ნაწარმოებები



ავტორი: ქეით გრინი
ჟანრი: პროზა
4 სექტემბერი, 2019


გეტა (ნაწილი V)

***
მოგონებებს თავი დააღწია, სახლიდან მაცივარში ჩაციებული ვისკი გამოიტანა და ბოთლის ფსკერზე ოდნავ დარჩენილი სითხე დაბალ ჭიქაში დაასხა.
-შენ გაგიმარჯოს, -ჭიქა ჰაერში ასწია და სევდიანი სახით გამოცალა.
მერე საათს დახედა, ნაწერებს ხელი დაავლო და თბილისში დასაბრუნებლად ბარგის ჩალაგებას შეუდგა.
მზეს რომ არ დაესიცხა, საზაფხულო ქუდი დაიფარა და სადგურამდე ფეხით ჩავიდა. ჩამოსაჯდომი ადგილი მოძებნა, ზურგჩანთიდან თბილისში ნაყიდი წიგნი ამოიღო და კითხვა გააგრძელა. რამდენიმე წინადადების შემდეგ, ისევ წარმოუდგა ცხადად წარსული:
-მიყვარს ვაკის პარკი. უფრო ხშირად მოვიდეთ ხოლმე, რა,- გეტა დიდ შადრევანთან მივიდა და ხელი შეუშვირა იქიდან წამოსულ პატარა წინწკლებს, რომლებიც სახეს უნამავდნენ.
-ბავშვივით თამაშობ,- რომამ დაბალ ხმაზე თქვა და ჩაეცინა, როდესაც წყალთან თამაშით გართულ მეწყვილეს შეხედა.
-რას აგიჩემებია ჩემი ბავშვობა. სულ ამას როგორ უნდა მახსენებდე?- წინ გამოსწია ვარდისფერი ტუჩები და გაიბუტა.
-მოდი, გინდა ეშმაკის ბორბალზე დავსხდეთ?
-როგორ არ მინდა, მაგრამ ვიდრე ბოდიშს არ მომიხდი, არსადაც არ წამოგყვები.
მამაკაცი მისკენ გადაიხარა და ცხვირის წვერზე აკოცა, მერე თბილად გაუღიმა და ჰკითხა:
-კოცნა არ ჭრის?
-საძაგელი არსება ხარ. ბოდიშს რატომ არ იხდი, ვითომ არ გეკადრება?
-კუთხეშიც ხომ არ დავდგე?
-არა, ბატონო რომან, ასეთი სიმძიმის დანაშაულიც არ ჩაგიდენიათ, მაგრამ თუ ბოდიშს არ იხდით, კოცნას ბამბის ნაყინიც უნდა მოაყოლოთ,- თვალი გაეპარა ულვაშიანი, საშუალო ტანის მამაკაცისკენ, რომელიც მის წინ ჩამომდგარი ბავშვების რიგს ღიმილით შესცქეროდა და ფუმფულა, თეთრ ნაყინს ხის ჩხირებზე უხვევდა.
-არ ვარ წინააღმდეგი,-ხელი ჩაჰკიდა და ბამბის ნაყინის მომლოდინე ბავშვებს უკან ამოუდგნენ.
ცოტა ხანში, ეშმაკის ბორბალზე ისხდნენ და სიმაღლიდან პარკის ლამაზი შემოგარენით და თბილისის ქუჩების მშვენიერებით ტკბებოდნენ.
-იცი, საერთოდ არაფერი ვიცი შენი ეთნოსის შესახებ, იქნებ რამე მაინც მიამბო.
-რა გაინტერესებს?
-ისტორია, რელიგია, კულტურა, ტრადიციები.
-სიმართლე გითხრა, სხვაგან დაბადებულ-გაზრდილი იეზიდები ძველ ტრადიციებს ნაკლებად მისდევენ. სადაც სახლობენ, უნდათ, თუ არა, იმ ქვეყნის კულტურას ერწყმიან, ელფერს იცვლიან და დროთა განმავლობაში სხვა წესებით იწყებენ ცხოვრებას. ასეა ჩემი ოჯახიც.
-წინაპრებისგან არაფერი გადმოგყვათ?
-რა თქმა უნდა, გადმოგვყვა, მაგრამ აქ საუბარია სულ სხვა საკითხზე, მკაცრად არავინ მისდევს ძველი თაობების ცხოვრების წესებს.
-გასაგებია. მითხარი რა რამე თქვენზე, ძალიან მაინტერესებს.
- იეზიდები უძველესი არიელი ხალხის რიცხვს მივეკუთვნებით. ეს წინა აზიის ერთ-ერთი უძველესი ეთნოსია. ჩვენი ეთნოსის ჩამოყალიბებაში ძველი მიდიელი და ირანელი ტომებიც მონაწილეობდნენ. მერე დაიწყო დიდი გადასახლებები და ომები, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ბევრი ტომის გაქრობას, მაგრამ მაინც შევძელით გადარჩენა და შევინარჩუნეთ ეროვნული კულტურა, ენა, რელიგია და ასე თუ ისე, ყოფა და ტრადიციები.
არაბი დამპყრობლები, სპარსელები და თურქ-ოსმალები მუდამ თავს გვესხმოდნენ და გვაიძულებდნენ, იეზიდიზმზე უარი გვეთქვა და მათი რელიგია -ისლამი მიგვეღო. ნაწილმა მაჰმადიანობა მიიღო, ნაწილი გმირულად იბრძოდა და თავს აკლავდა მტრის მოთხოვნებს. საბოლოოდ, მეთექვსმეტე საუკუნეში ქურთისტანი თურქეთმა და ირანმა გაინაწილა, ხოლო პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, ოთხმა სახელმწიფომ -თურქეთმა, ირანმა, ერაყმა და სირიამ. ჩვენ კი აქა-იქ, სხვა ქვეყნებში ემიგრანტებად დავიქსაქსეთ. ესაა მოკლე ისტორია. დეტალებზე საუბრის ნერვი არ მაქვს.
-რა ენაზე საუბრობთ?
-კურმანჯიზე.
-კარგად იცი?
-ისე კარგად არა, როგორც ჩემმა დიდმა ბებია-ბაბუამ იცოდა, ან მათმა შვილებმა და შვილიშვილებმა. ჩემი მშობლები ნაკლებად საუბრობდნენ შვილებთან კურმანჯიზე.
-რას აღმერთებთ?
-ცის მნათობებს- მზეს, მთვარეს და ცისკრის ვარსკვლავს, მიწაზე- ცეცხლს. ვაღიარებთ ერთიან ღმერთს და თაყვანს ვცემთ მთავარანგელოზს -მალაქტაუსს, რომელიც ფარშევანგის სახით არის წარმოდგენილი.
-ძალიან საინტერესოა. ეროვნულ და რელიგიურ დღესასწაულებზე რას მეტყვი?
-რელიგიურიდან მხოლოდ ერთი სამდღიანი მარხვა მახსოვს, ისიც იმიტომ, რომ ყველასთვის სავალდებულოა და სამყაროს შექმნას უკავშირდება. დეკემბერშია ხოლმე, რა. კიდევ არის გაზაფხულის შემოსვლის და ახალი წლის დღესასწაული „კლოჩე სარე სალე“. ტრადიციულად, ოჯახებში ნამცხვარს აცხობენ და შიგნით მძივს დებენ. ვისაც მძივიანი ნაჭერი შეხვდება, მასზე იქნება ახალი წლის წარმატება დამოკიდებული.
-გამიგია, ქორწილიც მხიარული იციან იეზიდებმაო.
-ჰო, ქორწილი ყველა ერმა მხიარული იცის. ასე არ არის?
-თქვენ განსაკუთრებული ცეკვები და ტრადიციები გაქვთ.
-შენ მათში მონაწილეობის მიღება არ გემუქრება.
-რატომ?
-სხვა რელიგიის წარმომადგენელი ხარ.
-მხოლოდ ეს არის მიზეზი?
-არა. მე აქ დავიბადე, აქაურ გარემოში ვცხოვრობ, ქართულ ენაზე ვმეტყველებ და ჩემი სამშობლოც ეს არის. ასე, რომ ქორწილიც ისეთი მექნება, როგორიც მინდა და ვერავინ დამავალდებულებს, ჩემი წინაპრების ტრადიციებით აღვნიშნო.
-როგორი გინდა?
-მაგას მერე გაიგებ, -თვალი ჩაუკრა მამაკაცმა.
-ისე მაინც მითხარი როგორ აღნიშნავენ იეზიდები ქორწილს.
-ტვინს ჭამ, გეტა, შემეშვი.
-მითხარი რა, გთხოვ.
-შენ გგონია, მახსოვს?
-დავიჯერო, არასოდეს ყოფილხარ ნათესავების ქორწილში?
-ბიჭის მშობლები მიდიან გოგოს მშობლებთან და ხელს სთხოვენ. თუ გოგოს ოჯახი დათანხმდება, საპატარძლოს ბეჭედს უკეთებენ. ქორწილში ხის ტოტს რთავენ კანფეტებით, ხილით და ფულით. მას ბარაქის სიმბოლოს უწოდებენ. ცეკვავენ ხელი-ხელ ჩაკიდებულები ზურნით შესრულებულ მუსიკაზე. სანამ სახლში შევლენ, მეფე-პატარძალს კართან თეფშს ახვედრებენ. ისინი ფეხს არტყამენ და ტეხავენ.
-რა უღიმღამოდ ყვები, თან რა სასაცილო სახე გაქვს. ერის ისტორია ბევრად უფრო საინტერესო იყო,- გადაბჟირდა გოგონა.
-აბა, რა ჩემი საქმეა მორთვა-მოკაზმულობები და „ფილთიკრუშკები“. მეც აგყევი რა,- დაუბღვირა რომამ.
-კარგი, მაგ თემას შევეშვათ, სხვა რამეზე ვისაუბროთ.
-შენ თუ იცი მერამდენე „კრუგზე“ წავედით?
-არა.
-მეოთხე.
-არ თქვა ახლა, რომ ითვლიდი.
-დროზე ახტი და ისკუპე აქედან, თორემ მეხუთე „კრუგზე“ ჩემდათავად წამომყოლის... -თავი გააქნია და მკრთალად გაეღიმა მამაკაცს.

***
-თქვენი ბილეთი წარმოადგინეთ!- მომთხოვნი ტონით დაადგა თავზე კონტროლიორი.
-არ მაქვს.
-მაშინ უნდა შეიძინოთ. სად მიბრძანდებით?
-თბილისში.
სწრაფად გამოუწერა ბილეთი და ღირებულება ქვეშ მიუწერა. გეტამ თანხა მიაწოდა, ბილეთი გამოართვა და მგზავრებით გაძეძგილი ვაგონის ხმაურში საკუთარ თავს აიძულა, კონცენტრაცია წიგნის კითხვაზე გადაეტანა.
დაახლოებით შუადღის სამი საათი იქნებოდა, როდესაც მატარებელი ვაგზლის მოედნის სადგურში შევიდა. მგზავრები ბარგით და სოფლებიდან წამოღებული ყუთებით მიასკდნენ გასასვლელებს. ძლივს დააღწია ჭყლეტვაში მოყოლილმა გეტამ თავი იქაურობას და ვაგონიდან გამოსვლისთანავე, თბილისის ჰაერი რაღაცნაირად აღარ ესიამოვნა. ყველა ბუზებივით ირეოდა და ხმაური გაჰქონდათ. ფეხით სიარულის ძალა არ შესწევდა, ტაქსს ხელი აუწია, ჩაჯდა და სწრაფად გაერიდა ხალხმრავალ ადგილს.
სახლში სტუმარი დაუხვდა -დედამისის ძველი და ღრმადპატივსაცემი მეგობარი -ქალბატონი მზია. როგორც ყოველთვის, თავის სტიქიაში იყო, გაკაპასებული ქართულ-რუსული ლექსიკონით ჭორავდა და ლანძღავდა საერთო მეგობრის შვილს:
-კაცი რომ დეგენერატი დაიბადება, ტყუილია მისი გამოსწორების ამბავი, უვარგისად დარჩება ცხოვრების ბოლომდე. Тоже мне Белмондо или Ален Делон!
-როგორ ხართ, მზია დეიდა?-გეტა მისასალმებლად შევიდა სამზარეულოში მყოფ სტუმართან.
-კარგად, დედიკო. შენ როგორ ხარ?- გადასაკოცნად წამოდგა და ლოყაზე ვარდისფერი ტუჩსაცხის კვალი დაამჩნია.
-კარგად, გმადლობთ. ასე ვისზე ცხარობთ?-დედამისიც გადაკოცნა და პასუხის მოსასმენად მზიას შეუტრიალდა.
-ვისზე და ლიანას ბოთე შვილზე.
-ამჯერად რა დააშავა?
-ცოლს ღალატობს. საყვარელი გაუჩენია და რასაც შოულობს, ყველაფერს იმას აყრის. ჰმ, ასე შეიძლება? ანგელოზივით ცოლ-შვილი ჰყავს და როგორ ექცევა? Классический дурак!
-მდა! - გეტამ თავი მოაჩვენა, რომ ახალი ამბავი მასაც არ ესიამოვნა.
-დაღლილი იქნები, მიდი დაისვენე,- ნანიკომ ოსტატურად იხსნა ახლადმისული შვილი მზიას გულისგამაწვრილებელი საუბრის მოსმენისგან.
-ჰო, მიდი, გეტაჩკა, ჩემი არ მოგერიდოს, დედიკო. უცხოები ხომ არ ვართ?-დაეთანხმა სტუმარიც.
-უკაცრავად, დაგტოვებთ,- მოიბოდიშა და სამზარეულოდან გავიდა.
შესვლისთანავე იგრძნო როგორ მონატრებოდა უბრალოდ მოწყობილი თავის ოთახი, საიდანაც ერთ დროს, ყველა ძვირფასი ნივთი მოეშორებინა და სივრცისთვის მეტი უპირატესობა მიენიჭებინა. სოფელში ფურცლებზე ნამუშევარი ტექსტის ელექტრონულ ვერსიად გადაქცევა განიზრახა, მაგრამ ვიდრე ამას გააკეთებდა, კვლავ ჭრელ-ჭრელი პეპლებივით აუფარფატდნენ წარსულის ფრაგმენტები:
თეატრალური ინსტიტუტიდან კურსელებთან ერთად გამოვიდა და კონსპექტებთან დაკავშირებით საუბრით გართულმა ვერც შეამჩნია, რომ შორიახლოს რომა იდგა და ელოდებოდა. როგორც კი მათ გამოეყო და სტუდენტებით სავსე ქუჩას გაეცალა, მოულოდნელად შეყვარებული შენიშნა. თეთრი, სპორტული მაისური და ჯინსის შარვალი ეცვა. ცალი ფეხი შემაღლებულ ადგილას შემოედო, მუხლს ოდნავ დაყრდნობოდა, ცალ ხელში სიგარეტის ღერი ეჭირა და ჩვეული, გამჭოლი მზერით და სერიოზული სახით უყურებდა. გოგონა მის იქ გამოჩენას არ ელოდებოდა, კარგად დააკვირდა, თვალი ხომ არ მატყუებსო და ნელი ნაბიჯებით მიუახლოვდა:
-შ...ეეენ? -ძლივს წარმოთქვა გაოცებულმა.
-გაგიკვირდა?- ღრმად გამოქაჩა სიგარეტის ღერს თამბაქოს კვამლი და ნახევრად ჩაუმწვარი ღერი მოისროლა.
-რატომ არ ჩანდი?
- ასე იყო საჭირო. სერიოზული მიზეზი რომ არ მქონოდა, ამგვარად არ მოვიქცეოდი.
-სად იყავი?
-გრძელი ისტორიაა, ხუთი წუთი  ამ ამბავს მოსაყოლად არ ეყოფა, თან არ მინდა, დაგზაფრო.
-ცუდი რამე შეგემთხვა? დაგიჭირეს?
მამაკაცმა მზერა აარიდა:
-მოდი, არ გვინდა ამაზე საუბარი, არ მსიამოვნებს.
-ფეხებზე გკიდია მე რას ვფიქრობ, ან განვიცდი? უთავმოყვარეო ადამიანივით, ყოველ დღე შენი სახლის წინ ავივლიდი-ჩავივლიდი, საცოდავი სახით გელოდებოდი, რომ სადმე გამომეჭირე და ორი სიტყვით მაინც გამეგო, სად დაიკარგე, ან რატომ აღარ მირეკავდი. ლამის შენს დებს შევეჭერი სახლში, მითხარით, რომას რა მოუვიდა-თქო.
-ჩემმა დებმაც არაფერი იცოდნენ, ტყუილად მიხვიდოდი, მაინც ვერაფერს გაიგებდი.
-ასე როგორ არაფერი განაღვლებს? ამბობ, ოჯახის წევრებმაც არაფერი იცოდნენო და მშვიდ სახეს ინარჩუნებ.
-დაასრულე „რეჩები“, თუ კიდევ დაგრჩა რაღაც?
-არანორმალური ხარ,-თვალები გაუწყლიანდა გოგონას.
-როგორ ფიქრობ, სერიოზული რაღაც რომ არ მომხდარიყო, შენს ნახვაზე უარს ვიტყოდი?
-რა მოხდა ასეთი, რომ ჩემს ნერვიულობად და ღამეების თენებად ღირდა?
-ჩემ გამო, ღამეებს ათენებდი?- თვალები დააწვრილა და წელში გასწორდა მამაკაცი.
-გიკვირს?
-სასიამოვნოდ გაოცებული ვარ.
-ჰო, ადამიანის წვალება კარგად გეხერხება. მაგაში ოქროს მედალი გეკუთვნის,-  სახე მოეღუშა გამწყრალს.
-კოპები გახსენი, არ გიხდება,-გაუღიმა რომამ.
-ნუ მასწავლი, რა გავაკეთო!-ხმის ტონი გაიმკაცრა გეტამ.
-კარგი, მაშინ მე წავალ, შენ იდექი და იბღვირე. არ გდომებია ჩემი ნახვა.
-მოიცადე! სად წახვალ?
რომას კვლავ გაეღიმა:
-ხომ იცი, რომ საყვედურები ჩემთან არ მოსულა?
-აბა, როგორ გინდა? შენ ნებაზე თვეებით გადაიკარგო, მერე უცებ მოჩვენებასავით გამომეცხადო და მე სიხარულით ყელზე ჩამოგეკიდო? მეტი არაა ჩემი მტერი,-მკლავები ერთმანეთზე გადააჯვარედინა და გამვლელებს გააყოლა თვალი.
მამაკაცს არაფერი უთქვამს, შეყვარებულს აკვირდებოდა. მოულოდნელად, გოგონას მზერა ერთ-ერთი გამვლელის იასამნების თაიგულზე შეჩერდა. რომამ სწრაფად შეამჩნია, როგორ შეეცვალა გამომეტყველება, როდესაც ყვავილების სურნელმა ჩაუარა. გეტამ თვალი ვერ მოწყვიტა გამვლელს, სანამ გასწვრივ აღმართულ შენობას არ მიეფარა.
-იასამანი გყვარებია.
-შენ საიდან იცი? -გაოგნებული სახით შეუბრუნდა შეყვარებულს.
-მანქანისკენ წამომყევი, -გეტას პასუხს აღარც დალოდებია, უნებართვოდ ჩაჰკიდა ხელი და ჩქარი ნაბიჯით გაუდგა ქუჩას.
-რას აკეთებ?- გაუძალიანდა გოგონა.
-მორჩი ბუზღუნს და გაიცინე. ისეთ ადგილას მიმყავხარ, არ ინანებ.
-ღმერთო, რა დავაშავე?- შეწუხებულმა ახედა ზეცას და წინ მიმავალ შეყვარებულს მორჩილად გაჰყვა.
მანქანაში ჩასხდნენ თუ არა, რომამ მაგნიტოფონში კასეტა მოათავსა და უცხოური სიმღერების კრებულის ჰანგების ფონზე ნელ-ნელა გაეცალნენ ინსტიტუტის ტერიტორიას. ფანჯრებიდან შემავალი ნიავი გეტას გრძელ, სწორ თმას ურხევდა და ლამაზად უფრიალებდა. სიუზი კუატროს და კრის ნორმანის შესანიშნავმა დუეტმა, „Stumblin’ In” ისე გაამხიარულა, ხმას და სხეულს გალაღებული აყოლებდა და თითქმის აღარ ახსოვდა ის წყრომა, რასაც ცოტა ხნის წინ მეწყვილის მიმართ განიცდიდა და გამოხატავდა. მოულოდნელად, კასეტამ ჩაიხვია და სიმღერა უცნაურ ბგერებში გადავიდა.
-ამის დედაც!- გამწარდა რომა.
-აუ, რა დროს აურია, -გული დასწყდა გოგონას.
-„ბარდაჩოკი“ გააღე, იქ „ატვიორტკა“ უნდა მქონდეს და ხომ იცი, როგორც უნდა გააკეთო? სანამ ბოლომდე არ გასწორდება, გარეთ გამოტანილი „ლენტა“ ამ პლასტმასის რგოლით დაახვიე რა, -სთხოვა საჭესთან მყოფმა.
გეტამ სახრახნისით ფირი დაახვია და მაგნიტოფონში შესადებად კასეტა უკან მიაწოდა.
-წაიღო,-გაეღიმა რომას და გეტა რომ გაეხარებინა, ფირი გადაახვია და იგივე სიმღერა ხელმეორედ ჩართო.
რამდენიმე წუთში მარტყოფთან ახლოს, იასამნის ბაღებს მიადგნენ. გოგონამ გაოცებისგან პირზე ხელი აიფარა და თვალები გაუფართოვდა:
-რამდენი იასამანია, ამდენი ერთად არასოდეს მინახავს. მერედა, რა სურნელი დგას, სიამოვნებისგან პირდაპირ ვითიშები,-აქეთ-იქით დადიოდა და წრეებს უვლიდა ყვავილებს.
რომა უკნიდან აეკრო, წელზე ხელები მოჰხვია და ყურთან უჩურჩულა:
-მოგწონს?
შეყვარებულის საქციელმა ცოტა დააბნია, ტანში ჟრუანტელმა დაუარა და ძლივს ამოთქვა:
-ძალიან.
-ისეთი კარგი ხარ, ჭკუიდან გადაგყავარ. შენი გადამკიდე, გულში რიარია მაქვს, აზრები მერევა და ვერაფერს ვუხერხებ.
-მოდი, იასამნები დავკრიფოთ,- მხოლოდ ამის თქმა მოახერხა, რომ მეწყვილის ყურადღება სხვა რამეზე გადაეტანა.
-დავკრიფოთ,-ყელზე ცხელი ტუჩები დაადო და ხელები კიდევ უფრო შემოაჭდო გოგონას.
გეტამ ხელი გააშვებინა და თითი სასურველი ყვავილებისკენ გაიშვირა:
-აი, ეს ხე ყველაზე მეტად მომწონს. ძალიან ლამაზი, ხასხასა ფერის იასამანი აქვს.
რომამ ჯიბიდან დასაკეცი დანა ამოიღო და ტოტების მოჭრა დაიწყო. სულ მალე, გეტას იმდენი მოუგროვდა, ლამის სახეს უფარავდნენ. წამდაუწუმ ჩარგავდა ხოლმე ცხვირს ყვავილებში და გამაბრუებელი სურნელით ტკბებოდა.
-იცი რა ლამაზი ხარ? -ისევ მიუახლოვდა გოგონას და ტუჩებზე ცერა თითი გადაუტარა. მერე ძალიან დაბალ ხმაზე, ისე, რომ მისთვის თვალიც არ მოუცილებია, უნებურად ლექსად ალაპარაკდა:

იასამნის სურნელში აყვავებულ ბაღებში
თმებს გიმკობდა ლილისფრად გადაშლილი ყვავილი,
ჩიტებს ჩვენთან ეძინათ, სიყვარულის ფერებში,
ჩვენს სამყაროს დარაჯად დასდგომოდნენ გრძნობები.
ძნელი არის უშენოდ, აღარ განმეორდები?
სიყვარულის ღრუბლებში, დიდხანს დაგელოდები,
უსასრულო სივრცეში როცა ჩავიკარგები,
არ გაწელო წამები, ნუღარ დაგვიანდები...

-ძალიან კარგი ლექსია. ვინ დაწერა?
რომამ პასუხი არ გასცა.
-არ მითხრა, რომ ამ წამს მოგადგა ეს სიტყვები პირზე და ლექსი შენ გეკუთვნის.
-რატომ გგონია, რომ ჩვენნაირი ადამიანები ლიტერატურით არ ინტერესდებიან? პირიქით, მეცნიერებაც იტაცებთ, სპორტიც, ხელოვნებაც და კიდევ ბევრი რამ.
-ესე იგი, შენ დაწერე?
-მე არა, ჩემი სიყვარული თავისით ამეტყველდა. შენი ბრალია ეს ყველაფერი.
-ძალიან მომწონს ლექსად ამეტყველებული სიყვარული და თუ შეიძლება, ვიჩუქებ.
-როგორ შემიძლია, უარი გითხრა?
-არც მითხრა,-ჩურჩულით თქვა გეტამ.
მამაკაცს საყვარელი ადამიანის სურვილით და ცქერით თვალები აემღვრა, შეყვარებულს ღაწვებზე თითებით შეეხო და საკოცნელად გადაიხარა. გოგონას ჯერ არგანცდილმა სიამოვნებამ თავი წაართვა და ყვავილების თაიგული ერთიანად ძირს დაებნა. ძვირფასი კაბის ქვეშ სუნთქვაგახშირებულს მკერდი ისე დაბურცვოდა, გადმოხეთქვას იყო. რომას ეს ფაქტი კიდევ უფრო აღაგზნებდა და გრძნობებს უფრო მეტ გასაქანს აძლევდა. სიყვარულის ცეცხლში გახვეულმა შეყვარებულებმა რეალობის და დროის შეგრძნება დაკარგეს და იასამნის ბაღებში ალერსში ჩაიწვნენ.

***
-რა სიგიჟეა? - სავარძლიდან წამოვარდა და გულაჩქარებულმა ფანჯარა გამოაღო, რომ სუფთა ჰაერი შეესუნთქა და დამშვიდებულიყო, -დამინდე გთხოვ და ნუღარ მახსენებ შენს თავს, ერთხელ და სამუდამოდ, წადი ჩემი ცხოვრებიდან, ნუღარ მაწვალებ! ადრე წერით გაღწევდი თავს, ახლა ესეც აღარ მშველის,-ნერვიულობისგან კბილებს მთელი ძალით უჭერდა ტუჩებს და ცდილობდა, წარსულის კადრები წაეშალა, მაგრამ ისინი თავისას არ იშლიდნენ, მაინც მოდიოდნენ:
-სად ეგდე?- დაინახა თუ არა შვილი, მაშინვე გამოენთო აჯაგრული ნანიკო.
-დედა, ხომ გითხარი, მაიასთან მივდივარ-მეთქი.
-რას მელაპარაკები, გაიძვერა? თავად მაიამ და დედამისმა რატომ არაფერი იცოდნენ იმის შესახებ, რომ მათთან იყავი?
-დედა, მე... -დაიბნა გოგონა, აღარ იცოდა, თავი რით ემართლებინა.
-სად დაეთრევი? შენი პირით მითხარი.
გეტამ თავის დას გადახედა, რომელმაც ყველაფერი იცოდა მისი რომანის შესახებ. თინიკოს სახე აუჭარხლდა, ნამუსმა შეაწუხა, რომ გაყიდა.
-გასაგებია,-თავი დახარა გეტამ და დის საქციელით გულნატკენმა ხმა ვეღარ ამოიღო.
-ვისთან ერთად იყავი, გამეცი პასუხი.
-შეყვარებულს შევხვდი.
-ვინ არის შენი შეყვარებული? მე რატომ არაფერი ვიცი?
-უკვე ყველაფერი გცოდნია, რაღას მეკითხები? ჩაგიკაკლა შენმა სათაყვანებელმა შვილმა.
-გაიმეორე, რა თქვი?!
-რა საჭიროა ეს სპექტაკლი?
-არა! გაიმეორე, რა თქვი?!
-შენმა სათაყვანებელმა შვილმა ყველაფერი მოგახსენა. რა საჭიროა ჩემი პირით იმის დადასტურება, რაც ისედაც იცი, რომ სიმართლეა?
-ესე იგი, იმ ქურთს ხვდები? 
-დიახ.
ქალი წყობიდან გამოვიდა, შვილს გამწარებული ეცა, ჯერ თმით ითრია, კედელს მიანარცხა და სახეში ურტყა, მერე ძირს დააგდო და წიხლების ქვეშ მოიქცია:
-ვინ მოგცა უფლება, რომ თუნდაც მისკენ გაგეხედა? ვინ?! იმ არარაობისთვის გზრდიდით მე და მამაშენი ამდენი ხანი?
-დედა, მიყვარს,-ძლივს ამოთქვა გოგონამ.
-ხმა გაწყვიტე, ნამუსგარეცხილო! -ქალი გაშმაგებით იქნევდა ფეხებს და უკონტროლოდ ურტყამდა შვილს.
ყოველი წიხლის ზურგზე დარტყისას, გოგონას ფილტვებიდან უჩვეულო ხმა ამოსდიოდა და უკვე ვეღარ სუნთქავდა. გამსკდარი ტუჩიდან სისხლი პირში ეღვრებოდა და ლითონის გემოს გრძნობდა. არ ესიამოვნა, რამდენჯერმე გადმოანერწყვა. მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, დროულად გასცლოდა გამხეცებულ დედამისს, რომელიც ისე იყო გაგიჟებული, ჭკუა აღარ მოეკითხებოდა.
-დედა, დაანებე თავი, ცოდოა,- ეხვეწებოდა თინიკო, მაგრამ ქალს არ ეყურებოდა:
-სად გამოვყო თავი? ვის ვუთხრა, რომ რომა ტამოევის ბ*ზი ხარ? შეგირცხვა ნამუსი, შე არაქალო!
-ბ*ზი არ ვარ, ჩვენ ერთმანეთი გვიყვარს,-ხაოდა გოგონა.
-არც იოცნებო, რომ მე და მამაშენმა იმ ბანდიტს და მკვლელს ცოლად გაგაყოლოთ.
ქალი კიდევ მეტად გაგულისდა, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, ისე ურტყამდა.
-დედა, შემოგაკვდება, საკმარისია!- ხმამაღლა უყვიროდა თინიკო, მაგრამ ქალი ისევ არ უსმენდა.
მოულოდნელად, კარის ზღურბლთან სამსახურიდან დაბრუნებული ვასო აბალაკი გამოჩნდა და ოჯახში ასეთ სცენას რომ შეესწრო, გული ლამის შეუწუხდა:
-რა ხდება აქ, რა ამბავია?- ცოლს სწვდა და წამებში გააჩერა.
ნანიკო კიდევ იქნევდა ხელ-ფეხს, უნდოდა, გაეგრძელებინა:
-ხელი გამიშვი, ჩემი ხელით უნდა მოვკლა ეს შემარცხვენელი.
-შენ ხომ არ გამოშტერდი? რეებს აკეთებ?- უღრიალა მამაკაცმა.
-იცი, ვისთან დადის შენი შვილი? იცი?!
გეტა ადგილიდან ვეღარ იძვროდა, წამოდგომას ცდილობდა, მაგრამ ისე იყო დაბეგვილი, ტკივილისგან სხეულის ნაწილებს ვეღარ ამოძრავებდა.
-ადექი, გეტა და მითხარი, რაშია საქმე?- აღელვებულმა მამამისმა ხელი მიაშველა შვილს, რომ წამომდგარიყო.
თინიკო სიმწრისგან ფრჩხილებს იკვნეტდა.
-რაშია საქმე და მე გეტყვი, -სულს ძლივს ითქვამდა ნანიკო,- არაკაცმა რომა ტამოევმა შენი შვილი საყვარლად გაიხადა და უბანში ყველას დასაცინი გაგვხადა.
-მართალია, რასაც დედაშენი ამბობს?
-საყვარლად არ გავუხდივარ, მაგრამ ჰო, ერთმანეთს ვხვდებით, -არც მამასთან უარყო გოგონამ.
-სულ გამოთაყვანდი?
-არა.
-აბა, რაშია საქმე?
-შემიყვარდა.
-მას უყვარხარ?
-მასაც ძალიან ვუყვარვარ.
-იქნებ გატყუებს?
-შეუძლებელია.
-შეუძლებელი არაფერია. რატომ ხარ დარწმუნებული მის სიყვარულში? მკვლელებმა და ბანდიტებმა რა იციან ადამიანური გრძნობების?
-შენ წარმოიდგინე, იციან.
-ასე, როგორ მოგწამლა, შე სასიკვდილე?-ჩაერთო დედამისი.
-შენ ხმა აღარ ამოიღო! გეტყობა როგორც აგვარებ პრობლემებს, -შეაჩერა განრისხებულმა ქმარმა და შვილთან საუბარი გააგრძელა:
-შვილო, მის სახელს რომ თავი დავანებოთ, სხვა რჯულის და კულტურის წარმომადგენელია. რანაირად უნდა გაუგო? ამაზე დაფიქრებულხარ?
-მეც დავფიქრებულვარ და ისიც.
-მერე?
-ჩვენ მარტო ვიცხოვრებთ. არავის აზრს ყურადღებას არ ვაქცევთ.
-თქვენ არ მიაქცევთ ყურადღებას, სხვები მოგაქცევენ და აი, მერე მათგან შენდამი დამცინავი დამოკიდებულება აღარ მოგეწონება. არ გაძლევ მაგის უფლებას, ვერ შეუღლდებით! სანამ დროა, თავი დაანებე და შეწყვიტე მასთან ურთიერთობა.
-არ შემიძლია.
-რას ჰქვია, არ შეგიძლია? ახლა წახვალ, იფიქრებ რაც გითხარი და იმედი მაქვს, ჭკუას მოუხმობ და სანამ ჯერ კიდევ დროა, რაღაცას გამოასწორებ.
-რაღას გამოასწორებს? საქვეყნოდ მოგვჭრა თავი ამ უნამუსომ!-ზიზღით სცრიდა სიტყვებს ნანიკო.
-შენ გაჩერდი! -ხელი ასწია რეზომ და კვლავ შეაჩერა ცოლი.
-არაფრის გამოსწორებას არ ვაპირებ. ცოლად გავყვები,- ჯიუტობდა გეტა.
-შედი ოთახში და იფიქრე-მეთქი!-უბრძანა მამამისმა.
გოგონას აღარაფერი უთქვამს, ცალი მხარი ძლივს აითრია, ისე წავიდა საძინებლისკენ. თინიკოც გაჰყვა, კარები გაუღო და წინ შეუძღვა.
-შეგიძლია, გახვიდე,-გეტას ზედაც არ შეუხედავს თავის დისთვის. საწოლზე ჩამოჯდა და ტკივილებისგან იმანჭებოდა.
-ძალიან ვწუხვარ, მე შენთვის კარგი მინდოდა. ვერც კი ვიფიქრებდი, რომ დედა ასე გაგიმეტებდა.
-გენდობოდი და შენ როგორ მომექეცი? თხასავით გამყიდე.
-ხომ გითხარი, შენთვის მხოლოდ კარგი მინდოდა-თქო?
- შენი აზრით, კარგი გააკეთე?
-წესიერი ვინმე შეარჩიე. არც გარეგნობა დაგეწუნება და არც ოჯახი. რამდენს მოსწონხარ. შენ კიდევ დაგიჩემებია ეგ ბოროტმოქმედი და იმის იქით ვერავის ამჩნევ.
-ბოდიში, შენსავით ინჟინერი ქმარი რომ არ მეყოლება. ჰო, სად უნდა გამოაჩინოთ იეზიდი და კრიმინალი სიძე? როგორ გვეკადრება აბალაკებს? ჩვენ ხომ მთელ ქალაქში სახელგანთქმული ხალხი ვართ? მამა- ქალაქის მთავარი არქიტექტორი, დედა- საავადმყოფოს მთავარი ექიმი... არ გვეკადრება, არა... რა გამოგადექით ასეთი უვარგისი და გვარის შემარცხვენელი? -ხელი ჩაიქნია გოგონამ, დასიებულ ტუჩზე თითები ფრთხილად მიიდო და სიმწრისგან თვალები დახუჭა.
-გეტა, დაფიქრდი, გთხოვ. შენ ვერ გაძლებ მასთან და ვერასოდეს გაუგებ. თავს იღუპავ.
-შემეშვი, რა. წადი, საქმე არა გაქვს? შენს შვილს მიხედე.
თინიკომ თავი ჩაღუნა და ოთახიდან შეწუხებული სახით გავიდა.
-სახლიდან ფეხს ვეღარ გაადგამს! აი, ვნახოთ, როგორ უნდა თავზე ლაფის დასხმა,-არ ცხრებოდა ნანიკო.
-არც ტელეფონთან მიუშვა! ტამოევის ფეხი არ ვნახო ამ ოჯახში! ყველანაირად უნდა დავუფრთხოთ ანგელოზები,-მხარი აუბა ვასომ.
-არც იქნება!- დარწმუნებით ლაპარაკობდა ნანიკო.
მისაღები ოთახიდან საძინებელში შემავალი მშობლების საუბარი იმდენად გულს უწვრილებდა გეტას, თავი ბალიშის ქვეშ შეჰყო და ამრიგად უნდოდა, გაჰქცეოდა რეალურ კოშმარს.
მომდევნო დღეებში დაწესებულ სასჯელებს, განვითარებულ მოვლენებს და დედამისის გაუთავებელ, გესლიან და დამამცირებელ წამოძახილებს ვეღარ გაუძლო, სააბაზანოში ჩაიკეტა და ბასრი სამართებლით ორივე მკლავზე ვენები გადაისერა. სისხლმა ნელ-ნელა დაიწყო ჭრილობებიდან გამოსვლა და წყ*ლით სავსე აბაზანის წითლად შეღებვა. მერე სისუსტე ახსოვს, დაჭრილი ადგილების წვა, გონების დაბინდვა და მეტი - არაფერი...

***
-ჯანდაბა! შეწყდეს ეს მოგონებები, თორემ მეტს ვეღარ გავუძლებ,- ნერვებს ატანილი იქვე, ფანჯარასთან ჩაიკეცა.
უჰაერობა აწუხებდა, მეტყველების უნარიც წაერთვა. ცოტა ხანში ოდნავ დამშვიდდა, ფეხზე წამოდგა და ოთახიდან სამზარეულოში წყლის დასალევად გალასლასდა. სტუმარი ახალი წასული იყო, დედამისი ჭურჭელს რეცხავდა. როდესაც გეტა დაინახა, ირონიულად გადახედა:
-დიდება შენს გამოჩენას. რადგან მიკადრე და გამობრძანდი, რაღა მიჭირს?
-ოდესმე შეწყვიტავ დიდ გულზე საუბარს?!  -დასალევად გამზადებული ჭიქა კედელს გაუქანა და შეალეწა.
-ყელში ამომივიდა და დამღალა შენი საქციელების სხვებთან გამართლებებმა. აღარც დედა გინდა, აღარც სტუმარი, არავინ და არაფერი გადარდებს იმ ბუნაგის გარდა,- გაანჩხლებულმა შვილის ოთახისკენ ჭურჭლის ჟელით აქაფებული ჩანგალი გაიშვირა და ნიჟარაში ჩაახეთქა.
-შენი გველი ენის ბრალია ყველაფერი მე რომ ამ დღეში ვარ,- იღრიალა გეტამ, დედამისს ყელში წვდა და ღია ფანჯარასთან მიიყვანა.
-რას აკეთებ?-შეშინებული თვალებით შეხედა ქალმა.
-იმას, რაც აქამდეც უნდა გამეკეთებინა! მერე რა, რომ დედაჩემი გქვია? არ ხარ სიცოცხლის ღირსი!
-არ მომკლა!- ამოიხავლა ქალმა.
-უნდა მოკვდე!- თვალები დაუჭყიტა გონებაამღვრეულმა და აწვებოდა, რომ გადაეგდო.
ქალი საცოდავად ამოძრავებდა ხელის კიდურებს, ატყობდა, რომ მალე ძალა გამოეცლებოდა და ვეღარ შეძლებდა მისთვის წინააღმდეგობის გაწევას. დედა-შვილის  ხელჩართული ომი შემთხვევით, ეზოში მყოფმა მეზობელმა დაინახა და პოლიციაში დარეკა. ვიდრე საპატრულო ეკიპაჟი ადგილზე მივიდოდა, თავად ააკითხა მათ ბინას. ზარის ხმამ და კარზე ატეხილმა ბრახუნმა გეტა გონზე მოიყვანა და დედამისს ხელი გაუშვა. მალე პოლიციაც გამოჩნდა და ქალბატონი ნანიკოს მიერ მიცემული ჩვენების საფუძველზე გეტა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში წაიყვანეს.
-შეურაცხადი!- წინ და უკან დადიოდა ნანიკო და ადგილს ვეღარ პოულობდა.
-დაწყნარდი, მთავარია, გადარჩი და არაფერი დაგიშავდა,-ამშვიდებდა თინიკო.
-საგიჟეთშია მისი ადგილი. აქ რა უნდა, ნორმალურ ადამიანებთან?
-უმკურნალებენ და ისევ გამოუშვებენ. ჩვეულებრივი შეტევა ჰქონდა. ალბათ, რაღაც უთხარი და გამოიწვიე და იმანაც თავი ვეღარ შეიკავა, ასეა? კარგად გიცნობ, დედა.
-ასე თუ გამხეცდებოდა, რას წარმოვიდგენდი?
-შეეშვი! როგორც უნდა, ისე იცხოვროს. 
-რა იოლი სათქმელია. შვილი მაინც არ გყავდეს. აბა, შენი ქეთი არ გეკონტაქტებოდეს, რა ჭკუაზე დადგებოდი, მაგასაც დავინახავდი.
-დედა, დაანებე თავი. ის პატარა ბავშვი აღარ არის. რა ხანია, გასცდა შენგან სამართავ ასაკს.
ქალს აღარაფერი უთქვამს, თვალები ერთ წერტილს გაუშტერა და თავის ფიქრებში ჩაიკარგა. შემდეგ ერთი  ღრმად ამოიგმინა, ფეხზე წამოდგა, დამამშვიდებელი საშუალებები მიიღო და დაბეჩავებული სახით დივანზე მიწვა. თინიკოს აღარ შეუწუხებია, კარები გაიხურა და დასვენება აცალა.


გაგრძელება იქნება

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები