| ავტორი: ჯავშანიძე ჟანრი: პროზა 8 სექტემბერი, 2019 |
ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
გაფრთხილება
საქართველოს საზოგადო მოღვაწეთა დასი გამოთქვამს შეშფოთებას, ბატონი [ავტორის] წიგნის მიმართ და წუხს, რომ ასეთი, ერთ დროს განდიდებული სფერო, როგორიც ლიტერატურაა, დღეს, ზოგ-ზოგიერთებს, ასეთ დაბალ დონეზე დაჰყავთ. მოცემული წიგნი არ შეიცავს არცერთ წვეთ ლიტერატურულ ღირებულებას და მისი ადგილი მხოლოდ მეხსიერების ნაგავსაყრელზეა.
თბილისელ ინტელექტუალთა გაერთიანება „ტფილისი“ შეურაცხყოფილია ბატონი[ავტორის] მიერ გაკეთებული განცხადებებით წიგნში, რომელსაც უსირცხვილოდ, „თბილისელი ნაბიჭვრები“ უწოდა. თბილისის ინტელიგენცია ამას არ იმსახურებს და უკანასკნელ ამოსუნთქვამდე იბრძოლებს, რათა ეს წიგნი ამოღებული იქნას მაღაზიებიდან.
საქართველოს ფემინისტური მოძრაობის „ყველაფერი ქალებისთვის“ ლიდერი, ჟანა უკაცაშვილი გმობს ხსენებულ ნაწარმოებს ჰომოფობიური, ქსენოფობიური და მისაგონისტური გამონათქვამების გამო. მოძრაობა „ყველაფერი ქალებისთვის“ სრულიად ეწინააღმდეგება ბატონი [ავტორის] აქ წარმოჩენილ ქალთმოძულეობასა და ქალების მიმართ დამამცირებელ ნარატივს.
ქართველ მშობელთა გაერთიანება „ჩვენი შვილებისათვის“ კატეგორიულად გმობს ამ წიგნის არსებობას და მოგიწოდებთ თქვენ, კეთილგონიერ მშობლებს, რომ არაფრის დიდებით არ წააკითხოთ თქვენს პატარებს ბატონი [ავტორის] ე.წ. ნაშრომი. ესაა ვერაგი ძალების მორიგი ცდა, რომ შეულახონ და თავიდანვე შეურყვნან ჩვენს შვილებსა და მომავალ თაობას ზნეობა, სინდისი და რწმენა.
ქართველ ვაჟკაცთა ალიანსი „ძალა საქართველოშია“ გამოთქვამს მწუხარებას იმის თაობაზე, რომ ეს წიგნი გამოიცა და ხელმისაწვდომია მთელი საქართველოსთვის. ჩვენი აზრით, ნამდვილი ქართველი მამულიშვილი ასეთ აზრებს არ უნდა წერდეს, და მითუმეტეს არ უნდა ავრცელებდეს. იმედია, ჩვენი ძმა, [ავტორი], მალე მოეგება გონს და ნებას მოგვცემს ცხოვრებაში სწორ გზაზე დავაყენოთ.
საქართველოს პრაქტიკოს ფსიქოლოგთა და ფსიქიატრთა ასოციაცია გაცნობებთ, რომ ნაწარმოების ავტორის, ბატონი [ავტორის] ფსიქიკა მნიშვნელოვნად ჩამორჩება ნორმალური, განვითარებული ადამიანის დონეს, რაც პირდაპირპროპორციულად აისახება მის ნაწარმოებზეც. ესაა მძიმე აშლილობით შეპყრობილი ადამიანის ნაბოდვარი და არაფერი სხვა. საზოგადოებას მოვუწოდებთ, რომ მის მიმართ ისეთივე დამოკიდებულება ჰქონდეთ, როგორც რიგითი ავადმყოფის მიმართ ექნებოდათ.
„საქართველოს ქრიტიანთა საზოგადოება“ გმობს ხსენებულ წიგნს რელიგიისა და უფლისადმი შეურაცხმყოფელი განცხადებების გამო და მოუწოდებს ბატონ [ავტორს] საჯაროდ მოიხადოს ბოდიში. ჩვენი აზრით, საქართველო ქრისტიანების ქვეყანაა და ყველამ პატივი უნდა სცეს ჩვენს რელიგიას.
საჯარო სკოლების დირექტორთა კოალიცია „ახალი თაობა ჩვენია“ უარს აცხადებს, ხსენებული წიგნის საჯარო სკოლათა ბიბლიოთეკების თაროებზე, იაკობ გოგებაშვილისა და აკაკი წერეთლის გვერდით დადებას.
„თბილისის ოლქის პოლიციელთა ალიანსი“ აცხადებს, რომ მოცემულ წიგნში ასახულია არაერთი კანონდარღვევის ფაქტი. მათი მიბაძვა, გამეორება ან წახალისება დაისჯება კანონით. წიგნი მიზანმიმართულად ცდილობს, ჩვენს წყნარ და მოწესრიგებულ საზოგადოებაში გამოიწვიოს არეულობა, აყალ-მაყალი და უნდობლობა ავტორიტეტის მიმართ. წიგნის ავტორის, ბატონი [ავტორის] წინააღმდეგ, უკვე დაწყებულია სამართლებრივი დევნა.
საქართველოს რედაქციათა კომიტეტი „კლიმის ფაცხა“ გაცნობებთ, რომ ამ წიგნის დაბეჭდვაზე უარი განაცხადა საქართველოს ყველა რედაქციამ, და ჩვენი კომიტეტი ერთხმად შეთანხმდა, რომ ის ოდნავადაც არ განასახიერებს ლიტერატურულ ღირებულებას. ბატონ [ავტორს] კი ვუსურვებთ წარმატებებს სხვა კარიერულ სფეროებში.
თინეიჯერები ვებ-გვერდიდან HipsterTeens.com, მიუხედავად იმისა, რომ ფეხებზე ჰკიდიათ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ორგანიზაცია, მაინც უერთდებიან მათ აღშფოთებას და, როგორც მინიმუმ, ემიჯნებიან [ავტორის] ნარატივს. „ის არ წარმოადგენს ჩვენს თაობას, ჩვენს გემოვნებას, ჩვენს ცხოვრებას, მისწრაფებებსა და ფასეულობებს!\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\" #გამიჯვნააა!
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ემიჯნება, მისი ყოფილი სტუდენტის, [ავტორის] ნაწარმოებში გაჟღერებულ ნარატივს და გაცნობებთ, რომ სანამ ის ჩვენთან მოხვდებოდა მაგისტრატურაზე, ბაკალავრიატი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში (ე.წ. გეპეიში) აქვს დამთავრებული, სადაც, ალბათ, იყო კიდეც მისი ადგილი. უნივერსიტეტის შეურაცხყოფისათვის მას გავრიცხავდით ჩვენი დაწესებულებიდან, მაგრამ უკვე მოუსწრია სამაგისტრო ნაშრომის დაცვა. საქართველოს უნივერსიტეტის შეურაცხყოფა არის ყველა გამოჩენილი ქართველი აკადემიკოსისა და მეცნიერის შეურაცხყოფა, გარდაცვლილებისა თუ აწ გარდასაცვლელებისა.
თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების დაჯგუფებების „ქორფა უფლებადამცველები“ და აუდიტორია 69-ის წევრები ვაცხადებთ, რომ [ავტორი] არ წარმოადგენს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის სახეს და არც ჩვენს ხედვებს. მისი წიგნი სრულიად მიუღებელია ქართველი მოსწავლე ახალგაზრდობისათვის.
შესავალი - ანუ ეს წიგნი თქვენთვის არ არის
ეს წიგნი თქვენთვის არ არის. ეს წიგნი არ არის მათთვის ვინც წინა ზაფხულს ზღვაზე იყო. ეს წიგნი არ არის მათთვის ვინც ზამთარში მთაში იყო. ეს წიგნი არც მათთვისაა ვინც ღამეებს კლუბებში ან უფრო ანდერგრაუნდ ადგილებში ატარებს. ეს წიგნი არც ბირჟას შემხმარ საზოგადოებას გამოადგება რაიმეში. მითუმეტეს ვერაფერს არგებს საქმიან ხალხს - თუ დილის ცხრაზე გეწყებათ სამსახური და ექვსზე (ან უფრო გვიან) ბრუნდებით სახლში. ან არც ბრუნდებით, ისევ წიომნი ანდერგრაუნდში უხვევთ რომ მთელი დღის ტანჯვა წამება კლუბური მუსიკითა და საუცხოო ალკოჰოლით უნიტაზივით ჩარეცხოთ. თუ თბილისში არ ცხოვრობთ, ეს წიგნი რაც შეიძლება შორს მოისროლეთ. სოფლის გზაზე აღმა-დაღმა თუ აგორავებ ცხენის ტაჩკას, მაშინ კაი საქმეს აკეთებ და ეს წიგნი არაფერში გარგია. ეს წიგნი გადააგდე, იქნებ სხვა გამოგადგეს.
თუ თბილისში ცხოვრობთ, არც მაშინ გირჩევთ ამ წიგნის წაკითხვას. თხუთმეტი წლის ასაკში, სადმე ჩიხში ან პადიეზდში თუ გიზასავია, ეს წიგნი შენთვის არაა. თუ ფიქრობ რომ ბეემვე მერსედესს ჯობია, ეს წიგნი შენთვის არაა. თუ ფიქრობ რომ მერსედესი ჯობია ბეემვეს, უკვე კაი ხანია კითხვა უნდა შეგეწყვიტა. თუ ნაცი ხარ, ანდა ქოცი, მაშინ გააგრძელე. ნებისმიერ პოლიტიკურ გაერთიანებაში ფეხის ცალი თითი თუ ჩაგიყვია, ვფიქორბ, ეს წიგნი რაღაცას გეტყვის. უფრო მეტიც! შენს სამაგიდო წიგნად უნდა აქციო! შენი სახელმძღვანელოც კი შეიძლება გახდეს. მაგრამ რომ გითხრა, რომელიმე მომავალი, ანდაც ახლანდელი პოლიტიკური ლიდერისთვის დაიწერა-მეთქი, უდიდესი ტყუილი იქნება.
რადგანაც ამ დროისათვის თქვენი, ანუ მკითხველთა რაოდენობა გვარიანად შევამცირე, და მხოლოდ ბინძური პოლიტიკოსების გარემოცვაში დავრჩით, იქნებ სხვა თემებზეც გადავინაცვლოთ. მაგრამ ერთს აქ დარჩენილებსაც გეტყვით, ეს წიგნი არც თქვენთვის არაა.
არაერთი მოთხრობა დამიწერია აქამდეც. მაგრამ ჩემს მკითხველს რატომღაც ჩემი პირადი ცხოვრება უფრო აინტერესებდა. მე კი მუდამ ერთი პასუხი მქონდა, რომ ჩემი პირადი ცხოვრება არც თუ ისე საინტერესოა, და საერთოდაც არაფრით არ განსხვავდება ნებისმიერი სხვა ადამიანის პირადი ცხოვრებისაგან. მიუხედავად დიდი ენერგიისა და გემოვნებისა, ასევე ცოდნისა, რაც ჩემს მოთხრობებს დავახარჯე, მკითხველის პოზიცია დიდად მაინც არ შეცვლილა. ეს წიგნი კი ერთგვარი არენა იქნება იმის გასარკვევად: საინტერესოა თუ არა ჩემი ცხოვრება. არც თუ ისე ხანგრძილივი სიცოცხლის მანძილზე ცხოვრებამ ის მასწავლა, რომ თვითონ საინტერესო არაა. ცხოვრების ეპიზოდებია საინტერესო. აქა-იქ. ზოგიერთი. მათაც ცოტა შეცვლა, გამძაფრება და იუმორის დამატება სჭირდებათ, რომ მსმენელს/მკითხველს არ ჩამოეძინოს.
მე მიყვარს მახინჯი სანახაობები, უნიჭო ფილმები, ცუდი სიმღერები, იგივენაირი ადამიანები და გაცვეთილი ფრაზები.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. მოკლედ ავტორი დიდად განათლებული და გათვითცნობიერებული პიროვნება ჩანს, , მაგრამ ჩემს როგორც რიგით უბრალო მკითხველის გემოვნებას ვერ აკმაყოფილებს, თორე ისე მშვენივრად მჭერმეტყველებს. მოკლედ ავტორი დიდად განათლებული და გათვითცნობიერებული პიროვნება ჩანს, , მაგრამ ჩემს როგორც რიგით უბრალო მკითხველის გემოვნებას ვერ აკმაყოფილებს, თორე ისე მშვენივრად მჭერმეტყველებს.
2. ავტორის ირონია იგრძნობა სადღაც-სადღაც და მომწონს... წერის სტილმა შთაბეჭდილების ქვეშ დამტოვა :))) ავტორის ირონია იგრძნობა სადღაც-სადღაც და მომწონს... წერის სტილმა შთაბეჭდილების ქვეშ დამტოვა :)))
1. ამ საყოველთაო გამიჯვნის ფონზე, მეტად დამაინტერესა \"თბილისელი ნაბიჭვრების \" ამბავმა.
მიუხედავად იმისა, რომ ვერცერთ კატეგორიაში ვერ მოვხვდი ( ცოტათი სოფლის გზებზე აღმა-დაღმა მოგორავეებში, ოღონდ უცხენოდ) ...
იუმორის ნაკლებობას აშკარად არ უნდა უჩიოდეს ავტორი :)
სათაური რომ \"სტამბოლელი ნაბიჭვრების \" ასოციაციას გამოიწვევდა, არც ეს იქნება მისთვის მოულოდნელი, თუ სულაც წინასწარგანზრახული არა :) ამ საყოველთაო გამიჯვნის ფონზე, მეტად დამაინტერესა \"თბილისელი ნაბიჭვრების \" ამბავმა.
მიუხედავად იმისა, რომ ვერცერთ კატეგორიაში ვერ მოვხვდი ( ცოტათი სოფლის გზებზე აღმა-დაღმა მოგორავეებში, ოღონდ უცხენოდ) ...
იუმორის ნაკლებობას აშკარად არ უნდა უჩიოდეს ავტორი :)
სათაური რომ \"სტამბოლელი ნაბიჭვრების \" ასოციაციას გამოიწვევდა, არც ეს იქნება მისთვის მოულოდნელი, თუ სულაც წინასწარგანზრახული არა :)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|