ნაწარმოებები



ავტორი: გილო
ჟანრი: პოეზია
7 ივლისი, 2019


ღრუბლის დაფქვა

მე ხშირად ვზივარ ფანჯარასთან.
და მე როდესაც ხშირად ვზივარ იმ ფანჯარასთან,
რომელიც იქნებ არის კიდეც სივრცის საზღვარი,
ამ საზღვრის იქით მოძრავ ტურისტებს,
პირიდან სცვივათ ჩემთვის უცნობი
შინაარსის მქონე სიტყვები,
რომლებსაც ისე აღვივამ თითქოს,
ახალ თვისებებს ვუთავსებდე ცნობიერებას.
არც კი იციან რა სამსახურს მიწევენ ამით.
ვზივარ და ვუცდი - ემოციურ გარდამავლობას;
წინადადებებს შორის ჩამდგარ მცირე პაუზებს;
ენერგიების სიხშირეთა თანაფარდობას,
რომლებიც ქმნიან შესაძლებლობას
გამოვიყენო შესაბამისად.
ჯერ გამოვკვეთო სივრცის საზღვარი
და მასში გასვლით შევძლო გარდაქმნა,
დავნაწევრდე და კვლავ გადავეწყო
ახალი ფორმის ისეთ სხეულად,
რომელშიც შეძლებს სხვა მედიუმი
ცეცხლის ქვიჯაში ღრუბელი დაფქვას,
ნამცვრევებიდან გამოძერწოს მოქნილი ენა
და ძაღლყურძენას თბილი ნახარშით ისე დაალბოს,
როგორც ლელეხმა დაბმული ძაღლი.
შემდეგ ოფოფის ფერი ზეციდან
ჩამოიბერტყოს კოსმიური ბუსუსები,
დაქვრივებული ქარის კალთებს
ამჟავებული საყვედური გამოაკეროს
და გამოსტყუოს შიშის პიგმენტი,
რომლითაც შეძლებს კვალის დანიშვნას;
კვალის რომელშიც ძილი ჩაუდგა
და იმ ძილიდან გაფუფქული სიზმარი ამოაძვრინა,
ყვითელი ენა შემოახვია,
განტევების ლოდი გადააგორა,
ქვის ვარდის ფოთლები შეასრისა,
წელიწადის უცნობი დრო გამოიხმო,
თივის ბულული მოატანინა,
უხილავი ცეცხლი შეანთებინა,
ყვითელი ენა გადაყლაპა
და კოცონში გაუჩინარდა.
მატყლის ნართივით კვამლის ქსოვილი
თივის ბულულს სულივით რომ ამოუვიდა,
იმ ღრუბლისაკენ გაემართა რომელიც დაფქვეს...
მე ხშირად ვზივარ ღია ფანჯარასთან.
და მე როდესაც ხშირად ვზივარ ღია ფანჯარასთან,
მგონი ვიზრდები...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები