ნაწარმოებები



ავტორი: თემურ მაკარაძე
ჟანრი: პოეზია
3 სექტემბერი, 2019


****

მზე ჩამოვიდა ზეცის თაღიდან
და შენს თვალებში დაიდო ბინა,
შენ ყვავილი ხარ ედემის ბაღის
და ღმერთის წმინდა ცრემლები გიცავს.

შეგყვარებია თავსხმა წვიმები,
ურჩი ქარები თმებს გიფანტავენ,
მე სიყვარულის ცეცხლთან მივედი
ჩვენი შეხვედრის წამის თანავე.

ეგ წამი იყო გული რომ შეკრთა,
მაშინვე უცხოდ აძგერდა მკერდში,
როცა უეცრად მოპარულ მზერას -
შენი თვალების სიმორცხვეს შევხვდი.

და ჩემს გონებას მოედო იქვე,
სადღაც ნასწავლი ფრაზა სრულიად:
\"მჩატე თავთავი თავს მაღლა იწევს,
სავსე კი მუდამ თავდახრილია...\"

შენს დახრილ თვალებს როგორც პოეტი,
ცამდე აწეულ სიმაღლედ ვძერწავ
და ცის კიდესთან ლექსით მოვედი,
რომ ჩემი გული მიიღო შენად.

შენი კი მანდო არეულ პოეტს,
რომელსაც ლექსიც არ მწყალობს ხშირად,
ხან ბედი იმედს ფრთასავით მომტეხს,
ხან მისხალ რწმენით ღმერთამდეც მივალ.

მაგრამ ამ ჯერად სულ სხვა მაქვს განცდა,
გულში, სისხლში თუ, ლექსად საწერი,
რადგან ჩემთვის ხარ სიცოცხლის არსთა,
მიზანიც, გზაც და თვალსაწიერიც.

ოცნებებს ფრთები შეეხსნათ ცამდე,
სხვაგვარ სიცოცხლის სურვილს ავყევი
და სისხლის ნაცვლად ვებებში დამდის,
გრძნობა სიგიჟით ნაკარნახევი.

მაგ თვალუწვდენელ თვალების ფსკერიც:
მატყვევებს, მკარგავს, მშთანთქავს შიგნიდან,
რადგან თვალების არა თუ ფერი,
ჯერ არ ნახული სიღრმე მიზიდავს.

ახალ შეხვედრის წამებს ვითვლიდი,
ჩემთან დარჩენის წყურვილს ვნებდები,
რომ ყოველ ღამის იყო ფიქრი და
დილა გათენდეს შენი თვალებით.

მოდი ჩამკიდე ხელი ისე რომ
სიცოცხლის ბოლო ამოსუნთქვამდე
ამ სიყვარულის მარადისობის
მიწაზე ხალხს და ცაში ღმერთს სწამდეთ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები