ნაწარმოებები



ავტორი: ნუნუ ნონა
ჟანრი: პროზა
5 ივლისი, 2019


ხელიდან ხელში

    ვერ გაარკვევდი, ტილოზე რაიმე ეხატა, თუ არა. ვიღაც ღიპიან, ასე შუახანს მიტანებულ კაცს წაღმა მხრით გვერდზე მჭიდროდ აეკრა იგი და ისე მიჰქონდა. თუ კარგად დაუკვირდებოდი, რაღაც გაურკვეველ ლაქებს შეამჩნევდი ხის ჩარჩოს გასწვრივ, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავდა, რომ მასზე რაიმე ეხატა. ლაქები შუქჩრდილთა თამაშიც შეიძლებოდა ყოფილიყო.
  ზომით ტილო საკმაოდ მოზრდილი გახლდათ. ასეთი ზომის სურათით ქალაქის ყველაზე ხალხმრავალ ქუჩაში სიარული, თანაც „პიკის“ საათში, სულაც არაა ადვილი საქმე. ყოველ წამს ვიღაცა გეჯახება, ვიღაცა ხელს ან იდაყვს გკრავს და უკანმოუხედავად გარბის, არც ბოდიშის მოსახდელად სცალია ვინმეს, არც მის მოსასმენად. ღიპიანი კაცი მკვიდრი ქალაქელისთვის დამახასიათებელი მოხერხებულობით იკვლევდა გზას ხალხის დუნდგოში თავის სურათიანად. შუა ტროტუარზე მიაბიჯებდა საკმაოდ სწრაფად, ისე რომ არც თვითონ დაჯახებია ვინმეს, სხვის იდაყვებსაც და მუშტებსაც დროულად უხვდებოდა, როგორც საჭირო იყო.
    ცოტა ხანში ღიპიანმა ენერგიულად აამუშავა თავისუფალი ხელი,    ხალხის ნაკადი გაარღვია და ტროტუარის კიდისკენ გადაინაცვლა. აქ ნაბიჯი შეანელა, რამდენიმე წამით ტროტუარის და ქუჩის ზღვარზე მიაბიჯებდა, თან ქუჩაში უწყვეტად მიმქროლავი მანქანების ნიაღვარს აკვირდებოდა. ქუჩის მეორე მხარეს მეტროს სადგური მოჩანდა, ღიპიანს აშკარად მისკენ ეჭირა თვალი. გადასასვლელი აქედან ცოტათი მოშორებით იყო.
    მოულოდნელად ღიპიანმა თავი დაღუნა და თითქოს შეტევაზე გადადისო, ქუჩის გადაკვეთა დაიწყო. სურათინ ახლაც გვერდზე მჭიდროდ აკრული მიჰქონდა. ფარივით ჩაებღუჯა სწორედ იმ მხარეს, საიდანაც მისკენ ბრაზით აღმუვლებული მანქანები და მათი დაბღვერილი მძღოლები მოჰქროდნენ. ღიპიანმა მშვიდობიანად გადაურბინა მათ წინ და შუა ქუჩაში გავლებულ თეთრ ხაზამდე მიაღწია. აქ ერთი წამით შეყოვნდა, გაატარა წარწერებით აჭრელებული ავტობუსი და სანამ ქუჩის მორე ნახევრის გადაკვეთას შეუდგებოდა, სურათი მეორე ხელში გადაიტანა, სწორედ იმ მხარეს, საიდანაც მანქანების მეორე, შემხვედრი ნაკადი მოედინებოდა მისკენ. ამ დროს წამით გაიელვა რაღაც მონახაზმა. აშკარად რაღაც ეხატა ტილოზე. მაგრამ რა, ეს ახლაც გაურკვეველი დარჩა, ისე სწრაფად გადაანაცვლა ღიპიანმა იგი. თან ისევ წაღმა მხრით მიიკრა გულზე.
    ქუჩის  მეორე მხარეს გადასულმა ღიპიანმა ისე  ჩაყვინთა  მეტროში შემავალი ხალხის ნაკადში,როგორც მოცურავე შეერევა  მდინარის ტალღებს.  რამდენიმე წამს გაითქვიფა მასში , აღარ ჩანდა. მერე ისევ  გამოჩნდა,  მეტროს შესასვლელთან გამოეყო  ხალხის ნაკადს და გვერდზე მიდგა,  შენობის კედლის გარე კუთხეში.
    აქ შედარებით მყუდროება სუფევდა. იქვე სანაგვე ურნა დაედგათ.  ურნა პირთამდე სავსე იყო ნაგვით, როგორც საერთოდ ხდება ხოლმე საღამოს საათებში.  ნაგავი ურნის ირგვლივაც მრავლად ეყარა, პაპიროსის ნამწვავებიო, ჭუჭყიანი ქაღალდებიო...საზიზღარ ჭუჭყიან ლაქებს აეჭრელებინა იქაურობა.
    ღიპიანმა, ბოლოს და ბოლოს, მოიცილა გვერდზე ნჭიდროდ აკრული  ნახატი,  იქვე მიაყუდა კედელზე,  ნაგვით სავსე ურნის მახლობლად.  თვითონ ჯიბეების ჩხრეკას მოჰყვა...  ნათელი გახდა,  ღიპიანი  სულაც არ ცდილობდა, ნახატი უცხო თვალისგან დაემალა...მან  ნახატი  კედლისკენ უკუღმა მხრით მიაყუდა, ახლა უკვე შეიძლებოდა  მისი შეთვალიერება.
  ტილოზე  მაცხოვრის თავი იყო გამოსახული,  ეკლების გვირგვინით და შარავანდედით გარემოსილი.  უცნობ მხატვარს საღებავები არ დაეშურებინა;  ალისფრად ჭახჭახებდნენ  მაცხოვრის სახეზე ჩამომდინარე სისხლის წვეთები, კამკამა ლურჯი ფერისა გახლდათ მაღლა  აპყრობილი თვალები...
    თვით მაცხოვრის სახე  მუქი  მონაცრიფერო ტონებით იყო დაფარული,  რაც ალბათ  გაუსაძლისი ტანჯვა წამებისგან ფერის გაკრთომაზე მიანიშნებდა მნახველს. სამაგიეროდ შარავანდედს  კვერცხის გულისფრად გაუდიოდა ლაპლაპი.
    რაც შეეხება  ნახატის ფონს,  აქ ეტყობა საღებავები შემოაკლდა უცნობ მხატვარს,  ტილო ცარიელი დაეტოვებინა,  ვიდრე ჩარჩომდე.  სწორედ ამიტომაც გაძნელდა იმის გამოცნობა,  იყო თუ არა  ტილოზე რაიმე დახატული, როდესაც იგი ღიპიანს გვერდზე მჭიდროდ აკრული მიჰქონდა.
  თანაც ეს  ‘’დიდებული’’ ნახატი  გვერდულად იდო ჭუჭყიან ქვაფენილზე,  მაცხოვრის მაღლა აპყრობილი, კამკამა ლურჯი თვალები  ცისკენ კი არადა,  მეტროს შესასვლელში  უწყვეტად შემავალი ხალხის ნაკადისკენა იყო  მიმართული.
  ღიპიანმა მოიჩხრიკა ჯიბეები, პაპიროსი ამოიღო,  მოუკიდა და გააბოლა.  აღრიალებული მანქანებით გადატენილ ქუჩას გაუშტერა თვალი, ნახატისკენ ერთხელაც არ გაუხედავს.
    არც ვინმე სხვას  შეუწუხებია თავი მისი თვალიერებით,  ყველა სადღაც მიიჩქარის,  ერთმანეთს ხელს კრავენ,  რათა როგორმე გადაასწრონ...  ყველა ილანძღება, იგინება,  ბორძიკობს,  უკან რჩება, მერე ისევ  წინ მიიწევს...
  ღიპიანი ადგილს ტკეპნიდა და აბოლებდა, აშკარად არსად არ ეჩქარებოდა.
  მოსწია, უკანასკნელად გამოაბოლა,  ნამწვი  მოისროლა.  გვერდულად აყირავებული ნახატის წინ დაეცა  ჯერ  ისევ მბოლავი ნამწვი,  მაცხოვრის სახის წინ  ცისფერი კვამლი აიკლაკნა.
    სწორედ ამ დროს ხალხის დუნდგოს  ვიღაც კაცი გამოეყო.  იგი ყოყმანშერეული, ბორძიკა სიარულით  მიუახლოვდა ღიპიანს,  რაღაც ჰკითხა, თან ნახატისკენ გაიხედა.
    ღიპიანმა თავი დაუქნია.
    ბორძიკამ კიდევ ჰკითხა რაღაც.
    ღიპიანმა სამი თითი აიშვირა მაღლა.
    ბორძიკამ გაოცება გამოხატა და ორი თითი აიშვირა მაღლა.
    ღიპიანმა  თავი გაიქნია უარის ნიშნად და ნახატისკენ წაიწია.
    ბორძიკამ შეაჩერა, ხელების ქნევით რაღაცას უმტკიცებს გაცხარებით.
    ღიპიანი უგულისყუროდ უსმენს, აქა იქ თუ შეაწევს სიტყვას .
  ლაპარაკში გართულები  შიგადაშიგ იპურჭყებიან, მათი გადაპურჭყებულები ნახატის ახლომახლო ეცემა, თვით ნახატსაც ხვდება წინწკლები.
  არც სხვებისგან აკლია ეს’’ სიკეთე’’ გვერდულად აყირავებულ ნახატს. ამ ორის გარდა, კიდევ ორი კაცი  შეჩერდა ნაგვით სავსე ურნის მახლობლად სიგარეტის მოსაწევად. ლაპარაკობენ, აბოლებენ და იპურჭყებიან.  აქეთ, იქით,  შორიახლოს,  ნახატის წინ თუ გვერდით,  ყველგან იპურჭყებიან,  სადამდეც კი მიწვდებიან...
    ვიღაც გამვლელმა სწორედ აქ მოინდომა ჯიბეების გამოსუფთავება, ვინ იცის, რამდენი ხნის  მტვერი და ნამცეცები დააბერტყა    ნახატს.
    ბავშვმა ნამცხვარი მიირთვა,  ზეთით დალაქავებული ქაღალდი დაჭმუჭნა და ურნას ესროლა, მაგრამ აცდა და ნახატს მოხვდა.
  იმავე წუთში  სხვამ ნაყინის გასახვევი ქაღალდი გადმოაგდო  მისკენ... და  კიდევ ბევრი  სხვა რამეც,  რაც კი ჭუჭყიანია,  უსარგებლო და გადასაგდები,  ყველაფერს აყრიან გვერდულად აყირავებულ ნახატს.
    ღიპიანი და ბორძიკა ისევ  გაცხარებით დაობენ.
    ეტყობა, ვერ მორიგდნენ.
    ბორძიკა  გაეცალა.
    ღიპიანი  ფეხმოუცვლელად დგას,  თავი ისე უჭირავს, თითქოს ისევ  პაპიროსის  გაბოლებას აპირებდეს.
    თურმე ბორძიკა შორს  არ წასულა, საიდანღაც ამოყვინთა და  წინასწარ გამზადებული ფული შეაჩეჩა ღიპიანს.
    ღიპიანმა  სასწრაფოდ ჯიბეში იკრა ფული და  მეტროს შესასვლელში დურთა თავი.
    ბორძიკამ კიდევ ერთი პაპიროსი გააბოლა, თან ადგილზე  ქანაობდა.  ეტყობა, ბახუსსაც მიუძღვის ბრალი,  ფეხზე მყარად რომ ვერ დგას.
    მორჩა  პაპიროსის გაბოლებას,  ნამწვი მოისროლა.  გვერდულად აყირავებული ნახატის წინ  ნამწვავების გორა დამდგარა.
    ბორძიკამ ხელი დაავლო ჩარჩოს კუთხეს,  ნახატი აიტაცა და გასწია. ნახატი ხელს უშლის სიარულში,  წამდაუწუმ ფეხებში ებლანდება.  ბორძიკა უკმაყოფილოდ იჭმუხნება და ძალზე უწმაწურად იგინება...იგინება, რადგან სხვანაირად არ შეუძლია,  ყოველთვის, ყოველ წუთს,  ყველაფერს,  სულ უბრალო რამესაც კი გინებით უნდა გამოეხმაუროს.  ყვავილის მტვერი რომ დაეფრქვეს ხელზე, თვით პეპელასაც რომ არ დაუმძიმებს ფრთებს,  ბორძიკამ გინება უნდა დაახვედროს პასუხად.
    ძლივს, ჯახირით გამართა ნაბიჯი, გზას უგერგილოდ იკვლევდა  ხალხის ნაკადში,  ნახატი არაერთხელ გადაანაცვლა ხელიდან ხელში...ვერ მოუფიქრებია, თუ ვერ მოუხერხებია,  გვერდზე მჭიდროდ მიიკრას იმ ღიპიანივით.  სწორედ ამიტომ,  საიდუმლოდ აღარ რჩება, თუ რა არის  ტილოზე გამოსახული.  ყველა კარგად ხედავს მაცხოვარს, ეკლის გვირგვინით თავზე,  ოღონდ ამჯერად მაცხოვრის  ლურჯად მოკამკამე თვალთა მზერა  დაბლა,  ჭუჭყიანი ასაფალტისკენაა მიმართული... თავდაყირა ჩაუბღუჯავს ნახატი მის ბედნიერ მფლობელს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები