ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნიკო ლეჟავა
ჟანრი: დრამატურგია
23 ივლისი, 2019


ტელევიზიის სარდაფში (სატელევიზიო სპექტაკლი) სერია 7

(სატელევიზიო სპექტაკლი)
7 სერია


მოქმედი პირები:
ოსტატი            - ავეჯის ლოთი, თვითმარქვია რესტავრატორი;
შეგირდი        - ოსტატის შეგირდი, შრომისმოყვარე;
პაველი            - წითელარმიელი;
კანტროლკა    - შუასაუკუნეების დროინდელი ჯალათი;
და სხვები.


შეგირდი თავის სამუშაო მაგიდასთან დაზიანებულ სკამს ჩაჰკირკიტებს; პაველი და კანტროლკა გრძელ სკამზე ნებივრობენ - ერთი ნეკა თითზე წამოზრდილ ფრჩხილს აწვალებს, მეორე კი, თვლემს. აფორიაქებული ოსტატი ყვირილით შემორბის:
- რამდენი დარტყმული დადის ქალაქში - ავტობუსის გაჩერებაზე ერთი ხანში შესული, ჩია კაცი ამეკიდა, მეუბნება - გიცანიო! მე ვუთხარი, რომ ვიღაცაში ვეშლები! არ მეშლები, ვიცი ვინც ხარო! არა, ჩემო კარგო, ნამდვილად გეშლები, მე სულ სხვა ვინმე ვარ-მეთქი! შენ ისეთი იერი გაქვს, არავიში არ შემეშლებიო! ამოვიღე შავი სათვალე, დავიბნიე და უკვე, მკაცრი ტონით ვუარყავი საკუთარი თავი, მაგრამ რად გინდა... მომახალა: სათვალე კი არა, თუ გინდა აირწინაღი ჩამოიფხატე, მაინც გიცნობო! მივხვდი, რომ ამ კაცთან საკუთარი თავის უარყოფას აზრი არ ჰქონდა; სათვალე მოვიხსენი და რაც ძალი და ღონე მქონდა მოვკურცხლე იქიდან!
- ალბათ, თქვენი მივიწყებული ნაცნობი იყო. - უთხრა შეგირდმა.
- ნაცნობი არა, ისა... ეგეთები ეგრე იწყებენ - გიცანიო, შენ იყავიო! ისეთ რამეს დაგაბრალებენ, დარჩენილი ცხოვრების კატორღაზე გატარება მოგიწევს! ის, რაც გაჩერებაზე მოხდა, ამოცნობა იყო!
- რისი ამოცნობა?
- „რისი“ კი არა, „ვისი“ - როგორ გეტყობა პოლიციასთან საქმე რომ არ გქონია... ამოცნობაზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ ირგვლივ საეჭვო გარეგნობის ადამიანები ირეოდნენ! გარდა ამისა, ის გუშინდელი, „სათაგურებზე აფეთქებული“ ქალი, დათარსული ჟურნალის მაგიდა რომ მომიტანა სარესტავრაციოთ, ამ ბედოვლათების წყალობით, სახსალამათი დადის! - თითი პაველისა და კანტროლკასკენ გაიშვირა. - დარწმუნებული ვარ, პროკურორს უკვე მისცა ჩვენება!
- შეფ, ჩვენ რა შუაში ვართ? - საუბარში პაველი ჩაერთო, - შენ ხომ გვითხარი გააცილეოთო, და ჩვენც, გავაცილეთ; უნდა გეთქვა გასაგებად - „დაამუშავეთ“!
- სიტყვა „დამუშავება“ თავიდანვე არ მომეწონა - ადამიანთან გაქვთ საქმე, თუ ქვასთან?! ამიერიდან თქვენი საქმიანობის აღმნიშვნელი კოდური სახელი იქნება „გაცილება“!
- გაცილება?
- „გცილება“ იქ, საიდანაც არ ბრუნდებიან, და არა, სახლში, ან კიდევ სადღაც სხვაგან, გასაგებია?!
- გასაგებია, შეფ, რა არის მანდ გაუგებარი. - პაუზის შემდეგ დასძინა, - ხელფას როდის მოგვცემ?
- რა დროს ხელფასია?!
- გვჭირდება...
- ხელფასი... მალე იქნება.
- ხელფასის გარდა კიდევ ათი ლარი გაქვს მოსაცემი!
- რისი ათი ლარი?
- ეგ ქალი სახლში ჩვენ ტაქსით გავაცილეთ, მთვრალი იყო - შენი არაყით დათვრა! შოფერს ათი ლარი ჩემი ჯიბიდან მივეცი!
- ტაქსით კი არა, ავტობუსით გაუშვით!
- ვინ გითხრა, რომ ავტობუსით გავუშვით?!
- შენ თვითონ მითხარი!
- მეე? - დაეჭვებულმა პაველმა კანტროლკას გადახედა.
კანტროლკამ დასტურის ნიშად თავი დაუქნია, ჩვენი ნათქვამიაო. პაველი გაჩუმდა.
- რადგან თქვენ ის ქალი სხვა სახის „გაცილებით“ გააცილეთ, ანუ პირდაპირი მნიშვნელობით, ფული იქით გაქვთ ჩემზე გადასახდელი!
პაველმა ხელი ჩაიქნია. სიჩუმე, რომელმაც იქაურობა მოიცვა, მალე ოსტატმა დაარღვია; თითქოს თავისთვის, მაგრამ ყველას გასაგონად წამოიძახა:
- მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა მოიცვა! ვაჭრობა - აი, რა გადამარჩენს! მრეწველობის სფეროში წარმატებული მოღვაწეობის პარალელურად, ვაჭრობის მიმართულებითაც უნდა ვიღვაწო - დედაქალაქში რამდენიმე მსხვილ, ელიტარულ მაღიას ჩავდგავ! დაგასაქმებთ! ახალი თანამშრომლების აყვანაც მომიწევს... მაგრამ იმ კაპარჩხანა გოგოს, კაწია დამლაგებელზე გეუბნებით, ცრემლადაც რომ გასკდეს, ახლოს არ გავიკარებ!
გაჩუმდა და დოინჯშემოყრილი ბოლთისცემას მოჰყვა.
- ოსტატო, რა სახის საქონლით ივაჭრებთ, პროდუქტით, თუ საყოფაცხოვრებო ნივთებით? - ჰიკითხა შეგირდმა.
- ხარა-ხურა საქონლით დახლს არ შევბილწავ - ასორტიმენტში მხოლოდ ფუფუნების ნივთები მექნება!
- შეფ, მაგ საქმის დაწყებას ძალიან დიდი ფული უნდა! - უთხრა პაველმა.
- დაიხსომე, ყოველი დიდი საქმე პატარა საქმით იწყება! დასაწყისისთვის, სადმე, ერთ პატარა დახლს ჩავდგამ!
- უფროსო, ვაგზალზე დადექი, იქ ბევრი ხალხი დადის! - ურჩია კანტროლკამ.
- ვაგზალზე, არა ბაზარზე... დახლს აქვე, სახელოსნოში ჩავდგამ - მთავარია რას ყიდი, და არა, სად ყიდი! ის ანდაზა ხომ გაგიგიათ - „ნეხვი იყოს, თორე ბუზი ბაღდადიდანაც მოფრინდებაო!“
- მაგ ანდაზაში, ნეხვზე კი არა, თაფლზეა ლაპარაკი! - შეუსწორა შეგირდმა.
- ჰო, რა თქმა უნდა, თაფლზეა ლაპარაკი... მით უმეტეს, მე თაფლზე უფრო ბევრად ძვირადღირებული რაღაცებით ვივაჭრებ! - ჯიბიდან ამოიღო ოთხად დაკეცილი ცხვირსახოცი, - იცით, ეს რა არის?
- ცხვირსახოცია! - უთხრა კანტროლკამ.
- სწორია, ცხვირსახოცია, მაგრამ იცით, ვისი ნაქონია?
- ეგ ცხვირსახოცი ამ დილით მე დამეკარგა... - თქვა შეგირდმა.
- დერეფანში ამოგივარდა?
- ჰო, მგონი...
- ეს ის ცხვირსახოცი არაა, რომელიც შენ დაკარგე. ეს ცხვირსახოცი სოთბის აუქციონზე შევიძინე - ელვის პრესლის პირადი ნივთების კოლექციიდანაა! - იქ მყოფთ თავმომწონედ გადახედა, - რას იტყვით?!
- მე არ ვიყიდი... - უთხრა პაველმა.
- რატომ?
- ფული არ მაქვს!
ოსტატმა ნიშნისმოგებით განაგრძო:
- ავეჯის სარესტავრაციოდ შემოსულ პირველსავე ბობოლა კლიენტს მივასაღებ! მყიდველი რომ არ დაბრკოლდეს, საჭიროა ცხვირსახოცის „ლორწოთი“ დასვრა, რადგან, ასეთ ქათქათა მდგომარეობაში მყოფი ცხვირსახოცი დახლიდან ახლად გადმოღებულს ჰგავს.
- ჟღვლინტიანი ცხვირსახოცი გაიყიდება?! - დამცინავად ჰკითხა კანტროლკამ.
- ეს ჟღვლინტი კი არა, ელვის პრესლის „ფიზიოლოგიური ლორწო“ იქნება!
დუმილი, რომელიც ჩამოვარდა, გარკვეული ხნის შემდეგ, ისევ ოსტატმა დაარღვია:
- პაველ, უფლებას გაძლევ, ამ უნიკალური ცხვირსახოცით ღრმად მოიხოცო ცხვირი!
- მე რატომ?!
- იმიტომ, რომ შენ დიდი ცხვირი გაქვს!
- ჩემი ჟგვლინტი ვის რათ უნდა?
- ვის ეცოდინება, რომ ეს შენი ჟღვლინტია და არა ელვის პრესლის „ფიზიოლოგიური ლორწო“? რა ვქნათ, ასე მოხდა - ვარსკვლავს არ დასცალდა ამ ცხვირსახოცით ცხვირის მოხოცვა... მთავარია, რომ ცხვირსახოცი ნამდვილად მისია. მყიდველი ბედნიერი იქნება იმ ფაქტით, რომ მას ლორწოთი გაჟღენთილი ცხვირსახოცი ხვდა წილად და ვიღაც სხვას, სუფთა!
- მოვიხოცავ, ჩემგან რა მიდის...
ისე ძლიერ მოიხოცა ცხვირი, იქაურობა შეზანზარდა. ოსტატმა სახელოსნოს კუთხეში პატარა დახლი მოაწყო, შიგ აღნიშნული ცხვირსახოცი ჩადო და შუშა გადააფარა.
- მზად არის. ახლა, კლიენტიღა მინდა... და ავშენდები!
შეგირდს გაეღიმა.
- რა არის, რა ირონიულად ჩაიცინე?!
- არა, რას ბრძანებთ, რა ირონია... უბრალოდ, გავიფიქრე, რომ დახლზე თავისუფალი ადგილი დაგრჩათ - გასაყიდი საქონლის ასორტიმენტი შეგიძლიათ გაზარდოთ.
- დავამატო რაიმე?
- შეგიძლიათ.
- ხანდახან რაღაც ჭკვიანურსაც იტყვი ხოლმე... დახლზე, ელვის პრესლის ცხვირსახოცს ლუი არმსტრონგის ნაცვამი ნასკი შეემატება!
- „ნასკი“ არასწორი გამონათქვამია, ქართულად მას წინდა ეწოდება! - შეუსწორა შეგირდმა.
- რა მნიშვნელობა აქვს რა ეწოდება, „ნასკი“ თუ „წინდა“? მთავარია, ეს ნასკია თუ წინდა ნამდვილად ლუი არმსტრონგის ნაქონი იყოს! პაველ, გაიხადე წინდა...
- რატომ სულ მე?!
- ახალს გიყიდი!
- მართლა?
- მართლა!
პაველმა ფეხსაცმლის ზონარის შეხსნა დაიწყო.
- ოსტატო, იქნებ სჯობდეს პაველმა თავისი გარდერობიდან უხმარი წინდა მოიტანოს? - უთხრა შეგირდმა.
- უხმარი იაფად გაიყიდება...
შეგირდი ოსტატს მიუახლოვდა და ყურში რაღაც ჩასჩურჩულა. ოსტატმა ხელი ცხვირზე წაიჭირა და წამოიძახა:
- პაველ, შეიკარი ზონარი - წინდა ხვალ დილით დაგვჭირდება, შენი გარდერობიდან ერთი ნახმარი, ოღონდ, გარეცხილი წინდა მოგვიტანე!
- კარგი... - თავი დაუქნია პაველმა და ისევ ხელფასზე გაუბა ლაპარაკი, - უფროსო, ჩვენი ბოინის საქმე ცუდად წავიდა - კლიენტი არ გვყავს, ფული სულ გამოგველია.
- ხელფასი მალე იქნება, ხომ იცით, მეც კლიენტებზე ვარ დამოკიდებული - მსოფლიოში ეკონომიკური კრიზისი მძვინვარებს! რა დასამალია და, საამქროს ადგილმდებარეობა არ უვარგა, ჯურღმულში ვიმყოფებით. ბაბა იაგა, რომ ბაბა იაგაა, რომელსაც ჯადოსნური სარკე აქვს, რაც ჯიპიესზე მეტია, იმანაც კი ძლივს მოგვაგნო და რიგითი კლიენტი როგორღა გვიპოვის?! ტელევიზიის ხელმძღვანელობას სხვა ფართი უნდა გამოვთხოვო, სადმე უმოქმედო სტუდია ექნებათ; დაგვითმონ, სახელოსნოს მოვაწყობ, იქ დახლსაც საკადრის ჩავდგავ... ავშენდებით! სულ რაღაც ერთი სართულით ზემოთ რომ აგვიყვანონ, აი აქვე, ჩვენს თავზე! - ორივე ხელი ჭერისკენ აღმართა.
- ჩვენს თავზე, ერთი სართულით ზევით, თუ აგვიყვანეს, ქუჩაში აღმოვჩნდებით! - უთხრა შეგირდმა.
- რას გულისხმობ?! - მკაცრი ტონით ჰკითხა.
- იმას ვგულისხმობ, რომ ზუსტად ჩვენს თავზე ტელევიზიის წინ მდებარე მოედანია.
ოსტატმა კეფა მოიქექა...
- ესე იგი, შენ ამტკიცებ, რომ „ტელევიზიის სარდაფი“ უფრო ვრცელია, ვიდრე მისი მიწისზედა ნაგებობა?
- დიახ, ასეა.
- ვა, ნახე, ტელევიზიას რა შორს გაუდგამს ფესვები...
სახელოსნოში შემოვიდა ტელევიზიის თანამშრომელი.
- გამარჯობა!
- გაგიმარჯოს! - გაიკვირვა ოსტატმა მისი გამოჩენა. - რაღაც დაგვივიწყეთ, არ გვაწუხებთ, ნუთუ, ამხელა ტელევიზიაში სარესტავრაციო ავეჯი გამოილია?
- რაც თქვენს მიერ გადაბირებული დამლაგებელი დავითხოვეთ, სარესტავრაციო ავეჯი, მართლაც გამოილია!
ოსტატს ცივმა ოფლმა დაასხა.
- რომელი დამლაგებელი?
- ის, ვინც წებოვანი ლენტების მეშვეობით, ავეჯზე დაზიანების იმიტაციას ქმნიდა!
- თქვენ ყველაფერი იცით?
- ჩვენ ყველაფერი ვიცით!
- ვინ გამცა, შეგირდმა?
- მან არა. აი იქ, კუთხეში, დაუკვირდით, ვიდეოკამერაა დამონტაჟებული.
ოსტატმა ვიდეოკამერა პირველად შეამჩნია.
- ტელევიზიაში სარდაფსაც კი ყურები და თვალები ჰქონია...
- ეს ჩვეულებრივი ამბავია. უსაფრთხოების მიზნით, ასეთი კამერები ტელევიზიის ნებისმიერ კუთხე-კუნჭულშია დამონტაჟებული.
- საპირფარეშოშიც?
- საპირფარეშოს გარდა.
- ჩემი საქმე პროკურატურაში უკვე გადაგზავნეთ? - თავდახრილმა იკითხა.
- თქვენი საქმე პროკურატურაში არ გადაგვიგზავნია. არც ვაპირებთ სადმე გადაგზავნას.
- აბა, რას მიპირებთ?
- დასაწყისისთვის, კვირაში ერთხელ ერთი საათით ეთერში გასასვლელად დრო გამოგიყავით - ტელემაყურებლის წინაშე წარსდგებით.
- რაა?!
- რა და, დღეიდან ეთერში ოფიციალურად, ფარული კამერის გარეშე გახვალთ!
ოსტატს ენა დაება, დანარჩენებიც გაშრნენ; ტელევიზიის თანამშრომელმა განაგრძო:
- თქვენი „ისტორია“ იმდენად საინტერესოდ გვეჩვენა, რომ გარკვეულ ეპიზოდებს ტელემაყურებელს მონტაჟის გარეშე ვაწვდიდით, და რადგან სიუჟეტმა დიდი მოწონება დაიმსახურა, ტელევიზიის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, საეთერო დრო გამოგეყოთ. ასე რომ, ამიერიდან, კოლეგები ვართ!
- მე... ტელევიზორში გამოვჩნდები?! - ამოილუღლუღა ოსტატმა.
- უკვე კარგა ხანია ჩანხართ, მთელი ქვეყანა გიცნობთ!
- მთელი ქვეყანა მიცნობს?!
- მთელი თუ არა, დიდი ნაწილი მაინც; ზოგს არ აქვს ტელევიზორი...
ოსტატმა გააცნობიერა რა ვითარება, გაიბღინძა.
- რას ვერჩოდი იმ ხანში შესულ, ჩია მამაკაცს ამ დილით ქუჩაში რომ ამეკიდა - გიცანიო! თურმე, მართლა ვცნობივარ... ეთქვა, რომ ჩემგან ავტოგრაფი უნდოდა!
- მე ვიცოდი, რომ ეგ ამოცნობა არ იყო; ამოცნობის დროს ყველაფერი სხვანაირად არის. - დასძინა პაველმა.
- სხვანაირად არის... - ირონიით გამოაჯავრა, - მაინც როგორ არის, იქნება გვითხრა?!
- როგორ არის და, ვერ გაიქცეოდი!
ოსტატმა ხელი ჩაიქნია... ისევ ტელევიზიის თანამშრომელს მიუბრუნდა.
- პატივცემულო კოლეგა, ერთი რამ მინდა გკითხოთ: აქ რომ პირველ დღეს ბაბა იაგა გვეწვია, ნამდვილი იყო თუ თქვენ გამოგზავნეთ?
- ჩვენ არავინ არ გამოგვიგზავნია, პრინციპულად არ ვერეოდით თქვენს საქმეში!
- ესე იგი, ბაბა იაგა ნამდვილი იყო და ადამიანის თაგვად გადაქცევა მართლა შემიძლია!!!
- შესაძლოა, ბაბა იაგამ ჯადოსნური სიტყვები არასწორად ჩაგაწერინათ. - უთხრა შეგირდმა.
- არასწორად არა, ისა... ვიცი, შენ რაც გადარდებს - ჭკუით იყავი თორე გამომტყუებ ექსპერიმენტს, რომელიც გამოააშკარავებს, გამაცურა თუ არა ბაბა იაგამ!
- რა ხდება, რის გამო ბრაზობთ? - ჰკითხა ტელევიზიის თანამშრომელმა.
- არაფერი, შეგირდთან ძველი ანგარიში მაქვს გასასწორებელი...
- ხომ არ ნერვიულობთ, ასე მოულოდნელად პროფესიის შეცვლა რომ გიწევთ - რესტავრატორობიდან ჟურნალისტობამდე?
- არა, რას ბრძანებთ - ჟურნალისტობა ჩემი მოწოდებაა!
- ეს იგრძნობა...
- ამათ რა ეშველებათ? - შეგირდზე, პაველსა და კანტროლკაზე ჰკითხა.
- ჩვენ თქვენი სამუშაო ჯგუფი სრული შემადგენლობით შევინარჩუნეთ.
- როგორ, ამ ტყვიამფრქვევიან წითელარმიელს და ცულიან ჯალათსაც იტოვებთ?!
- ვიტოვებთ, ოღონდ, ისინი უშტატო თანამშრომლები იქნებიან.
- ეგ რას ნიშნავს?
- რას და, თუ „რაიმე“ მოხდა, ჩვენ მათ არ ვიცნობთ, და რაღა თქმა უნდა, არც მათი საქმიანობის შესახებ გვსმენია რაიმე!
- აა, გასაგებია - თუ საქმე საქმეზე მიდგა, ამათ არც მე ვიცნობ...
- ჟანა დამლაგებლის პერსონაჟიც შევინარჩუნეთ გუნდში.
- ჯანა?! - სიტყვა ყელში გაეჩხირა ოსტატს, - მაგას... მაგან... ჯანას ავეჯის რესტავრაცია არ ეხერხება!
- ავეჯის რესტავრაცია არც თქვენ გეხერხებათ! მაგრამ რა შუაშია ავეჯის რესტავრაცია? იქ, ზევით, თქვენ და თქვენმა ჯგუფმა სატელევიზიო გადაცემები უნდა აკეთოთ, და არა, ავეჯი!
- გასაგებია...
- ხვალ, კადრების განყოფილებაში პირადობის მოწმობითა და ორ-ორი ფოტოსურათით მობრძანდით.
- სურათის ზომა 3X4-ზე უნდა იყოს? - ჰკითხა პაველმა.
- ჰო, 3X4-ზე იყოს.
- „ბუდიონის“ დროინდელი სტანდარტია...
- უფროსო, სურათის გადაღების დროს, ტომარა მოვიხსნა თუ ტომრიანად გადავიღო? _ ჰკითხა კანტროლკამ.
- ქალაქში როგორ დაიარებით, ტომარაჩამომხობილი თუ უტომროდ?
- ტომარაჩამომხობილი დავდივარ.
- ასეთ შემთხვევაში, სურათში ტომარა აუცილებელია.
- გასაგებია!

მეშვიდე სერიის დასასრული.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს