ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: წერტილი.
ჟანრი: პოეზია
27 ივლისი, 2019


მე ვარ შენ!

მე ვიცი რომ ჩემმა გონებამ სამყარო ორად გახლიჩა.
იგლიჯება და ნაწევრდება ყველაფერი ჩემს გარშემო,
მე კი დაუსრულებლად ვაწებებ ერთმანეთს -
თეთრსა და შავს,
სიკეთესა და ბოროტებას,
სიყვარულსა და სიძულვილს.

ზოგჯერ,
ხდება ხოლმე,
როცა მე შუა წერტილზე ვდგები და
აღარ ვაკეთებ არჩევანს.
დედამიწას ჩვილივით ვყავარ მის სიღრმეში ჩაკრული და უბრალოდ მარწევს .

გითხარი რომ ჩემი თვალები აგირეკლავდნენ და
მათში შეგიძლია იპოვნო ვინ ხარ.

ჩვენ ვერ შევძლებთ ერთმანეთის გაცნობას ,
მაგრამ შეგვიძლია ერთმანეთში საკუთარი თავები აღმოვაჩინოთ.

დამანახე ვინ ვარ
თვალები ფართოდ გაახილე რომ მასში ჩავიხედო.
შენი სახე სარკესავით ხელებში მოვიქციე და მასში ვიყურები.

მე ვიგრძენი რომ არ არსებობდა საზღვრები ჩვენს შორის და ვთქვი
-
ჩვენ ერთნი ვართ.
მომინდა რომ
ჩვენი სხეულების გაერთიანებაც მეგრძნო.
თითის გაწვდენაზე , ერთ სანტიმეტრში ხარ.
ჩემს სუნთქვას შეუძლია შენი კანი გაათბოს,
ან სული შეგიბერო და გაგყინო.

შენ თქვი რომ მანძილები დროში იკარგებიან და ჩვენ
ვერასდროს ვიპოვნით იმას ,
რასაც ვეძებთ.

მერე მთელი ღამე ძილში,
ყოფიერების საიდუმლო გესიზმრებოდა.

მე ისევ შენს სიზმრებს ვუდარაჯე.

მე ვერ შევძელი რომ დაგენახე,
მაგრამ
როცა მიდიოდი ჩემგან,
შენ შენი თავი გეჭირა ხელში და
ჩვილივით არწევდი.

ჯერ პატარაა.
მოუფრთხილდი-
მოგაძახე.

შენს თავში შენი მე -
პატარა ნერგივით ამოიზარდა,
წყალს ვუსხამ ხოლმე ყოველ დილა საღამოს,
შენც მომრწყე ,
ხომ ხედავ ვხმები?!
....

ალბათ ახლა ხვდები
რატომ ვერ უყურებენ ადამიანები თვალებში ერთმანეთს.

მე მინდოდა მთელი ღამე
ჩემს წინ მჯდარიყავი და
უბრალოდ
გვეყურებინა ერთმანეთისთვის თვალებში.
ჩვენ ერთმანეთს ავირეკლავთ დაუსრულებლად და მე შენ გეტყვი რომ
ღმერთის კიარა,
ჩემი ქმნილება ხარ.

ხელს დაიწვავ თუკი ცეცხლთან თამაშს არ შეწყვეტ-
თქვი და ჩემი დამწვარი ხელი ჩაიხუტე.

დღეს ისევ ამილოკავ ჭრილობებს და
ერთად დავითვლით ჩემს სხეულზე ჩაბეჭდილ ცოდვებს.

სამყარო ისევ ორად იხლიჩება,
მაგრამ
ჩვენ შეგვიძლია სიკვდილის ბოლო დღემდე ვეძებოთ დაკარგული ნაწილები და
შევაკავშიროთ.
ამას ვერავინ წაგვამრთმევს,
ვერავინ დაგვიშლის.

დამსხვრეულს ვერ გაამთელებ, მაგრამ
ნამსხვრევების ერთად მოგროვება მაინც შეგვიძლია.
თუნდაც ნამსვხვრევებმა ისევ დამისეროს ხელის გულები,
მე მას მაინც მოვიტან შენამდე.

მითხარი სიტყვები,
რომლებიც ჩემში არსებულ სიცარიელეს პირს ამოუკერავს და
იქიდან პატარა კაცუნები აღარ ამოძვრებიან და
ყალბ მეებად აღარ იქცევიან.

ნუ დამცინით!

ჩემს ქვეცნობიერში როცა ბანაობდი,
რამდენი კვანძი გამოხსენი?

მე კიდევ ერთი მიზეზ-შედეგობრივი კავშირი აღმოვაჩინე და
შენს პიროვნებას კიდევ ერთხელ ჩამოვახიე ყალბი საფარი.
მერე შენი ნამდვილი მე დავხატე და შენკენ მოვაბრუნე სურათი,
შენ ინტერესით უყურებდი შენს თავს და გიკვირდა
რატომ გამოვიყენე ამდენი წითელი ფერი თვალებში.

ნახე - რა ყოფილა - შენს იქით - შენს მიღმა.
მანახე რა არის - ჩემს იქით - ჩემს მიღმა.

როცა შენს თავს ვეღარ დაიტევ,
თვალებზე ხელებს დაგაფარებ,
რომ სიჩუმეში გარინდულებმა
უბრალოდ შევძლოთ
დანაწევრებულ ნაწილებად ისე ყოფნა ,
ეს ორი ნაწილი თუარ გაერთიანდება 
ახლოს მაინც იყოს ერთმანეთთან.

სამყაროში ვისაც რაიმეს შეცვლა უნდა ,
კენწეროდან ხტება თავით.

ხის ტოტზე შემომჯდარი ჩიტივით,
სივრცეს გაჰყურებ და იცი
ტოტის ოდნავ შერხევაც კი
ბალანსშია სამყაროსთან,
ამიტომაც გარინდებული უბრალოდ იმას აკვირდები
ქარი რომელი მიმართულებით წავა , რომ შენც მას მიჰყვე.

ყველაზე რთული ქმედება კიარა - უმოქმედობაა.
ყველაზე რთული ცვლილება კიარა - მიმღებლობაა.

ცვლილება კი, გითხარი რომ
ეს ის დაბრკოლებაა
ადამიანს ნეშომპალად რომ აქცევს.

წარმოიდგინე რომ რასაც ხედავ,
ყველაფერი შენ ხარ და
იგრძნობ
რომ ზოგჯერ წარმოსახვა უფრო რეალურია ,
ვიდრე ნებისმიერი მატერიალური გამოვლინება.

უბრალოდ ჩემს გვერდით შეგიძლია
იწვე
და ცას უყურო.
ასე უფრო მარტივია საკუთარი ყოფიერების შესრუტვა.

ჩვენ ყოველ ღამე ასე ვლოცულობდით ერთმანეთის წინაშე,
\\\'ჩემივე თავო
სხვაში ნაპოვნო
ჩემივე სულო
არ შეწყვიტო ძიება ჩემში,
არ დაფარო ის რასაც დაინახავ და
რაც არუნდა რთული იყოს ,
კიდევ ძირიძირობამდე ამოგლიჯე ჩემი არსებიდან
ყალბ მეთა მრავალგვარობა.
სანამ მე შენში ჩემი თავის ძიებას არ შევწყვეტ,
მანამდე იარსებებს ღმერთი.\\\'

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები