ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: თინა ნიკოლ
ჟანრი: პროზა
6 ივლისი, 2019


***

კიბო მაქვს...
ვზივარ სკვერში და ვცდილობ მზეს თვალი გავუსწორო. თვალები მტკივა, მაგრამ არ ვხუჭავ.
კიბო უფრო მტკივნეულია თუ ეს?
კარლისთვისაც კი არ მითქვამს. 19 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, ჰოპ და უცებ ასეთი საჩუქარი უნდა გავუკეთო.
ყოველთვის მეგონა რომ კარლი არასდროს არაფერზე ნერვიულობდა, გარდა დილის გაზეთში წაკითხული ახალი ამბებისა. არც კი ვიცი როგორ მიიღებს ამ ამბავს. ალბათ ჯობია საუზმის დროს ვუთხრა. ფინჯან ჩაის რომ დავუდგამ.
აღელდება?
ბოლოს როდის აღელდა?
გუშინ დილით, როცა ინფლაციაზე წაიკითხა სტატია. ჩაიფრუტუნა და გაზეთი კიდევ უფრო აიფარა სახეზე.
- კარლ, ჩაის მოცხარის მურაბით დალევ?
- ისევე როგორც შენ, ძვირფასო.
ფინჯანს წინ ვუდგამ, იმ იმედით რომ იქნებ დააინტერესოს და დახედოს. არც კი შერხეულა. ვერც მიხვდა, რომ პიტნის ჩაი დავუდგი.
- შვებულებას როდის იღებ?
- მაშინ როცა შენ, ძვირფასო. დაგავიწყდა?
არა, არ დამვიწყებია! ეშმაკსაც წაუღია ყველაფერი! მაცოფებს მისი დამოკიდებულება. როგორ შეიძლება მთელი ეს წლები ყველაფერი ისე გქონდეს, როგორც მე? ჩემი ცხოვრებით ცხოვრობ, თუ მე მაცხოვრებ შენით?
ჯერ ისევ ახლადდაქორწინებულები ვიყავით, როცა მიამიტურად ვკითხე:
- კარლ, ჩემამდე ბევრთან გქონდა ფლირტი?
- ისევე, როგორც შენ, ძვირფასო. - მითხრა და აი, ზუსტად მაშინ შემძულდა ეს ფრაზა.
მას შემდეგ ყველაფერი ისევე ჰქონდა, როგორც მე. თითქოს ამით ნიშნს მიგებდა.
ჰოდა, ახლა კიბო მაქვს. გონებაში უკვე წარმომიდგენია როგორ ვეტყვი.
- კარლ, მე კიბო მაქვს. - და სიამოვნებით დაველოდები როგორ შეაცივდება პირზე.
- ისევე, როგორც მე, ძვირფ...
აი, ეს იქნება ნამდვილი გამარჯვება. ამას ისიც კი ვერ შეედრება მისთვის რომ გამემხილა ჰანსის შესახებ.
ჰანსი, აი ვის დაწყდება ნამდვილად გული. ალბათ ერთადერთია ამ ქვეყნად, ვისაც ვუყვარვარ. არასდროს უთქვამს, თუმცა დარწმუნებული ვარ რომ ვუყვარვარ.
ნეტავ, როგორ გადაიტანს.
იტირებს.
ხმამაღლა.
არა, უარესი...
ძირს დაემხობა და მიწას მუშტებს დაუშენს.
შემეცოდა ჰანსი, მაგრამ ფიქრი მაინც განვაგრძე. წარმოსახვაში ვტკბებოდი მისი გლოვით.
ვგრძნობდი როგორ ვიღიმოდი.
ჰანსს უკვე ხელები ქონდა გადატყავებული. მე წარმოსახვას არ ვწყვეტდი.
ტელეფონს დავწვდი და ავკრიფე:
\"ჰანს, რას იზამ რომ გაიგო მოვკვდი?\"
პასუხი, მალევე მოვიდა:
\"ხომ მშვიდობაა, რა გჭირს?\"
\"არაფერი, უბრალოდ მიპასუხე.\"
\"რა თქმა უნდა ვიდარდებ, ძვირფასო.\"
იდარდებს.
ის, რაც მე დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში წარმოვიდგინე, მან სულ ერთ სიტყვაში ჩატია.
მისი ნომერი წავშალე.
ის ვერასდროს გაიგებს ჩემი კიბოს ამბავს. ამის ღირსი არაა.
თავის დროზე ჰანსი კარლზე შურისსაძიებლად მჭირდებოდა. ახლა კი კიბო მაქვს და ჰანსი არაფერში მჭირდება.
ფრაუ გროსბერგი - აი, ვინ გასკდება გულზე. უკვე ცხადად წარმოვიდგინე, როგორ მივალ შაბათ საღამოს კლუბში და როგორ გამოვაცხადებ ისე, სხვათაშორის - იცით, მე კიბო მაქვს. როგორ შემომეხვევა ყველა, ათას სანუგეშო სიტყვას მეტყვის. ფრაუ გროსბერგი კი გულზე გასკდება. ვერაფრით შეეგუება მის გარდა კიდევ ვინმე რომ მოექცეს ყურადღების ცენტრში.
მას მხოლოდ ლარინგიტი ჰქონდა ერთხელ და მაშინაც მთელი კლუბი დაჰფოფინებდა თავს.
- ოჰ, არაფერია ისეთი ძვირფასო, - ვითომ სხავთაშორის ართმევდა მოწოდებულ ცხელ ჩაის ყველას და თითს ნაზად იცურებდა ყელსახვევში, ვითომ შესასწორებლად.
ახლა კიბოს წყალობით მე ავალ დიდების კვრაცხლბეკზე. ყველა მე შემომეხვევა.
- ქიმია სცადეთ? - ალბათ შეშფოთებით მკითხავს, ფრაუ ბერნერი.
- ოჰ, არაფერია ისეთი, ძვირფასო. - მსუბუქად ჩავიქნევ ხელს და თბილად გავუღიმებ ყველას.
ნეტავ ამ დროს ფრაუ გროსბერგის სახე დამანახა.
ისევ ვიღიმოდი.
საათს დავხედე, როგორ გაფრენილა დრო. წამოვდექი და მტკიცე ნაბიჯით გავეშურე კლინიკისკენ.
ზუსტად ამ დროს ვიყავი ჩაწერილი.
ლიფტში შევედი და თითი მივაჭირე მეოთხე სართულის ღილაკს, რომლის გასწვრივაც ეწერა \"ონკოლოგია\". თან ამაყად გადავხედე ლიფტში მყოფთ.
მათ ალბათ უკვე იცოდნენ რომ მე კიბო მქონდა.
ექიმი არტცი ღიმილით შემხვდა.
- მობრძანდით ფრაუ ლარსონ, გელოდებოდით.
სკამზე მიმითითიდა და თვითონაც მოხერხებულად მოეწყო სავარძელში. წელში გასწორებული ვიჯექი და ამაყად ველოდი ვერდიქტს.
- ფრაუ ლარსონ, მოხარული ვარ გაცნობოთ რომ თქვენ სავსებით ჯანმრთელი ხართ. - ფართოდ იღიმოდა და გამარჯვებულის იერით მიყურებდა.
წამით ამ ღიმილში ფრაუ გროსბერგის ღიმილი აღმოვაჩინე.
მეგონა მომესმა. გავშეშდი.
- შეუძლებელია - ძლივს ამოვიბუტბუტე.
- შესაძლებელია, ფრაუ ლარსონ, ხანდახან მედიცინაც ცდება. მაგრამ თქვენ ახლა ისეთივე ჯანმრთელი ხართ, როგორც მე.
აი, ახლა კი ჩემს წინ კარლი იდგა. მთელი თავისი სიდიადით და ისევ ნიშნს მიგებდა. თან ამას ისეთი აღტაცებით აკეთებდა, როგორითაც არასდროს შემოუხედავს კარლს ჩემთვის.  ვუყურებდი როგორ სასაცილოდ დახტოდნენ მისი ულვაშები თითოეული სიტყვის წარმოთქმისას.
ნეტავ, თუ ხვდება რა გააკეთა ახლა?
ჰგონია სიცოცხლე გადაარჩინა. სიმანდვილეში მან კარლის მშვიდი დილა \"გადაარჩინა\" აივანზე. ჩემი და ჰანსის ურთიერთობა \"გადაარჩინა\". მან ფრაუ გროსბერგის ლარინგიტი დატოვა დიდების კვარლცხბეკზე. რას იტყოდა ამაზე ჰიპოკრატე? ნუთუ ადამიანის ოცნებების მოკვლა დანაშაული არაა. ავდგები და ამ ყველაფერს პირში მივახლი, ვეტყვი რომ მან სულ ხუთი წუთის წინ დანაშაული ჩაიდინა.
- მაპატიეთ, ექიმო არტც, - საკუთარმა სიმშვიდემ გამაკვირვა - გიყვართ ჩაი მოცხარის მურაბით?
- კი... - დაბნეულმა გადმომხედა.
- მე პიტნის ჩაი მირჩევნია.
შემოვბრუნდი და მადლობის უთქმელად დავტოვე კაბინეტი.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები