ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: პაპუნა_გიორგაძე
ჟანრი: პროზა
10 ივლისი, 2019


ქსენოფობის აზანი (ნაწილი 3) ... (ნაწილი 2) (დაბრუნება)

ნაწილი 3

უკვე ერთი თვეა თურქეთში ვარ, ყოველდღე ველი ზარს, რომ სადმე ორი-სამი დღის საქმე გამოჩნდება, ასევე ველი ყოფილი თანამშრომლებიდან შეხმიანებას, რომლებიც მეტყვიან \\\"ემრე ვიპოვე\\\" ან \\\"ემრემ ფული მოჯვა\\\"
არავინ რეკავს...
იშვიათად არის ხოლმე საქმე, სადაც იმდენს ვშოულობ რომ თავი გავიტანო, რამდენიმე დღის წინ ქორწილის სუფრის ალაგება მომიწია, და თეფშებისა და ჭიქების ა დან ბ პუნქტში წაღება. მთელი ღამე ვმუშაობდი, ძნელი, მძიმე და სუნიანი საქმე იყო, თუმცა ასი ლირა მომცეს.
შიმშილის დროს თავს ვატყუებ რომ 360 ლირა მერგება ემრესგან, და ავიღებ. ბიჭებს ორიათასამდე აქვთ დაგროვებული, ვინ შეარჩენსთქო, თავს ვეკითხები, მაგრამ რად გინდა.
ბიძამ დამირეკა საქართველოდან.
ძნელიაო მითხრა. მეც ვიყავი თურქეთშიო, ბაზრის დახლების ალაგებას ველოდებოდი რომ დახლზე დამეძინა და მთლიანად არ გავყინულიყავიო, ნუ წუწუნებო, სახლი მაინც ხომ გაქვს და გამოჩნდება რამეო.
არ იდარდო ჩემზეთქო, ვუპასუხე, დედას ვუტირებ, ყველაფერს შევძლებთქო.
სენტიმენტები მომეძალა, გამიხარდა ვიღაციდან მაინც რომ მივიღე გამხნევება, მშვიდად დავიძინე იმ ღამეს ჩემს დივანზე.
ბიძაჩემმა კი მის საწოლში დაიძინა ალბათ.
ან არც დაუძინია შეიძლება, მითხრეს რომ მთელი ღამე სუნთქვა უჭირდა.
დილით მეგობარმა დამირეკა, ბიძაშენი მოკვდაო, ბიძაშენიო, როგორ დამემალაო, ვიცი მანდ ძნელია ასეთი ამბის გაგება მაგრამ რა მექნაო.
არ იყო იმაზე ძნელი, ვიდრე საქართელოში, აქ უფრო ხმამაღლა შევძელი ღრიალიც, უფრო თამამად ვიტირე კიდეც, და ეს იყო ბოლო წვეთი, რამაც იმდენად საშიში გამხადა, რამდენადაც არასდროს მეგონა გავხდებოდი.
ჯანდაბა, იქნებ ამ დამპალ მიწიანი ქვეყნის ბრალია, რომ ასე ახალგაზრდა მოკვდა ბიძაჩემი, იქნებ აქ, ამ დახლებზე წოლისას გაუჩნდა ფილტვებში რაღაც, რაც ასე მძაფრად დაუბრუნდა ახლა.
საღამო იყო, როცა საქართველოდან ჩამოტანილი ბლოკნოტი გადავშალე, და წერა დავიწყე : ორჰან, შენი დედაც, და შენი სტამბოლის დედაც ორჰან.
სულ ეს იყო, ვეღარ გავაგრძელე. გარეთ გამოვედი და მინიბუსში ჩავჯექი, იქნებ სარიერში სეირნობას გამოვეყვანე.
აზანი დაიწყო ხოჯამ.
გავჩერდი და მაღლა ავიხედე, თითქოს ციდან წამოსულიყო ეს ხმები.
არა, ამ ხმის გამო არ ამიხედავს, ჩემს ღმერთს ვეძებდი, მიუხედავად იმისა რომ ვიცოდი, შეუძლებელი იყო პოვნა.
\\\" მამაო ჩვენო,
რომელი ხაააააარ ცათა შინა,
წმინდა იყავ სახელი შენიიიი\\\"
აზანის ფონზე დავიწყე გალობა და ვცადე ყველა და ყველაფერი გამემწარებინა ამით.
ვინ გაიგებდა ქართულ სიტყვებს?! ყველა სადღაც გარბოდა, ჩქარობდა, ყველა იმისთვის იბრძოდა რომ ფული ეშოვნათ, ან ნაშოვნი შეენახათ, ან რამე ჯანდაბა ექნათ, ზუსტად არ ვიცი.
სარიერ-მარკეტში შევედი. დახლების თვალიერება დავიწყე. ყავის დახლებთან ვიყავი როცა ზიზღის მძლავრი შემოტევა ვიგრძენი.
არასდროს მიყვარდა ყავა, სულ 3-4ჯერ მქონდა აქამდე დალეული. არც ახლა მომდომებია, უბრალოდ მომინდა რომ რამე დამეშავებინა.
ხოდა მოვიპარე, რამოდენიმე პაკეტი ყავა მოვიპარე და ბედნიერი გამოვედი იქედან. სრუტეს პირას წავედი რომ ფიქრი გამეგრძელებინა.
_ ხვალ 120 ლირიანი საქმეა, დილის რვა საათზე მარკეტთან იყავი _ დამირეკეს და ცოტა გავთამამდი, რადგან უკანასკნელი ოცდათორმეტი ლირა მქონდა, და ყოველდღე შეიძლებოდა დაწყებულიყო ჩემი უპროტესტო შიმშილი.
_ ხვალ თუ 120 ლირას ავიღებ, დღეს შემიძლია გავრისკო _ ვუთხარი ჩემს თავს და იქვე, ახლოს მყოფ ტოტალიზატორისკენ მივაშურე.
იქ პირველ ვიზიტზე დავასკვენი, რომ თუ არსებობს სადმე ყველაზე ცუდი ტოტალიზატორი, დაბალი კოეფიციენტებითა და მოგების უმცირესი შანსებით, ეს IDDA.BET არის. ანალოგიური ბილეთით საქართველოში ორჯერ მეტს მაინც მოიგებ, თუმცა აქ ეს ერთადერთია, და პროტესტიც ნაკლებადაა მის მიმართ.
ხმაური გამოდიოდა იქედან.
_ ოო, გურჯუ, გურჯუ, მერაბა... _ მომესალმა ადგილობრივი შესვლისთანავე. ჩემი რამდენიმე ვიზიტით დასამახსოვრებელი ფიგურა გავხდი მათთვის.
დავჯექი, ფიქრი დავიწყე და ოც ლირიანი ბილეთი შევადგინე, ოთხი გუნდი, სავარაუდო მოგება 96 ლირა.
_ გურჯუ _ მხარზე დამადო ხელი გასვლისას ვიღაცამ. გამეღიმა, ნეტა რამე ცუდი მითხრას, _ გავიფიქრე გულში, ხელი მაგრად მოვმუჭე და შევტრიალდი.
ბილეთი მომაწოდა, დამტვრეულზე დამტვრეული ინგლისურით მითხრა, რომ ზეგ საფეხბურთო კლუბ სარიერის თამაში იყო, და მე დაპატიჟებული ვიყავი ულტრასი ფანკლუბის მიერ.
_ საოლ _ ვუთხარი მას, _ თეშექულულულუ _ მადლობის მეორენაირი, უფრო ზრდილობიანი ფორმის დაყოლება ვცადე, თუმცა ზუსტად ვერაფრით გავიხსენე ასოები, მაინც მიხვდა რაც ვუთხარი.
_ გურუშურუს გურჯუ _ დამემშვიდობა.
როცა წამოვედი, მეჩეთთან გამოვლისას გავჩერდი, მისკენ შევტრიალდი, პირჯვარი გადავიწერე და მხოლოდ ამის შემდეგ გადავედი მინიბუსის გაჩერებაზე.
გაბოროტების შემდეგ მინიბუსით მგზავრობისას ფულს არ ვიხდიდი, მეტიც, იქეთ ვშოულობდი ცოტას. ტრანსპორტით მგზავრობისას თურქები წინ მდგომს აწოდებენ ხურდებს, რომ მან მძღოლს მისცეს, დავამუღამე თუ არა ეს პროცესი, სულ წინ ვდგებოდი, და ცოტა ფულს ვაკეთებდი ყველა მგზავრობისას.
ამჯერად თორმეტი ლირით ჩამოვედი იუნუს ემბრეს ჩაბნელებულ ქუჩაზე. ჩემ დივანზე მივწექი და ლაივ-სტრიმზე ანგარიშებისთვის თვალის დევნებაში ჩავიძინე.
უთენია ავდექი, ნისლიანი მთების ფონზე გავიზმორე, ტრადიციული კურთხევით შევამკე დისკზე ჩაწერილი მოლას აზანი, და მარკეტთან დაველოდე ჩემს საქმეს.
წამიყვანეს, რაღაც ისეთ ვილაში მიმიყვანეს, სადაც მინიმუმ ბილ გეითსის რეზიდენცია შეიძლებოდა ყოფილიყო. უკანა ეზოში გადამიშვეს და ბარი მომცეს.
_ სამი მეტრის სიღრმის და ოთხი მეტრი სიგანის ორმო უნდა გათხარო _ მითარგმნეს უსტას დავალება, და მეც დავიწყე თხრა.
რამდენიმე წუთში ვიღაც ჩინგიზ ყაენი წამომადგა თავზე, დასვრილი ტანსაცმლითა და ბარით.
_ გამარჟობა ბიჩო _ მითხრა და ოქროს კბილით მომჭრა თვალი.
_ გაგიმარჯოს _ ვუპასუხე და მის ქართულზე ღიმილის შეკავება ამაოდ ვცადე.
როგორც გაირკვა, ჩემი პარტნიორი იყო, და ჩემდა ბედად ორ კაცს უნდა გვემუშავა.
დამასვენა, რუსულად მითხრა, რომ რიგრიგობით გვემუშავა, რომ ცოტ-ცოტას ორივე დავისვენებდით ხოლმე, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ერთდროულად, თორემ უსტები გაგვიბრაზდებოდნენ.
_ ეგრე იყოს _ ვუპასუხე მე და ყურება დავუწყე, თუ როგორ თხრიდა მიწას.
_ რა გქვია? _ ვკითხე მერე, მაგრამ ვერ გაიგო, ამდენი ქართულიც არ იცოდა, მერე რუსულად ვკითხე.
_ ფახარ_ მიპასუხა გაჯგიმულმა, თითქოს მართლა თემუჩინი ყოფილიყო.
_ მაგარი სახელია _ ვუთხარი და სიგარეტს მოვუკიდე.
_ მე ქურდი ვარ ბიჩო _ მითხრა უცებ.
_ ქურთი? _ გავიკვირვე მე, რადგან აშკარა მონღოლოიდი იყო, აი ისეთი, მათზე გადაღებულ ნებისმიერ საომარ ფილმს რომ დახატავდა.
_ არა ბიჩო, ქურდი, ქურდი, \\\"ვორ ზაკონი ბლიად\\\" _ განმიმარტა რუსულად. _ ციხეში არის მეგრელიები ჩემთან ერთად.
_ საქართველოში ხო არ მაკლდით მსგავსი მენტალიტეტის \\\"პაძელნიკები\\\" _  გამეცინა მის ნათქვამზე.
_ Да да мы работники, _ მიპასუხა მან და თავზე წამომდგარ რამდენიმე თურქს ახედა, _ ა ანი, ვსე პიდარასტი _ მითხრა მათზე და გაიცინა.
_ აუ ფახარ _ შევცბი უცებ _ პიდარასტი ყველა ენაზე ისე ჟღერს როგორც რუსულად.
_ მერე რა? შენ გგონია ვერიდები ამათ პირში გინებას? გინდა თურქულად ვაგინო?
_ აგინე ამათი დედაც მოვტყან _ გამეცინა ისევ და რომ დავფიქრდი, იმაზე უფრო მეცინებოდა, მონღოლთან ერთად, რუსულ ენაზე თურქებს რომ ვაგინებდი, სად მოიყარა ამდენმა ოკუპანტმა ერთად თავითქო - გავიფიქრე, მაგრამ ფახარი, მართლა კარგი ვინმე აღმოჩნდა, მშრომელი, მხიარული და ყველა თურქზე უფრო განათლებული, საიმისოდ მაინც რომ სასაუბრო ენა გეპოვნა მასთან.
შუადღეზე კოფთე მოგვართვეს. კოფთე, კოფთეო, მოგვაძახეს შორიდან და ჩვენც ხელები დავიბანეთ, მაგიდას შემოვუსხედით და სწორედ მაშინ შეიცხადა ფახარმა, როცა თეფშს ჩახედა, შიგ ხორცის ბურთების ნაცვლად პურის ცომი იყო.
_ მე ამას არ შევჭამ _ ვთქვი და მთელი საჭმელი იქვე მყოფ ძაღლს დავუსხი.
ფახარმა მოასრიალა თეფში, სიგარეტს მოუკიდა, გამომხედა,
_ როცა 17 წელი იცხოვრებ თურქეთში, ასეთ კოფთეს კი არა, ყველაფერს შეჭამ რაც არ მოგკლავს _ მითხრა რუსულად.
_ 17 წელი არ ვაპირებ აქ დარჩენას, _ ვუთხარი და ნისლიან მთებს გავხედე, ამ მთებს გავყევი, გადავცდი, კიდე გადავცდი, კიდე, კიდე და როცა სარფის სიცოცხლის ფერ სიმწვანემდე მივედი, მაშინ დამაბრუნეს უკან.
ისევ ბარი, დამპალი მიწა და ვერ გათურქებული მონღოლი _ ფახარი.
ოთხი საათი ხდებოდა, როცა ვიგრძენი რომ საქმეს რამდენიმე წუთში მოვრჩებოდი,
_ რას აკეთებ _ გამიწყრა პარტნიორი _ რომ დაინახონ რომ მოვრჩით სხვა რამეს გაგვაკეთებინებენ, ნელა იმუშავე _ მირჩია და მეც ვენდე მის გამოცდილებას.
ოთხზე აზანი გაისმა, ბოლო ერთი საათი ზანტმა მუშაობამ გაწელა, მაგრამ ისე იყო თუ ასე მოვიდა 5 საათი, და გამოვიცვალეთ კიდეც.
თითქმის ყველა წასული იყო ამ დროს, სახლის სხვადასხვა კუთხეში მომუშავე იაბანჯებიცა და ისინიც, ვინც მათ საყურებლად იყვნენ დაპატიჟებულნი.
მხოლოდ სამი უსტა ისხდა სახლის ავტოფარეხში და ჩვენს წასვლას, ან რამე მსგავსს ელოდნენ.
ფულზე ჰკითხა ფახარმა.
უსტას პასუხიდან მხოლოდ ერთი სიტყვა _ ფაზართეს _ ვიცანი, ორშაბათს ნიშნავდა, წამსვე მომიკვდა იმედი, ახლა ორშაბათამდე მიწევდა ლოდინი, მაგრამ ფახარის ხმამაღალმა თურქულმა მოკლული იმედი წამიერად დააბრუნა, მერე სხვებიც ახმაურდნენ და მეც ჩავთვალე რომ ავტოფარეხში შესვლა იყო საჭირო.
არა, არ უხდებოდა სადა შავი ქუდი და ძველი, ყავისფერი ქურთუკი ფახარს, დიდი, ბეწვიანი ნაცრისფერი რამ უნდა ცმოდა, ზურგზე მშვილდისრითა და წელზე ხმლით. ალბათ ეს იყო მიზეზი იმისა, რომ ორ უსტას წაექციათ მაგიდასთან.
მოშორებით, ტელევიზორის ქვეშ ერთი უსტა ეგდო, ნათელი იყო რომ ერთის დაგდება მოესწრო მონღოლს.
წამებში ვეცი ერთ-ერთ თურქს და ქართული მოგვერდოთი ძირს დავანარცხე. როცა მოვტრიალდი ფახარი წამომდგარიყო და მეორე თურქს უბაგუნებდა. ამის შემხედვარე ისევ ჩემსას მივუბრუნდი, და მთელი ის ბოღმა ამოვანთხიე, რაც საზღვარზე გადმოსვლის დღიდან მჭამდა. ბოლოს ისე მოხდა რომ თავად ფახარმა გამომაცილა.
_ წამოდი, წამოდი, ჯიბიდან ჩვენთვის გადადებული 240 ლირა ამოვაცალე, გეყოფა, არ შემოგვაკვდეს. _ ყვიროდა განწირულად, მე კი, თითქოს ტაო-კლარჯეთისთვის ვომობდი, გაჩერების არანაირი სურვილი არ მქონდა.
იღლიებში ამომდო ხელები, უკან გამათრია, ამ დროს მოვედი აზრზე, ერთი ზიზღიანი შეფურთხებაც მოვასწარი ცხვირგასისხლული უსტასათვის, და ფახარს გავყევი.
_ გავიქცეთ _ მითხრა და წინ გაიჭრა. _ არა, დახატავდა ამ სიტუაციას ბეწვიანი, ნაცისფერი ზედა და მშვილდისარი _ გავიფიქრე ისევ, _ მე კი ჯვრებიანი მოვის პერანგი უნდა მცმოდა, ზედ უმკლაო ცხვრის ტყავითა და იმ ჯვრებიანი ქუდით, ავტოსტოპისას რომ ვიხურავდი საქართველოში.

* * *
სარიერის საფეხბურთო მატჩი 0-0 დასრულდა. მიუხედავად იმისა, რომ ოთხმოცდაათი წუთი არ გაჩერებულან ფანები, მღეროდნენ, ყვიროდნენ, ყველაფრით უწყობდნენ ხელს გუნდს, გოლის გატანასთან ახლოსაც კი არ მისულან, და დასრულდა თუ არა მატჩი, მაინც ტაშის კვრით გააცილეს საყვარელი მოთამაშეები.
გარეთ გამოსულმა სარიერში სეირნობა დავიწყე, ჯერ მარკეტში შევედი, ისევ მოვიპარე ყავა, ამჯერად ცოტათი მეტი, მერე ისევ სრუტესთან დავჯექი, ფიქრი ვცადე თუმცა არ გამომივიდა, აზანის ხმამ ამირია ფიქრები, ჯამეს გავხედე, ცოტაც და ცას გახევდა იმხელაზე იყო აზიდული, მერე ხალხის მზერას დავაკვირდი, შეუძლებელი იყო მათი მიზნის ამოცნობა, ამაყად ეჭირათ თავი, თურქობით გაბღენძილნი დადიოდნენ, და ეძებდნენ რამეს, რაც უფრო მეტ ფულს აშოვნინებდათ, იმაზე მეტს, ვიდრე სახლში, სეიფში ჰქონდათ შენახული, იმაზე მეტს, ვიდრე ერთი ან ათი ადამიანის სიცოცხლეში არ თუ ვერ იხარჯება, მაგრამ რაში ჭირდებოდათ ეს მხოლოდ მათმა ალაჰმა უწყოდა, ანუ არავინ.
_ ჯანდაბა _ ჩავილაპარაკე უცებ _ რა სიამოვნებით ავძვრებოდი ახლა თქვენს ჯამეზე, რომ ხმამაღლა მეთქვა თქვენთვის... _  წამიერად მომაპყრეს ყურადღება გამვლელებმა, მათთვის უცხო და გაუგებარ ენაზე მოლაპარაკეს. ალბათ გიჟადაც მომნათლეს წარმოდგენაში.  _ ჰო, შეიძლება მე ვცდები _ ჟესტებით პერფორმირება გავაგრძელე _ ვცდები როგორც ქრისტიანი და როცა მოვკვდები სასუფეველში იქნებ სულაც არ დამხვდეს ქრისტე, იქნებ ბუდა დამხვდეს, ან სულაც კრიშნა, მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცი, თქვენი ალაჰი იქ არ იქნება.
რაღაც უზომო ნაღველი ამოვანთხიე ამ სიტყვებით, ცოტა მომეშვა, ხალხმა გზა განაგრძო, მხოლოდ რამდენიმე მეტრის იქეთ იცინოდა ვიღაც, ორმოცდაათ წლამდე კაცი და მზერას არ მაცილებდა.
_ საიდან ხარ ბიჭო _ მომაძახა ბოლოს იმ ენაზე, რომლის მოსმენაც იმაზე უფრო მენატრებოდა, ვიდრე გაცინებული დედაჩემი. _ იცი, _ დაიწყო საუბარი როცა მივედი და ხელი ჩამოვართვი. _ ერთხელ ბიჭები ჯამეს არემონტებდნენ, ოთხი საათი ხდებოდა, და ერთ-ერთმა მალალიკას დისკი შალახოს დისკით შეცვალა. მთელს უბანში შალახო ისმოდა, ქართული ცეკვის ხმა, წარმოგიდგენია?!
_ ვიცი, _ ვუპასუხე მე, რადგან ეს ამბავი სტამბოლში მცხოვრებმა ყველა ქართველმა იცოდა.
ისევ ამემღვრა გული, ისევ, ამ უსიცოცხლო სახეების ყურებით. გადავწყვიტე სარიერს გავცდენოდი, ტაქსიმისკენ წავედი, ცოტა ხანს იქ ვიარე, მერე აია სოფიასკენ დავიძარი. ტელეფონი ამოვიღე, დავდე და ვიდეოს გადაღება დავიწყე.
ლექსს ვყვებოდი, ლექსს რომელიც საქართველოში დავწერე.

თუ ვცოდავ,
ანუ დამალობანას ვეთამაშები ღმერთს და ღმერთი მეძებს,
მე ვიმალები ღმერთისთვის უხილავი ქვის უკან,
და ხშირად ვეძახი მინიშნებას:
ჰეი,
ქრისტე აქ ვარ,
ქრისტე აქ ვარ,
ქრისტე აქბარ,
ქრისტე აქბარ!
ქრისტე აქ, ბარ-ბარ,
ქრისტე აქ, ბარ-ბარ
მეძებე.
ბარ-ბარ მეძებე, ბარ-ბარ
სადაც ქვებია, ლოდებია აქ უხილავი,
სადაც დედები თმიან შვილებს თმას უხილავენ,
სადაც იშოვა მან მონა და ამონა მან,
სადაც გაჭრილი თითის სისხლი გამოიწოვა,
სადაც ისმოდა კალი დურგე ნამონა მან,
სადაც ვერ ნახავ ვერც ნაძვნარს და ვეღარც წიწვოვანს.
მეძებე სადაც შიმშილია, შიმშილში მნახე,
წლები გასულა სხვა პოვნიდან, წლები გასულა,
ქრისტე, დამშვიდდი თუ დაგიგე ძებნისას მახე
ქრისტე, ილალა, ლა ილალა, ქრისტე რასსულლაჰ!
შენ ისმენ ლოცვას, შენ ჩემს ლოცვას როგორც ცხოველი
თანაც მშიერი თოვლში ნაპონს მიირთმევს უმ
ხორცს და ამბობ შენი ნება არის ყოველი,
მე გიდასტურებ ქრისტე, მანი ქრისტე, პადმე ჰუმ.
და ბოდიშს ვიხდი არ ვიყავი ასეთი წინად,
მუდამ ვტოვებდი რომ გეპოვნე იმ გზების რუკას,
მაგრამ ისევ ხარ რომ გიყურებ მანდ ცათა შინა
და ვერ მიპოვნი ვერასოდეს ლოდების უკან!

მოვრჩი თუ არა წავშალე. არასდროს მომწონდა ჩემი ნაწარმოებების ინტერნეტ სივრცეში ატვირთვა.
მეტროთი დავბრუნდი უკან, ჰაჯი ოსმანამდე. მინიბუსში ავედი, რამდენიმე ლირა ვიშოვე, შინ მისულმა კი ისევ გადავშალე რვეული, და შიგ ჩაწერილი ფრაზა ხმამაღლა წავიკითხე:
\\\"ორჰან, შენი დედაც, და შენი სტამბოლის დედაც ორჰან\\\"

ნაწილი 2

ფიქრითა და ანგარიშით ღამენათევი ემრე ტრადიციულად ჩაუყვა აჯალარის დაღმართს, ვერაფრით ინელებდა იმ ფაქტს, რომ 450 ლირა გასცა შაბათ დღეს. ამ ფაქტით ნერვებმოშლილი შევიტა სიტეში, გუვერნიკებს მიესალმა და მისი იაბანჯებისკენ გაემართა.
გამოუცვლელები დახვდნენ, ელდა ეცა ამის შემხედვარეს, თვალებს არ დაუჯერა, მათი უმადურობა იმდენად ეამაზრზენა, რომ წამში გაფიქრებული იდეა დაიტოვა გონებაში, ძალა მოიკრიბა სამსახიობო ნიჭის გამოსავლენად და გვერდით მიუჯდა ბიჭებს.
_ რაშია საქმე? _ იკითხა მშვიდად.
_ იმაშია, რომ გვატყუებ ემრე _ უპასუხა ერთმა _ ჩვენ აქ შრომით ვკვდებით, შენ კი არ გინდა ანგარიში გაგვისწორო, ყოველდღე დროს გვიწევ და გვიწელავ, ასე არ ხდება და არც გაგრძელდება, გაგვისწორე ანგარიში, თორემ მანამდე არ გამოვიცვლით.
_ კარგი, ეგრე იყოს _ უპასუხა და დროებით გაეცალა, თვალს მიეფარა, იქ ცოტა ხანს დაჰყო, მერე თურქულის მცოდნეს დაურეკა და თავისთან იხმო.
_ გისმენ აბი _ ეახლა იაბანჯი.
_ უთხარი მათ, რომ ამ დღეებში გავუსწორებ ანგარიშს,  ახლა კი წავიდნენ აქედან, აღარ მინდა მათი უმადურობის კიდე ერთხელ დანახვა.
_ კი ვეტყვი აბი, მაგრამ კონკრეტულ თარიღს მოგთხოვენ და რა ვუპასუხო?
_ უპასუხე რომ გავაგებინებ, ჩემზე ხომ არ არის დამოკიდებული? საქმე თუ არ დამთავრდა ფულს ვინ მომცემს?
_ კი მაგრამ თუ ყველას გაუშვებ საქმეს ვინ დაამთავრებს?
_ შენ დარჩი, და ახლები მომიძებნე.
_ ეგრე როგორ გამოვა კანკი, ყველას თუ გაუშვებ მე როგორ დავრჩე? არასწორი იქნება ჩვენი მენტალიტეტისთვის ეს საქციელი.
_ ის სწორი იქნება რომ დარჩე და ვერცერთმა ფული ვერ აიღოს? აუხსენი ამ სიტყვებით, რომ ვუშვებ, შენ რჩები, საქმეც მორჩება და თავის წილს მიიღებენ.
მიიტანა ეს სიტყვები თურქულის მცოდნემ დანარჩენებთან.
_ ხოდა წავიდეთ, _ თქვეს შეთანხმებულად, _ მაგრამ უთხარი, რომ ცოცხლად დამარხვას ვერ გადარჩება თუ დიდ ხანს დააგვიანებს ფულს.
_ ვეტყვი _ თქვა თურქულის მცოდნემ, თანამშრომლები შუა გზამდე გააცილა, თვითონ მობრუნდა და ახალი ბრიგადის შეკვრას შეუდგა, ტელეფონის საშუალებით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები