| ავტორი: ჯავშანიძე ჟანრი: პოეზია 11 სექტემბერი, 2019 |
ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
არაპროფესიონალი მწერალი
ჩემი მოთხრობები აუტისტი ბავშვივითაა - მათი არავის ესმის. მაგრამ შინაგანად კარგები არიან.
პირველად რომ მოთხრობა დავწერე, ახლობლებს არ სჯეროდათ: ეს შენი დაწერილი არ არისო. სწორედ ასე მივხვდი, რომ გარშემო ყველას დებილი ვეგონე. მაგრამ მერე მეორე, მესამე და მეოთხეც მივამატე. მეხუთე და მეექვსეც. ჩემით რომ ვწერდი დაიჯერეს, სხვა არ ვიცი.
ჩემმა პირველმა მოთხრობამ დიდი ქართველი გამომცემლის ყურადღებაც კი მიიქცია და ჯერ სულ ღლაპი ვიყავი, როცა გასაუბრება/გაცნობაზე დამიბარა. არ ვიცი, ჩემგან რას ელოდა, მაგრამ საუბარი რაც უფრო წინ მიდიოდა, რედაქტორი სულ უფრო უკან უკან იხევდა ჩემგან. როგორც შემდეგ სხვა რედაქტორებმა მითხრეს, ლიტერატურას რომ ვკითხულობთ რეალობის დანახვა გვინდაო... რეალობის დანახვა თუ გინდა შე ყლეო, თვალები გაახილე!
გავიდა დრო და ჩემი მოთხრობით სხვა რედაქტორებიც დაინტერესდნენ. პირველად რომ დამბეჭდეს, საკმაოდ დიდი ჰონორარი ავიღე (მაშინ ასე მეგონა), და ძალიან გამიხარდა. ასე დაიწყო ჩემი მოთხრობების სხვადასხვა ლიტერატურულ ქრონიკებში ბეჭდვა. ყველა მეუბნებოდა, რომ ამ ჟურნალ-გაზეთებში ჩემი გამოჩენა ძალიან ბევრს ნიშნავდა. მე ეს მნიშვნელობა არასოდეს მიგრძვნია. მაგრამ ჰონორარი საოცრად ტკბილი იყო. მე თითქოს არაფრიდან ვქმნიდი რაღაცას, მხოლოდ ჩემი ცნობიერით, და ამაში ფულს მაძლევდნენ, თუნდაც ცოტას, მაგრამ შეგრძნება საოცრად კარგი იყო.
ახლაც ერთი მოთხრობა ბოტასები მაცვია ფეხზე. ალბათ, „ლედი ინტეგრა“ საკმაოდ შეცბუნებული იქნებოდა ამ ამბის გაგებით, მაგრამ მისმა სასიყვარულო რომანმა საოცრად რბილი და კომფორტული ბოტასები მაყიდინა. დიდი მადლობა!
მართალია, რედაქტორებს ძალიან აინტერესებდათ ჩემი მოთხრობები, და თითქმის ყველა ნაშრომი სადღაც გამოქვეყნებულა, მაგრამ ლიტერატურული კონკრუსები სრულიად უარმყოფდნენ.
წლების განმავლობაში, მხოლოდ ორი მარგინალური ადგილი ავიღე თბილისის ერთსა და იმავე მარგინალურ კონკურსში. მესამედ იქიდანაც დამითხოვეს. გეყო უკვე, ორი წელია გბეჭდავთო. ასე არ უთქვამთ, მაგრამ მაინც. არ ვემდური. პირიქით!
როცა საკუთარი მუზები მღლიდნენ, მაშინ სხვებისაზე გადავდიოდი ხოლმე: ვთარგმნიდი. ჩემი ლიტერატურული თარგმანები, არც თუ ისე ბევრია და ყველა გამოქვეყნებულა სადმე. მაგრამ კვლავაც, კონკურსები მითვალწუნებდნენ. ერთ-ერთი თარგმანის კონკურსშიც ასევე მარგინალური ადგილი ავიღე და ბევრი წიგნები მაჩუქეს.
წიგნებს ვერ ვიტან. ალბათ ყველაზე უწიგნურ მწერლად თუ დამიმახსოვრებს ისტორია. ეს ნიშა მაინც უნდა დავიჭირო როგორმე. მიუხედავად ამისა, შეძლებისდაგვარად, ვცდილობ წიგნები ვიკითხო. მაგრამ კლასიკური ლიტერატურა ჩემი წაკითხული წიგნების სიაში იშვიათად ხვდება. ამასწინათ, მახსოვს, ოსტატი და მარგარიტა ავიღე ხელში, მაგრამ ავტორის ამპარტავნებამ გული შემიწუხა და ისე შორს მოვისროლე, რომ დღესაც არ ვიცი სადაა. როცა თავადაც იცი მოთხრობების წერა, მგონი უკვე ყველა წიგნი დასპოილერებულია შენთვის. კითხვისას მაშინვე ხვდები, ავტორი რა ხერხებს იყენებს, რით ნუსხავს ან აინტრიგებს მკითხველს, და თუ მართლაც საოცარ ოსტატთან არ გაქვს საქმე, რიგითი მკითხველივით ვერ ჩაგითრევს თავის ამბავში. მეც ასე, შინაგანად ვხედავ ხოლმე ავტორის ჩანაფიქრს და მისი მონაყოლის გლუვი ზედაპირი ვეღარაფრით ვეღარ მნუსხავს.
მე ყველაფერი ნაღდი მიყვარს. ადამიანები. ფილმები. მუსიკა. ცხოვრება. თუ რომელიმეს სიყალბე შევატყე, დამთავრებულია საქმე. ამგვარად, ბევრი კლასიკად აღიარებული ლიტერატურა, სამწუხაროდ, ჩემზე სიყალბის შეგრძნებას ტოვებს.
ჩემი მთარგმნელობითი და მწერლური ნიჭი ვცადე უფრო პრაქტიკულად გამომეყენებინა. საბოლოოდ, ბრუტალური ძალისხმევით, ფილმების მთარგმნელად და ერთ-ერთი კომპანიის უუმცროეს სარეკლამო აგენტად მოვეწყვე. კომპანიამ შანსი მომცა, რომ დავწინაურებულიყავი და მათი სამომავლო ბლოგისთვის რამდენიმე სტატია მომემზადებინა.
სტატიები არ უნდა ყოფილიყო პროდუქტზე, ოღონდ პროდუქტზე უნდა ყოფილიყო. ნახსენები არ უნდა ყოფილიყო ყიდვა, ოღონდ შესყიდვის მარტივ მეთოდზე უნდა დამეწერა. კიდევ რამდენიმე რთული და ურთიერთსაპირისპირო პირობა იყო დასახელებული. ძალიან ვეცადე, მაგრამ ვერაფერი დავწერე. მერე სხვა მსგავსი შემოთავაზებებიც მომივიდა, ამ პროფესიას პიარში „კონტენტ ვრაითერი“ ჰქვია. მაგრამ არა, ვერაფერიც ვერ დავწერე.
ასე გავიგე, რომ არაპროფესიონალი მწერალი ვყოფილვარ.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. სულ ნურაფერს ნუ იტყვი ^^ სულ ნურაფერს ნუ იტყვი ^^
4. რომ ვთქვა მომეწონა-თქო არ ვიქნები გუწრფელი, რომ ვთქვა მომეწონა-თქო არ ვიქნები გუწრფელი,
3. კარგია! ველოდები შემდეგს. კარგია! ველოდები შემდეგს.
2. დიდი მადლობა ჯონათან ^^ დიდი მადლობა ჯონათან ^^
1. ოტია იოსელიანი ამბობდა ხოლმე- პირველი წიგნი, რომელიც წავიკითხე, ჩემი დაწერილი იყოო :)
უწიგნურო და არაპროფესიონალო მწერალო, რაღა დაგიმალოთ და მომწონხართ! :)
ოტია იოსელიანი ამბობდა ხოლმე- პირველი წიგნი, რომელიც წავიკითხე, ჩემი დაწერილი იყოო :)
უწიგნურო და არაპროფესიონალო მწერალო, რაღა დაგიმალოთ და მომწონხართ! :)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|