ნაწარმოებები



ავტორი: კონსტანტინე იამანიძე
ჟანრი: პოეზია
6 აგვისტო, 2019


ჰანა



მე მოვწევ
ძვირფასო,
შენ ტანზე ჩაიცვი.
დილაა,
მზის შუქი სხეულზე გეღვრება.
შენ მკერდთან დაყრილი ხალები გამშვენებს,
მე თავი მტკივა და
წუხილი მერევა.

მგონია,
უთუოდ ვიღაცა შეგვნიშნავს.
აკრიფე საწოლზე მიყრილი ნივთები:
სარკე,
ტუჩსაცხი
კაბა
და ფანქრები,
კიბეებს გაყევი.
კარს ვაღებ,
- მშვიდობით.

ვეწევი
ძვირფასო,
ფანჯრიდან გიყურებ.
ამაყად მიდიხარ,
გგონია დროებით.
მე ფრჩხილებს ვიჭამ და
მგონია გაგიშვი,
შენ გზას კვეთ,
ჩერდები,
ფიქრობ
და იღიმი.

რამხელა სევდა გაქვს
წასვლაშიც ძვირფასო.
კარს ვხურავ,
ვიხდი
და საწოლში ვეშვები.
შენს მკერდთან
დაცვენილ ხალებზე ვოცნებობ.
მომინდი.
კარს ვაღებ,
-გიყურებ.
-მეხვევი.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები