ნაწარმოებები



ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
9 სექტემბერი, 2019


თუნდაც ამ წამის გადასარჩენად...

ჰო, ყველაფერი ითქვა ოდესღაც,
ახალს შეგრძნება არ მოაქვს ახლის.
არ მეწერება სიტყვა როდესაც,
ცარიელდება საგნებიც, სახლიც...
და ოთხ კედელში გამოკეტილი,
ყელამდე სავსე დახშული სივრცით,
ვხაზავ წრეს, მერე შიგნით წერტილებს
და კიდევ ერთ ხაზს, რომ მოჰგავს სიცილს...
მეც როგორ ვგავარ ზოგჯერ ამ ნიშანს,
ხან გაღიმებულს, ხანაც დაღრეჯილს
და როგორ მინდა საათის ქვიშა
ზედ შევაყარო ამ წრეს სახეში!..
დრო კი არ იმჩნევს ცოცხალი თავით,
არც უკვე მომხდარს და არც მოსახდენს.
მიდის და მიაქვს ყოველი წამი,
არც კი გიტოვებს უკან მოსახედს...
ვგრძნობ, რა უაზროდ ვაწვალებ სტრიქონს,
სიტყვები სათქმელს მაინც მახლიან!
ჩემს თავს ვაბრალებ ისე და იქ რომ,
და ახლა სახლი გარბის სახლიდან...
წუთისოფლიდან წუთს ვპარავ თითქოს
დროს, ჩემთან ერთხელ რომ არ გაჩერდა.
და ლექსს რომ უნდა, მეც ისე ვფიქრობ,
თუნდაც ამ წამის გადასარჩენად...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები