიცვლის და მივცემ მაგ ხუთას ლირას.
_ როდის მისცემ ემრე კანკი? _ ჰკითხა ისევ.
_ დღეს მივცემთქო, ხომ გითხარი?_ წყრომა შეურია ხმაში.
_ გავიგე, მაგრამ ცოლი ელოდება საქართველოში, აიღებს თუ არა ფულს თბილისში უნდა წაიყვანოს ბავშვი, თვითონ ეს, აქსარაიში უნდა წავიდეს ფულის გასაგზავნად, ამიტომ ცოტა დროში ვართ გაჭედილები.
_ დამელოდოს ერთი საათი, თქვენ კი ამასობაში სამნი აქ დარჩით, ოთხმა კი გუშინ დაწყებულ ეზოს მიხედეთ.
მე დარჩენა მომიწია, ალბათ იმის გამო, რის გამოც გუშინ ურიკიდან ნიჩაბზე გადამიყვანეს.
აქ უფრო ადვილი იყო საქმის კეთება, თავზე არავინ მადგა და ნერვებიც ნაკლებად მღალატობდა, თანამემამულეებთან ერთად მუშაობასა და საუბარში.
ერთი საათი იყო გასული, როცა პირველად გადავურეკეთ ემრეს.
_ მალე მოვალო მითხრა _ გვითარგმნა და გავაგრძელეთ მუშაობა.
მეორედ თორმეტი საათი იქნებოდა, დაღლილ ხელებს ხეზე ვუხახუნებდი, რომ მის სინესტეს ჩემი მარცხენა ხელზე გამოსული ბებეროსთვის ემკურნალა.
_ საჭმელთან ერთად მოვიტანო _ უპასუხა ამჯერად და ჩვენც ეგრე გვითარგმნა თანამშრომელმა.
არც საჭმელთან ერთად მოუტანია, მხოლოდ ის მოხდა, რომ შვიდი ულუფა მოვიდა რვის ნაცვლად.
_ ეს რა იკადრა ამ დედა მოტყნულმა _ ნერვებმა ამომასხა კისერში, რადგან მერვეს, იმას ვისაც ამდენ ხანს ალოდინებდა ფულისთვის, საჭმელი არ მოუტანა.
_ აბა რას ელოდი ამ უჯიშოსგან ? _ მიპასუხა შედარებით უფროსმა და თავისი პური შუაზე გატეხა.
_ არ მინდა არა, მართლა არ მშია _ უპასუხა გამოუცვლელმა.
ამასობაში ჩაი მოგვართვა იმ კორპუსში მცხოვრებმა, მერე იქვე მოფუსფუსე ემრეს გახედა და შინ შევიდა, ეტყობოდა ემრესთვისაც უნდოდა მიერთმია ჩაი.
_ ეს ახლა რტყმევაში უნდა მოკლა _ ვერ ვიკავებდი ემოციებს.
_ მოუწევს, თუ ფულს არ მოჯვამს _ იყო პასუხი.
ჩვენი წეღანდელი მასპინძელი ისევ გამოვიდა, ამჯერად ემრეს მიართვა ჩაი და ჩვენგან მოშორებით საუბარიც გაუბა.
_ როგორ ვკითხო თურქულად მაძლევ თუ არა ფულსთქო _ ღრენა დაიწყო უკვე გამოუცვლელმა.
თურქულის მცოდნემ ასწავლა და ესეც ნერვიულად დაიძრა უსტასკენ.
რამდენიმე წამიანი დიალოგის შემდეგ, ემრემ თურქულის მცოდნე იხმო, რაღაც უთხრა და წავიდა.
_ რა უნდოდა _ ვკითხეთ ინტერესით.
_ ფულის მოსატანად წავიდა, მაგრამ გაბრაზებულია, შენზე _ შეუტრიალდა გამოუცვლელს.
_ მისი ბრაზი აგერ მახატია _ გაეცინა მას. _ მაინც რაო, რა უნდა?
_ არ ვარ მე იმის ღირსი, სხვასთან საუბრის დროს ფული მომთხოვოსო, ახლა მოვუტან და ორშაბათიდან აღარ გამოვიდესო, შენზე თქვა, და შენზეც _ ჩემკენ მოტრიალდა ამჯერად.
დავიბენი, სადღაც გამიხარდა კიდეც ამ ვირული შრომის მიგდება, მაგრამ აქ რომ საოფისე სამსახურისთვის არ ვიყავი ჩამოსული ეგ გათვითცნობიერებული მქონდა, ასე რომ გულისწყვეტა უფრო დამეტყო სახეზე.
_ რა ვქნა ბიჭებო, მე ასე პირდაპირ მის წინააღმდეგ ვერ წავალ _ უხერხულად განაგრძო საუბარი. _ მე მასთან ისევ ქართველებს ვასაქმებ, ხელიდან თუ გავუშვებ ყველა უმუშევარი დავრჩებით.
_ დავრჩებით და დავრჩეთ _ ჩაერია ერთ-ერთი. _ ჩვენ ქართველები ვართ და ჩვენთვის თავმოყვარეობა ყველაზე მაღლა დგას.
_ მოიცადეთ, რეებს ამბობთ _ აყვა სხვაც. ორშაბათს ჩვეულებრივად მოვალთ ყველა, ყოველგვარი მასთან საუბრის გარეშე, ან თვითონ მას დაავიწყდება, ან ჩვენ ვეტყვით რამეს, ხელი ტკიოდა, ფეხი ტკიოდა, ახლა მოურჩა, გაღიზიანებული იყო... მოკლედ როგორც ხდება ხოლმე.
_ ეგრე ჯობია _ დაეთანხმა სხვა.
_ ეგრე ვქნათ _ დაადასტურა თურქულის მცოდნემაც.
ბიჭებს გადავხედე, ისე ამაღლდნენ ჩემს თვალში. ყველას ვიღაც ელოდა შინ, ვიღაც, ვინც მისგან საარსებოს ელოდა, და ყველა აყენებდა ვიღაცას უკანა საფეხურზე, წინ კი ის ადამიანური ღირსება გამოჰყავდათ, რომელიც ზოგს მყინვარწვერმა, ზოგს ლამარიამ, გორის ციხემ, ბაგრატის ნანგრევებმა თუ ვინ იცის კიდე რამდენმა ასეთმა ადგილმა ჩაუთესა გულში.
450 ლირა მოიტანა ემრემ. გამოუცვლელი აქსარაისკენ წავიდა, ჩვენ კი, დაღლილი მკლავების კიდე უფრო დაღლა გავაგრძელეთ, ამჯერად ზუსტად ხუთ საათამდე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები