ნაწარმოებები



ავტორი: დერვიში
ჟანრი: პოეზია
4 სექტემბერი, 2019


* * *

როგორც არასდროს, შესაძლოა ითქვას, საშინლად,
უფრო უღმერთოდ, უსაფუძვლოდ, მე ვარ ფხიზელი,
შენ ნუ იდარდებ, ჩემო კარგო, შენ არ შეშინდე,
შენ ნუ იჯავრებ, ნურც დამცინებ, მე რომ „ჟიზელი“ ...
...ნუ გეღიმება
მე რომ ჟიზელი წამოვიწყო სრულიად მარტომ,
შუა ქუჩაში, რუსთაველზე, დეკემბრის ქარში,
მოვიძრო ქუდი, მოვახურო ძაღლს ჩემი მანტო,
ოღონდაც ძილი არ დავუფრთხო გოტიეს მარშით...
...ნუ გეღიმება
დაიწყოს თოვა, ფანტელები იყოს იმ სიმსხო,
ფარავდეს თვალებს, გვასველებდეს, თანაც უსირცხვოდ,
ასეთი თოვა თუ გაგრძელდა დილამდე, სისხამს
ქუჩა ბავშვებსაც ვერ აუვა, ხვალ ხომ ურიცხვი...
...ნუ გეღიმება
ურიცხვი ბავშვი შეუდგება თოვლის გუნდებით
თოვლის ბაბუის გაკეთებას, ზოგსაც მშობელი
სტაფილოს მისცემს, ნახშირს-თვალებს თუ მოუნდება,
აქ, ამ ადგილზე აღმართავენ თოვლის ობელისკს...
...ნუ გეღიმება
მე ფხიზელი ვარ, ვიყურები უფრო ხვალისკენ
და სანამ თოვლი დაგვფარავდეს, სანამ ფხიზელი
მერქმევა, მანამ უნდა შევძლო, უნდა გავრისკო,
შენ ნუ იჯავრებ, ნურც დამცინებ, მე რომ „ჟიზელი“ ...
...ნუ გეღიმება

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები