ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
30 ივლისი, 2019


პირადობა და სხვა...

აღრენილი ქუჩები, დაღვრემილი ამინდი,
ისევ რაღაც ამბები, თუმცა, არა საშენო!
უბნის ინსპექტორივით დრო ოთახში დამიდის,
და მოითხოვს ჩემგან, რომ პირადობა ვაჩვენო...
არაფერი პირადი, მხოლოდ გადაგამოწმებს,
ჭერქვეშ ცხოვრობ, თუ სადღაც, ჭერზე მაღლა დაფრინავ.
მთავარია ოცნება ხმამაღლა არ წამოგცდეს,
თორემ შეიკერები შავად თეთრი ძაფიდან...
ბრუტალური არ გიყვარს, უფრო მოგწონს მურტალი,
ისე, სიტყვის მასალად წამოგცდება როდესაც...
რასაც ფიქრობ, ადექი, ამ დროს პირში უთხარი,
შენი მისამართით თუ გადაკრული მოგესმა...
დაჭერილი წამია იქნებ წუთისოფელი,
სულისათვის სამხნეო, ბოლო წუთის საგზალიც...
პირადობით ჯიბეში, ყოფის ჯერვერმფლობელი,
ზედამხედველ ბედთან გსურს როგორმე რომ დაზავდე...
საჭიროა „პირადი“ ინახულო პირადად,
შენი ხელი მოაკლდა, იქნებ, თვალიც, გულიც და...
საკუთარი თავისთვის მხოლოდ შაბათ-კვირა გაქვს,
აქ განცდამ საყვედური რა ჩუმად იგულისხმა...
არ გინდა შენს ცხოვრებას ერთხელ გვერდზე მიუჯდე,
ისე, როგორც დიდი ხნის მოუკითხავ მეგობარს?
გაიხედე ქუჩაში, იღებს კინო სიუჟეტს
ის დრო, შენ რომ შეცდომით ინსპექტორი გეგონა...
30.07.19

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები