ნაწარმოებები



ავტორი: ბევრჯერ ჩამოსული
ჟანრი: პროზა
15 აგვისტო, 2019


  ჩამოტვირთვა

ტიბეტის მისადგომებთან. ახალი ნიუ-იორკი

ვოზენსმა გამაგრილებელი სასმელების ავტომატს მიაშურა და ქართული ბორჯომის მომცრო, შუშის ბოთლი შეუკვეთა „სმარტ ავტომატს“, რომელმაც კოდის აკრეფისთანავე ჩამოაგორა მყიდველისთვის განკუთვნილი საქონელი.  „ო-ჰო, ესეც  ნაქები „ბორჯომის“ წყალი... თანაც ბორჯომიდან სულ ოცდაათიოდე კილომეტრში ვარ... ნეტავ ისეთივე მომლაშო გემო აქვს? რამდენჯერ გამიგია ეს სიტყვა ბავშვობაში“, გაიხსენა ვოზენსმა დედის სიტყვები ბავშვობიდან: „ენკლად, მამას უთხარი ორი ბოთლი ‘ბორჟომი’ წამოიღოს!“ „აი როგორი ყოფილა ქართველების და კავკასიელების შექმნილი ახალი რესპუბლიკა - GAU ! მართლაც ჩინებული ქვეყანა აუშენებიათ ქართველებსა და მათ კავკასიელ ნათესავებს!”

მტკვრის ხეობაში მდებარე ლიხი-ისთის თანამედროვე, მწვანე ტყეში ჩაფლული და თეთრი შენობებით აგებული ლამაზი სარკინიგზო სადგურის შემხედვარეს, ვოზენსს ნუი-იორკული გრანდ-სენთრალი გაახსენდა, რომელიც ერთ დროს სარკინიგზო არქიტექტურის ეტალონს წარმოადგენდა და სადაც იგი ორი თვის წინ გაქურდეს, ვაშინგტონის მატარებლის რიგში დგომისას.

გაქურდვის შემდეგ, ვოზენსი თითქმის სამი საათი სადგურის პოლიციაში აყურყუტეს, სადაც მას პატივი ერგო სრულიად ხეპრე და გაუნათლებელი პოლიციელისთვის მიეცა ჩვენებები, როგორც დაზარალებულს. ვოზენსმა თავიდანვე იგრძნო რომ პოლიციელს ძალიან აღიზიანებდა მისი განცხადება გაქურდვაზე. პოლიციაში შესვლის მომენტიდან, ვოზენსი გრძნობდა რომ მორიგე პოლიციელს იგი თვალში არ მოუვიდა. „ვოზენსი, ვოზენსი...ეს რა გვარია მისტერ? საიდან ხართ? უცხოელი ხართ?“ - ეჭვით ჰკითხა მაშინ გრანდ-სენთრალის გოჭივით ჩამრგვალებულმა, წითურმა პოლიციელმა დაზარალებულს. „ააა...ალბათ ევროპიდან ხართ?“ ვოზენსი, რომელსაც უკვე მობეზრებული ჰქონდა უცხოელებისთვის იმის ახსნა თუ სად არის ლატვია და რა არის ლატვიელი, წყნარად უპასუხა: “დიახ, ოფიცერო, გერმანელი ვარ“. „ოჰო, გერმანელი! ტედ, გერმანელი ტურისტი გვყავს დღეს სტუმრად!“ - გაუგებარი ირონიით გადასძახა ოფიცერმა თავის კოლეგა ტედს, რომელსაც ვოზენსი ვერ ხედავდა. ტედმა ან ვერ გაიგო გოჭივით პოლიციელის შეძახილი, ან უბრალოდ ხმა არ გასცა თავის წითურ კოლეგას.

მერე ნიუ-იორკში რა გესაქმებათ მისტერ ვოზენს?“ - გააგრძელა შეკითხვები გოჭის ფორმის პოლიციელმა. „მწერალი ვარ. უკვე დიდი ხანია ამერიკაში ვცხოვრობ და ვმუშაობ. გრანდ-სენთრალში ვაშინგტონის ბილეთის რიგში ვიდექი და სწორედ იქ წამართვეს ჩანთა...და გაიქცნენ. ამერიკაში უკვე რამდენიმე წელია ვცხოვრობ, ვმუშაობ და ვმოგზაურობ, მაგრამ ასეთი რამ არასოდეს მომსვლია...უბრალოდ დამეტაკნენ და ჩანთა გამომგლიჯეს...ჩანთა, რომელშიც ძველი ტანსაცმლის და წიგნების გარდა, არაფერი იყო...“ - უპასუხა ვოზენსმა. „სერ, ალბათ იცით რომ ამერიკა აღარ არსებობს. ამერიკის შეერთებული შტატები, ფანატიკოსი პროტესტანტებისა და გაუმაძღარი კაპიტალისტების სამოთხე, საზიზღარი ქვეყანა, რომელასც U.S.A. ერქვა, გაქრა, დაინგრა...ჩვენ, უბრალო მომუშავე ხალხმა, ნამდვილმა ადამიანებმა და ნამდვილმა ამერიკელებმა, ბოლო მოვუღეთ მას. ალბათ გაგონილი გექნებათ ჩვენი პრეზიდენტის, აარონ ფიცპატრიკის შესახებ? ფიცპატრიკთან ერთად ჩვენ დავამარცხეთ პენსილვანიის მოღალატური აგრესია და დღეს ნიუ-იორკის თავისუფალი რესპუბლიკა ყოფილ გაერთიანებულ სამეფოზე დიდ ტერიტორიაზეა განფენილი. პენსილვანიელ კვაკერებს კისრები მოვუგრიხეთ და თავისუფლება დავამყარეთ აღმოსავლეთ სანაპიროზე.  ეს ნიუ-იორკის თავისუფალი რესპუბლიკაა და პატივი ეცით აქაურ წესებს. სად არის თქვენი „პერმიტი“ ? - ამ კითხვას ვოზენსი ელოდა. მას ნიუ-იორკის ნამდვილი პერმიტი თან ჰქონდა, თუმცა,  შარშანდელი და ვადაგასული. შარშან, როდესაც იგი „აპელბაუმის“ გამომცემლობამ ნიუ-იორკში მიიწვია, ვოზენსს ყველა საბუთი მოწესრიგებული ჰქონდა. მაგრამ, როგორც ეს ხშირად ხდებოდა ვოზენსის ცხოვრებაში, მისტერ აპელბაუმს, რომელმაც ვოზენსს თავი მის ერთგულ მკითხველად და გულშემატკივრად წარუდგინა და რომელიც მას „უბრალო ადამიანებზე დაწერილი მოთხრობების და რეპორტაჟების მოყვარულად“ გაეცნო, ვოზენსის ახალი პროზაული ჩანახატების წაკითხვის შემდეგ, მასთან მუშაობის სურვილი გაუქრა.

აპელბაუმმა ორი თვის შემდეგ, მას მცირე კომპენსაცია გადაუხადა და საბოლოოდ დაითხოვა.  „ვოზენს, მე გთხოვეთ ჩემი ჟურნალისთვის, უბრალო ადამიანებზე ისტორიები დაგეწერათ,  თქვენ კი ვიღაც რევოლუციონერებზე და რადიკალებზე წერთ! ვინ არიან ძმები სტივენსები, თავიანთი სულელური იუნიონით  ან ეს უცნაური ჩიაკარელი, ადირონდაკიდან (მთიანი მხარე ნიუ-იორკის შტატში), რომელსაც ანარქისტული კომუნის შექმნა სურს? არ გაგიგიათ რომ კომუნები და მარქსისზმი ნიუ-იორკში აკრძალულია? “ - მაშინ აპელბაუმმა ბევრი ილაპარაკა გაცხარებით და ბოლოს ვოზენსს კარისკენ მიუთითა. „უბრალო ადამიანები? რას გულისხმობთ ამ სიტყვებში?“  - მოკრძალებით ჰკითხა მაშინ ვოზენსმა აპელბაუმს. მას არ სურდა აპლბაუმთან კამათი, მაგრამ აინტერესებდა რა გახდა მისი დათხოვნის მიზეზი.  „ძმები სტივენსები და როგორც თქვენ ახსენეთ, „უცნაური“ ჩიაკარელი, უბრალო ადამიანები არ არიან?“ - მიუგო სრულიად მშვიდი ტონით ვოზენსმა გაცხარებულ გამომცემელს.

„ვოზენს, არ გინდათ ჩემთან ეს ფორმანისეული  რიტორიკა. თქვენ კარგად იცით რომ ვერნი ფორმანი, ლექსი მალეზი და მისთანანი უკვე დიდი ხანია ციხეს ხეხავენ აფსტეითში. აშშ აღარ არსებობს! მაგრამ ამერიკელებში კვლავ ცოცხალია თავისუფლების სული. ჩვენ არასდროს გავხდებით კომუნისტური პროპაგანდის მსხვერპლი, თქვენ კი ორი თვის განმავლობაში მხოლოდ ის მოახერხეთ რომ ფორმანისტებსა და კონსპირატორ კომუნისტ-სოციალისტებს შეხვდით“. ასე მწარედ დამთავრდა ვოზენსის „სამუშაო მივლინება“ ნიუ-იორკის „თავისუფალ“ რესპუბლიკაში.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები