ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: აინინა
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
9 ივლისი, 2019


ჯონ მაქსველ კუტზეეს \"სირცხვილი\"-ნეოლიბერალიზმის კრიზისი

    ორგზის ბუკერის , 2003 წლის ნობელის პრემიების ლაურიატი-ასეთია  სამხრეთ აფრიკელი მწერლის, ჯონ მაქსველ კუტზეეს, ლიტერატურული ღვაწლის მოსავალი. ცხადია, ეს შთამბეჭდავი ჯილდოები ბუნებრივად ბადებს კითხვას:  მაინც რა არის მის შემოქმედებაში ისეთი, რამაც ასეთი ინტერესი გამოიწვია ლიტერატურულ საზოგადოებაში.  ნობელის პრემიის კომიტეტის განცხადებით მწერალს პრემია გადაეცა „უცხოთა და გარიყულ ადამიანთა მრავალმხრივი წარმოჩენისათვის“. ვფიქრობ, კუტზეე ინტერსესს იმითაც იწვევს, რომ იგი „თითქმის ყოველ რომანში რებუსებს გვთავაზობს“ (შამუგია პაატა), მე ვიტყოდი თავსატეხებს, რომლებიც წიგნის კითხვის დასრულების შემდეგ კიდევ დიდხანს მიგყვება, გაფიქრებს, გტანჯავს, პასუხს გაძებნინებს. სწორედ ასეთი რომანია „სირცხვილიც“.
  რომანი 1999 წ.დაიწერა და აისახა  სამხრეთ აფრიკის რესპუპლიკაში მიმდინარე მოვლენები, განვითარებული აპარტეიდის დამხობის შემდეგ და ის კრიზისი, რომელსაც განიცდის თანამედროვე ნეოლიბერალური დემოკრატია.
  იწყებ კითხვას თითქოს ჩვეულებრივი ამბებით, მწერალი შეგვაცურებს და გვალივლივებს კარგად ნაცნობ თავთხელში-მოგვითხრობს „წიგნის კაცის“, კეიპტაუნის უნივერსიტეტის პროფესორის, ფილოლოგის, 52 წლის დევიდ ლურის შესახებ,  რომელიც ერთ დროს თანამედროვე ენების პროფესორი იყო,  ახლა რომანტიკოს პოეტებისა  და კომუნიკაციის თანამედროვე მეთოდების შესახებ კითხულობს ლექციებს, არის სამი წიგნის ავტორი, რამდენიმე  წელია  ბაირონზე    წიგნის დაწერის სურვილს ელაციცება, თავი მეცნიერად მიაჩნია, პედაგოგად კი იმიტომ მუშაობს, რომ თავი ირჩინოს, თუმცა იცის , რომ „მაინცდამაინც ბრწყინვალე პედაგოგი არასოდეს ყოფილა, ....გრძნობს, რომ აქ მისი ადგილი არ არის, რადგან „ვინც მოდის, რომ ასწავლოს, უმწარეს გაკვეთილებს იღებს, ხოლო ვინც მოდის, რომ ისწავლოს, ვერაფერს სწავლობს“. როგორც ჩანს, ეს პედაგოგიკაში არსებულ კრიზისზე მინიშნებად უნდა აღვიქვათ,  ვინაიდან მხოლოდ დევიდი არაა ასეთ მდგომარეობაში-„ ასევე გრძნობენ თავს მისი ძველი კოლეგები, პოსტრელიგიური ხანის ჩინოვნიკები, რომელთა საგანმანათებლო საქმიანობა სულაც არ შეესაბამებოდა  მათ ამოცანებს“,  ..ვინაიდან „პოსტქრისტიანული, პოსტისტორიული, პოსტგანათლების შვილების უვიცობას ისინი არ სჭირდებოდა“.
  კუტზეეს ირონია  შეფარულია, არა თვალში საცემი, მაგრამ აშკარად არსებული. ირონიულ ღიმილს იწვევს პატივცემული პროფესორის ცხოვრება დასაწყისშივე, როცა ვკითხულობთ, რომ დევიდი ორ ცოლთან იყო განშორებული და მიაჩნდა, რომ სჭირდებოდა ცოლი, სახლი, ოჯახი, მაგრამ უცებ  აღმოაჩენს, რომ მისი ბედნიერებისთვის სრულიად საკმარისია ის 90 წუთი, რომელსაც  აგერ უკვე წელიწად-ნახევარია ატარებს  კვირაში ერთხელ, ხუთშაბათობით, შუადღისას,  სამეძავო სახლში, ქალთან, რომელიც შვილად უფრო შეეფერება და რომლის მიმართაც შესაძლოა მთლად სიყვარულს არა, მაგრამ “სიყვარულის ბიძაშვილს“ მაინც გრძნობს.  სორაია, მიუხედავად „თავისუფალი პროფესიისა“ , „საოცრად მორალისტური შეხედულებების“,  მშვიდი და მორჩილი ქალია, ლოგინში თავშეკავებული, მთლად ცოლივით.  გარდა იმისა, რომ სიამოვნებას ანიჭებს ახალგაზრდა ლამაზ ქალთან სექსი, სორაიას ენდობა, „საკმაოდ გულღიად ესაუბრება, ხანდახან თითქოს მხრებიდან ტვირთსაც კი იცილებს“. საათნახევრიან სეანსში ოთხას რანდს იხდის და ცხოვრობს ბედნიერი და დაკმაყოფილებული ხუთშაბათიდან ხუთშაბათამდე. მაგრამ დევიდიც მალე დარწმუნდა ოიდიპოსის მსგავსად: „ნუ იტყვი კაცზე ბედნიერიაო, სანამ არ მომკვდარა“. მწერალი ამის შემდეგ ჯერ ნელ-ნელა დაგვატრიალებს ამბავთა მორევში და ბოლოს ისეთ სიღრმეებში ჩაგვაყურყუმელავებს, საიდანაც ვერც პერსონაჟები პოულობენ გამოსავალს და  ჩვენც  იძულებულს გვხდის მასთან ერთად ვიგემოთ სირცხვილის, სასოწარკვეთის, უძლურების გემო, გარიყულობის სიმწარე, მათან  ერთად ამაოდ ვეძიოთ პასუხი გაჩენილ კითხვებზე.
  ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ზედმეტი ინტერესი გამოავლინა სორაიას მიმართ, ქუჩაში შემთხვევით შეხვდა და აედევნა. სორაია, როგორც აღმოჩნდა, ოჯახის ქალია, ორი ბიჭის დედა, შესაძლოა ვიღაცის ცოლიც, ამიტომ ზედმეტი გართულებების ასაცილებლად სამუდამოდ წყვეტს ურთიერთობას ამგვარად შეხმატკბილებულ კლიენტთან.
    ადვილია ბედნიერი იყო, სანამ ისე ცხოვრობ, როგორც საზოგადოებრივი მორალი მოითხოვს, მაგრამ „ როგორც კი შენი სულის ძახილს აჰყვები, ისეთი აღარ ხარ, როგორიც სხვებს უნდიხარ“. (რიჩარდ ბახი)  სულის რა მოგახსენოთ, მაგრამ იმპულსების ძახილს აყოლილ დევიდს ხელში შერჩა  უსიამოვნებები, კიცხვა, სირცხვილი, გარიყვა; აქამდე მყარად სტაბილური ცხოვრება- მორყეული, სიბერის მიჯნაზე -უსახსრობა და სასოწარკვეთა.
  ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ სორაიასგან უარყოფილმა ურთიერთობა გააბა თავის სტუდენტ გოგონასთან, მელანისთან, რომელიც ჯერ თითქოს დაჰყვება თავისი პროფესორის ვნებას, მერე თითქოს ეწინააღმდეგება, თანაც“ უკვე სხვას უნაწილებს სიყვარულს“. მაგრამ საკუთარი „გულის სიგიჟეს“ აყოლილ პროფესორს სწამს და მელანისაც მოძღვრავს, რომ „სილამაზე მხოლოდ ქალს არ ეკუთვნის, ის ნაწილია საჩუქრისა, რომელიც მას სამყაროში მოაქვს და ქალი ვალდებულია, ეს საჩუქარი სხვასაც გაუნაწილოს, მაშინაც და  მით უფრო, თუ უკვე ვინმეს „უნაწილებს“. დევიდი ბედის ნებიერობას იყო მიჩვეული, ვინაიდან „ მაღალს, ძვალმსხვილს, ზეთისხილისფერი კანითა და ტალღოვანი თმით ყოველთვის შეეძლო,თავისი მიმზიდველობის იმედი ჰქონოდა.თუ ქალს სხვანაირად, სხვაგვარი განზრახვით  შეხედავდა, ქალიც ისეთივე მზერას შეაგებებდა. ასე ცხოვრობდა ათეული წლების განმავლობაში....მერე კი, ერთ დღეს, ყველაფერი დამთავრდა. ...გამოხედვას, რომელიც ადრე მის მზერას უპასუხებდა, ახლა თითქოს ისხლეტდა და ის სადღაც, მის მიღმა იკარგებოდა, ერთბაშად აჩრდილად იქცა. თუ ქალი სურდა, უნდა ედევნა ან ,უფრო ხშირად, ამა თუ იმ საშუალებით ეყიდა ეს სიყვარული....არ ერიდებოდა რომანებს თავის კოლეგის ცოლებთან, აბამდა ტურისტებს სანაპიროს ბარებში ან იტალიურ კლუბში, დადიოდა მეძავებთან“. სორაიასთან განშორების შემდეგ იმაზეც კი ფიქრობდა, ორიგენეს მსგავსად თავი დაესაჭურისებინა, რათა მშვიდად ცხოვრება შესძლებოდა- „დროა გონება მოხუცისათვის შესაფერისი საქმიანობით -სიკვდილისათვის მზადებით დაკავდეს“. ახლა მელანი „ მის ცხოვრებაში შეჭრილ მაცოცხლებელ ძალად“ იქცა და მასზე უარის თქმა უჭირს, მიუხედვად იმისა, რომ „ძალიან კარგად ხედავს“,  გოგანასთვის მამის ასაკის პროფესორთან სექსი  „ ეს მთლად გაუპატიურება არაა, მაგრამ ... მისთვის მაინც არასასურველია, უკიდურესად არასასურველი, ... თითქოს გადაწყვიტა, ამ ხნის განმავლობაში გაშეშდეს,  შინაგანად მოკვდეს იმ ბოცვერივით, მელას რომ კბილებში მოუგდია“.  მოგვიანებით კიდევ უფრო მტკივნეულად გააცნობიერებს დევიდი, რომ მელანისთან ურთიერთობა სწორედაც რომ  ძალადობა და გაუპატიურება იყო, როცა მის ქალიშვილს მისივე  თანდასწრებით გააუპატიურებს სამი შავკანიანი, თვითონ კი ტუალეტში  თავდამსხმელების მიერ გამოკეტილი, ვერაფერს აკეთებს შვილის დასაცავად. როცა ლუსისგან მოისმენს, რომ გაუპატიურება მკვლელობაა იგივე: „ როცა უცნობ ქალს ეუფლები, როცა ჩაბღუჯავ, ქვეშ მოიქცევ, მთელი შენი წონით აწვები-ეს ცოტათი მკვლელობას ხომ არ ჰგავს? დანას ჩასცემ და მიდიხარ, გასისხლიანებულ სხეულს ტოვებ“... მანამდე კი მელანი  მამისა და ბოიფრენდის წაქეზებით ბრალს სდებს სექსუალურ ძალადობაში. სანამ დისციპლინური კომისია საქმეს შეისწავლიდა,  „ჭორის წისქვილმა გამოფქვა დევიდის რეპუტაცია“- სტუდენტები აღარ ესწრებიან მის ლექციებს, კოლეგები თვალს არიდებენ. იგი არც ცდილა  თავის მართლებას, თავიდანვე ღირსეულად სცნო თავი დამნაშავედ , ყოველგვარი აღიარებებისა და ახსნა-განმარტებების გარეშე დატოვა  სამსახური, თუმცა შეეძლო დარჩენილიყო, თუ ისე მოიქცეოდა, როგორც „დისციპლინური კომისია“ ითხოვდა. მაგრამ დევიდს სწამს, რომ „კეთილგონიერებაზე მნიშვლელოვანი რამეებიც არსებობს“ და ისე იქცევა, როგორც უორდსუორთის და საერთოდ რომანტიკოსთა „მოწაფეს“ შეეფერება, ღირსებას ეწირება მისი სახელი, კარიერა, საზოგადოებრივი მდგომარეობა, პენსიით უზრუნველყოფილი სიბერე.       
    ამის მერე იწყება მეორე ამბავი, ამბავი ლუსისა, დევიდის ქალიშვილის, რომელიც ჰიპურ კომუნას გაჰყვა და სოფელში დასახლდა. აქ ისინი ტყავეულითა და მზეზე გამომშრალი კერამიკით ვაჭრობდნენ და სიმინდებს შორის ინდური კანაფი მოჰყავდათ.ჰიპები პროტესტს აცხადებდნენ  საზოგადოდ მიღებული ზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ, არ სურდათ ევლოთ მამების გზით,  უპირისპირდებოდნენ ღირებულებათა ტრადიციულ სისტემას,ქადაგებდნენ თავისუფალ სიყვარულს. კომუნის დაშლის შემდეგ ლუსი თავის ლესბოსელ მეგობართან ერთად  ფერმაში დარჩა, მამის დახმარებით მიწა შეიძინა და მეურნეობის მოწყობა გადაწყვიტა. ლუსის მოჰყავს ბოსტნეული, ყვავილები. (ჰიპური იდეოლოგიისა და ცხოვრების წესის გამოძახილი: ჰიპებს „ყვავილების შვილებს“ უწოდებდნენ, მათი დევიზი იყო  \\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\"ყვავილების ძალაუფლება\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\" .  ყვავილებს ისინი ხშირად იმაგრებდნენ თმებში, ჩუქნიდნენ  გამვლელებს,  პოლიციელებსა და ჯარისკეცებს უდებდნენ იარაღის ლულებში ).
  მამა როცა ერთი წლის უნახავ ქალიშვილს ესტუმრება, შეიტყობს, რომ ლუსი ლესბოსელ მეგობარს დაშორებია და ახლა მარტოა ძველებურ დიდ უგალავნო სახლში, ეამყება „ ახალი თაობის ფერმერ-კოლონიზატორის“ მამობა, აღფრთოვანებულია მისი დამოუკიდებლობითა და სიძლიერით, შავკანიან მეზობლების გარემოცვაში მოდარაჯე ძაღლებისა და თოფის ამარა რომ ცხოვრობს მარტოხელა ქალი. მისი დამხმარე და თანამფლობელი, შავკანიანი პეტრასი, ჯერჯერობით ძველ საჯინიბოში ცხოვრობს მეორე ცოლთან ერთად, ლუსის მეზობლად, ახალი სახლის აშენებას აპირებს. ეს ის პერიოდია, როცა სამხრეთ აფრიკაში ახალი დამარცხებულია  აპარტეიდის რეჟიმი, გაუქმდა რასისტული კნონები, და გასაქანი მიეცა წლების განმავლობაში თეთრკანიან კოლონიზატორთა მიერ დისკრიმინაციის შედაგად შავკანიან მოსახლეობაში დაგროვილ სიძულვილისა და აგრესიის გადმონთხევას. ამიტომ  ილუზიური აღმოჩნდა  კმაყოფილება მამისა: სამყაროში, სადაც „ახლა ყველაფერი სახიფათოა“, როგორც პეტრასი ამბობს, თუნდაც ძლიერი და დამოუკიდებელი ქალი დაცული ვერ იქნებოდა, ამაში  სულ მალე დარწმუნდება დევიდი, როცა მას და მის ქალიშვილს სახლში შეუცვივდება სამი შავკანიანი, დევიდს სცემენ, ცოცხლად დასაწვავად იმეტებენ, ლუსის კი გააუპატიურებენ, მხეცურად, ჯგუფურად,  ვინაიდან მათთვის მიუღებელია „ქალის გაპარპაშება მიწაზე“. აქამდე ყველაფერი გასაგები და ნათელია მკითხველისთვის.  გაუგებრობა იწყება მას შემდეგ, როცა ლუსი, ეს ძლიერი და თავისუფალი ადამიანი, არ ამხელს პოლიციაში თავისი გაუპატიურების შესახებ, მამას უკრძალავს პოლიციაში განაცხადოს, როცა პეტრასის სახლში, წვეულებაზე, სტუმრებს შორის ერთ-ერთ თავდასხმელს ამოიცნობენ.  მამა-შვილისთვის ბედის დარტყმები  ამით არ დამთავრებულა: აღმოჩნდა, რომ ლუსი ფეხმძიმედ დარჩა და ქალი უარს ამბობს მოიცილოს ძალადობის ნაყოფი, ვინაიდან „ის ქალია, ამიტომაც მოვალეა აღასრულოს ბუნების კანონი“.
  ლუსი შეშინებული და დათრგუნულია. მას ზარავს ის სიძულვილი, რაც მოდიოდა შავკანიანი მოძალადეებისგან: “ეს ისეთი პირადული ჩანდა...ისეთი პიროვნული ზიზღით ჩადენილი...აი, ამან განმაცვიფრა ყველაზე მეტად. დანარჩენი...მოსალოდნელი იყო. მაგრამ საიდან ასეთი სიძულვილი?“-ეუბნება  მამას. იგი დარწმუნებულია, რომ მოძალაეები  ისევ მივლენ მასთან, რადგან „მათ სამოქმედო ტერიტორიაზე“ ცხოვრობს, ნიშანში ჰყავთ ამოღებული. დევიდი უხსნის, რომ პირადული ამ სიძულვილში არაფერი იყო. „ყველაფერი წინაპრებისაგან მოდიოდა“, თუმცა ეს ლუსისთვის  შეღავათი არ არის. „ძრწოლა არ ქრება.ძრწოლა იმის გამო, რომ ვიღაცას სძულხარ, ზუსტად იმ წამს“. (იმ წამს მაინც, როცა უნდა უყვარდე-ალბათ ამის თქმა უნდოდა ლუსის). ლუსი მაინც ფიქრობს, რომ  ეს არის საფასური, რომელიც უნდა გადაიხადოს აქ დარჩენისთვის : „ისინი როგორც რაღაცის მფლობელს, ისე მიყურებენ, თავიანთ თავს კი-როგორც ვალების, გადასახადების ამკრეფს. რატომ უნდა მქონდეს აქ ცხოვრების უფლება, თუ ამისთვის არ გადავიხდი?“ ლუსი და მამამისი ერთხმად დაასკვნიან, რომ მათ, შავკანიანებს, თეთრკანიანის, ყოფილი პატრონის, დამორჩილება და  დათრგუნვა აქვთ მიზნად. ლუსი აღიარებს, რომ იგი მკვდარია იმის გამო, რაც შეემთხვა, მაგრამ რაკი აქედან წასვლა არ შეუძლია, უნდა იპოვოს გამოსავალი, როგორ გადაირჩინოს თავი, როგორ მოიპოვოს მშვიდად ცხოვრების უფლება, ამისთვის მზადაა მიიღოს პეტრასის სამარცხვინო შეთავაზება  და ფიქტიური ცოლქმრობა გააფორმოს მასთან, ამის სანაცვლოდ დაუთმოს თავისი მიწა (მხოლოდ სახლის ხელშეუხებლობის პირობით), რათა დაცული და ხელშეუხებელი იყოს, როგორც შავკანიანის მეუღლე, იმედი აქვს, რომ „შეიძლება როცა ბავშვი დაიბადება,რაღაც შეიცვალოს, რაც არ უნდა იყოს, ამ მიწის შვილი იქნება, ამას ვერავინ უარყოფს“.მამას  მოუწოდებს , რომ  ისიც შეეცადოს „ კარგი ადამიანი იყოს“.
  „კარგი ადამიანი“-ცუდი გადაწყვეტილება არაა ამ არეულ დროს,-ირონიულად აღნიშნავს დევიდი.  მამა ცდილობს  შეაცვლევინოს გადაწყვეტილება, მოაცილოს აქაურობას, დედასთან გაუშვას ჰოლანდიაში,  უხსნის, რომ „გზა, რომელსაც ადგას, არასწორია, რომ  თუ ახლა მათ თავს დაუხრის, თუ სისუსტეს გამოავლენს, ვერ შეძლებს თავის  თავთან ჰარმონიულად იცხოვროს. რომ მას აკისრია პასუხისმგებლობა არა მარტო საკუთარი თავის, არამედ „ მომავლის წინაშეც“, მაგრამ ამოდ. “გზა, რომელსაც ვადგავარ შესაძლოა მცდარია, მაგრამ თუ ახლა ფერმიდან წავალ, წავალ დამარცხებული და ამ მარცხის გემო მთელი ცხოვრება გამყვება”-ასე უხსნის მამას ლუსი თავისი გადაწყვეტილების  მიზეზს. 
    რაც შეეხება დევიდს,  ეს ტრაგედია აიძულებს მას გადახედოს თავის ცხოვრებას, არა იმიტომ, რომ შეიცვალოს (გამოსწორებას არ ვაპირებ, მინდა ის ვიყო, ვინც ვარ), არამედ შვილს გაუგოს, მისი ღირებულებებით ცხოვრება სცადოს. ცდილობს  საქმიანობაში დაეხმაროს ლუსის მეგობარ  ბევს, რადგან, ლუსის აზრით, ის  და მისი მსგავსი ადამიანები „მაგალითის მიმცემნი არიან“ ( გახდეს მისი „მეძაღლე“, მიუხედავად იმისა, რომ დანახვისთანავე ანტიპათიურად განეწყო, რადგან არ უყვარდა ქალურ მიმზიდველობას მოკლებულნი და  არც მისი  საქმიანობა ეხატებოდა გულზე. მისი აზრით, „ცხოველების დამცველნი გარკვეული ტიპის ქრისტიანების მსგავსად, მუდამ მხიარულნი და კეთილმოსურნენი, დაუძლეველ სურვილს უჩენენ ადამიანს,  ვინმე გააუპატიუროს, გაძარცვოს ან კატას მაინც ამოარტყას ფეხი“), რომელიც ცხოველების თავშესაფარს მეურვეობს, რათა „ადამიანური პრივილეგიების ნაწილი მაინც გაუნწილოს“ მათ.
    ავტორი დიდ ადგილს უთმობს უპატრონო ძაღლების თემას. რის თქმა უნდა ამით? რაღაც არის ალოგიკური და ანტიბუნებრივი ცხოველების დამცველთა საქმიანობაში: ბევის უყვარს ძაღლები და  რადგან „რომ მიუშვა , გამრავლდებოდნენ და გამრავლდებოდნენ, მთელ დედამიწას მოედებოდნენ“, ამიტომ, „რაკი არავინ მოინდომა, მან იკისრა უმტკივნეულოდ, ევტანაზიით დახოცოს ისინი, მოკლას ალერსით, რათა არ მოკლან სიძულვილით.. ბევის კლინიკა არ თუ ვერ კურნავს, საამისოდ მისი სამკურნალო შესაძლებლობები მეტისმეტად დილეტანტურია, მისი უმთავრესი დანიშნულებაა სიკვდილში დაეხმაროს, რადგან სწამს რომ მარტო სიკვდილისთვის არ არიან მზად არც ადამიანები და არც ცხოველები.დევიდს აწუხებს აზრი: არის კი ეს სიბრალული, თანაგრძნობა, ზრუნვა ძაღლების მიმართ?  არის კი რასაც ევროპულ ლიბერალიზმს უწოდებენ,  ლიბერალიზმი ? რომ ბევი, „ახალი ერას“ ქურუმი ქალი, მის ცრურწმენებს აყოლილი, „ მხსსნელი ანგელოზი კი არა, ეშმაკია, რომ მოჩვენებითი თანაგრძნობის მიღმა, ყასბის უხეში გული იმალება“. მაინც „მეძაღლეობს“, მიუხედავად იმისა, რომ ვერაფრით  ეჩვევა ამ საქმეს: „ რაც უფრო მეტ მკვლელობაში მონაწილეობს, მით უფრო ნერვიულობს“. დევიდს თანაგრძნობა სხვაგვარად ესმის, სინდისს იმით იმშვიდებს, რომ  ნებაყოფლობით კისრულობს  იყოს  „ძაღლების მეკუბოვე, მათი სულების გამცილებელი: თავად მიაქვს პარკებში მოთავსებული ლეში კრემატორიუმში და აცილებს საბოლოო გზაზე, ვინაიდან ფიქრობს, რომ „ცხოველების დაცვაზე, სოციალურ რეაბილიტაციაზე, ბაირონზეც კი, შეიძლება სხვებმაც იმუშაონ“, ერთადერთი ღირებული, რაც უპატრონო ძაღლებისთვის შეიძლება გააკეთოს, ესაა, იზრონოს „მათი ლეშის ღირსებაზე“, რაც შესაძლოა ძაღლებს არა, მაგრამ თავად მას სჭირდება, საკუთარი ღირსება რომ გადაარჩინოს „მეძაღლეობის“ საეჭვო კეთილმოსურნეობისგან.
  კუტზეეს შემოქმედებაში რაც განსაკუთრებულად გვხიბლავს, ესაა ის, რომ იგი გვევლინება იმ მორალური ღირებულებების ერთგულ დამცველად, ზოგადსაკაცობრიო იდეალებიდან რომ იღებს სათავეს და რაც  პოსტმოდერნიზმისა და ნეოლიბერალური ჰუმანიზმისთვის უკვე უცხო ხილადაა ქცეული. სხვაგვარად ესმის დევიდს თანაგრძნობა-თანალმობის საკითხიც,თავდაპირველად ცდილობს დაჰყვეს ლუსის ნებას და იცხოვროს მისი კანონების მიხედვით- იხდის ბოდიშს მელანის ოჯახის წინაშე იმ ტკივილისთვის, მან რომ მიაყენა „ვნების უფლების“ გამოყენებით, მუხლებზეც კი დაუჩოქებს მელანის დედას და დას, თუმცა, ამავე დროს,  ცდილობს ჩაიხშოს მელანის მიმართ ლტოლვა, მისმა პატარა დის დანახვამ რომ გაუღვიძა მტკივნეულად; ეხმარება ბევის ძაღლების ალერს-ალერსით ხოცვაში, შემდეგ წვება კიდეც  მასთან, როცა შენიშნა, რომ ქალს ამის სურვილი ჰქონდა. ერთი სიტყვით, შესაშურ კეთილგანწყობასა და შემწყნარებლობას იჩენს იმის მიმართ, რასაც აქამდე ვერ ეგუებოდა და რის კეთებაც მიუღებლად მიაჩნდა. მაგრამ ეს არ შველის მის სულს,  ვინაიდან კუტზეე კი არის თანალმობის, როგორც უმთავრესი ღირებულების მქადაგებელი, მაგარამ არა იმგვარის როგორსაც  ქადაგებს ჰიპურ-ნეოლიბერალისტური იდეოლოგია. მისი თანალმობა სიცოცხლის გაგრძელების სტუმულია და არა შემწე თანატოსისა. ის, როგორც ლუსი აღნიშნავს, მორალური დინოზავრია მათ სამყაროში.
    დევიდი იძულებულია ბედს დამორჩილდეს. რომანის დასარულს ვხედავთ მას, სასოწარკვეთილსა და განადგურებულს, ლუსის სიმშვიდეს რომ ხელი არ შეუშალოს, ნაქირავებ ბინაში გადადის, დღისით „მეძაღლეობს“ , საღამოს, მარტო რომ დარჩება, თავის ბანჯოს აახმიანებს ძაღლებით გარშემორტყმული  და  „ ტერეზასთვის შეთხზულ მუსიკას უკრავს....ბავშვები, როგორც შეშლილს შორიდან უთვალთვალებენ და ხითხითებენ. დევიდი ბოლოს მიხვდა მხოლოდ, რომ როცა ბაირონისა და ტერეზას სიყვარულზე ოპერის შექმნაზე ფიქრობდა,  ეროტიკა კი არ უხმობდა, ან ელეგიური საწყისი, „არამედ-კომიკური“. კომიკურ მდგომარეობაში არიან მისი გმირებიც (ტერეზას სიყვარულიგან თავგაბეზრებული ბაირონიც და ტერეზაც, ბაირონის დაკარგული სიყვარულიღა რომ აძლევს აზრს მის ერფეროვან, უაზრო ცხოვრებას) და თავადაც: „მართლაც შეშლილია“, როგორ უნდა აუხსნას...“დ“ რაიონის მცხოვრებლებს, თუ რით დაიმსახურეს ტერეზამ და მისმა საყვარელმა უკან, ამ უცხო სამყაროში, გამოხმობა“.
  განსხვავებულია მამისა და შვილის მსოფლმხედველობა, მაგრამ გადატანილმა ხიფათმა, დამცირებამ, შერცხვენამ ორივე ერთნაირად აპათიურ მდგომარეობამდე მიიყვანა, ორივე დატოვა საკუთრების, ადამიანური უფლებებისა და ღირსებების გარეშე.ხელჩაქნეულია მამა-დევიდი, რომელიც იტანჯება, რომ შემოუძღვა ამ სამყაროში შვილს, მაგრამ კარგი წინამძღოლობა ვერ გაუწია , ვერ დაიცვა იგი შერცხვენისა და დამცირებისგან, ამიტომაც „სიამოვნება, რომელსაც ცხოვრებისგან იღებდა, გაქრა, ...ის დასასრულისკენ მიექანება. ამას ნათლად ხედავს და სასოწარკვეთილებაში აგდებს...სხეულში სასიცოცხლო ძალა იშრიტება და მის ადგილს უიმედობა იჭერს....უიმედობა, რომელიც გაზს ჰგავს,  უფეროს, უგემოს, კვებითი თვისებების არ მქონეს.სუნთქავ ამ გაზს და კიდურები გიდუნდება,მაგრამ უკვე შენთვის ყველაფერი სულერთია“, მისთვის გამოსავალი არ არსებობს. ლუსიც მკვდარია სულიერად: „მე ის ადამიანი არ ვარ, ვისაც შენ იცნობ. მე მკვდარი ვარ და არ ვიცი, რას შეუძლია გამაცოცხლოს“, გადარჩენის ერთადერთ გზად მიაჩნია „თავი მოუხაროს ქარიშხალს“, იცხოვროს დიდი საფრთხის ქვეშ, განმეორებითი გაუპატიურების მოლოდინში.  რის თქმა უნდა ამით მწერალს?
ვფიქრობ, ამ რომანით კუტზეემ რამდენიმე წლით ადრე დაგვანახა ის კრიზისი , რომელშიც აღმოჩნდა ევროპულ-ამერიკული კულტურა, რომლის აღიარებაც ცოტა მოგვიანებით მოხდა. (ეს ის კულტურაა,რომელსაც ასე აქტიურად ეწინააღმდეგება დღეს ქართული ტრადიციული კულტურა). აი რას წერს  ჯორჯ მონბიო, ბრიტანელი მწერალი და პოლიტიკური აქტივისტი: იდეოლოგიას, რომელიც ჩვენს ცხოვრებაზე მბრძანებლობს, უმრავლესობისთვის სახელი არა აქვს. ახსენე იგი საუბრისას და დაინახავ, თუ როგორ აიჩეჩავენ მხრებს. გინდ შენს მსმენელს ცნება გაგებული ჰქონდეს, მისი განსაზღვრა გაუჭირდება. ნეოლიბერალიზმი — იცით რას ნიშნავს ეს? მისი ანონიმურობა მისივე ძალაუფლების სიმპტომიცაა და მიზეზიც. მას უთამაშია დიდი როლი კრიზისთა საუცხოო სახესხვაობაში, რომელთა შორისაა:    2007–2008 წლების ფინანსური კრახი, ქონებისა და ძალაუფლების ოფშორულ პერიფერიაში გადასროლა (რომლის მხოლოდ წამიერ კადრსაც გვთავაზობს Panama Papers-ი), საჯარო ჯანდაცვისა და განათლების ნელი კოლაფსი, ხელახლა გამოცოცხლებული ბავშვთა სიღარიბე, მარტოობის ეპიდემია, ეკოსისტემების კრახი, დონალდ ტრამპის აღმასვლა. მაგრამ, ჩვენ ამ კრიზისებზე ისეთი რეაქცია გვაქვს, თითქოს ისინი განცალკევებულად აღმოცენებულიყო; ამ დროს, წარმოდგენაც კი არა გვაქვს, რომ ყველა მათგანი წარმოშვა ან გაამძაფრა ერთი და იმავე თანმიმდევრულმა ფილოსოფიამ.  მას აქვს – ან, ჰქონდა – სახელი. განა რა უნდა იყოს უფრო მეტი ძალაუფლება, ვიდრე ანონიმურად მოქმედება? ნეოლიბერალიზმი იმდენად ყოვისლიმომცველი გახდა, რომ ჩვენ მას იშვიათად ვაღიარებთ, როგორც იდეოლოგიას. თითქოს ვეთანხმებით მტკიცებას, რომ ეს უტოპიური, მილენარიანული მრწამსი ნეიტრალურ ძალას აღნიშნავს; ერთგვარ ბიოლოგიურ კანონს, როგორიცაა დარვინის ევოლუციური თეორია. მაგრამ, ეს ფილოსოფია წარმოიშვა, როგორც შეგნებული მცდელობა ადამიანური ცხოვრების გარდასაქმნელად და ძალაუფლების წერტილების შესაცვლელად“.ავტორი იქვე დასძენს, რომ „შესაძლოა ნეოლიბერალიზმის ყველაზე საშიში ეფექტი მის მიერ გამოწვეული ეკონომიკური კრიზისები იმედენად არც იყოს, რამდენადაც პოლიტიკური კრიზისები.
  მამებისა და შვილების თაობები  პრობლემის მოგვარების გზას სხვადასხვაგვარად ხედავენ. მამას შემორჩენია კოლონიზატორ წინაპართა ამბიციები, ღირსების გრძნობა, დამნაშავის დასჯის პრეტენზია, ლუსი მზადაა სხვათა მიწაზე ცხოვრების უფლება დამცირებით მოიპოვოს- დათმოს მიწაც, ღირსებაც, გააჩინოს ამ მიწის ბავშვი, თუნდაც მოძალადისაგან. მიაჩნია, რომ მშვიდი ცხოვრების მოსაპოვებლად მოვალეა ყველაფერი თავიდან დაიწყოს, ნულიდან და არაფრიდან კი არა, არაფრით „რუკის, იარაღის, ქონების, უფლებებისა და ღირსების გარეშე... ძაღლივით“, რათა არაფერი აკავშირებდეს წინაპრებთან, რადგან სწორედ ეს მიაჩნია თეთრკანიანთა ამბიციების და ამავე დროს  მონობის ბალღამით სულმოწამლული შავკანიანების სულის საკურნებლად, მომავალში მათი  თანასწორუფლებიანი და მშვიდობიანი ურთიერთობის გარანტად. ლუსი საყვედურობს მამას, რომ მისი სურვილი, დაიცვას ქალიშვილი, კიდევ უფრო მეტ პრობლემებს უქმნის:        “ ყველაფერი მოგვარებული იყო, სანამ შენ მოხვიდოდი, ისევ მშვიდად ვცხოვრობდით, სანამ შენ დაბრუნდებოდი. მე სიმშვიდე მჭირდება, მზად ვარ მშვიდად ცხოვრებისთვის ყველაფერი გავაკეთო, ყოველგვარი მსხვერპლი გავიღო“. სასოწარკვეთილებისა და უმწეობის გამოხარტულებაა ლუსის ალოგიკური სურვილი: შეგიძლიათ გამაუპატიუროთ, მიწა წამართვათ, აბაზანაში შიშველს მიყუროთ, ყველაფერს მოვითმენ, ოღონდ მშვიდად ვიყო.
არის ეს რეალური გამოსავალი, თუ ისეთივე ჰიპური უტოპიის გაგრძელებაა, რომლის მიმდევარიც იყო ლუსი და რომლის გავლენითაც, როგორც ცნობილია,  ჩამოყალიბდა ევროპულ-ამერიკული ნეოლიბერალური დემოკრატიული კულტურა / „ამ (ჰიპურმა) მოძრაობებმა  ჩაუყარეს საფუძველი, ისეთი დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობას, როგორიც დღეს ამერიკასა თუ სხვა მრავალ ევროპულ ქვეყანაშია.ჰიპების მოძრაობის ერთ-ერთი შედეგია სექსუალური რევოლუცია,ალბათ XX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი მოვლენა. ასევე მათ მიაწერენ თანამედორვე საზოგადოების მეტ ტოლერანტულობას არატრადიციული სქესის წარმომადგენლეთა მიმართ, რასობრივი დისკრიმინაციის განელებას,  ეკოლოგიურ და ცხოველთა დაცვის მოძრაობებიც ჰიპების ერთ-ერთი საქმიანობის გაგრძელებას წარმოადგენს.“/ (https://mobymuse.wordpress.com/2012/10/22/ „xx ს ახალგაზრდული მოძრაობები“).
    მიუხედავად ამგვარი მსოფმხედველობითი განსხვავებულობისა, მამაც და შვილიც, ორივე ერთნაირად სასოწარკვეთილი და უიმედოა, კრიზისშია როგორც მამების, ისე შვილების კულტურაც. როგორც  ერთი რუსი კრიტიკოსი წერს, „ კუტზეეს „სირცხვილი“ ესაა ორმაგი სტანდარტების მქონე ევროპული“ზოგადსაკაცობრიო კულტურის“ კუბოში ჩაჭედებული მძიმე ლურსმანი“ /Двусмысленность пустыни“. О прозе Джона Максвелла Кутзее АЛЕКСАНДР БЕЗЗУБЦЕВ-КОНДАКОВ (14/01/2009).
  იგივე ავტორი წერს, რომ „თეთრმა რასამ წააგო ბრძოლა, რომელსაც აწარმოებდა „შავი კონტინენტისთვის“. კუტზეეს დაუცველ და გარიყულ ადამიანებში საკუთარ ბედს ხედავს თეთრი ადამიანი. თავად კუტზეემაც ხომ 21-ე საუკუნის დასაწყისში დატოვა აფრიკა.“„ ჩაგრულებმა დაიკავეს მჩაგვრელთა ადგილი.  აპარტეიდის სულიერი არსი (Духовную сущность) შეიძლება დავახასითოთ ნადიმ გარდიმერის სიტყვებით: „ მოაჩვენე თავი, რომ  არ გსურს ადამიანად ყოფნა. ახლა უკვე თეთრებისთვის დადგა დრო მოაჩვენოს თავი, რომ უარს ამბობენ მიიჩნიონ თავი  სრულფასოვან ადამიანებად“.
  თუ დევიდი-ტრადიციული მორალური საწყისების მქონე თეთრკანიანი  სასტიკად ისჯება, იმის გამო, რომ „ვნების, სიყვარულის  უფლებას“ ითხოვს ამ სამყაროსგან, კარგავს ყოველგვარ ადამიანურ უფლებებს,სამსახურს. სახელს, ღირსებას, შავკანიანი მოძალადეები დაუსჯელნი რჩებიან, თანაც სათავეს უდებენ ახალ სიცოცხლეს , რომელიც მოევლინება სამყაროს, როგორც ძალადობის, სიძულვილის და არა სიყვარულის  ნაყოფი. ცივილიზაცია, მორალით შებორკილი,  აგებს ბრძოლას ბუნებასთან, ველურ მამაკაცურობასთან, რომელიც იღებს იმას, რაც სურს. ნიცშეს ფილოსოფიის მიხედვითაც ხომ მორალურობა ასუსტებს ადამიანს და საზოგადოებას. მაგრამ კუტზეეს დამსახურებად უნდა მივიჩნიოთ ის, რომ მისი გმირები ყოველგვარი ყოყმანის გარეშე აკეთებენ არჩევანს მორალურობის სასარგებლოდ. ისინი სასოწარკვეთილნი არიან იმ დარტყმების გამო, რაც მათ ცხოვრებამ აგემა, მაგრამ ამის მიუხედავად, შენარჩუნებული მორალური ღირებულებებია ის ძალა, რომელმაც უნდა დააძლევინოს ეს სულიერი კრიზისი. ერთად ყოფნა, თანაგრძნობა , დარტყმების უდრტვინველად მიღება და არა ძალადობა, სამაგიეროს გადახდა, შურისძიება-ესა მათი ერთობლივი გადაწყვეტილება, თუმცა მკითხველში რომანი მაინც ტოვებს დაუცველობის, უიმედობის მწველ განცდას, რაც  გვიბიძგებს ერთად ვიფიქროთ, როგორ ვიპოვოთ გამოსავალი ამ ჩიხიდან, ამ კრიზისიდან.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები