ნაწარმოებები



ავტორი: მზია თვალაბეიშვილი
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
16 აგვისტო, 2019


ათი მცნება /ფიქრები მარადიულზე/

ათი მცნება  /ფიქრები მარადიულზე/

მცნება პირველი: მე ვარ უფალი ღმერთი შენი, და არა იყვნენ შენდა ღმერთნი უცხონი, ჩემსა გარეშე..
(სრული ტექსტი: მე ვარ უფალი ღმერთი შენი, რომელმაც გამოგიყვანა ეგვიპტიდან, მონობის სახლიდან. ნუ გეყოლება  სხვა ღმერთები ჩემს წინაშე.)

მცნება მეორე: არა ჰქმნე თავისა შენისა კერპნი, არცა ყოვლადვე მსგავსნი, რა ოდენი არს ცათა შინა ზე, და რა ოდენი არს ქუეყანასა ზედა ქუე, და რა ოდენი არს წყალთა შინა ქუეშე ქუეყანისა: არა თაყუანი-სცე მათ, არცა მსახურებდე მათ.
(სრული ტექსტი: არა ქმნა თავისა შენისა კერპნი და არავითარი გამოსახულება/ხატი იმისა, რაც არის ცაში მაღლა, დედამიწაზე დაბლა და წყალში მიწის ქვემოთ. არ ეთაყვანო მათ და არ ემსახურო; რადგან მე ვარ უფალი, ღმერთი შენი, ღმერთი იჭვნეული, შვილთა დამსჯელი მამათა დანაშაულისათვის მესამე და მეოთხე თაობამდე, ჩემთა მოძულეთა. და მოწყალების გამცემი მეათასე თაობამდე ჩემთა მოყვარულთა და ჩემი მცნებების დამცველთა.)

მცნება მესამე: არა მოიღო სახელი უფლისა ღმრთისა შენისაჲ ამაოსა ზედა.
(სრული ტექსტი: არ წარმოთქვა სახელი უფლისა, ღმრთისა შენისაჲ ფუჭად; რადგან უფალი არ დატოვებს დაუსჯელად მას, ვინც მის სახელს წარმოთქვამს ამაოდ.)

მცნება მეოთხე: მოიჴსენე დღჱ იგი შაბათი და წმიდა-ჰყავ იგი: ექვს დღე იქმოდე, და ჰქმნე მათ შინა ყოველივე საქმჱ შენი, ხოლო დღჱ იგი მეშჳიდჱ, შაბათი არს უფლისა ღმრთისა შენისაჲ.
(სრული ტექსტი: გახსოვდეს დღე იგი შაბათი, რომ წმინდა ჰყო იგი. ექვსი დღე იმუშავე და აკეთე ყოველი შენი საქმე; მეშვიდე დღე კი – შაბათი უფლის, შენი ღმრთისაა: არ გააკეთო ამ დღეს არავითარი საქმე არც შენ, არც შენმა ვაჟმა, არც შენმა ქალიშვილმა, არც შენმა მონამ, არც შენმა მონაქალმა, არც შენმა პირუტყვმა, არც მომხვდურმა, რომელიც შენს სახლშია. რადგან ექვს დღეში შექმნა ღმერთმა ცა და დედამიწა, ზღვა და ყველაფერი რაც მათშია; ხოლო მეშვიდე დღეს დაისვენა. ამიტომ დალოცა ღმერთმა შაბათი დღე და წმინდა ჰყო იგი.)

მცნება მეხუთე: პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რაჲთა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელ იყვნე ქუეყანასა ზედა.
(სრული ტექსტი: პატივი ეცი მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა გაგრძელდნენ დღენი შენი დედამიწაზე, რომელსაც შენი უფალი, ღმერთი გაძლევს შენ.)

მცნება მეექვსე: არა კაც-ჰკლა.

მცნება მეშვიდე: არა იმრუშო.

მცნება მერვე: არა იპარო.

მცნება მეცხრე: არა ცილი-სწამო მოყუასსა შენსა წამებითა ცრუჲთა
(არ წარმოთქვა ცრუ ჩვენება შენს მოყვასზე.)

მცნება მეათე: არა გული გითქუმიდეს ცოლისათჳის მოყუასისა შენისა, არა გული გითქუმიდეს სახლისათჳის მოყუასისა შენისა, არცა ყანისა მისისა, არცა კარაულისა მისისა, არცა ყოვლისა საცხოვარისა მისისა, არცა ყოვლისა მისთჳის, რაჲცა იყოს მოყუასისა შენისა.
( სრული ტექსტი: არ ისურვო მოყვასის შენის სახლი; არ ისურვო მოყვასის შენის ცოლი, არც მონა მისი, არც მონაქალი მისი, არც ხარი მისი, არც ვირი მისი, არაფერი, რაც აქვს მოყვასს შენსას. )
მოკლე ტექსტი: არ შეგშურდეს!
––

ფიქრები ...

პირველი ოთხი მცნება ეხება ღმერთს, დანარჩენი ექვსი – ადამიანს. ისინი ქმნიან ერთ მთლიანობას. ძალიან საინტერესოა მცნებებს შორის კავშირი. ვეცდები ამ კავშირის ნათელყოფას და პირველ ოთხ მცნებას დავუკავშირებ დანარჩენ ექვსს.

დავიწყოთ პირველი მცნებით, რომელშიც უფალი გვეუბნება, რომ ის არის ჩვენი ღმერთი, ჩვენი შემქმნელი, ჩვენი ზეციური მამა, ზეციური მშობელი და მას უნდა ვეთაყვანოთ.  ამ მცნებასთან შერწყმულია

მეხუთე მცნება, რომელშიც უფალი გვავალებს პატივი ვცეთ ჩვენს ამქვეყნიურ მშობლებს, დედას და მამას. იგი არ ამბობს, რომ პატივი ეცით მხოლოდ ჭკვიან, ან განათლებულ, ან სპეტაკ, ან ცნობილ, ან ნიჭიერ მშობლებს. იგი გვეუბნება, რომ პატივი უნდა ვცეთ ჩვენს მშობლებს (ზუსტად ისეთებს, როგორებიც არიან). შეიძლება ითქვას, რომ ისინი განგების ნებით შეირჩნენ ჩვენს მშობლებად. ეს ერთადერთი მცნებაა (ექვსი „ადამიანური“ მცნებიდან), რომელსაც ახლავს პირობა – რათა გაგრძელდნენ დღენი შენი დედამიწაზე.

ეს ორი მცნება მჭიდროდ არის ერთმანეთთან დაკავშირებული და მოითხოვს ადამიანებისგან, როგორც ზეციური მშობლის, ღმერთის, ასევე ამქვეყნიური მშობლების, მამის და დედის, პატივისცემას.
ამ ორ მცნებასთან არის დაკავშირებული

მეექვსე მცნებაც: არა კაც–ჰკლა. ანუ პატივი ეცი სხვის სიცოცხლეს და არ ხელჰყო იგი. ადამიანი შენ არ შეგიქმნია, შენით არ მოვლენია იგი ამ ქვეყანას და უფლება არა გაქვს წაართვა მას სიცოცხლე.
––

მეორე მცნება, რომ ჩვენ ღმერთის გარდა არავის და არაფერს არ უნდა ვეთაყვანოთ. ეს ერთადერთი მცნებაა ( ოთხი ღმერთთან დაკავშირებული მცნებიდან), რომელსაც ასევე ახლავს პირობა. ღმერთის მოძულე დაისჯება მესამე–მეოთხე თაობამდე, ხოლო ღმერთის მოყვარული კურთხეულ იქნება მეათასე თაობამდე. რადგან სხვა „ღმერთების“, ანუ კერპების თაყვანისცემა ღალატია, სიძვაა ისევე, როგორც

მეშვიდე მცნება, რომელიც გვეუბნება: არა იმრუშო.
ამ ორ მცნებასთან არის დაკავშირებული

მეათე მცნებაც: ნუ შეგშურდება, ნუ მოგხიბლავს, ნუ დაგიმონებს, ის რაც სხვისია. რაც შენ არ გეკუთვნის, მას ნუ ისურვებ, დასჯერდი შენსას, რადგან ესეც ერთგვარი მრუშობაა.
––

მესამე მცნება, არ შეიძლება ღმერთის სახელის ფუჭად და ამაოდ წარმოთქმა. ეს მისი შეურაცხყოფაა. ზოგიერთი ღმერთის სახელითაც კი ლაპარაკობს, იმუქრება, იწყევლება, იგინება (რაც საერთოდ შეუსაბამობა და შეუთავსებლობაა) და მისი ცრუ მოწმეა. ის არ დარჩება დაუსჯელი. გავიხსენოთ სახარებიდან იესოს სიტყვები: „ბევრი მეტყვის იმ დღეს: „უფალო, უფალო! განა შენი სახელით არ ვდევნიდით ეშმაკებს და განა შენი სახელით არ ვახდენდით მრავალ სასწაულს?“ მაშინ მე განვუცხადებ მათ: „მე არასოდეს არ გიცნობდით თქვენ, გამშორდით, მოქმედნო ურჯულოებისა.“ (მათე 7:22–23). ეს მცნება ეხმაურება

მეცხრე მცნებას: არ წარმოთქვა ცრუ ჩვენება შენს მოყვასზე.

არ იყო ცრუ მოწმე არც უფლისა, არც მოყვასისა. ანუ არ იცრუო! არასოდეს არ იცრუო!
––

მეოთხე მცნება: წმინდა ჰყავ შაბათი დღე. ექვსი დღე აკეთე ყველა საქმე, ხოლო მეშვიდე დღე უფლის, შენი ღმრთისაა. ეს ნიშნავს, რომ უნდა შეჩერდე და იფიქრო მარადიულზე, მისცე საკვები სულს „შეჩერდი და შეიმეცნე, რომ მე ვარ ღმერთი!“ – ფსალმუნი 45: 11ა. თუკი ადამიანი არ არის ახლოს ღმერთთან, არ ლოცულობს, არ დადის ღვთის სახლში. ამ დღეს შეუძლია სიკეთე აკეთოს. პირველ რიგში დაურეკოს და მოიკითხოს მშობლები, დედა და მამა, ან ესტუმროს მათ, თუ ისინი ცალკე ცხოვრობენ. ეს დღე გამოჰყოს მათთან სასაუბროდ და მათ სანახავად. მოინახულოს ავადმყოფი, რომლის მოსანახულებლად აქამდე დრო ვერ გამონახა. თუნდაც მცირედით დაეხმაროს გაჭირვებულს. მიაკითხოს ბებიას, ბაბუას, ან მოხუცებულს, რომელიც ყველამ დაივიწყა, და მოისმინოს მისი ნაამბობი, ამოათქმევინოს ის, რასაც აღარავინ უსმენს და ა.შ. უფალი გვეუბნება ჩემია შაბათი! არ მომპარო ეს დღე, არ მომპარო ეს დრო. რაც პირდაპირ ეხმიანება.

მერვე მცნებას: არა იპარო (არ იქურდო).
––

ასე ვხედავ მე მცნებების ურთიერთკავშირს. ეს არის ის მცირე ფიქრები მარადიულ ფასეულობებზე, რომლის გაზიარებაც მსურდა თქვენთვის.


.
მზია თვალაბეიშვილი
2019 წლის აგვისტო

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები