ნაწარმოებები



ავტორი: იანუსი
ჟანრი: პროზა
5 ივლისი, 2019


ნიშნები 2

მოდი, ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ.
აღარ ამოვეფაროთ მეტაფორების, პირფერობების, ილუზიების, ოცნებების, ოპტიმისტური პროგნოზების და მოლოდინების ნიღაბს.

ერთხელ მაინც ბოლომდე გამოვამზეუროთ მიმხმარი ნიღბის მიღმა ჩაობებული ჩვენი სახეები. შემზარავად მახინჯი სახეები. იმდენად მახინჯი, რომ სიმახინჯით გამოწვეულ ზიზღს ჩვენს ერთ-ერთ მთავარ საყრდენზე მიაქვს გამანადგურებელი იერიში - ადამიანურ თავმოყვარეობაზე.
ფაქტია, გამომზეურება სახიფათო, არც ისე მარტივი პროცესია, რამდენადაც თან ახლავს მაღალი ალბათობა იმისა, რომ თავმოყვარეობა, ამ სიტყვების პირდაპირი გაგებით (ანუ, საკუთარი ეგოსადმი პოზიტიური დამოკიდებულება, სიმპათია) აღიგვება პირისაგან მიწისა...
და მაინც, მოდით,  ჩამოვიხსნათ ნიღაბი (რომელიც ჩამოუხსნელობისგან მეორე სახედ გვექცა) და შევეგუოთ დანაკარგს, ახალი საგანძურის პოვნის იმედით... მაგრამ არა, ასეთი პოსტ-ოპტიმისტური განწყობა ნიღბის ჩამოხსნის შემდეგ, ამ მცდელობის წარუმატებლობის ნიშანი იქნება, რამეთუ, უნიღბოდ თავს დავაღწევთ თავმოყვარეობის ილუზიურად ყოვლისმომცველ დიაგრამას, გავალთ ახალ ჰორიზონტზე და ხელახლა მოგვიწევს სიცარიელესთან შეჭიდება, ამ ყველაფერს კი ოპტიმიზმი ნამდვილად არ მიესადაგება.
სიცარიელესთან ჭიდაობა რომ არც ისე სასიამოვნოა, ამ ფაქტის ამსახველი მრავალფეროვანი გამოცდილება ჩვენს გენუმშია ასხმულ-დაკაბადონებული. ეს ისეთი ბიბლოთეკაა, ყველას რომ მიგვიწვდება ხელი - საშუალო სიღრმეებში ჩაყურყუმალავების შემდეგ, შეგიძლიათ ამ გამოცდილების ნებისმიერ ტომს დასწვდეთ, შემეცნების საჩვენებელი თითი ცნობისწადილის ნერწყვით დაისველოთ და ნებისმიერ გვერდზე გადაფურცლოთ - რამდენიმე ფრაგმენტიც ადვილად დაგარწმუნებთ იმაში, რომ სიცარიელეს კი არ უნდა ეჭიდაო, ედავითიდაგოლიათო, ეასპარეზო და ეურჩო, არამედ - თავი აარიდო, დაეთესო, დაუტყდე, დაუცურდე და დაუსხლტე, თუკი, რა თქმა უნდა, მეტა-მაზოხისტი არ ხარ (რომლის მიზანიც ცხოვრების დაუსრულებელ კითხვის ნიშნებზე გადატარებაა).
ამ ყველაფრის შემდეგ, ლოგიკურია, სიცარიელეს ინსტინქტურად ვარიდებდეთ თავს, მაგრამ ხათაბალა იმაშია, რომ განვითარების მიმდინარე ეტაპზე, ზემოაღნიშნული დიაგრამა, რომელშიც ასე საყოველთაოდ ვართ მოქცეული, ვეღარ უზრუნველგვყოფს შემდგომი განვითარებისთვის აუცილებელი მადნით. მადანი იგი, რომელიც დიდ ხანს და გულუხვად გვკვებავდა, თითქმის სრულად არის ამოწურული, რის გამოც ბლომად ხანია კანიბალიზმზე (ანუ, თვითდესტრუქციაზე) გადავეწყვეთ.
ჰოდა, სამწუხაროდ, დაგვიდგა დრო, როცა წვითა და დაგვით გავლებული დიაგრამის საზღვრები (ვინ იცის უკვე მერამდენედ) უნდა გადავლახოთ და (ვინ იცის უკვე მერამდენედ) ჩავერთოდ მტკივნეულ, უპერსპექტივო ორთაბრძოლაში სიცარიელესთან, რომელიც ჭიდაობის ბოლოს აუცილებლად დაგვცემს ზურგზე, ჩაგვხედავს თვალებში და ახლებურად გვატკენს გულს.
გვატკენს ისე, რომ ტკივილი იგი არასოდეს გაგვიყუჩდეს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები