ნაწარმოებები



ავტორი: ნიკო ლეჟავა
ჟანრი: დრამატურგია
10 ივლისი, 2019


ტელევიზიის სარდაფში (სატელევიზიო სპექტაკლი) სერია 5

(სატელევიზიო სპექტაკლი)
5 სერია


მოქმედი პირები:
ოსტატი            - ავეჯის ლოთი, თვითმარქვია რესტავრატორი;
შეგირდი        - ოსტატის შეგირდი, შრომისმოყვარე;
პავალი            - წითელარმიელი;
კანტროლკა    - შუასაუკუნეების დროინდელი ჯალათი;
და სხვები.



ოსტატი თავის სამუშაო მაგიდასთან ზის, თვალებს ნერვიულად აცეცებს. შეგირდი არ ჩანს. სახელოსნოს კუთხეში გრძელ სკამზე პაველი და კანტროლკა სხედან. პაველი უძინარია და თავი უვარდება; დაძაბულ სიჩუმეს, რომელიც იქ სუფევს, მალე მისი ხვრინვა არღვევს.
- გააჩუმე ეგ შენი მეგობარი!!!
- მე გავაჩუმო? - ჰკითხა კანტროლკამ.
- აბა, თვითონ ხომ არ გააჩუმებს თავის თავს?!!
კანტროლკა წამოდგა, ცული მოიმარჯვა და ის იყო პაველისთვის უნდა ჩაეცხო,  რომ ოსტატმა ყვირილით შეაჩერა.
- ეეე, გააფრინე?!!
- შენ არ მითხარი, გააჩუმეო!
- მერე, ეგრე ვინ აჩუმებს მხვრინავს?!
- როგორ აჩუმებენ მხვრინავს?
- როგორ და, სტვენით. - ოსტატმა პაველის ხვრინვას მსუბუქი სტვენა ააყოლა, - ახლა, შენ გააგრძელე!
კანტროლკა მოემზადა და პაველის მორიგ ამოხვრინვას ცულის პირზე არანაკლებ ბასრი სტვენა დასცხო; მძინარე შიშისგან სკამიდან გადმოვარდა.
- რა ხდება?! რა ხდება?! - სკამზე აფოფხდა.
- რა ხდება და, უნდა იფხიზლო! - მერე, მზერა შეგირდის ცარიელი მაგიდისკენ გადაიტანა, - რატომ აგვიანებს ეს თაგვი?!
- რომელი თაგვი? - პაველმა თვალების ფშვნეტით ჰკითხა.
- შეგირდი! თუ მისი დაგვიანება არაობიექტური მიზეზით იქნა განპირობებული, თაგვად გადავაქცევ!!!
- თაგვად გადააქცევ?
- ჰო, გადავაქცევ, შემიძლია ასეთი რამ!
- როგორ შეგიძლია?
- როგორც საჭიროა ისე!
- ხუმრობ?
- არ ვხუმრობ, ჯადოსნური სიტყვები ვიცი - ბაბა იაგამ მასწავლა!
- ვინ გასწავლა?
- ბაბა იაგამ!
- ეგ ვინა, ზღაპარში როა?
- სწორედ მაგან!
- ეს კაცი, აფრენს! - კანტროლკას გადაუჩურჩულა.
- აფრინოს და იყოს, რაში გვენაღვლება, მთავარია, ხელფასი მოგვცეს! - კანტროლკამაც ჩურჩულითვე უპასუხა.
- მოგვცემს, კი?
- თუ არ მოგვცემს, ხელფასთან ერთად, პრემიაც ძალით წავართვათ!
- მანდ რას ჩურჩულებთ, იცოდეთ, გასული დღე არ დამვიწყნია! - ოსტატი ფეხზე წამოდგა, ბოლთის ცემას მოჰყვა, - გაშრა ყელი... ერთ ჭიქა მინერალურ წყალს დავლევ! - თქვა და მაგიდასთან მივიდა, უჯრა გამოაღო და შეცდომით, არყიანი მინერალური წყლის ბოთლის ნაცვლად, არყიანი არყის ბოთლი ამოიღო, დაასხა და დალია.
- შეფ, ეგ მინერალური წყალი არ არის, არაყია!
ოსტატმა ბოთლის იარლიყს დახედა.
- ბოთლი არყისაა, მაგრამ შიგ მინერალური წყალი ასხია.
პაველს და „კანტროლკას“ გაეცინათ.
- რა არის აქ დაუჯერებელი - მინერალური წყლის ბოთლში თუ არაყი მისხია, რატომ არ შეიძლება არყის ბოთლში მინერალური წყალი მესხას? - ხელი ჩაიქნია და კიდევ ერთი ჭიქა დალია.
ამ დროს, სახელოსნოში სამხედრო მუზარადსა და ტყვიაგაუმტარ ჟილეტში გამოწყობილი შეგირდი შემოვიდა. მისმა ასეთმა უჩვეულო გარეგნობამ ოსტატი გააოცა:
- რა ხდება, ომი დაიწყო? - ჰკითხა.
- არ დაწყებულა.
- უნდა დაიწყოს?
- არ ვიცი.
- აა, გამოვიცანი - ჯარში გაგიწვიეს!
- არ გამიწვიეს.
- აბა, რა ჯანდაბა გჭირს, ჯარისკაცივით გამოწყობილი რომ გამომეცხადე?!
- ისე, უბრალოდ... - ჟილეტი ტანზე შეისწორა.
- თქვი, რა საიდუმლო გაქვს!
- არაფერი...
- თქვი, თორემ გავბრაზდი!
- მართლა არაფერი, უბრალოდ...
- ამოღერღე!
- თქვენი გაბრაზებისა მეშინია.
- სიმართლეს თუ მეტყვი, არ გავბრაზდები.
- უკვე გითხარით: თქვენი გაბრაზებისა მეშინია-მეთქი! ბრაზიანი კაცი ხართ, ვაი და ჩემგან რაიმე გეწყინოთ... ეს ფორმა იმისთვის ჩავიცვი, რომ თქვენი დამსჯელი ჯგუფისგან თავი დავიცვა!
- აა, გასაგებია, ტყვიამფრქვევი მაგ ჟილეტს ვერ ხვრეტს!
- ვერც მუზარადს!
- თავიც დაცული გქონია... - მიუახლოვდა და წკლიპურტი მუზარადში ჩასცხო, - კარგი, ვთქვათ და, პაველმა ვერაფერი დაგაკლო, კანტროლკას სადღა წაუხვალ - ყელი ხომ დაუცველი გაქვს! ასერომ, ჩემო კარგო, შენს თავდაცვით სამხედრო აღჭურვილობას გლადიატორის ფარი აკლია!
შეგირდმა თავი ჩაქინდრა. ოსტატმა გააგრძელა:
- ტყუილად გარჯილხარ, ტყვიამფრქვევი და ცული შენ არ გემუქრება. ერთადერთი რაც გემუქრება, ეს ზაზუნას გალიაა! ისიც, იმ შემთხვევაში, თუ თეთრ თაგვად გადაიქეცი. ხოლო, თუ რუხი თაგვი გახდი, შენი ბოლო, სათაგურია! - მრავლისმეტყველად ჩაახველა, - იმუშავე, იმუშავე... ოღონდ, „აბჯარი“ გაიხადე, მუშაობაში ხელს შეგიშლის.
შეგირდი დაემორჩილა ოსტატის ბრძანებას.
სახელოსნოში შემოვიდა შუა ხნის მანდილოსანი ქალი, ხელში მომცრო ზომის, ჟურნალის მაგიდა უჭირავს.
- გამარჯობა!
- გაგიმარჯოს!
- თქვენ ავეჯის რესტავრატორები ხართ, მგონი, სწორად მოგაგენით.
- დიახ, სწორად მოგვაგენით - ჩვენ ავეჯის უმაღლესი დონის რესტავრატორები ვართ(!), თორემ ისე, ვაირესტავრატორებით სავსეა ქალაქი...
- ჟურნალის მაგიდაზე შვილიშვილმა იოდი დამიქცია, ამოვწმინდე, მაგრამ ლაქა დარჩა. არ ვიცი, შესაძლოა არც ღირდეს ხელის ხლება, თქვენ როგორ მირჩევთ?
- ქალბატონო, რას ბრძანებთ, ამის ასე დატოვება როგორ იქნება - ნაკლიანი ავეჯი ოჯახში ნამსია!
- მართლა?
- ენდეთ ავეჯის ექსპერტის გამოცდილებას!
- კარგად გაკეთდება?
- იმაზე უკეთესად, ვიდრე თავიდან იყო! მართალია, დროში შეზღუდულნი ვართ - შეკვეთა შეკვეთაზე მოდის... სულ ახლახანს, კაიროს მუზეუმიდან ტუტან ჰამონის ნივთები სარესტავრაციოდ გამოგვიგზავნეს(!), მაგრამ თქვენ, რატომღაც, უარს ვერ გეტყვით!
- მადლობელი ვარ... რა დამიჯდება?
- სულ რაღაც ორასი დოლარი.
- მასში ოროცდაათი ლარი მაქვს გადახდილი.
- კარგი, ორმოცდაათი დოლარი იყოს.
- მე ოც ლარს ვვარაუდობდი.
- რას ბრძანებთ, ოცი ლარის მხოლოდ ლაქი დაიხარჯება. იქ კიდევ, „ბაიცის“ ხარჯი... ზუმფარაზე აღარაფერს ვამბობ. რაც არის, არის, ორმოცდაათ ლარად შეგირემონტებთ - ახალი გახსნილები ვართ და რადგან თქვენ ჩვენი პირველი „კლიენტი“ ხართ, ფასდაკლების ვაუჩერს ავამოქმედებთ.
- პირველი „კლიენტი“ როგორ ვარ, როცა შეკვეთა შეკვეთაზე მოგდით - კაიროს მუზეუმიდან ტუტან ჰამონის ნივთები მიგიღიათ შესაკეთებლად...
- დიახ, ასეც არის - ლუვრი რიგში დგას! მე, უბრალოდ, წვრილმანი შეკვეთები ვიგულისხმე.
- იცით, ვყოყმანობ, იქნებ, მაგიდის ასე დატოვება სჯობდეს, შეუმჩნეველი ლაქაა... ორმოცდაათ ლარად ახალ მაგიდას ვიყიდი.
- ქალბატონო, რად გინდათ ახალი, თუკი შესაძლებელია ძველი ახალზე უკეთესი გახდეს! გაიხსენეთ, თქვენთვის ეს მაგიდა რამდენ კეთილ მოგონებასთან არის დაკავშირებული, ჩათვალეთ, რომ ეს თქვენი თილისმანია!
- კარგი, დამიყოლიეთ... როდისთვის იქნება მზად?
- ხვალ, ამ დროს მობრძანდით.
- კეთილი.
ქალბატონმა წასვლა დააპირა.
- კარგი იქნება, თუ თანხას წინასწარ გადაიხდით!
- თანხა არ წამომიღია, ხვალ გადავიხდი.
- კარგი, უმაღლეს დონეზე რესტავრირებულ მაგიდას შეფუთულს ჩაგაბარებთ!
- შეფუთვა რა საჭიროა?
- ქალბატონო, მომსახურების სერვისი ასე მოითხოვს, მოგეხსენებათ, სამუზეუმო ექსპონატებთან გვაქვს საქმე!
- თქვენი იმედი მაქვს! - ერთი ნაბიჯი გასასვლელისკენ გადადგა, მაგრამ შეყოვნდა, ოსტატს მიუახლოვდა და ყურში ჩასჩურჩულა, - ესენი თქვენი თანამშრომლები არიან? - პაველსა და კანტროლკაზე მიუთითა.
- ესენი... მსახიობები არიან - ტელევიზიის წიაღში ვიმყოფებით...
- იცით, კიდევ რა მინდა გკითხოთ, ტუტან ჰამონი რა ნივთებს ხმარობდა?
- ნუ, როგორ გითხრათ, რაც ჩვენთან ჩამოიტანეს, ესენია: ხის კოვზი, (სხვათაშორის, მოზრდილი კოვზით ჰვარებია წვნიანის ჭამა), სკამი და რაღაც მუსიკალური ინსტრუმენტი.
- მუსიკალური ინსტრუმენტიც?
- ჰო, სტვირი.
- სტვირი?
- დიდი „ტაშ-ფანდურა“ ტიპი ყოფილა.
- რა საინტერესო პროფესია გაქვთ!
ის წავიდა.
- შეფ, მაგ ქალმა ხომ არაფერი გაწყენინა?! - ჰკითხა პაველმა.
- შესაძლოა, ხვალ მაწყენინოს!
- თუ რამეა, ჩვენ აქა ვართ, „დავამუშავებთ“!
- აი, შეგირდმა კი, მაწყენინა... მაგრამ მასთან, თვითონ გავასწორებ ანგარიშს! - შეგირდს მიუბრუნდა, - „მიშკა“, დაანებე თავი ტელევიზიის ავეჯს, არსად გაგექცევა, სერიოზული შეკვეთა შემოვიდა. ახლა გამოგცდი თუ რა ისწავლე ჩემგან მთელი ამ ხნის მანძილზე - ჟურნალის მაგიდის ზედაპირიდან, შენი ლამაზი თითებით, ეს პაწაწინა იოდის ლაქა ამომიფხიკე. ლაქს  თავად დავაფრქვევ.
- მარტო ეს ლაქა?
- აბა, მთელ მაგიდას ხომ არ გადავაცლით ლაქს?!
- როგორც თქვენ იტყვით, ისე მოვიქცევი. - შეგირდი საქმეს შეუდგა.
უეცრად, სახელოსნოში თავი შემოჰყო ვიღაც თმაგაჩეჩილმა ადამიანმა, რომელსაც ხელთ მიკროფონი ეპყრა და მხარზე ძველი ყაიდის მაგნიტოფონი გადაეკიდა.
- აქ ყოფილხართ, როგორც იქნა მოგაგენით! - წამოიძახა მან.
- ჩვენ, აუდიო-ვიდეო ტექნიკას არ ვარემონტებთ! - უთხრა ოსტატმა.
- რაიმეს გასარემონტებლად არ მოვსულვარ. ჟურნალისტი ვარ, ინტერვიუ უნდა ჩამოგართვათ: საზოგადოებას აინტერესებს, ბაბა იაგა თქვენ მართლა გესტუმრათ, თუ არა? და თუ გესტუმრათ, ანუ, თუ ის რეალური პიროვნებაა, რამდენი წლისაა, და კიდევ, მითხარით, უკვდავი კაშჩეი მისი საყვარელია თუ ერთმანეთთან მხოლოდ საქმიანი ურთიერთობა აკავშირებთ?
- მოქალაქე, დატოვეთ ტერიტორია! - მკაცრად მოუწოდა ოსტატმა.
- სანამ ინფორმაციას არ მოვიპოვებ, არსად არ წავალ!
- პაველ, კანტროლკა, ამ კაცმა გამაბრაზა - „დაამუშავეთ“!
პაველი და კანტროლკა ავისმომასწავებლად წამოიშალნენ. ჟურნალისტმა გააცნობიერა საფრთხე და იქაურობიდან გასხლტა.
- შეფ, გავეკიდოთ?
ოსტატმა ხელი ჩაიქნია.
- იცოცხლოს... - შეგირდს მიუბრუნდა, - „მიშკა“, როგორ მიდის დაზიანებული მაგიდის საქმე?
- ჯერ-ჯერობით კარგად, მაგრამ მერე რა იქნება, არ ვიცი.
- მერე რა იქნება, ეგ მე ვიცი!
- ზედაპირი ფერადი ლაქითაა დაფარული, არა მგონია, ლაქის ადგილობრივმა დასხურებამ უშველოს.
- როგორ, შენ მე მასწავლი, რა უშველის და რა, არა?!
- სწავლება ერთი წამითაც არ მიფიქრია, უბრალოდ...
- შენ, რაღაც, თავში აგივარდა! ისაო, ესაო, ტრაბახობდი უმაღლესი დავამთავრეო... უმაღლესი ისეთი მაქვს დამთავრებული, არც კი დაგესიზმრება - კემბრიჯი! აბა შენ თქვი, რა დაამთავრე?
- მე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დავამთავრე.
- ეგ ისა, გლდანში რომ არის?
- გლდანში არ არის, ვაკეშია.
- ვაკეში?
- ჰო, ვაკეში.
- იცი რას გეტყვი, ეგ შენი სასწავლებელი, მართალია, ვაკეშია, მაგრამ ის მაინც შორს არის კემბრიჯისგან; რუკას დახედე!
სახელოსნოში ახლა სხვა ჟურნალისტმა შემოჰყო თავი. სანამ შეკითხვას დასვამდა, ოსტატმა დაასწრო.
- ვიცი, ჟურნალისტი ხარ!
- დიახ, ჟურნალისტი ვარ! მაინტერესებს, თქვენი წითელარმიელი რომელი ომების მონაწილეა?
- დატოვე ტერიტორია!
პაველი და კანტროლკა, ამჯერად, ოსტატის მითითების გარეშე წამოიშალნენ. ჟურნალისტმა გაასწრო.
- უფროსო, ამ ადამიანის დადევნების უფლება მაინც მოგვეცი, გაჩვენებთ, რა შეგვიძლია! - ითხოვა კანტროლკამ.
- მოესწრებით... არ მინდა „საქმე“ ჟურნალისტით დავიწყო. სხვა თუ არაფერი, ტელევიზიის წიაღში ვიმყოფებით!
ოსტატი  მოჭუტული თვალებით შეგირდს მიუბრუნდა.
- ეი, შენ, თავი განათლებულ ადამიანად რომ მოგაქვს, ცოდნაში უნდა ჩაგჭრა! აბა, მითხარი, კუტუზოვის ბრძოლა რომელ წელს მოხდა?
- კუტუზოვის?
- ჰო, კუტუზოვის!
- თქვენ, ალბათ, ბოროდინოს ბრძოლას გულისხმობთ?
- ბოროდინოს? ჰო, ბოროდინოს! მაინტერესებდა, მიხვდებოდი თუ არა, რა ვიგულისხმე!
- ბოროდინოს ბრძოლა მოხდა... ათას...
- ორიათასში რომ არ იყო, ეგ მეც... - თითი ჯერ თავისკენ წაიღო, მერე პაველისა და კანტროლკასკენ გაიშვირა, - იმათაც იციან!
- ბოროდინოს ბრძოლა მოხდა ათას რვაას თორმეტ წელს.
ოსტატს ყბა ჩამოუვარდა.
- სწორია... ისე, უბრალოდ, გკითხე. - მერე თავისთვის ჩაილაპარაკა, - ნამდვილად მაგ წელს იქნებოდა, შენ ტყუილს არ იტყვი...
სახელოსნოში თავი შემოჰყო მესამე ჟურნალისტმა.
- ჟურნალისტი ვარ, ყველაფერი მაინტერესებს - ჯალათო, რამდენი ადამიანი გყავს სიცოცხლეს გამოსალმებული?
- ახლა ერთით მეტი ეყოლება!!! - მიაძახა ოსტატმა და მუშტი მაგიდას დასცხო.
ჟურნალისტი გაქრა.
- მე ვიცი, აქ კიდევ ბევრი დაუპატიჟებელი სტუმარი გვეწვევა. პაველ, ნაომარი კაცი ხარ, ეგება რამდენიმე ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმი გქონდეს შემონახული - დერეფანი დავნაღმოთ, რომ დაუპატიჟებელმა სტუმრებმა არ შეგვაწუხონ!
- ნაღმები არ მაქვს, ტრაფეი სათაგურები მაქვს, მტელი ტომარა.
- სათაგურები?
- ხო, სათაგურები, სხვადასხვა ზომის, დიდი, პატარა.
_ მოიტანე, დერეფანი სათაგურებით დავნაღმოვთ!
- ხვალ მოვიტან, დილით „ბარახოლკას“ ბაზარზე გავალ, გასაყიდად გადამყიდველთან მაქვს დატოვილი.
- კარგი, ხვალ იყოს. რაც გადამყიდველს უნდა მოეცა, იმ თანხას მე გადაგიხდი!
- მოვილაპარაკეთ.
ამასობაში შეგირდმა ჟურნალის მაგიდა ლაქის დასაფრქვევად შეამზადა.
- მზად არის! - თქვა მან.
- ჰოო, მომწონს, კარგად დაგიმუშავებია, მოამზადე „პულივიზატორი“.
შეგირდმა აპარატი მოამზადა. ოსტატმა ჩართო ის, მაგრამ რატომღაც, ლაქი არ გადმოიფრქვა.
- გაფუჭდა... არ აფრქვევს.
- შიგ ლაქი უნდა ჩაასხათ.
- ლაქი არ ასხია?
- არა.
- რატომ?
- ლაქს შეზავება უნდა, თქვენ ხომ ფერადი ლაქი უნდა იხმაროთ.
- შეზავებული ლაქი არ გვაქვს?
- გვაქვს, მაგრამ ის სხვა ფერის ავეჯისთვისაა განკუთვნილი.
- მოიტა, ჩაასხი - ამ ჟურნალის მაგიდას ხომ არ გადავყვები!
ლაქსაფრქვევის რეზერვუარი შეავსეს. ოსტატმა დასხურება დაიწყო, მაგრამ ლაქი დაზიანებულ ადგილზე ბევრად უფრო ფართო მონაკვეთზე გაიშალა და მუქ ლაქად დარჩა.
- ეე, გავერთე ლაპარაკში... კიდევ ერთხელ გადამიფხიკე მაგიდის ზედაპირი.
- ახლა უფრო დიდ მონაკვეთზე მომიწევს ლაქის გაფხეკა.
- გაფხიკე, რა გენაღვლება. ისე დარდობ, თითქოს შენი მაგიდა იყოს.
- როგორც თქვენ იტყვით...
შეგირდმა მაგიდას კიდევ ერთხელ გადააცალა ლაქი და ოსტატმა კიდევ ერთხელ გალაკა.
- აუჰ... ისევ გადასაფხეკი გახდა.
- ახლა უკვე მთელ ზედაპირზეა ლაქი მოსახსნელი.
- ყოჩაღ, გამოიცანი, შეუდექი საქმეს!
შეგირდი საქმეს მალე მორჩა. ოსტატმა ხელახლა მოიმარჯვა აპარატი, დაასხურა, მაგრამ ამჯერად, ლაქი აიჭრა.
- ოსტატო, ერთხელაც რომ გადავფხიკოთ ლაქი, ამ მაგიდისგან აღარაფერი დარჩება!
- დააცადე გაშრეს... და შეფუთე! - პაველსა და კანტროლკას მიუბრუნდა, - ხვალ, მაგიდის პატრონი რომ მოვა, თქვენი დახმარება დამჭირდება - დარწმუნებული ვარ, გამაბრაზებს!

მეხუთე სერიის დასასრული

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები