ნაწარმოებები



ავტორი: აზორ აჰაი
ჟანრი: პროზა
4 სექტემბერი, 2019


ანუბისის ძღვენი

საბოლოოდ, როგორც იქნა დავთანხმდი ჩემი მეგობრის, ზვიად ოქროპირიძის თხოვნას, ეგვიპტეში „სისხლიანი იმპერიის ელჩი“ ვყოფილიყავი. ზვიადი ბავშვობის მეგობარი იყო, სანზონაში ატეკის შენობასთან ვცხოვრობდით, დაბალი ხის ფიცრული ღობე ყოფდა ჩვენს ეზოებს. ერთად ვიზრდებოდით, ბაღშიც ერთად მივედით და სკოლაც ერთად დავამთავრეთ. მერე ის რუსეთში წაიყვანა მამამ, კაკებეს მაღალჩინოსნის მძღოლიი იყო და არაფერი ჰქონდა საწუწუნო. ჩემი ოჯახი კი ყოველთვის ხელმომჭირნედ ცხოვრობდა, ოთხი დედმამიშვილი ვიყავით და უფროსიდან უმცროსამდე წინა წლის ტანსაცმელი გვხვდებოდა ხოლმე მემკვიდრეობად. ზვიადისგან ან მისი ოჯახისგან არასდროს მიგვრძვნია ზემოდან ყურება, პირიქით ყოველთვის გვეხმარებოდნენ. მეც არ ვიყავი ურიგო ახალგაზრდა, აღმოსავლურ ენებზე ვსწავლობდი უნივერსიტეტში რაც მაშინ უცხო ხილი იყო და სწავლის დასრულების შემდეგ მთარგმნელობაც შევითავსე. ამდროს ავღანეთის ომი ახალი გაჩაღებული იყო და რკინის ფარდა ფრიალებდა იმპერიის თავზე. ხოდა მოხდა ისე რომ ერთ დილას ზარმა გამაღვიძა და ყურმილის უკან ისევ ის ბავშვური და ანცი ხმა გავიგონე სკოლის შემდეგ რომ აღარ მომესმინა. ღრმად სუნთქავდა ხოლმე ზვიადი სულ და ლამის ყურში ვგრძნობდი ორთქლს. უცებ მომიკითხა, ბევრი დრო არ მაქვსო დანარჩენს კაბინეტში გეტყვიო და დამიბარა ცეკას თბილისის სამდივნოში. გაგონილი მქონდა მისი ამბები დედამისისგან, მამის კარგი მუშაობით კმაყოფილებმა კარგი განათლება და სამუშაო მისცეს ზვიადს და აგერ უკვე ცხრა წლის შემდეგ მრჩევლად მომევლინა ცეკას თბილისის სამდივნოში. ჭაღარა შერეოდა უკვე და მზერაც გამკაცრებოდა, მაგრამ ძველებურად მაგრად ჩამიკრა გულში. ცოტა დავლიეთ, ვილაპარაკეთ, ბავშვობა გავიხსენეთ და მივადექით იმ საქმეს რაზეც დამიბარა. იმპერიას ავღანეთი უკვე ოკუპირებული ჰქონდა და გაფართოებას აპირებდა. ხალხი სჭირდებოდათ ვისაც ჩანერგავდნენ და ინფორმაციას გამოიტანდნენ. თავიდანვე მივხვდი საქმის ვითარებას და ცივი უარი მოვუჭერი ზვიადს. არ სწყენია მიცნობდა ბავშვობიდან, და ისიც იცოდა რომ პრინციპული ვიყავი. აღარაფერი უთქვამს, გაგაცილებო მითხრა და გამოსვლისას მომაძახა- ორი კვირა იფიქრე და მერე მითხარიო. საფიქრელი არაფერი იყო გინდ ერთი და გინდაც ორი კვირა. იმ ღამეს დედას ისევ სისხლდენა დაეწყო ცხვირიდან. ორი თვით ადრე სიმსივნე დაუდგინეს ექიმებმა და დღითიდღე აკლდებოდა დღეები. შეგუებული იყო ისიც და ჩვენც შეგვაგუა იმ ფაქტს რომ ვერაფერს ვიზამდით. თბილისში არც ექიმები იყვნენ იმ შესაძლებლობების, რომ ამ დაავადებას გამკლავებოდნენ და არც დანაზოგი გაგვაჩნდა ოჯახს. ზვიადთან საუბრისას დედას ფაქტორი არ გამხსენებია თორემ მაშინვე დავთანხმდებოდი. ის ღამე სასთუმალთან გავუთიე, თმაზე ვეფერებოდი და ჩაეძინა. დილით ექვს საათზე დავურეკე ზვიდს და ჩემდა გასაკვირად მიპასუხა. -გელოდებოდიო, ნიშნის მოგებით მითხრა. ხვალ მიფრინავო, საბუთებს და ბილეთს მანქანა მოგიტანს საღამოს და გაყვებიო. ჩემს კაცს გაყოლებ და ის ილაპარაკებს ყველგან სადაც საჭირო იქნებაო. დედაჩემზე დავაპირე მეთქვა მაგრამ არ დამაცადა. -დღესვე წაიყვანენ მოსკოვშიო. მადლობაც ვერ გადავუხადე, გაკვირვებული და კითხვებით სავსე ვიდექი კიდევ რამდენიმე წუთი ყურმილთან ჩუმად. საღამოს ექიმები მოვიდნენ დედას წასაყვანად. ძალიან გაჯიუტდა დედა, არ მიჰყვებოდა. ხმა მესმოდა თორემ მე ოთახიდან არ გამოვსულვარ. ვერ დავემშვიდობე. ახლაც ვნანობ რატომ გავაკეთე ეს. მეორე დღეს ზვიადის გამოგზავნილ მანქანას გავყევი, საჭესთან მისი კაცი იჯდა, ომარ ნაჭყებია. დღემდე მხოლოდ ეს ვიცი ამ კაცზე. ისიც ზვიადმა მითხრა თორემ თავად ომარს გამარჯობის და დამშვიდობების მეტი არაფერი უთქვამს. საღამოს შვიდზე უკვე კერძო თვითმფრინავში ვიჯექი ომართან ერთდ. ჩამავალი მზის ფონზე ვტოვებდი მშობლიურ ქალაქს, ოჯახს, ქვეყანას, დედის მონატრებას და მზის ღმერთის ქვეყანაში მივფრინავდი. ბორტგამცილებელმა ქალმა ბორჯომი და ყურსასმენები მომაწოდა. ცოტა მოვსვი და ყურებზე ჩამოვიცვი სასმენი. ჩემთვის უცხო იყო მსგავსი რამ. მუსიკას ყოველთვის ვუსმენდი, ქალაქში კონტრაბანდად გავრცელებული ფირფიტებიც შემიძენია მაგრამ ეს მართლაც ახალი იყო. ყურებში ნაცნობი მელოდია გაისმა, აბბას სამოცდათოთხმეტი წლის ალბომი. ცოტა არ იყოს გამიკვირდა კიდეც. თვალებზე ნაჭრის ქუდი ჩამოვიწიე და ფიქრებს გავყევი. ტურბინების ვიბრაცია გულისცემას უერთდებოდა. არ ვიცი რამდენ ხანს მეძინა, მაგრამ როცა გავიღვიძე და გამცილებელს ვკითხე, ოც წუთში ვეშვებითო მითხრა. ომარი კროსვორდს ებრძოდა ისევ, როგორც წამოსვლისას და პოზაც არ შეუცვლია მგონი. ვატყობდი არც უნდოდა საუბარი და გამცილებელს მივუბრუნდი, რომელიც უკანა სკამზე ჩამომჯდარიყო. ლიდა ერქვა, დარჩენილი დრო მის არშემდგარ ქორწინებაზე ვისაუბრეთ. მოკლე დროში ძალიან დავუახლოვდი და ჩამოსვლისას ტკბილი კოცნითაც დამასაჩუქრა. მკვეთრი ალისფერი პომადა ესვა და ხავერდოვანი სუნამოს სუნი ჰქონდა. დიდი ხანია ქალთან არ ვყოფილვარ და უცებ მომინდა მისთვის მეკოცნა. თუმცა მაინც თავი შევიკავე. მაგრამ ისე ეტყობოდა ისიც ელოდა ჩემგან რაღაცას. გამთენიას ჩავედით.  აროპორტში ორი მანქანა დაგვხვდა. ომარიმ ჩემი თავი ერთ ხორბლისფერ ხუჭუჭა ბიჭს ჩააბარა. ასაკით ჩემი ტოლი იქნებოდა. არაბულსაც და მასრისაც კარგად ვფლობდი და ჩემი გამყოლის სიმპათიაც მალევე დავიმსახურე. თარიქი ერქვა და იერით ძალიან ჰგავდა ლაზს. მითხრა, რომ ის დილა და შუადღე შემეძლო დამესვენა ხოლო საღამოს  შეიხ მუჰიზს უნდა შევხვედროდი. ის უზრუნველყოფდა ჩემს ჩართვას დიპლომატიურ საკითხებში. თარიქიც იცნობდა ზვიადს,  აღმოჩნდა რომ ცეკას ემორჩილებოდა და რუსულიც მშვენივრად იცოდა. გზად ძალიან მინდოდა ქალაქის დათვალიერება, მაგრამ მანქანის შუშები ისე იყო დამუქებული რომ არც შიგნიდან ჩანდა რამე და არც გარედან. მძროლისგანაც ზურგით ვიჯექი. ოციოდ წუთში გავჩერდით სატუმრო ოსირისთან. პატარა ოაზისს მოგაგონებდათ სასტუმრო, პალმებით და შადრევნებით. მთელს შენობაზე იეროგლებით მოჩუქურთმებული სტელები იყო გაკრული. ნილოსის ნათალი ქვით იყო აშენებული. ნომერში ასვლამდე ზვიადს დავურეკე, უფრო თბილად მიპასუხა. დედაჩემის ამბავი ვკითხე და მითხრა სამ დღეში ოპერაციას გაუკეთებენო.  ასვლისას ქალის მომსახურებაც შემომთავაზეს და კიდევ ერთხელ გამკრა თავში იმან, რომ დიდი ხანია ქალთან არ ვყოფილვარ მაგრამ ისევ უარი ვთქვი. ავედი, გავიხადე და აბაზანას ვეცი, ცხელ წყალში ჩავწექი და ისევ ჩამეძინა. დედა ვნახე სიზმარში. დარდიანს გამეღვიძა, თარიქი შემოსულა ნომერში და იქაური სამოსი და ჩალმა მოეტანა. იმ სამოსში და ჟღალ წვერში ძალიან უცნაურ ეგვიპტელს ვგავდი. მუჰიზის ნახვაზე საერთოდ არ ვფიქრობდი, მინდოდა შვიდი საოცრებიდან ყველაზე უდრეკს პირამიდებს შევხვედროდი პირისპირ. თუმცა განგება სხვა რამეს მიმზადებდა. მუჰიზთან სტუმრობამ ჩვეულებრივ ჩაიარა, ჩილიმის ფონზე ვისაუბრეთ, ამიხსნა ჩემი მომავალი დავალებები და საქმეები, ვისაუბრეთ ისტორიაზე, რელიგიასა და კულტურაზე. გააკვირვა ჩემმა ცოდნამ და დაინტერესებამ ამ ქვეყნით. მეგონა ამით მორჩებოდა ჩემი იმ დღის საქმეები მაგრამ შევცდი. მუჰიზმა მითხრა, რომ ჩემი თანამოძმეები იყვნენ ქალაქში და კონცერტს მართავდნენ. საუბარში გავარკვე რომ სუხიშვილები იყვნენ ჩამოსულები და გულში სითბო ჩამეღვარა. ათასი ღმერთის ქვეყანაში ქართული ცეკვის ღმერთებისთვის უნდა მეცქირა. სამკაციანი ცალკე ლოჟა დავიკავეთ მე, თარიქმა და მუჰიზმა. ბევრჯერ მენახა სუხიშვილების ცეკვა მაგრამ ჩემს კომპანიონებს სახეზე ვატყობდი გაოცებას. დაისის ცეკვისას ისეთი რაღაც მოხდა რაც ჩემს გონებას არასდროს დაავიწყდება. ერთერთ ქალიშვილს ფეხი მოეკვეთა და სცენაზე დაეცა. იმ წუთში მის სახეზე დავინახე იმხელა სევდა და დარდი რაც კი ჩემი ცხოვრების განმავლობაში არ მინახავს. ტკივილი იმდენად არ აწუხებდა რამდენადაც სირცხვილი და ბოღმა უსუსურობისა და უმწეოებისა. ცეკვა შეწყდა, თავისით ვერ წამოდგა და კულისებიდან ორმა ბიჭმა გაიყვანა გოგონა ხელში ატატებული. გულზე მომხვდა, კონცერტი გაგრძელდა მაგრამ ამ ამბით დათრგუნულმა ვეღარ შევძელი ყურება. თარიქს ვთხოვე ფეხით გაგვევლო. მუჰიზმა ბოდიში მოგვიხადა, ძალიან ვისიამოვნე და დავრჩებიო. ფეხით ჩავიარეთ სეითის ციხე და ფარუაქის აბანოები, ერთ სართულიანი მიწურები, მატყლის საღები ორმოები და ტაბაკის სვეტები. ღამეში მხოლოდ პირამიდების სიჩუმე ხმაურობდა, ისე ხმაურობდა როგორც თოტის ფრთების გამოტყორცნილი ჰაერი დაგიხშობს სმენას. ისიდა და ოსირისი ტკბებოდნენ სიყვარულით ნილოსის წიაღში. უეცრად ქუსლზე წვა ვიგრძენი, სანდლები მეცვა და თარიქის ფარნის შუქზე შავად ალაპლაპდა მორიელი. მანქანამდე თარიქზე დაყრდნობილი მივედი. ჩაჯდომაში მომეხმარა, მერე არაფერი არ მახსოვს. ბინდბუნდში ვხედავდი დედაჩემს, ზვიადს, საქართველოს, ჩემს ეზოს და ის გოგოც ვნახე დღევანდელი წარმოდგენიდან. მეორე დილას გამეღვიძა პალატაში, წვეთოვანი მედგა. გამოვიგლიჯე და ვენიდან სისხლი წამსკდა. ოფლად ვიღვრებოდი და თავბრუ მეხვეოდა. კედელ-კედელ გავიარე დერეფანი. პაალატის წინ თარიქს ეძინა ბავშვივით. მოწევა მინდოდა, აივნის მსგავს ტერასაზე გავედი. შესასვლელშივე ასაკოვანი ექიმი ქემელს აბოლებდა. ვთხოვე და უარი არ უთქვამს. მოვაკიდებინე და მიდამოს გადავხედე. მარცნივ აივნის ბოლოში მოაჯირთან იგივე თვალებს წვაწყდი რომელსაც დარბაზში, სცენაზე. თითქოს მე მიურებდა მაგრამ ამავე დროს ჩემს მზერას კვეთდა და უკან სივრცეს ერწყმოდა. არც მიფიქრია, მივედი და ქართულად მივესალმე.  ცოტათი დაიბნა, არ ელოდა. სათვალეები გაიკეთა და დამაკვირდა. გავუღიმე, იმავეთი მიპასუხა მაგრამ ალბათ თავაზიანობის გამო. გამოველაპარაკე, სოფიო ერქვა, ბვაშვობიდან ცეკვავდა და ბალერინობაზე ოცნებობდა თურმე. დიდახანს ვერ ვისაუბრეთ, მაგრამ მომეჩვია. გამომდიოდა უცხოებთან კონტაქტში შესვლა. სიცხე და იარა თავისას შვრებოდა, სუსტად ვიყავი და პალატაში დავბრუნდი იმ იმედით რომ კიდევ ვნახავდი. პალატაში თარიქი დამხვდა, მეძებდა. ექიმებმა წამალი გაგიკეთეს მაგრამ სიცხეს ვერ გიგდებენ და სხვაგან უნდა წაგიყვანოვო. დავთანხმდი, ქალაქიდან გავედით, წითელი ზღვისკენ. თარიქმა მხოლოდ მაშინ გამიმხილა სად მივყავდი, როცა ქაირო უკან მოვიტოვეთ. მითხრა რომ მისი ბიძა ბედუინი იყო რომელიც დაბრმავების შემდეგ ნიჭი შეიძინა და უამრავ დაავადებას კურნავდა. ლამის მანქანიდან გადმოვუხტი. საბოლოოდ მაინც დამითანხმა. ზუსტად წითელი ზღვის ნაპირამდე ვიარეთ სანამ პატარა ოაზისი არ გამოჩნდა სანაპიროსთან ახლოს. თარიქის ბიძა მოხუცი ბედუინი იყო, უსინათლო, ერთი აქლემი ჰყავდა, აქლემის ტყავის კარავი და ტამტამი, ისიც ალბათ იგივე მასალის. თარიქმა აუხსნა ყველაფერი, მე საუბრის თავიც არ მქონდა. უცნაურ დიალექტზე საუბრობდა ბიძამისი, ვერ გავიგე შინაარსი მაგრამ სიტყვა ქალს ძალიან ხშირად ახსენებდნენ. როგორც შემდეგ თარიქმა ამიხსნა მორიელის შხამს მხოლოდ ქალ-ვაჟის ჩატარებული საერთო ცერემონია შველიდა. ამაზე უარესად გავჭედე. თარიქი მარწმუნებდა რომ ეს ბიძამისითვის პირველი მცდელობა არ იყო. ოღონდ მთავარი იყო რომ ქალ-ვაჟი ერთი ტომისანი უნდა  ყოფილიყვნენ. საიდან უნდა მომეყვანა ქართველი ქალი შუაგულ უდაბნოში და უცებ მახსენდება სოფიო. უკან შუადღისას დავბრუნდით, სოფიო ფოიეში შემხვდა, გაწერის ბლანკის შევსებაში ეხმარებოდნენ. მათ თარიქი დაელაპარაკა, მე კი სულ ორი წუთი დამჭირდა სოფიოსთვის რომ ამეხსნა რაშიც იყო საქმე. მეშინოდა გიჟი არ ვგონებოდი მაგრამ ჩემდა გასაკვირად დამთანხმდა, ვერ ვუყურებ როგორ ცეკვავენ ჩემი მეგობრები და მე უმოქმედოდ ვზივარო. თარიქს გაუგრძელდა ექიმებთან საუბარი და მის გარეშე წავედით. გზას კარგად ვიმახსოვრებდი ყოველთვის და დაკარგვის არ მეშინოდა. სოფიოს წინა სავარძელძე ჩაეძინა, გავაჩერე და პიჯაკი მოვაფარე. წინ კიდევ ბევრი სიურპრიზი მელოდა, რასაც ცხოვრება მიმზადებდა. როგორც იქნა მივაღწიეთ, მზე უკვე ჩადიოდა. მოხუცს გაემზადებინა რაღაც ნაყენი და ჩვენს მოლოდინში კუსკუსს მიირთმევდა. თვალებში სინათლე წართმეოდა, მაგრამ თეთრი ბადურით ისე გიყურებდა თითქოს სულის ბნელ კუნჭულებს გითვალიერებსო. ტილოს თეთრი ხალათები გადმოგვიგდო, გამოიცვალეთო. ერთმანეთისგან ზურგშექცევით გამოვიცვალეთ. სუდარასავით იყო სამოსი , თითქოს პროცესიისთვის ვემზადებოდით. სასმისი მომაწოდა უსინათლომ. სანაპიროზე ჩადითო.  მზის ჩასვლისას უნდა დალიო ანუბისის ძღვენი, ხოლო მან უნდა იცეკვოს სანამ ისიდა არ ამოვაო. მთვარე იგულისხმა ალბათ. ოღონდ ამისთვის საზღაურს გადაიხდიო.ამ უკანასკნელი სიტყვებისთვის აღარ მიმიქცევია ყურადღება. სოფიომ უხმოდ მიიღო ჩემი ნათქვამი, თითქოს უკვე იცოდა რაც უნდა ექნა. ცეცხლის დისკო ნელნელა ეშვებოდა სისხლისფერ ზღვაში, ცაზე კი „საფანტით“ დაცხრილულ ღრუბლებს სდიოდათ სისხლი. ცხელ ქვიშაზე ჩამოვჯექი და ფიალა დავყნოსე, შარდის  სუნი ჰქონდა. ცხვირზე თითები მოვიჭირე და გამოვცალე. სოფიოს შევხედე, ზღვას გაყურებდა და ფიქრობდა. ახლაღა შევამჩნიე მისი მშვენიერი ფორმები, უზადოდ გამოყვანილი წელი, ჩამოქნილი კისერი, განიერი მენჯები და ატმისებური საჯდომი. მზის სხივები სამოსში ატანდა და მისი სხეულის ნაკვთებს უკეთ აჩენდა. თავბრუ დამესხა. მზე უკვე ჩადიოდა და უკნიდან ტამტამის ხმა შემომესმა. მივტრიალდი, ცეცხლი აენთო მოხუცს და ნირვანაში გადასული თავდავიწყებით უკრავდა. წამოჯდომა მინდოდა მაგრამ ვერ ავდექი, ფეხებში ძალა წამრთმეოდა. ქვიშაზე გადავწექი, ყველაფერი ერთმანეთში ირეოდა. მუსიკა ყურის ძირში ჩამესმოდა. გასშემო ნისლი ჩამოწვა და ამ ნისლში შემოვიდა ის. ნაზად მოძრაობდა, თეძოებით რკალებს ხაზავდა ჰაერში, ხელებს კი... ვერც აღვწერ ხელებით რა სასწაულს აკეთებდა. იმ მომენტში არაფერი არსებობდა ჩემთვის. არავინ ვიყავი საერთოდ. როკავდა ტამტამის ხმაზე და ეგვიპტის ყველა ღმერთს აჩოქებდა ფეხთით, ისე როგორც მე ვერ ვინძრეოდი იმწამს. მინდოდა ხელით შევხებოდი, მისი სხეულის სურნელი შემეგრძნო. ის კი ცეკვავდა ჩემთვის მაგრამ კიდევ რაღაცის გამოც, რაც ალბათ გამოცანად დარჩება დღემდე. დიდხანს ცეკვავდა ჩემს ფეხებთან სოფიო და ბოლოს როცა მოხუცმა დაკვრა შეწყვიტა ის მოწყვეტით დაეცა ჩემზე. ხელი შევაშველე და მკერდზე მივიკარი. მძიმედ სუნთქავდა. გულთან ვგრძნობდი მის ცხელ ჰაერს. სიტყვებს ვერცერთი ვერ ვპოულობდით. ნიკაპი ავუწიე და ვაკოცე. დიდხანს ვუყურეთ ერთმანეთს. მერე წამოდგა, გაიხადა და წყალში შევიდა. ამოწეულ მკერდზე მთვარის შუქი ეცემოდა. ძალა მომეცა, წამოვიწიე, გავიხადე და შევყევი. ჯერ კიდევ ცხელ ქვშაზე დაყრილ ტილოს სამოსში დავტოვეთ ჩვენი წარსული და თითქოს დრო გავაჩერეთ. მზე კარგა ხნის ამოსული იყო, როცა სანაპიროზე გამეღვიძა, თავზე თარიქი წამომდგომოდა.  ის კი არსად ჩანდა. ადრიანად მოვედიო მითხრა თარიქმა და აეროპორტში წაყვანა მთხოვაო სოფიომო. არაფერი დაუტოვებია იმ ღამის და ტილოს სამოსის გარდა, რომელსაც ისევ შემორჩენოდა მისი სურნელი. აღარ მტკიოდა ნაკბენი და აღარც სიცხე მქონდა, მხოლოდ სხვა რამ სერავდა ჩემს გულს. სასტუმროში მისულს ზვიადის წერილი დამხვდა. ბოდიშს მიხდიდა, მაგრამ რასაც მწერდა პირადად ვერ მეტყოდა. თავზარი დამცა წერილმა. იმ დღეს სიცოცხლე შევიძინე მაგრამ ორი ადამიანი დავკარგე...ასეთი ყოფილა ანუბისის საზღაური.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები