ნაწარმოებები



ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
24 ივლისი, 2019


აქა ამბავი წმინდა გულუბრყვილობისა

ნინო დარბაისელი

აქა ამბავი წმინდა გულუბრყვილობისა
- - -
(ეტიუდი ქ. ე.-ს)

იქ, მოედანზე მოზიდეს შეშა,
რომ  ცეცხლზე კაცი დაეწვათ დიდი.
ბრბო თავმოყრილი რამ გაავეშა,
ყვიროდა ვიღაც: “დაანთე, მიდი!
უნდა აღსრულდეს ეს განაჩენი,
უფლის სახელით დაიწვას უნდა,
ის, ვინც გაწირა სხვა დანარჩენი
და ჩვენი რწმენის შერყევა სურდა!”
...მაგრამ ის შეშა გამოდგა სველი,
ვერავინ ალი ვერ მიაკარა,
თუმც დამდგარიყო უკვე  შუადღე
და აცხუნებდა ხალხს  მზე თაკარა.
დაასკვნა მეფემ:- ღმერთი ჰყავს მცველი,
ამ  განსაცდელში გამოატარა,
ცეცხლის ანთებას მე აღარც ველი,
შევცვლი განაჩენს”- , დაამატა, რა,
...არა - ჯალათი ანდა მძარცველი,
გამოცუხცუხდა ქალი პატარა,
სადღაც ნაპოვნი ფიჩხის ღერები
შეშას შეუნთო, ალმა იალა,
შეკიდებულით განახელები
ქალმა კოცონი ააბრიალა
და სიხარულით ანამღერები
გაუცისკროვნდა სული კრიალა. გამობრძმედილი ზიზღში, რისხვაში
მოსეირეთა შეცბა ყრილობა.
აღმოხდა კვნესად იან ჰუსს მაშინ:
“ო, შენ, წმინდაო გულუბრყვილობავ!”

დე, სიბრძნეებმა კარგონ იერი,
დაიმახსოვრე ეს გაკვეთილი,
ზოგჯერ ბრიყვდება თვით გონიერი
და ბოროტებას სჩადის კეთილი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები